- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-02 05:45:50
მიხეილ ხაჩიძე
„ჰეზბოლის“ ათასობით ტერორისტზე პეიჯერის მისტიკური თავდასხმიდან, რომლის დროსაც 100-მდე ადამიანი დაიღუპა და თითქმის 5000 დაშავდა, რამდენიმე დღის შემდეგ ისრაელის ჩრდილოეთ ფრონტზე ვითარება სწრაფად გაუარესდა!
პარასკევს ღამით ისრაელმა დაბომბა „ჰეზბოლის“ სარაკეტო პუნქტები სამხრეთ ლიბანში. მიუხედავად ამისა, ტერორისტულმა ჯგუფმა პარასკევს კვლავ 140 რაკეტა გაისროლა ისრაელისკენ, რამაც ჩრდილოეთში ხანძარი გამოიწვია.
ამის საპასუხოდ, უკვე „ჰეზბოლას“ მძიმე მარცხის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, ისრაელის საჰაერო ძალებმა მოკლეს იბრაჰიმ აკილი (62), ელიტარული ტერორისტული დანაყოფის მეთაური, ზუსტი დარტყმით ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში.
იბრაჰიმ აკილი, მეტსახელად „ტაჰსინი“, იყო „ჰეზბოლის“ უმაღლესი სამხედრო ორგანო ჯიჰადის საბჭოს წევრი. 1980-იან წლებში აკილი ხელმძღვანელობდა ამერიკელი და გერმანელი მძევლების აყვანას ლიბანში. აკილს ამერიკელები ეძებდნენ ბეირუთში შტატების საელჩოს დაბომბვის გამო, რასაც 63 ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა. შეერთებულმა შტატებმა აკილის შეპყრობისთვის 7 მილიონი დოლარის ჯილდო გამოაცხადა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, აკილის ლიკვიდაციას „კარგი შედეგი“ უწოდა და დასძინა, რომ ის გეგმავს ისრაელის ოფიციალურ პირებთან საუბარს ოპერაციის შესახებ.
„ამ პიროვნებას ამერიკელი მოქალაქეების სისხლში ჰქონდა ხელი გასვრილი და მის შესაპყრობად სამართლიანად ჯილდო იყო დაწესებული“, _ განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს Quad სამიტის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მასპინძლობს ვილმინგტონში, დელავერის შტატში. „ის იყო ადამიანი, რომელზედაც შეერთებულმა შტატებმა დიდი ხნის წინ დადო პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო“, _ თქვა მან.
სალივანმა დასძინა, რომ ეს ფაქტი ასევე მნიშვნელოვანი იყო დაზარალებული ამერიკელებისთვის. „თქვენ იცით, რომ 1983 წლიდან დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ბევრი ოჯახი და ბევრი ადამიანი კვლავ ცხოვრობს ამ ტკივილით ყოველდღე“, _ განმარტა მან.
იბრაჰიმ აკილი: „გარდა „ცაჰალის“ შეტევების შედეგად დაღუპულებისა, ასევე განადგურდა ტერორისტული ჯგუფის კიდევ 15 უფროსი წევრი. მათ შორის იყო უმაღლესი მეთაური აჰმედ მაჰმუდ ვაჰბი. ის ხელმძღვანელობდა „ჰეზბოლის“ ტერორისტულ ოპერაციებს „ჰამასის“ მხარდასაჭერად ღაზის სექტორში. ამავდროულად, ლიკვიდირებულ იქნენ რიგითი ტერორისტები, ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, სულ 87 „ბოევიკი“. თუმცა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.
ისრაელის არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, ბეირუთში ზუსტი დარტყმა განახორციელა „ჰეზბოლის“ მუქარის საპასუხოდ.
„ჰეზბოლა“ მიზნად ისახავს ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმას. ტერორისტებმა დაგეგმეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, იმის მსგავსი, რაც „ჰამასმა“ გააკეთა 7 ოქტომბერს“, _ თქვა მან.
ჯერ კიდევ 2023 წლის 8 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში, „ჰამასის“ თავდასხმიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ (1200-ზე მეტი დაღუპული, 250-ზე მეტი გატაცებული), ირანის მიერ კონტროლირებადი ტერორისტული მილიცია „ჰეზბოლა“ ჩაერია ომში და მას შემდეგ ყოველდღიურად ისვრის რაკეტებს ისრაელის საზღვრის გასწვრივ მდებარე დასახლებებისკენ.
ამის გამო ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებიდან 80 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ისინი სამხრეთით სასტუმროებში ჰყავს მთავრობას განთავსებული, თითქმის ერთი წელია, მათი დაბრუნება ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მთავრობის დეკლარირებული მთავარი მიზანია. როგორც ისრაელის პრემიერმა თქვა, ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩრდილოეთის მოსახლეობა სახლებში დაბრუნდეს.
„ჰეზბოლისა“ და „ჰამასის“ რომელი ლიდერები გაანადგურეს 7 ოქტომბრის შემდეგ?
30 ივლისს ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანზე ისრაელის თავდასხმას შეეწირა „ჰეზბოლის“ უმაღლესი მეთაური, ფუად შუკრი, რომელიც „ჰეზბოლის“ მეთაურ ჰასან ნასრალას მარჯვენა ხელი იყო. შუკრი იყო „ჰეზბოლის“ ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ფიგურა მას შემდეგ, რაც ის ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ დაარსდა ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის წინ. შეერთებულმა შტატებმა შუკრს სანქციები დაუწესა 2015 წელს და დაადანაშაულა 1983 წელს ბეირუთში აშშ-ის საზღვაო ქვეითების ყაზარმების დაბომბვაში ცენტრალური როლის შესრულებაში.
მუჰამედ ნასერი 3 ივლისს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა. ისრაელმა აიღო პასუხისმგებლობა და განაცხადა, რომ ის ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც პასუხისმგებელია სამხრეთ-დასავლეთ ლიბანიდან ისრაელის დაბომბვაზე.
თავის მხირვ, ლიბანის უსაფრთხოების უმაღლესი წყაროების ცნობით, ნასერი, „ჰეზბოლის“ უფროსი მეთაური, პასუხისმგებელი იყო „ჰეზბოლის“ ოპერაციების ნაწილზე საზღვარზე.
„ჰეზბოლის“ საველე მეთაური აბდულა 12 ივნისს მოკვდა იერიშის შედეგად, რომელზედაც პასუხისმგებლობა აიღო ისრაელმა. მამ განაცხადა, რომ დაარტყა სამხრეთ ლიბანში სამეთაურო-საკონტროლო ცენტრს. ლიბანის უსაფრთხოების წყაროებმა განაცხადეს, რომ აბდულა იყო „ჰეზბოლის“ მეთაური სამხრეთ სასაზღვრო ზოლის ცენტრალურ რეგიონში და იგივე რანგის იყო, როგორც ნასერი.
8 ოქტომბრიდან „ჰეზბოლას“ ძალები თითქმის ყოველდღიურად უტევდნენ ისრაელის საზოგადოებებსა და სამხედრო პუნქტებს საზღვრის გასწვრივ. დაჯგუფება ამბობს, რომ ამას აკეთებს „ჰამასის“ მხარდასაჭერად ღაზაში ომის ფონზე. ჯერჯერობით ჩრდილოეთის სასაზღვრო შეტაკებებს მოჰყვა ისრაელის მხარეზე 26 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ასევე ისრაელის 22 ჯარისკაცისა და რეზერვისტის გარდაცვალება. მთლიანობაში, „ჰეზბოლამ“ დაასახელა 483 წევრი, რომლებიც ისრაელმა მოკლა მიმდინარე შეტაკებების დროს, ძირითადად, ლიბანში, მაგრამ ზოგიერთი ასევე სირიაში.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური, მუჰამედ დეიფი, ისრაელის სამხედრო ძალებმა 13 ივლისს მოკლეს ღაზაში ხან იუნისის რაიონში დაზვერვის ავაიადარტყმის შედეგად. დეიფი აქამდე გადაურჩა ისრაელის შვიდ მცდელობას მის გასანეიტრალებლად. ისრაელის მტკიცებით, დეიფი იყო „ჰამასის“ ლიდერებიდან ერთ-ერთი, რომელიც 2023 წლის შვიდ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყო ჩართული.
მოჰამედ დეიფი „ჰამასის“ სამხედრო ფრთა „ალ-ქასემის“ ბრიგადების მეთაური იყო. ის ისრაელმა 1989 წელს დააპატიმრა, რის შემდეგაც მან „ჰამასის“ სამხედრო ფრთა ჩამოაყალიბა და მიზნად დაისახა ისრაელელი სამხედროების დატყვევება.
ისრაელი მოჰამედ დეიფს 1996 წელს ავტობუსებზე თავდასხმის ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა, რომელსაც ათობით ისრაელელი ემსხვერპლა.
როგორც ასევე ცნობილია, დეიფი აქტიურად მონაწილეობდა ღაზის სექტორში მიწისქვეშა გვირაბების მოწყობაშიც.
პალესტინის ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიე ირანში 31 ივლისს დილით მოკლეს. ჰანიე დაიღუპა რაკეტის გასროლის შედეგად, რომელიც პირდაპირ სასტუმროს ოთახში შევარდა, სადაც ის იმყოფებოდა. ჰანიე თეირანში ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული, ამავე ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. სხვათა შორის, ის ჰანიესა და სხვა ტერორისტებთან ერთად ფოტოებშიც კი დააფიქსირეს. ჰანიეს ლიკვიდაციაზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია.
2024 წლის 2 იანვარს ისრაელის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეში ემსხვერპლა „ჰამასის“ ხელმძღვანელის მოადგილე, სალეჰ ალ-არური.
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილე, 57 წლის ალ-არური, დაჯგუფებას სამხედრო ფრთა „ალ-ქასიმის“ ბრიგადების ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ის ღრმად იყო ჩართული დაჯგუფების სამხედრო საქმეებში.
სალეჰ ალ-არური „ჰამასს“ 1987 წელს შეუერთდა. ის იყო „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე მაღალჩინოსანი ირანთან და ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ლიბანში.
ის ისრაელის ციხეებში იხდიდა სასჯელს. განთავისუფლების შემდეგ ის იყო მოლაპარაკების მონაწილე გარიგებაში, რის შემდეგაც 1000-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს 2011 წელს ისრაელელი ჯარისკაცს გილად შალიტის სანაცვლოდ.
შევა თუ არა ისრაელი ლიბანში?
პარასკევს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა, გამოაცხადა ომის „ახალი ეტაპი“ და ნათლად თქვა, რომ მისი ინტერესი ინაცვლებს ღაზიდან ჩრდილოეთის ფრონტზე.
მაგრამ ეს ასევე ნიშნავს თუ არა სახმელეთო ჯარების შეჭრას?
ცნობილ ანალიტიკურ ცენტრ LeBeck International-ის სამხედრო ექსპერტი, მაიკლ ჰოროვიცი, ამბობს: „ვფიქრობ, ნათელია, რომ ისრაელმა გადაწყვიტა მნიშვნელოვნად გაზარდოს ზეწოლა „ჰეზბოლაზე“ და მზად არის ჩაერთოს სრულმასშტაბიან კონფლიქტში, საჭიროების შემთხვევაში. ამავდროულად, ვფიქრობ, ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ლიბანში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ“.
თუ „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ფართომასშტაბიანი ომი იქნება, სამხედრო ექსპერტი მოელის, რომ „ჩვენ ძალიან სწრაფად დავინახავთ IDF-ის ჯარებს ლიბანში, რასაც თან დაერთვის მასობრივი საჰაერო დარტყმები და „ჰეზბოლის“ სარაკეტო თავდასხმები ისრაელზე“.
IDF-ის მიზანი, დიდი ალბათობით, იქნება სასაზღვრო ტერიტორიის დაცვა, მაგრამ კონფლიქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ საზღვრით: „ის იმოქმედებს მთელ ისრაელსა და მთელ ლიბანზე. ეს იქნება „დამანგრეველი კონფლიქტი“, _ ამატებს იგი.
„ისრაელმა უნდა აიძულოს „ჰეზბოლა“, საზღვრებს დაშორდეს“, _ ეს კი დენ შუეფტანმა განაცხადა, რომელიც ისრაელის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო, ახლა კი ჰაიფას უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორია.
„ლიბანის ტოტალურ ომს ექნება ძალიან სერიოზული შედეგები ისრაელში და სრულ განადგურებას გამოიწვევს იმისას, რაც დარჩა ლიბანისგან. არავის სურს ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს“, _ განმარტავს იგი.
მისივე თქმით, „დიპლომატიური მოლაპარაკება შეუძლებელია ტერორისტებთან, რომელთა პოპულარობა არაბულ სამყაროში ემყარება სისუსტის გამოვლენას და რომლებიც ასევე ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ადამიანთა სიცოცხლით, მათ შორის, საკუთარი შვილების“.
„ისრაელმა სასტიკად უნდა აიძულოს „ჰეზბოლა“, დაშორდეს საზღვრებს, რადგან ისრაელი მზადაა გარისკოს ყოვლისმომცველი ომი, მიუხედავად იმისა, რომ მას სურს თავიდან აიცილოს ასეთი სისხლისღვრა. ჩვენ გვინდა ძალიან შევზღუდოთ აგრესია, მაგრამ არ გვინდა „ჰეზბოლის“ თამაში ვითამაშოთ“, _ თქვა შუეფტანმა.