QronikaPlus
ისრაელელი მილეტი ფესტივალის ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა - ჯოჯოხეთი, რომელიც გოგონამ გამოიარა

ისრაელელი მილეტი ფესტივალის ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა - ჯოჯოხეთი, რომელიც გოგონამ გამოიარა

2023-11-30 09:01:12

მიხეილ ხაჩიძე

7 ოქტომბერს დილის 6:29 საათზე მხიარულმა და ბედნიერმა მილეტ ბენ ჰეიმმა მეგობრებთან ერთად სელფი გადაიღო მუსიკალურ ფესტივალზე კიბუც რეიმში. პირველი სარაკეტო განგაში გაისმა დილის 6:31 საათზე. ცოტა ხნის შემდეგ პალესტინელი ტერორისტები შეიჭრნენ ტერიტორიაზე და დახოცეს ფესტივალის 364 სტუმარი, 40 კი ღაზაში გაიტაცეს.
მილეტი გადარჩა, მაგრამ ახალგაზრდა, უაღრესად ინტელექტუალური ქალი, რომელსაც ოდესღაც სურდა თერაპევტი გამხდარიყო, აღარასოდეს იქნება ადრინდელი მილეტი: „მე ვგრძნობ თავს მოჩვენებად“.
მილეტი გვიყვება საკუთარ ისტორიას, რომელიც ჰამასმა გამოატარა.

„თავს დაცულად ვგრძნობდით“

„ხშირად დავდიოდი წვეულებებზე. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი შაბათ-კვირა იყო. მუსიკა 6:30 საათზე შეწყდა. იქამდე ძალიან კარგი ფართი იყო, მეგობრული ატმოსფერო, ყველაფერი სიყვარულით იყო სავსე, თავს დაცულად ვგრძნობდით და სრულიად მოდუნებულები და რელაქსაციის ქვეშ ვიყავით. შემდეგ უცბად წამოვიდა რაკეტები. ათობით, ასობით რაკეტამ დაფარა ცა. დაცვამ დაიწყო ტერიტორიის სასწრაფო ევაკუაცია. ბევრი ადამიანი უმწეო იყო და საერთოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა“.

„ტერორისტები ყველა მხრიდან იყვნენ“

„მანქანით ვცადეთ გაქცევა. პოლიციის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომელი მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მაგრამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ხალხმა დაიწყო ყვირილი, რომ წინ ტერორისტები იყვნენ, რომლებიც ისროდნენ. ჩვენ წინ მყოფ მანქანებში რამდენიმე ადამიანი დახვრიტეს. ამიტომ შევბრუნდი და სხვა გზით გავყევი გზას. ორი წუთის შემდეგ ყველა მანქანა ისევ გაჩერდა და სროლის ხმა გავიგეთ. ტერორისტები ყველა მხრიდან იყვნენ, ვერსად წავედით. ვხედავდით, რომ ისინი უფრო და უფრო გვიახლოვდებოდნენ. ჩვენ დავიწყეთ იმის გაცნობიერება, რომ ბევრი ტერორისტი იყო და არა მხოლოდ მცირე ჯგუფი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მომენტში ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ათასობით ტერორისტი იყო ისრაელში შემოჭრილი“.
ფესტივალის სტუმრებმა მანქანები მიატოვეს და ცდილობენ გაქცევას მინდვრებში. მათ შორის არის ჩვენი დღევანდელი გმირი მილეტიც:
„ეს იყო სრული ქაოსი. გარბიხარ შენი სიცოცხლისთვის და სადაც არ უნდა გარბოდე, შენკენ სხვა ხალხი ყვირილით მორბის და ხედავ, რომ მათაც იქიდან ესვრიან. ტერორისტებმა ზუსტად იცოდნენ, როგორ გავიქცეოდით და ალყაში მოგვაქციეს. ზოგი მანქანით დადიოდა, ზოგს მოტოციკლი ჰქონდა, ზოგი ფეხით იყო, ზოგიც ციდან პარაპლანით ჩამოდიოდა. გვესმოდა უწყვეტი სროლა. ირგვლივ ხალხი უბრალოდ ეცემოდა, ყველას ხოცავდნენ…
…ჰამასის ტერორისტები იყვნენ ისრაელის ჯარისკაცების ფორმაში. მახსოვს, ჯარისკაცების ჯგუფისკენ გავიქეცი. ჯერ კიდევ 50 მეტრში ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მათ ჰქონდათ RPG-ები (ყუმბარმტყორცნები, _ რედ.). შემდეგ მივხვდი, რომ ისინი იყვნენ ტერორისტები, რადგან ჩვენს ჯარისკაცებს არ აქვთ ეს იარაღი…
…ასეთი სისუსტე არასდროს მიგრძვნია, წარმოუდგენლად ვბრაზობდი ჩემს სხეულზე. თითქოს ჩემს სხეულს უბრალოდ გათიშვა სურდა. თავს შემოვუძახე, გონზე მოვედი და ორი საათი ვიარე პირდაპირ, წინ და უკან, წინ და უკან. მოგვიანებით, ტელეფონი შევამოწმე და 13 კილომეტრი მივლია“.

ვინც დარჩა, მოკლეს!

„ერთი გოგონა მიწაზე დაეცა და ტიროდა, სრულიად დაბნეული იყო. ვცადე ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ სირბილი უნდა გაგვეგრძელებინა. ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი შოკში იყო და სურდა ადგილზე დარჩენა. თუმცა ვიცოდი, რომ ეს ცუდი იდეა იყო. ახლა მივხვდი, რომ მართალი ვიყავი. დარჩენილთაგან თითქმის ყველა გააუპატიურეს, გაიტაცეს ან მოკლეს. თითქმის არავინ გადარჩა“.
მილეტი სხვა სამ ქალთან ერთად ბუჩქს პოულობს. ის აქ ექვსი საათის განმავლობაში რჩება ჩუმად და შიშში.

პოლიცია ხალხს ვერ ეხმარებოდა

„პოლიციას დავურეკე. ვლაპარაკობდი რაც შეიძლება ჩუმად, მაგრამ ასევე გარკვევით. პოლიციელი ძალიან გულწრფელი იყო ჩემთან. მან თქვა, რომ ჩვენ უნდა გაგვეძლო, გვითხრა, რომ მიმდებარე სოფლებიც დაკავებული ჰქონდათ ტერორისტებს. მე არ ვბრაზობდი პოლიციელზე. მივხვდი, რომ მართლაც დიდი საშინელება ხდებოდა და ჯარი უბრალოდ ახლა ვერ გვეხმარებოდა… იმ დროს არ ვიცოდი, რომ მათ სხვა გოგოები მართლა გააუპატიურეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა, თუ მიპოვიდნენ, შემდეგ დაგვხოცავდნენ და გვამებს ქუჩებში ჩამოატარებდნენ. ჩემი თავის დამარხვა მინდოდა იმ წუთს“.
ყველაზე შოკისმომგვრელი იყო მათი საქციელი: იცინოდნენ, ახლოდან გვესმოდა მათი მხიარულება და ყიჟინა. ამან უფრო შემაშინა, ვიდრე მათმა იარაღმა. მივხვდი: თუ ისინი ასე კომფორტულად გრძნობენ თავს აქ, ე. ი. ჩვენი ჯარი ძალიან შორს არის და შველის იმედი არც ახლო პერიოდში არ უნდა გვქონდეს“.

„რას ეუბნები შენს ოჯახს?“

მილეტიმ გადაწყვიტა, ოჯახს დამშვიდობებოდა. დაურეკა მათ და ჩუმად, თუმცა გარკვევით მოუყვა ისტორია, რაც იქვე ხდებოდა. „ვუთხარი, რომ ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. მინდოდა მათ ჰქონოდათ რაღაც ისეთი, რაც სამომავლოდ ნუგეშს მისცემდა, რომ მათ ჰქონოდათ განცდა: გარდაიცვალა, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა. რა უცნაური აზრია, შენი ოჯახის ნუგეშისცემა საკუთარი სიკვდილის გამო“.
საუბრიდან ცოტა ხანში მოხდა სასწაული: ხსნა. სამოქალაქო პირი, სახელად რამი დავიდიანი დაუკავშირდა მილეტს: „ერთ მომენტში კონტაქტში შევედი ტელეფონით სოციალურ ქსელში ადამიანთან, სახელად რამი დავიდიანთან. მან იმ დღეს ასობით ადამიანი გადაარჩინა. ვცდილობდი როგორმე ნავიგირებას, რომ ჩვენთან მომეყვანა. მან თქვა, რომ დაასიგნალებს, როცა ახლოს მოვა და მაშინ ჩვენ უნდა გავქცეულიყავით მანქანასთან. დავემშვიდობე და ვთხოვე, არ მივეტოვებინეთ, რადგან ის ერთადერთი ხსნა იყო იმ ბნელ წუთებში. მართლაც, ცოტა ხანში გავიგონე სიგნალის ხმა. ის იყო!!! სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბუჩქებიდან უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ ამავდროულად მესმოდა სროლის ხმა, ხან უფრო შორს იყვნენ, ხან უფრო ახლოს. ეს იყო ყველაზე საშინელი მომენტი“.

„თუ მომკლავენ, მომკლან“

მილეტი 6-საათიანი მალვის შემდეგ ბუჩქებიდან ამოდის: „ეს იყო ფიქრი, რომელიც ბავშვობიდან მქონდა ჰოლოკოსტზე. მახსოვს, ბავშვობაში ვფიქრობდი, როგორ ჰქონდათ გეტოში ზოგს ბრძოლის ან გაქცევის ძალა. გამახსენდა ფილმი სობიბორის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევის შესახებ. ჩემს თავს ვუთხარი: თუ მომკლავენ, მომკლან. ამან გამბედაობა მომცა, დამეტოვებინა ჩემი სამალავი. გამოვედი და დავინახე მანქანა ებრაული სტიკერით და ამოვისუნთქე, ეს იყო ხსნა, შველა იმ ბნელ წუთებში“.
მილეტი გადარჩენილია, ცოცხალია, უსაფრთხოდაა, ოჯახთან ერთადაა. მაგრამ ცხოვრება აღარაა ისეთი, როგორიც იყო.
„ტრავმა იმდენად დიდია, ღრმად მოქმედებს ჩემზე. ჩემი ბიძაშვილი დახვრიტეს. მისი დაკრძალვის შემდეგ მწუხარებისა და შიშის დონე იმდენად დიდი იყო, რომ მგონი, გული გამიჩერდა. შორია დასრულებამდე“.
7 ოქტომბერმა ყველაფერი შეცვალა მილეტისთვის: „ჩემი მეგობრები ცდილობენ ჩემთან ურთიერთობას, მაგრამ მე ეს არ მინდა. ასევე რთულია ოჯახთან ერთად ყოფნა. ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა, მაგრამ მე არ ვგრძნობ, რომ ისინი მხედავენ. თავს მოჩვენებად აღვიქვამ. მე არ ვიცი ვინ ვარ და რა მინდა“.
მაგრამ მილეტ ბენ ჰეიმი არ ნებდება. ვერავინ უარყოფს იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. იგი გააგრძელებს ცხოვრებას.

გაზიარება