QronikaPlus
რამ გახადა 2023 წელი განსაკუთრებული?

რამ გახადა 2023 წელი განსაკუთრებული?

2023-12-28 07:15:16

მიხეილ ხაჩიძე

კიდევ ერთი დატვირთული წელიწადი სრულდება. ბოლო თორმეტი თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს „ქრონიკა+“-ის წლის შემაჯამებელ რუბრიკაში გაგაცნობთ.

28 იანვარი: ყოფილი გენერალი და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, პეტრ პაველი, ჩეხეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში იმარჯვებს და ქვეყნის პრეზიდენტი ხდება;
30 იანვარი: 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა პაკისტანში, ფეშავარში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად;
6 თებერვალს ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთისა და სირიის ნაწილებში. პირველი, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, რასაც რამდენიმე საათის შემდეგ მოჰყვა მეორე ძლიერი ბიძგი _ 7,6 მაგნიტუდის. მთლიანობაში, 50.000-ზე მეტი ადამიანი იღუპება _ მხოლოდ თურქეთში დაფიქსირდა თითქმის 45.000 სიკვდილი. თებერვლის შუა რიცხვებში თურქეთის ხელისუფლებამ დაითვალა დაახლოებით 84.000 დანგრეული ან ძლიერ დაზიანებული შენობა;
22 თებერვალი: ირანის სასამართლომ გერმანელ-ირანელ ჟურნალისტ ჯამშიდ შარმაჰდს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა 2008 წელს ირანის ქალაქ შირაზში მეჩეთის აფეთქებაში, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა;
28 თებერვალი: საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 57 ადამიანი დაიღუპა. სადგურის ოსტატის შეცდომის გამო სამგზავრო მატარებელი და სატვირთო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიამ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია სრულიად მოძველებული სარკინიგზო სისტემის გამო;
9 მარტი: ჰამბურგშში, იეღოვას მოწმეთა საზოგადოებრივ ცენტრში, 35 წლის მამაკაცმა ესროლა შვიდ ადამიანს და შემდეგ თავი მოიკლა;
16 მარტი: საფრანგეთის მთავრობა ახორციელებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას ისე, რომ ეროვნულ ასამბლეას არ შეუძლია მასზე კენჭისყრა. მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდის წინააღმდეგ;
17 მარტს ამოქმედდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი. მას ბრალი ედება ომის დანაშაულებში მთელი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლიდან გრძელდება. კერძოდ, საუბარია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაზე. სასამართლო ხედავს საკმარის მტკიცებულებებს, რომ პუტინი თავად არის პასუხისმგებელი ამ ყოველივეზე. პუტინის დაპატიმრების ორდერი ზღუდავს მის გადაადგილების თავისუფლებას. მთელი წელი პუტინი არცერთ წევრ ქვეყანაში არ წასულა;
30 მარტი: აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალად ედება პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის სიჩუმის სანაცვლოდ, მოსყიდვის სახით, ფულის გადახდის ბრალდება. წლის განმავლობაში შემდგომი ბრალდებებიც მოჰყვა: საბუთების საქმის გამოძიებაში ხელის შეშლის, არჩევნებში ჩარევისა და საარჩევნო მანიპულაციისთვის. მას ასევე მიესაჯა 5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა ჟურნალისტზე სექსუალური ძალადობისთვის;
4 აპრილს ფინეთი ნატოს ოფიციალურად შეუერთდა. გაწევრიანების მიზეზი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ საკუთარი უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხეა.
8 აპრილი: კორონავირუსის პანდემიის სამი წლის შემდეგ ბოლო ეროვნული დამცავი ზომები გაუქმდა. კოვიდპანდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.
15 აპრილი: ბოლო სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური საბოლოოდ გათიშეს. ექვსი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ბირთვული ენერგია იყო გერმანული ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი.
15 აპრილი: გამწვავდა ხანგრძლივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის სუდანის რეგულარულ არმიასა და მეტოქე სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის. გასამხედროებულ მილიციას სურს მმართველი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ჩამოგდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მონაცემებით, ექვს მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა. მას შემდეგ ქვეყანაში ბრძოლები დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად ახლაც კი გრძელდება;
2 მაისი: ათასობით ჰოლივუდის სცენარისტი გაიფიცა კინოსტუდიებთან და სტრიმინგ პლატფორმებთან ხელფასის შესახებ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ. მათ მსახიობებიც უერთდებიან. შეთანხმება მიიღწევა მხოლოდ ნომებერში;
3 მაისი: სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 13 წლის მოზარდმა მოკლა რვა ბავშვი და დაცვის თანამშრომელი. ორი დღის შემდეგ კრაგუევაცის მახლობლად 21 წლის ახალგაზრდამ ესროლა ხალხის ჯგუფს, რვა მათგანი მოკლა. ამ ქმედებებმა გამოიწვია რამდენიმე თვის პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ;
6 მაისი: გაერთიანებულ სამეფოში მეფედ აკურთხეს მეფე ჩარლზ III;
6 მაისი: რეჯიფ თაიფ ერდოღანი ისევ თურქეთის პრეზიდენტი ხდება.
არჩევნების მეორე ტურში მან მოწინააღმდეგე 52 პროცენტით დაამარცხა. თურქეთში არჩევნები კიდევ ერთხელ ჩატარდა არათანაბარ პირობებში: ერდოღანი, სხვა საკითხებთან ერთად, აკონტროლებს თურქული მედიის დიდ ნაწილს;
24 მაისი: როკის ლეგენდა თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა;
6 ივნისი: აფეთქებამ მნიშვნელოვანი კაშხალი გაანადგურა უკრაინის ქალაქ ნოვა კახოვკასთან. მიწის დიდი ფართობი წყლის ქვეშ მოექცა. დანგრეულია მიმდებარე ჰიდროელექტროსადგურიც. 100.000-ს ადამიანს აღარ აქვს ნორმალური წვდომა სასმელ წყალზე. კიევი დივერსიაში ოკუპანტ რუსეთს ადანაშაულებს;
9 ივნისი: კოლუმბიაში იპოვეს ოთხი ბავშვი, რომლებიც მარტო გადარჩნენ ჯუნგლებში 40 დღის განმავლობაში: პირველ მაისს სამხრეთ კოლუმბიაში თვითმფრინავი „ჩესნა“ ჩამოვარდა, შემთხვევის დროს ბავშვების დედა, პილოტი და კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპნენ. ბავშვები ჯუნგლებში მარტო სასწაულებრივად 40 დღე იმყოფებოდნენ.
18 ივნისი: წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელიც ხუთ ადამიანთან ერთად მიემგზავრებოდა „ტიტანიკის“ ნარჩენების მოსანახულებლად, ჩრდილო ატლანტიკაში გაუჩინარდა. ოთხი დღის შემდეგ აშშ-ის სანაპირო დაცვამ „ტიტანის“ ნამსხვრევები იპოვა. ეს ცხადყოფს, რომ ხუთივე პირი, რომელიც კაფსულაში იჯდა, გარდაცვლილია;
23 ივნისს საღამოს, ევგენი პრიგოჟინმა, „ვაგნერის“ დაქირავებულთა დაჯგუფების ხელმძღვანელმა, გამოაცხადა, რომ მოქმედებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მათ ცეცხლი გაუხსნეს მის ჯარებს. მისი ათასობით დაქირავებული ჯარისკაცი აღმოსავლეთ უკრაინიდან მოსკოვისკენ დაიძრა. რუსეთში აჯანყება იწყება. თუმცა, საბოლოოდ, ვაგნერელები ჩერდებიან მოსკოვიდან 200 კილომეტრში. პრიგოჟინი ბევრ დაქირავებულთან ერთად ბელარუსში გადასახლდა. ის აგვისტოში გაურკვეველი მიზეზით ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
10 ივლისი: ისლანდიაში ვულკანების ამოფრქვევა უჩვეულო არ არის. ქვეყანა მდებარეობს როგორც ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე ევრაზიის ფირფიტებზე. ფირფიტების გადანაცვლება ხშირად იწვევს ვულკანურ ამოფრქვევებსა და მიწისძვრებს. მაგრამ მაინც შთამბეჭდავი იყო იმის ხილვა, რომ 10 ივლისს, საღამოს 4:40 წუთზე, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, მთა ლიტლი-ჰრუტურზე, ლავა ამოიღვარა. ონლაინ ჟურნალი „Iceland Review“-ი საუბრობს ვიზიტორთა უზარმაზარ რაოდენობაზე, რომელიც ამ მოვლენის სანახავად ჩავიდა;
ივლისის შუა რიცხვებში ტყის ხანძრი მძვინვარებს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ათასობით ტურისტისთვისაც იქ ყოფნა კოშმარი ხდება. ხალხი უსაფრთხო ადგილზეა ევაკუირებული.
4 აგვისტო: კრემლის დაპატიმრებულ ოპონენტ ალექსეი ნავალნის მიესაჯა კიდევ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა კოლონიაში სავარაუდო ექსტრემიზმისთვის. სასამართლო პროცესს საერთაშორისო მასშტაბით პოლიტიკურად მოტივირებული ეწოდა;
5 აგვისტო: ძლიერმა შტორმებმა წყალდიდობა გამოიწვია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. განსაკუთრებით დაზარალდა სლოვენია. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
2023 წელს აშშ-ში ტყის მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ჰავაის შტატი. 8 აგვისტოს, მაუისა და ჰავაის კუნძულებზე, ტყის ხანძრები გაჩნდა. მაუიზე დამწვარია დაახლოებით 3000 შენობა. ყველაზე მეტად დაზარალდა სანაპირო ქალაქი ლაჰინა. სულ მცირე 97 ადამიანი იღუპება.
10 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბევრი ქვეყანა გვალვასა და ტყის ხანძრებს გაუმკლავდა, წყალი ლიბიაში კატასტროფულ პირობებს იწვევს. ქარიშხალმა „დანიელმა“ სამოქალაქო ომის ქვეყანაში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა საპორტო ქალაქი დარნა, სადაც ორი კაშხალი წყალდიდობას ვერ უძლებს და იშლება. ტრაგედია 110.00 ადამიანი ემსხვერპლა;
8 სექტემბერი: ძლიერი მიწისძვრა მოხდა მაროკოში. თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა;
19 სექტემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები დაიწყებენ შეტევას საერთაშორისოდ არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ტერიტორიას ეკუთვნის. ჯარებმა სწრაფად აიღეს რეგიონი და ერთი დღის შემდეგ მთიანმა ყარაბაღმა, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის 100 000-ზე მეტი ეთნიკური სომეხი ტოვებს ტერიტორიას;
30 სექტემბერი: სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ. ფიკომ თანამდებობა 2018 წელს დატოვა კორუფციის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის შემდეგ. ახლა მან განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ სამოქალაქო საქონელს მიაწვდის და არა იარაღს;
3 ოქტომბერი: სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ვენეციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მათ შორის, სამი გერმანელი;
7 ოქტომბერი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღე იქნება. ჰამასი ასობით რაკეტით ესხმის თავს ისრაელს და მძევლებს იტაცებს. ტერორისტები უამრავ ადამიანს სასტიკად კლავენ და ისრაელი აგზავნის ჯარებს ღაზის სექტორში. იწყება ომი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს;
17 ოქტომბერი: პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობას იგებს ოპოზიციური ალიანსი, რომელიც შედგება ორი პარტიისა და კოალიციისგან.
26 ოქტომბერი: აშშ-ის მეინის შტატში 40 წლის მამაკაცმა 18 ადამიანს ესროლა ბოულინგის მოედანსა და რესტორანში. ეჭვმიტანილი მსროლელი მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს;
19 ნოემბერი: არგენტინაში ხავიერ მილეი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ცენტრის მთავრობის კანდიდატ სერხიო მასას წინააღმდეგ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მილეი ხალხს დაჰპირდა ცენტრალური ბანკის დახურვას, ეკონომიკის დოლარად გადაქცევასა და სახელმწიფო ხარჯების შემცირებას.
22 ნოემბერი: ნიდერლანდებში მემარჯვენე პოპულისტი გერტ ვილდერსი და მისი პარტია PVV იმარჯვებენ საპარლამენტო არჩევნებში;
24 ნოემბერი: ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა. ჰამასმა 13 მძევალი გაათავისუფლა. მოგვიანებით, ტერორისტებმა შეთანხმება დაარღვიეს, ისრაელმა ბრძოლები განაახლა;
14 დეკემბერი: ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი მიენიჭა;
18 დეკემბერი: კათოლიკური ეკლესია ნებას რთავს ჰომოსექსუალი წყვილების კურთხევაზე;
21 დეკემბერი: პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, შეიარაღებულმა სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში, რომელიც დამოუკიდებელია 1993 წლიდან, ყველაზე საშინელ თავდასხმაში 14 ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება