- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-10-17 04:11:22
გიორგი საკარული
შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამას იმ წამიდან მიხვდებით და დარწმუნდებით, როდესაც ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის“ შემოქმედებასა და მოღვაწეობას გაეცნობით. რეჟისორი და მსახიობი ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც ცდილობს, დაამსხვრიოს ბევრი სტერეოტიპი და საქმეში, რომელსაც ის ემსახურება, მაქსიმალურ შრომას დებს, რათა მაყურებლებმა ზუსტად დაინახონ ის, რასაც შშმ ბავშვები სცენიდან გვიყვებიან.
ბაჩო გაბრუაშვილი სხვადასხვა სარეაბილიტაციო და დღის ცენტრებში, შშმ პირებთან დრამა თერაპევტად მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა, დაეარსებინა ინტეგრირებული თეატრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და პროფესონალი მსახიობი ერთ სცნაზე ითამაშებდნენ. ამგვარად, 2016 წლის მარტში დაარსდა ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“.
თეატრის სახელი დაერქვა ბერტოლდ ბრეხტის ლეგენდარული პიესის, „კავკასიური ცარცის წრის“ მიხედვით, როცა აზდაკი მანტიას იხდის და ამბობს: „დალუქეთ ეს სახლი და გადააკეთეთ ბაღად, რადგან ბავშვებს სჭირდებათ ბაღი“.
„ქრონიკა+“-თან ბაჩო გაბრუაშვილი ჰყვება, რომ შშმ პირები დაინტერესებული არიან თეატრით, უნდათ გამოსცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და ჰქოდეთ შემოსავალი საყვარელი საქმით. ეს ყველაფერი კი იწვევს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, თვითშეფასების გაზრდას და რაც მთავარია, ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლას.
ინტეგრირებული თეატრის მიზანია, შშმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან თეატრით, გამოსცადონ თავიანთი ძალები სამსახიობო ხელოვნებაში, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და ჰქოდეთ შემოსავალი საყვარელი საქმით. ეს ყველაფერი კი იწვევს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას, თვითშეფასების გაზრდას და რაც მთავარია, ცხოვრების რადიკალურად უკეთესობისკენ შეცვლას.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით საკუთარ პასუხისმგებლობაში სრულად არ აუღია მზრუნველობა, თეატრმა ფუნქციონირება პროექტების სახით გააგრძელა, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქის მუნიციპალიტეტები და ფონდები აფინანსებენ.
პროექტების შემდეგ კი თეატრის რეპერტუარში დარჩა სპექტაკლები: „ბოშები“, „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“, „კაცია-ადამიანი?!“, „47=46“, „სამგროშიანი ოპერა“, „ტელესპექტაკლი-კლასგარეშე გაკვეთილი“, „შერეკილები“.
სპექტაკლი „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილის საავტორო სპექტაკლია. ეს სპექტაკლი საერთოდ არავინ დააფინანსა, ამიტომ რეჟისორსა და ორ მსახიობს მოუწიათ, საკუთარი ხელებით შეექმნათ კოსტიუმები და დეკორაცია. პრემიერა შედგა 2017 წლის 2 იანვარს თავისუფალ თეატრში, სადაც მაშინდელი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა დაესწრო სპექტაკლს. სწორედ მისი დახმარებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა ერთი წლით თეატრს უქირავა ფართი რეპეტიციბისთვის. მანამდე კი თეატრი მუშაობდა 40კვ.მ.-ის ავტოფარეხში, რომელიც ბაჩომ და „აზდაკის ბაღის“ მეგობრებმა საკუთარი ძალებით მოაწყვეს თეატრალურ სივრცედ.
შემდეგი იყო „კაცია-ადამიანი?!“ აქ უკვე კულტურის სამინისტრო ერთვება საქმეში და 7000 ლარით აფინანსებს სპექტაკლს.
„აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი მთელი საქართველოს მასშტაბით 57-ჯერ ვითამაშეთ. მოგეხსენებათ, ეს რიცხვი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონების გარდა ჩვენ ასევე ვთამაშობდით სკოლებისთვის და სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუარსაბს და დარეჯანს დაუნის სინდრომის მქონე მსახიობები იმდენად მაღალი ხარისხით თამაშობდნენ, რომ ხშირად უცხოელებს ეჭვი ეპარებოდათ მათ დიაგნოზში და ტიპური განვითარების მსახიობები ეგონათ“, _ ამბობს რეჟისორი.
შემდეგ მოდის „სამგროშიანი ოპერა“. თანდათან საზოგადოება და სხვა თეატრები ეჩვევა აზდაკის ბაღის არსებობას. თუკი მანამდე გვიჭირდა ბალანსის დაცვა, ანუ შშმ პირები და პროფესიონალი მსახიობები თანაბრად ყოფილიყვნენ, აქ უკვე ბევრმა მსახიობმა თავად მოინდომა ჩართულობა. ამგვარად, სქეპტაკლში 22 შშმ და 23 ტიპური განვითარების მსახიობი თამაშობდა.
მსახიობები იყვნენ რუსთაველის, მოზარდ მაყურებელთა, გორის, სოხუმისა და მოძრაობის თეატრებიდან. სპქტაკლი დაიდგა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის დახმარებით (ამ დროისთვის დასის ყველა წევრი უკვე თეატრალური საზოგადოების ოფიციალური წევრი ხდება, ისინი ოფიციალურად იხდიან საწევრო გადასახადს). პრემიერა შედგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რეჟისორს გადაეცა საპატიო ჯილდო და მადლობის სიგელი. მალევე დაიწყო გასტროლებისთვის მზადება: რომი, ბარსელონა, ბელარუსი, უკრაინა, ბათუმი, თუმცა პანდემიის დაწყებამ გასტროლები ჩაშალა. ამიტომ თეატრმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ არ უნდა გაჩერებულიყო.
სწორედ პანდემიის პერიოდში დაიბადა იდეა ტელესპექტაკლისა. შეიქმნა კვლავ კულტურის სამინისტროს დახმარებით ტელესპექტაკლი „კლასგარეშე გაკვეთილი“, რომელიც ლუდმილა რაზუმოვსკაიას პიესის „ძვირფასო ელენა სერგეევნა“ მიხედვით დაიდგა და გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ფრთაშესხმულ იქნა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი იდეა შშმ თოჯინების შესახებ, სპექტაკლში გამოიყენეს შშმ მარიონეტი თოჯინები, რომლებიც ასევე გვხვდება მომდევნო სპექტაკლში „აქუთ-ბათ“ ანუ „შერეკილები“.
ვინაიდან 2021 წელს გარდაიცვალა დიდი რეჯისორი და დრამატურგი რეზო გაბრიაძე, თეტრმა მის პატივსაცემად გადაწყვიტა დაედგა სპექტაკლი „შერეკილები“ რეზო გაბრიაძის ნაწარმოების მიხედვით, რომელიც აერთიანებს 12 შშმ პირსა და 8 პროფესიონალ მსახიობს. სპექტაკლი ფილმისაგან განსხვავებით არის სრულიად ახლებური და განსხვავებული ხედვით დადგმული, რადგან ეს გახლავთ კლოუნადა, სადაც ადამიანებთან ერთად მარიონეტი შშმ თოჯინებიც თამაშობენ. სპექტალში თოჯინები თარგმნიან და ახმოვანებენ ადამიანების ნაშრომს, ანუ ფილმს „შერეკილები“ თოჯინებისთვის, თოჯინურ ენაზე.
სპექტაკლი „ჰელადოსი“ ერთ-ერთია, რომელიც ნული ბიუჯეტით, თეატრის საკუთარი ძალებით დაიდგა. ამის მიუხედავად, სპექტაკლს განსაკუთრებულს ხდის რეჟისორის შეუპოვრობა წინსვლისადმი და „აზდაკის ბაღის“ მსახიობების საოცარი გარდატეხა „ჰელადოსზე“ მუშაობის პროცესში. ერთ საათში თქვენ იხილავთ სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ასახავს ორი მეგობრის სიყვარულს ერთმანეთისა და სამშობლოს მიმართ. წარმოდგენის თითოეული სცენა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია. წარმოდგენაში მონაწილეობენ დასის 20 შშმ პირი და თავისუფალი თეატრისა და რუსთაველის თეატრის პროფესიონალი მსახიობები.
თეატრის მიზანი ასევე არის ინკლუზიური განათლების დანერგვა სკოლებში, რადგან ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე ჰქონდეთ ცნობიერება ინკლუზიურ სფეროში და შშმ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება.
ამისთვის კი საჭიროა სკოლებთან კოლაბორაცია, რის ფარგლებშიც „აზდაკის ბაღის“ შშმ მსახიობები გაეცნობიან სკოლის მოსწავლეებს და ჩატარდება ვორქშოფები. საპილოტე ტრენინგი წარმატებით ჩატრდა სკოლა „ივერიასთან“.
„15 წლის წინ თეატრალური სასწავლო სტუდია ჩამოვაყალიბე, იმავე შენობაში იყო ერთადერთი დღის ცენტრი, სადაც შშმ ბავშვები და ახალგაზრდები სხვადასხვა თერაპიას გადიოდნენ, ვუყურებდი ამ ადამიანებს, მაგრამ არასდროს მომსვლია აზრად, მათთან რაიმე შემოქმედებაზე მეფიქრა, ამასობაში ერთმა ქალბატონმა დამირეკა და სტუდიაში მინდა ბავშვის მოყვანაო. შევთანხმდით დროზე და რომ მოვიდა ქალბატონი, მასთან ერთად იყო ულამაზესი, კულულებიანი ბიჭუნა გიგო, დაუნის სინდრომით. ქალბატონს ავუხსენი, რომ შშმ ადამიანთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ცდად ღირდა… გიგოს მალევე ავუღე ალღო, დავმეგობრდით კიდეც, მან არაერთ სასწავლო სპექტაკლში ითამაშა, ამის შემხედვარე დღის ცენტრის დირექტორმა შემომთავაზა, იქნებ, საახალწლო ზეიმი დამედგა მათთან. პირველი მისვლა მახსოვს. ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა 20 შშმ ახალგაზრდასთან მუშაობას, მაგრამ უკან ვეღარ დავიხევდი, ამიტომ შევძელი და აქედან დაიწყო ყველაფერი. ერთ დღეს ერთმა აუტისტმა ბიჭმა ისეთი საოცრებები გააკეთა სცენაზე, რომ დამაფიქრა, შევძლებდი თუ არა მსგავსს რამეს როგორც მსახიობი. დღეს ყველაზე მეტად მიყვარს ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ბაჩო გაბრუაშვილმა.
„ქრონიკა+“-ს „აზდაკის ბაღის“ დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობი ბაჩო გაბრუაშვილი იმ მეტად საპასუხისმგებლო საკითხზე ესაუბრება, რომელიც ეხება შშმ პირებს, მათ განვითარებას, ყოველდღიურობას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ თეატრის არსებობა ქვეყნისა და მათ ცხოვრებაში:
_ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თეატრი, რადგან ადამიანებს, რომლებიც განწირულები იყვნენ სახლისთვის, შეცოდებისთვის, თუ ათასგვარი სტიგმისთვის, დღეს უკვე საშუალება აქვთ, დაკავდნენ საყვარელი საქმით, იყვნენ რეალიზებულები, საზოგადოების აქტიური წევრები. პირველ რიგში, ეს ყველაფერი მათი თერაპიისთვის არის ძალიან კარგი, ამას დრამათერაპია ჰქვია, ეს არის უკვე შერჩეული დარგი, პროფესიული და თეატრით თეარპიას ეწევიან. გარდა ამისა, ეს მათთვის არის ჩვეულებრივი სამსახური, ყოველდღიურად დადიან რეპეტიციებზე, ფიქრობენ სპექტაკლებზე, განიცდიან, ემოციებს ხარჯავენ და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
_ ბაჩო, რამდენად რთულია შშმ პირებთან მუშაობა ან პირიქით, რამდენად გიადვილდება, რა პრობლემებს აწყდები მათთან მუშაობისას?
_ რასაკვირველია, სირთულე არის, იგივე ტექსტის დამახსოვრებაში, სწორ ემოციაში, სწორ გამოხატვაში და სწორ მდგომარეობაში, მაგრამ სულ ვამბობ ხოლმე ამას, რომ ადამიანები შემოქმედებას ქმნიან უსულო საგნებით და ეს ცოცხალი ადამიანია, რომლისგანაც შეგიძლია გამოსახო ცოცხალი ემოცია და ნებისმიერი პატარა შედეგი უკვე ძალიან გაბედნიერებს. რთულია, მაგრამ შრომად ღირს, რაც ბოლოს იდება. ჩემი სპორტული ინტერესიც აქედან მოდის, რომ ბოლომდე ვიხარჯები ამ ადამიანებთან და შედეგს ნამდვილად ვიღებთ.
_ რაზე ოცნებობენ, რა არის მათი სურვილი და მიზანი?
_ როგორც ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს, ისე არიან ესენიც. აქვთ ამბიციები, მიზნები, უნდათ, რომ ითამაშონ დიდ სცენებზე. არაერთ თეატრში მიმუშავია როგორც მსახიობს და რეჟისორს და ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. მათი მისწრაფებები და მიზნები კი ისაა, რომ განვითარდნენ თავიანთ პროფესიაში, იყვნენ საყვარელი საქმით დაკავებულები და ძალიან დიდი მონდომებით მიუყვებიან თავიანთ საქმეს.
_ თქვენ გიწევთ შიშველი ხელებით მუშაობა და ამხელა შრომის ჩადება ამ ადამიანებში, რომ ბოლოს დაინახოთ შედეგი, გაუხალისოთ მათ ყოველდღიურობა და ზოგადად ყოფა. ვისაუბროთ სახელმწიფოს როლზე. რამდენად ჩართულია ის ამ ყოველივეში და რამდენად გაქვთ ზოგადად სახელმწიფოსგან მხარდაჭერა?
_ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური მხარდაჭერა, თუ სხვა რამ. ასევე სახელმწიფოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თეატრი, რომელიც მართლა ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა იყოს. არაერთ ფესტივალში მიგვიღია მონაწილეობა და მახოვს, რომ ერთ-ერთი სპექტაკლის დროს, საუბარი მაქვს „კაცია ადამიანზე“, ლუარსაბს ულვაშიც კი მოაძრეს, რადგან არ იჯერებდნენ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი თუ ასრულებდა როლს. ვერ წარმოიდგენთ, ამ ადამიანებს რამხელა მოტივაცია აქვთ და რამხელა შრომას დებენ, რათა მაყურებლამდე მივიდეს ის, რისი გადმოცემაც ნამდვილად გვსურდა. 9 წლის თავზე თბილისის მერია ცოტა გამოცოცხლდა და დაგვიდგნენ გვერდით. ბევრს არ სჯერა ჩვენი შესაძლებლობების, არც სახელმწიფოს და არც სხვას, მაგრამ როცა ნახულობენ, მერე ემოციებს ვეღარ მალავენ და არის პატარ-პატარა დახმარებები.
_ წლების წინათ თქვენ რეპეტიციების გავლა და მუშაობა გიწევდათ ავტოფარეხში, რომელიც ძალიან პატარა სივრცე იყო. რა ხდება ამ კუთხით დღეს, გაქვთ სარეპეტიციო დარბაზი?
_ წლების წინათაც არ გვქონდა დარბაზი და ახლაც არ გვაქვს საკუთარი შენობა. რეალურად შენობა და ბიუჯეტია ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენთვის. აქამდე შენობის გარეშეც მოვედით და ყოველგვარი დაფინანსების, მაგრამ ეს რომ გვქონდეს, იქნებოდა ფატასტიკური, რადგან გავზრდიდით ახალგაზრდა თაობებს, უამრავი მსურველია, რომლებსაც ვერ ვიღებთ ჯგუფში, რადგან მთ სჭირდებათ პედაგოგები, დრო და სხვა მილიონი ამბავი, რომელიც ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია.
_ რეპეტიციებს სად გადიხართ?
_ ახლა კვირაში სამჯერ აკაკი ხორავას მსახიობის სახლში გვაქვს ნათხოვარი დარბაზი და სულ მოსწრებაზე ვართ, სულ გვეჩქარება, გადარბენებზე ვართ და ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზე შეიცვალა, ეს არის ჩვენი ცნობადობა, რაც ძალიან მახარებს.
_ ბაჩო, შშმ პირებს ძალიან ხშირად მოუწიათ სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად თამაში. რამდენად იოლად ითანხმებ მსახიობებს და როგორია ზოგადად მათი ერთად ყოფნა სცენაზე, მუშაობის პროცესი?
_ თავიდან არის ხოლმე ის მომენტი, რომ ჩვენი მეგობარია და ხათრით მოდიან ჩვენთან, მაგრამ შემდეგ უკვე ამ რეალობას რომ ეცნობიან, ისინი ვეღარ მიდიან ხოლმე ჩვენგან. რაც შეეხება პროფესიულ დამოკიდებულებას, არის ჩვეულებრივი, რადგან მათ ხშირად უთქვამთ, რომ ჩვეულებრივ ემოციებს იღებენ და თამაშის დროს ძალიან კარგად თანამშრომლობენ. გარდა ამისა, ისინი უმეგბრდებიან მათ და აგრძელებენ ურთიერთობას, რაც ერთ-ერთ გამარჯვებად მიმაჩნია, _ დიდი სიყვარული სუფევს ხოლმე, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური, მეგობრული.
_ ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?
_ რამდენიმე პროექტზე ვუშაობთ. ბაღებისთვის 25-წუთიან სექტაკლებს ვაკეთებთ ნოდარ დუმბაძის ლექსების მიხედვით, ეს არის სამი-ოთხკაციანი დასები, რომლებიც ბაღებში ივლიან და მათი პატარა აღსაზრდელებისთვის ჩატარდება მინი-სპექტაკლები. ამასთან, ვმუშაობთ ბურატინოზე და გვინდა, რომ გრანდიოზული პროექტი დავიწყოთ და ძალიან გვინდარომ „კავკასიური ცარცის წრე“ დავდგათ, თუმცა ამას სჭირდება ჯერ დიდი ფინანსები, რომელიც ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აი, ეს სპექტაკლი იქნება მართლა სავიზიტო ბარათი.
_ მუშაობის დროს რამდენად გათავისებული აქვთ, რომ ისინი არიან მსახიობები, რამდენად გიჯერებენ? მოგვიყევით ზოგადად თქვენს სამუშაო პროცესზე.
_ ზუსტად ამას ვამბობდი ამას წინათ, აქ რომ მყავდეს ტიპური დასის მსახიობები, ანუ პროფესიონალი მსახიობები, ათჯერ უფრო ვინერვიულებდი, ვიდრე ამათთან. მე მსგავსი დამოკიდებულება არსად მინახავს. ისინი არიან მსახიობები და არასოდეს მქონია მათი მხრიდან პრობლემა, არც დაგვიანებაზე, არც დისციპლინაზე და საერთოდ არაფერზე. ერთხელ მახსოვს, გურჯააში გასტროლით ვიყავით და ერთ-ერთ დაუნის სინდრომის მქონე გოგონას ფილტვების ანთება ჰქონდა. ვთხოვე, რომ სახლში დარჩენილიყო და არ წამოსულიყო, თუმცა გადაირია და არაფრის დიდებით სახლში არ დარჩა. წამოვიდა და სპექტაკლი ითამაშა. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ საქმისადმი.
_ ბაჩო, თუ გყავთ ამ ყველაფერში ფსიქოლოგი ჩართული ან რამდენად აუცილებლობას რამოადგენს იგი?
_ იყო ხოლმე ჩართული, მაგრამ ამ ეტაპისთვის ფსიქოლოგი ნამდვილად აღარ მჭირდება, რადგან 15-წლიანი გამოცდილება მაქვს ამ ადამიანებთან, ყველაფერს თვითონ ვართმევთ ხოლმე თავს.
_ წარმატებებს გისურვებთ.
მიუხედავ არაერთი წინააღმდეგობისა, თეატრი წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რაც აისახება „აზდაკის ბაღის“ მსახიობების განვითარებაზე. 2016 წლიდან დღემდე „აზდაკის ბაღის“ მსახიობებმა არაერთ სპექტაკლში, ტრენინგსა თუ სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და ვორქშოფებში მიიღეს მონაწილეობა, შესაბამისად, განვითარდა მათი უნარები, შესაძლებლობები საზოგადოებაში, ამაღლდა მათი ცხოვრების ხარისხი და გამოუმუშავდათ პროფესიული უნარ-ჩვევები.