- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 09:27:41
შორენა მარსაგიშვილი
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილმა, ოს ტერორისტებს ბოდიში მოუხადოს, მათში ქართული მიწების მიტაცების მადა გააღვივა. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, ამ ბოდიშის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველომ ოსებს უნდა დაუბრუნოს გუდაური და თრუსოს ხეობა. კოკოითის ამ თავხედურ განცხადებაზე არც საზოგადოებას, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას რეაქცია არ ჰქონია.
არის თუ არა ამ განცხადებებზე ყურადღება გასამახვილებელი? რა ხდება ლომისის მონასტრის გარშემო? რით იმუქრებიან ცხინვალელი ოსები და რას ამბობენ ვლადიკავკაზში ამის საპასუხოდ? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, თამუნა გოჩიაშვილი:
_ თამუნა, ედუარდ კოკოითიმ ბიძინა ივანიშვილის სურვილის საპასუხოდ, მოუხადოს ოს ტერორისტებს ბოდიში, განაცხადა, რომ საქართველომ ოსებს უნდა დაუბრუნოს გუდაური და თრუსოს ხეობა. ამაზე ქართული მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. კოკოითი კი კომიკური პერსონაჟია, მაგრამ ეს განცხადება არ არის არასერიოზული, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი პრეტენზიები ოსებს არაერთხელ აქვთ გამოთქმული.
_ კოკოითი მართლა კომიკური პერსონაჟია და მრავალი წელია, არსად აღარ ჩანდა, ლამის ოსებსაც დაავიწყდათ. მისი გამოცოცხლება „ქართული ოცნების“ ბოდიშის მოხდის სურვილს მოჰყვა. ამ კაცმა განაცხადა, რომ ბოდიში არაფერში სჭირდება ოსებს და ქართველებმა გუდაური და თრუსოს ხეობაც უნდა დააბრუნონ. კოკოითმ იმის დასამტკიცებლად, რომ გუდაური ოსებისაა, რაღაც ეტიმოლოგიებიც მოიყვანა. ამტკიცებს, ოსურად გუდი რაღაცას ნიშნავსო.
_ დონბასის მხარეზეც აქვთ ოსებს პრეტენზია, ამბობენ, დონი ოსურად წყალს ნიშნავსო.
_ ეგ სასაცილო თემაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სასაცილოდ არ არის საქმე. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ განცხადებების უკან რუსები დგანან, ისინი აქეზებენ ოსებსა და აფხაზებს. რუსები რომ არა ეგენი ხმის ამოღებასაც ვერ გაბედავდნენ. კოკოით ვერც აქამდე ბედავდა ამ თემაზე საუბარს, საერთოდ ვერაფერზე იღებდა ხმას, ივანიშვილის განცხადებამ კი გამოაცოცხლა და საქართველოს ტერიტორიებზე პრეტენზები წამოაყენა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის აცხადებს, რომ გუდაური და თრუსოს ხეობა ოსებისაა. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ის იმუქრებოდა, რომ ოსები ასევე დაიბრუნებდნენ თრუოსოსა და გუდაურს. კარგად მახსოვს მისი ასეთი განცხადებაც, ქართველებს ერთი საზღვარი აქვთ ენგურის ხიდზე, მეორე საზღვარი ექნებათ მლეთის ხიდზეო.
2008 წლის ომის მერე რუსებმა მთლიანად წაიღეს ე. წ. სამხრეთ ოსეთი, მათ შორის, ახალგორიც, რომელიც მთიულეთია. ახალგორის დაკარგვის შემდეგ ე. წ. საზღვარი დაიდო ლომისის ქედზე. ამ ქედზე ყველაზე სტრატეგიული წერტილი არის ლომისის მამათა მონასტერი. მონასტერთან რუსებს ბევრჯერ ჰქონდათ შეხება. მათი საგუშაგო მონასტრიდან სადღაც 200 მეტრშია. ისინი ხშირად გადმოდიან აქეთა მხარეს და არღვევენ ამ ე. წ. საზღვარს. ამაზე საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ აქვს. არც იმაზე ჰქონიათ პრეტენზია, რუსებმა მონასტრის მიმდებარედ აზომვითი სამუშოები რომ ჩაატარეს.
თრუსოს ხეობა ყოველთვის იყო ბომბი საქართველოსთვის და ბოდიშის მერე კიდევ უფრო გააქტიურდა. ეს ბოდიში ქართული საზოგადოებისთვის იყო მიფურთხება. დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირი მოთხოვნა იყო რუსეთისგან. სხვანაირად ვერანაირად ვერ ვხსნი ასეთ კაბალურ შეცდომას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინ დაუშვა. არის მეორე ვერსიაც, _ ივანიშვილს სურდა, ამ ყველაფერს ჩახსნოდა და ხალხი გააღიზიანა.
კოკოითის განცხადებაზე ოპოზიციის დუმილი ალბათ იმით აიხსნება, რომ ახლა მთელი ოპოზიცია არჩევნებზე იყო გადართული. არჩევნების შემდეგ იმედია იქნება ამაზე რეაგირება. თუმცა ეს თემა ყოველთვის იდგება დღის წესრიგში. ოსები, რუსების დავალებით, დიდი ხანია აცხადებენ, რომ თრუსოს ხეობა მათ ეკუთვნით. და ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოსთვის.
_ თრუსოს ხეობის გამო შესაძლოა, ოსებში განხეთქილება მოხდეს, ჩრდილოეთ ოსეთი ამტკიცებს, თრუსო ჩვენიაო, ოკუპირებული ცხინვალი, ანუ სამხრეთ ოსეთი, ამბობს, ჩვენ გვეკუთვნისო.
_ ახლა დაობენ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და თუ ხეობა ჩვენი კონტროლიდან გავა, მაშინ კონფლიქტი დასრულდება. ამას რუსეთი დაარეგულირებს. მოსკოვი ოსებს არაფერს ჰკითხვას. ასე რომ, იმის იმედად არ უნდა ვიყოთ, რომ ოსები თრუსოზე ერთმანეთს დაჭამენ და ეს ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს ასე ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ამაზე მთავრობის ან ოპოზიციის დუმილი არის ძალიან ცუდი.
თრუსოზე არანაკლებად მაშინებს ის გზა, რომელიც ახლა რუსეთთან დასაკავშირებლად შენდება. ამაზე თავის დროზე ხმაური დავიწყეთ, მაგრამ ოპოზიცია დუმილით შეხვდა. გვერდით მხოლოდ „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ დაგვიდგნენ. არადა, ეს გზა რუსეთის გარდა არავის სჭირდება.
_ მართლა რა საჭიროა, გზა ისედაც არის და ეს ახალი გზა შესაძლოა, მეორე როკის გვირაბი გახდეს.
_ ჩვეულებრივი როკის გვირაბია, მაგრამ ამაზე ხმა არავის ამოუღია. ასე რომ, კოკოითის წამოკნავლებაზე რეაქციის არქონა არ გამკვირვებია. საზოგადოების დუმილიც ძალიან მეწყინა. მაგრამ ბოლო კვირებში აშკარად შეიცვლა სიტუაცია, თითქოს ჩვენი საზოგადოება გამოფხიზლდა. ისიც მინდა გითხრათ, რომ თრუსოს ხეობის თემას ჩრდილოეთ ოსეთში ცოტა სხვანაირად უყურებენ. გუდაურში დავდივარ ხოლმე თხილამურებით სასრიალოდ. იქ ვლადიკავკაზიდან ამოდიოდნენ ოსები. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე. ერთხელ თრუსოსა და გუდაურზე ოსების პრეტენზიებზეც ვილაპარაკეთ. 60 წლის ოსმა კაცმა იცით, რა მითხრა? _ თრუსო ოსებისაა კი არა, ვლადიკავკაზამდე ტერიტორია საქართველოს ეკუთვნოდაო.
_ ეს მართლა ასე იყო. ერთა ლიგის მიერ აღიარებული საზღვრების თანახმად, ვლადიკავკაზამდე ტერიტრორია საქართველოს ეკუთვნოდა. სოფლები მლეთა, ბალთა და ჩიმი საქართველოს ექვემდებარებოდა. მერე კომუნისტებმა გადაულოცეს ოსებს ეს მიწა.
_ ასე იყო და ოსებსაც ახსოვთ ეს ყველაფერი კარად. ოსებს ვლადიკავკაზში ისიც კარგად ახსოვთ და დღემდე იციან, რომ ოსებს თუ ვინმემ ოსობა შეუნარჩუნა, ეს საქართველო იყო. ცხინვალში მუშაობდა ოსური სკოლები, ოსური თეტარი, ოსური უნივერსიტეტი. ვლადიკავკაზში _ არა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ ოსეთში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, რომ საქართველოს შეერთებოდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რათა თავიანთი იდენტობა გადაერჩინათ. ამის გამო მაშინ 800-ზე მეტი ახალგაზრდა დააპატიმრეს.
საქმე საქმეზე თუ მიდგა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ოსებს იქით წავუყენოთ პრეტენზიები. მაგრამ ამას, სამწუხაროდ, ვერ ვაკეთებთ. რადგან იმასაც ვერ ვიცავთ, რაც ჩვენია. წართმეულზე არაფერს ვამბობ. ახალ ტერიტორიებს იკავებენ და მოცოცავენ აქეთ და ამაზეც კი არავინ იღებს ხმას. ამათთვის ბოდიშის მოხდა როგორ შეიძლება?! ამ ბოდიშმა უფრო გაათავხედა სეპარტისტები. საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ამ საფრთხეს თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთთან ასე ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება. დღეს იცით, რატომ არის უკრაინაში ომი? იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინა ენის მოჩლექით ესაუბრებოდა.
როდესაც უკრაინამ პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკი აირჩია, მან თქვა, რომ რუსეთთან დაარეგულირებდა ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკრაინის მიწების ნაწილი უკვე ოკუპირებული ჰქონდათ. ზელენსკი რუსებს მოკრძალებულად ესაუბრებოდა. ომი ზელენსკის ნამდვილად არ უნდოდა. არც ომისთვის ემზადებოდა უკრაინა. ძალიან ბევრ უკრაინელს არ სურდა ომი. და ამიტომ გადაწყვიტა რუსეთმა იქ შეჭრა. რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი არ შეიძლება. რუსეთი ამას ომით და ძალით პასუხობს. უკრაინა ენის მოჩლექით საუბარზე იხდის ასეთ მძიმე საფასურს.
ამის გარდა, არ შეიძლება რუსული ბიზნესების ასე „უპრაგონოდ“ შემოშვება. უკრაინაში ყირიმის წაღების მერე იყო გამოსვლები, ხალხი და სამხედროების ნაწილი ითხოვდა, რომ რუსული ბიზნესები არ უნდა იყოს უკრაინაშიო, რასაც ზელენსკი და პოროშენო არ ეთანხმებოდნენ. შედეგი სახეზეა. დღეს იგივე ხდება საქართველოშიც და ძალიან არ მინდა, რომ აქაც იგივე მოხდეს, რაც დღეს უკრაინაშია.
და დღეს საქართველოში ომი რომ არ არის, ეს უკრაინის დამსახურებაა. დღეს უკრაინა საქართველოსთვისაც იბრძვის. უკრაინის წყალობით დღეს რუსეთს საქართველოში შემოჭრის თავი არ აქვს. ამიტომ ძალიან დიდი უნამუსობაა, უკრაინისთვის იმის დამუნათება, რომ თქვენ დანგრეულები ხართ, ჩვენ კი მშვიდობა გვაქვსო. იმ დანგრეული უკრაინის წყალობითაა აქ მშვიდობა. თუ გვინდა, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი.