- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-30 08:57:55
ირინა მაკარიძე
კორუფცია და ნეპოტიზმი კარგა ხანია, „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია. ივანიშვილის რეჟიმის მთავარ საყრდენს სწორედ კორუფცია და კორუმპირებული მოხელეები წარმოადგენენ.
„ქრონიკა+“-ს ხელში ჩუვარდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ჩინოვნიკის, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის ორგანიზაციის უცვლელი ხელმძღვანელის, დავით ჭელიძის სახელზე რიცხული ათეულობით მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის ამონაწერები. მიწის ნაკვეთების ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია. დავით ჭელიძე თბილისის საკრებულოს ორგზის მოწვევის (2014 და 2017 წლები) საკრებულოების წევრია. ის საკრებულოში ურბანული დაგეგმვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას წარმოადგენდა. მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ჭელიძის კუთვნილებაში 2018 და შემდეგი წლებიდან გადავიდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერებში მიღიღებულია, რომ მიწის ნაკვეთები, რომელიც მის და ზოგ შემთხვევაში მისი თანამესაკუთრეების მფლობელობაშია, მდებარეობს თბილისში, მშენებლობისთვის ხელსაყრელ ადგილებში.
ჭელიძის სახელზე რიცხული რამდენიმე ათეული მიწის ნაკვეთის ნაწილი დიდ დიღომშია. მიწის ნაკვეთები არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და დაფიქსირებულია გზის გასწვრივ, რაც ნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთები ხელსაყრელია დეველოპერული საქმიანობისთვის, ნაწილ მათგანზე უკვე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ჭელიძეს მიწის ნაკვეთები აქვს ასევე დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე. შექმნილი აქვთ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „დიდი დიღომი“, აქვს მშენებარე ბინაც.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, დავით ჭელიძის მფლობელობაშია: გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე მშენებარე ბინა, მესამე სართული, 53 კვ. მ.; თბილისი, ხეხილსანარგე მეურნეობა, სასოფლო-სამეუნეო მიწა 1700 კვ. მ., რომლის თანამესაკუთრეა; მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში, პირველ მიკრორაიონში გზის პირას, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2460 კვ. მ.; კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი დიდ დიღომში, სადაც მესაძლებელია მშენებლობა; ასევე თბილისში, „ხეხილსანერგე მეურნეობაში“, რამდენიმე მიწის ნაკვეთი; გარდაბანში, სოფელ მარტყოფში, სასოფლო-სამეურნეო მიწა 2000 კვ. მ.; ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქონებისა, რაც ამ პირის სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება.
ჭელიძის სახელზე „კომპანი ინფოში“ იძებნება კომპანიები „დანი“ და შპს „ვერანდა ზღვაზე“.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროს დავით ჭელიძეს. კითხვაზე, _ ჩინოვნიკის ხელფასით როგორ შეძლო ამ რაოდენობის მიწის ნაკვეთის შეძენა თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მან კითხვითვე გვიპასუხა: „თუ იცით, მანამდე რას ვაკეთებდი?“ შევთავაზეთ, რომ ამაზე თავად ესაუბრა, თუმცა მან დიალოგი არ ისურვა, მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელა. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ ამ საკითხის შესახებ სასაუბროდ მისთვის ხელსაყრელ დროს დაგვკავშირებოდა, თუმცა ის არ შემოგვხმიანებია.
თბილისის მერიაში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემებსა და „ქართული ოცნების“ კორუფციული მართვის სტილზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე:
_ დოკუმენტებით დგინდება, რომ დავით ჭელიძის ქონება გაიზარდა იმ პერიოდში, როდესაც ის იმყოფება მერიის სამსახურში. შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ ადრე შევსებული ქონებრივი დეკლარაცია არ იძლევა არანაირ ინფორმაციას, რომ მას რაიმე მნიშვნელოვანი ქონება ჰქონდა. ან არ ჰქონდა, ან, უბრალოდ, დამალა. თავისთავად, ქონების შეძენა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა არ არის, თუ ქონების შეძენის თანხები კანონიერია. საინტერესოა, რამდენად ლეგალურად შეიძინა მან ეს ქონება? საეჭვოა საჯარო მოხელის ხელფასით ამ მასშტაბის და ამ ოდენობის, ქალაქის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთების შეძენა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ეს ადამიანი არის ისეთ თანამდებობაზე, რომლის საქმიანობა, ფაქტობრივად, გაუმჭვირვალეა. ეს სამსახური გარდა იმისა, რაც მათი მოვალეობაა, სხვა ფუნქციებსაც ითავსებს. ცნობილი ფაქტია, რომ ამ სამსახურის უფროსი კალაძის ტროლადაც მუშაობდა. ცნობისთვის: მედიის ინფორმაციით, მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ-ნუგზარ ჭონქაძე, აღნიშნულ პოზიციაზე ვირტუალურ სამყაროში ოპოზიციის გაშავებისა და აგრესიული პოსტების შემდეგ დააწინაურეს; სულიკო კედელაშვილი 2010 წლიდან ტროლია, ის სიძულვილის ენას მუდმივად იყენებს, თავს ესხმის ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. კედელაშვილი მოხვდა ტროლებისა და ბოტების ბაზაში _ „ვინ ვინ არის?“.
ეს სამსახური ყველაფერს აკეთებს იმის ნაცვლად, რა ფუნქციაც აქვს, რომ დაიცვას მერიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ 500 ტონა ჯართი დაიკარგა გლდანიდან, ეს ჯართი უნდა დასაწყობებულიყო მერიის რომელიმე საწყობში, რომლის დაცვა მერიის ამ სამსახურს ევალება. ეს ამბავი კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, მაგრამ აღნიშნული სამსახურის გამართულ მუშაობაზე ისიც პასუხისმგებელია. ზოგადად, ეს სამსახური გახდა ერთგვარი თავშესაფარი, მაგალითად, როდესაც საკრებულოში მმართველი პარტიის დეპუტატებს შეუწყდებათ უფლებამოსილება, სიაში აღარ არიან და აღარ აგრძელებენ პოლიტიკურ მოღვაწეობას, გადაჰყავთ ისეთ უწყებებში, როგორიცაა უსაფრთხოება, „თბილსერვისი“ და ა. შ. ამ ადამიანების გამდიდრების წყარო არის ჯერჯერობით გაურკვეველი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციას არ გააჩნია საგამოძიებო ფუნქცია. როგორც კი არჩევნები დასრულდება, მოხდება ცვლილება, აუცილებლად ვამხელთ ყველა იმ კანონდარღვევას, რომელიც ჩაიდინეს საჯარო მოხელეებმა. ფიზიკურად ვერ დარჩება გამოუძიებელი საქმე, როდესაც რომელიმე თანამდებობის პირი სახელმწიფო დოვლათის ხარჯზე არის გამდიდრებული.
_ ამ მიწის ნაკვეთებზე შესაძლებელია ბინათმშენებლობა, დეველოპერული საქმიანობა. ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანის უკან დგანან სხვა პირები, რომელთაც აქვთ დეკლარაციის შევსების ვალდებულება?
_ „ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით 2016-2017 წლების შემდეგ დაიწყო ქონებების გადამალვა, ასე ვთქვათ, შუამავალ ადამიანებზე გადაფორმება. იმ ადამიანებზე, რომლებსაც ენდობიან, რომლებიც არ ავსებენ დეკლარაციებს, რომ არ გამოჩნდეს მათი ქონება. სინამდვილეში, ისიც შესაძლებელია, საერთოდ ამ ადამიანს არ ეკუთვნოდეს ეს ქონება, არამედ ეკუთვნოდეს სხვა რომელიმე თანამდებობის პირს, რომელიც ავსებს დეკლარაციას. ასევე ამ ადამიანის თანამდებობიდან გამომდინარე, მისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვება, კოეფიციენტის გაზრდა, ზონალური შეზღუდვების მოხსნა, ეს საკითხები გადაუწყვეტელი არ არის, ძალიან მარტივად გადაწყვეტს მისი თანამდებობიდან და დღეს თბილისის მერიის მუშაობის სტილიდან გამომდინარე. მერიაში არის გამეფებული კორუფცია. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველა თანამშრომელს, იქ ძალიან პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანებიც მუშაობენ, მაგრამ ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნებისა“ და, კონკრეტულად, კალაძის პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ და თუ გადავხედავთ მათ პირველ დეკლარაციებსა და შემდეგ ბოლო დეკლარაციებს, ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ ამ ხალხმა თანამდებობებზე იშოვა ფული. შემიძლია მაგალითისთვის დავასახელო ვიცემერი ირაკლი ხმალაძე, რომელმაც 300 ათას დოლარად აიშენა სახლი ლისზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელფასი ამის საშუალებას არ იძლეოდა. შემდეგ ეს 300 ათას დოლარად აშენებული სახლი ერთ მილიონ დოლარად გაყიდა რუსეთის მოქალაქეზე. აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან საეჭვო ტრანზაქცია იყო. ამ მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, ამ ჩინოვნიკის ქონების კანონიერება დავაყენოთ ეჭვქვეშ, რადგან მისი ხელფასი, სამსახურებრივი სარგოები არ იძლევა საშუალებას, ამ ადამიანს ამდენი ქონება ჰქონდეს.
_ ამ საკითხით თუ უნდა ინტერესდებოდეს საგამოძიებო სამსახური?
_ საქართველოში გვაქვს ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქოლგის ქვეშ. ეს გალავთ სამსახური, რომელიც უნდა იძიებდეს მსგავსს ფაქტებს და მის გამოძიებულზე შემდეგ უკვე პროკურტურა უნდა მოქმედებდეს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნებისთვის“ არ არის დამახასიათებელი, რომ მისი რომელიმე თანამდებობის პირი ამხილოს კორუფციაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია, ბიძინას არავინ არაფერი მოპაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაისჯებიან, თუ ბიძინას ფულს აიღებენ. თვითონ ივანიშვილმა აუნთო მწვანე შუქი კორუფციაზე ამ ადამიანებს, რადგან კორუფციაზე დგას ზოგადად ივანიშვილის ძალაუფლება. შესაბამისად, ბიძინას დავალებები რომ შეასრულოს კონკრეტულმა თანამდებობის პირმა, ის უნდა იყოს დაკმაყოფილებუილი, _ რაღაცის საფასურად უნდა შეასრულოს ეს.
_ აღსანიშნავია, რომ დავით ჭელიძე „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის უცვლელი ხელმძღვანელია...
_ ინტერესი, რომ ეს ადამიანი იყოს ფინანსურად დაკმაყოფილებული, ნამდვილად არსებობს, რადგან მას ბარდება არჩევნები, ამ ადამიანმა უნდა შეასრულოს ივანიშვილის დავალებები, „ქართული ოცნების“ პარტიული დავალებები, შესაბამისად, იგი კმაყოფილი უნდა იყოს ცხოვრებით. ასე ხედავს ბიძინა ივანიშვილი _ ის კი არა, რომ მას უნდა ჰქონდეს იდეა, კმაყოფილი უნდა იყოს ცხოვრებით, მას უნდა ჰქონდეს ფული, მიწები კორპუსების აშენების ნებართვები. აი, შემდეგ უკვე ასეთ ადამიანებთან აქვს ივანიშვილს საქმე, რომლებსაც პირდაპირ ავალებს და ზუსტად იღებს იმ შედეგს, რაც მას სურს.
_ რამდენად სისტემურია ეს კორუფცია?
_ ერთადერთი სისტემა, რაც ივანიშვილმა ააწყო 2012 წლის შემდეგ, რაც გამართულად მუშაობს, უხარვეზოდ, ეს არის კორუფციული სისტემა. მხოლოდ ეს სისტემა ააწყო ამ ადამიანმა. შემდეგ როცა ამ სისტემაში ხალხი ჩაერთო, რომლებმაც უკვე ფული იშოვეს და ისეთი ფული იშოვეს, რომელიც მათ კარგ სიზმარშიც კი არ დასიზმრებიათ, უკვე მორჩილებაში არიან მის ბატონთან, რომელმაც ფული აშოვნინა. მათ ძალიანაც რომ უნდოდეთ ამ ჯაჭვიდან გამოსვლა, ფიზიკურად ვერ შეძლებენ, რადგან კომპრომეტირებულები არიან.
_ საეჭვოა, რომ უნდოდეთ ამ ჯაჭვიდან გამოსვლა.
_ კომფორტში ცხოვრობენ სახელმწიფოს ხარჯზე და იმიტომ. ივანიშვილის საყრდენი არის კორუფციაში გასვრილი კომპრომეტირებული ხალხი. ფული რომ აშოვნინა, ამის კომპრომატები აქვს ივანიშვილს. ტექნიკურად თუ მივუდგებით, კონკრეტულად, ლილუაშვილი (სუს-ის უფროსი) იმიტომ ჰყავს ამ სამსახურში, რომ კომპრომატები მოაგროვოს ადამიანებზე და არა ქვეყნისთვის რამე გააკეთოს. ლილუაშვილი ინახავს ყველა ამ კომპრომატს. ეს არის დიდ სურათში ერთი პატარა ჩინოვნიკის გამდიდრება.