- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-09-12 07:36:23
გიგა გელხვიიძე
„ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბათუმში ანგისას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსში ბინა შეიძინა, თუმცა მას ამ დრომდე არც აღნიშნული უძრავი ქონება და არც კუთვნილი თანხა, რომელიც ბინის წინასწარ შესატანად გადაიხადა, არ დაბრუნებია.
როგორც თინა გიუნაშვილი გვიყვება, რამდენიმეთვიანი უშედეგო ლოდინის შემდგომ მან გადაწყვიტა, სამართალდამცველი უწყებებისთვის მიემართა, თუმცა ირკვევა, რომ პოლიციამ მისი განცხადება ჩაიბარა, მაგრამ საქმე არ აღძრა.
უფრო მეტი დეტალის შესახებ, თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.
თინა გიუნაშვილი:
_ ქალბატონო თინა, როდის შეიტყვეთ ამ ბინის შესახებ და რა ინფორმაცია იყო მოცემული განცხადებაში?
_ 2024 წლის 23 მაისს ინტერნეტში ვნახე განცხადება, რომ ბათუმში ანგისას ქუჩა #7-ში იყიდებოდა მშენებარე მრავალსართულიან კორპუსში ბინები. ვინაიდან აქცია იყო მითითებული, მივხვდი, რომ ფასდაკლება იყო და დავინტერესდი. ეწერა, რომ კვადრატული მეტრი 450 დოლარად იყიდებოდა, ჯამში სულ 30 კვადრატული მეტრი იყო. სამშენებლო კომპანია „ნიუ თაუნ ბათუმი“ აშენებს ამ კორპუსს, ყველა დოკუმენტაციაში ასეა მითითებული და შემდგომ აღმოჩნდა, ორი სხვა სახელიც აქვს ამ კომპანიას, ამ ნაწილზე ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, რა ვითარებაში გავიგე.
_ ვის ესაუბრეთ პირობებთან დაკავშირებით?
_ როდესაც დავრეკე ტელეფონზე, ვიღაც ბიჭმა მიპასუხა, გამოვკითხე ის, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი და მივიღე პასუხები, ამის შემდეგ კი შევთანხმდით შეხვედრაზე იუსტიციის სახლში. როდესაც შევხვდით, შევედით იუსტიციის სახლში და როგორც მითხრა, მათ ურიგოდ შეეძლოთ მომსახურების მიღება. ვნახეთ, რომ კომპანიას არანაირი ყადაღა არ ედო და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. შევთანხმდით ფასზე და გადაწყდა, რომ 13 500 დოლარად მე ვყიდულობდი შავ კარკასს. ამიხსნა, რომ ის იყო კომპანიის მფლობელ ნოდარ ბაქრაძის ნდობით აღჭურვილი პირი, ალექსანდრე ახალკაცი. მე ვუთხარი, რომ მქონდა ხელზე 8000 დოლარი, დანარჩენი კი გადანაწილდებოდა განვადების სახით, რომელიც 18 თვეში უნდა დამეფარა, შესაბამისად, შავი კარკასიც ამ პერიოდში უნდა ჩამბარებოდა.
_ გააფორმეთ თუ არა შესაბამისი დოკუმენტაცია?
_ ალექსანდრე ახალკაცს ვუთხარი, რომ უნდა შემდგარიყო შეთანხმება ჩვენ შორის, რომელიც დოკუმენტის სახით იქნებოდა გაფორმებული. შემომთავაზა, რომ გაგვეფორმებინა ნოტარიუსის ფურცლის სახით, რაზედაც უარი განვაცხადე და ვუთხარი, რომ მსურდა იუსტიციის სახლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი. ეს ვიცოდი, რომ სხვა სამშენებლო კომპანიები რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის საშუალებით იყიდება. ამის შემდგომ დაურეკა კომპანიის დირექტორს, უთხრა, რომ მე მაწყობდა 13 500 დოლარად შეძენა ამ შავი კარკასის და მას შემდგომ, რაც მიიღო მისგან თანხმობა, დოკუმენტში, რომელიც რეესტრის მიერ უნდა გამოცემულიყო, ჩაწერა, რომ მე გადავიხადე უკვე 13 500$ აღნიშნულ ფართში და მითხრა, რომ ამის შემდგომ წავალთ ნოტარიუსთან და ნოტარიულად გავაფორმებთ გადახდის განრიგსო. ეს თანხა რაც მაქვს, არის ჩემთვის ბოლო კაპიკები, ყველაფერი დავკარგე მანამდე, ახლა ეს ბოლო კაპიკები დამრჩა, რომელიც სიმწრით მოვაგროვე. მითხრა, რომ თუ რაიმე სახის კითხვა მექნებოდა, ნებისმიერ დროს შემეძლო დავკავშირებოდი. აღნიშნული რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უნდა ყოფილიყო 4-5 სამუშაო დღეში. როდესაც რეესტრიდან მოვიდა შეტყობინება ეწერა, რომ აკლდა დოკუმენტი, წავედი რეესტრში, რომ გამერკვია, რა სახის დოკუმენტი აკლდა და მითხრეს, რომ არ იყო გადახდილი თანხა (მომსახურების, რომელიც კომპანიას უნდა გადაეხადა). ამის შემდგომ დავუკავშირდი ალექსანდრე ახალკაცს და ავუხსენი მდგომარეობა, რა ხდებოდა რეესტრთან დაკავშირებით. მითხრა, რომ ალბათ უფროსს დაავიწყდა გადახდა, ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს და გადაიხდისო. ამის შემდგომ გავიდა კიდევ 4 სამუშაო დღე, რეესტრიდან კი ისევ იგივე პასუხი მოვიდა, რომ აკლდა დოკუმენტი, ისევ წავედი რეესტრში, რომ გამერკვია რა ხდებოდა. ასე დამატარებენ რეესტრში უკვე ოთხი თვეა, არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს და არც ოჯახური მდგომარეობა, თუმცა სხვა გზას არ მიტოვებენ, ჰიპერტონიკი ადამიანი ვარ, დამაავადმყოფეს. მას შემდეგ, რაც ორჯერ არ გადაიხადეს რეესტრში თანხა, განცხადება გაუქმდა. მერე დამითქვა კიდევ შეხვედრა და შევიტანეთ განმეორებითი განცხადება, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მეორედ ის არ მოსულა თავად და გამოუშვა სხვა, ვინმე ზვიადი, რომლის გვარიც არ მახსოვს. ისევ შევიტანეთ განაცხადი რეესტრში და ისევ იგივე შეტყობინება მოვიდა, რომ აკლდა დოკუმენტი, როდესაც მივედი რეესტრში კვლავაც იმის გასარკვევად, თუ რა აკლდა ამ შემთხვევაში დოკუმენტის სახით, აღმოჩნდა, რომ თანხა გადახდილი იყო კომპანიის მიერ, თუმცა დოკუმენტზე არ იყო ვინმე გიორგი სანიკიძის ხელმოწერა, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, იმ ფართის მეპატრონე იყო, რომელიც მე შევიძინე და მისი თანხმობა იყო ფართის გაყიდვასთან დაკავშირებით საჭირო, რომელიც ხელმოწერით უნდა დაემტკიცებინა დოკუმენტურად.
_ ვინ არის გიორგი სანიკიძე?
_ როცა ვიკითხე, თუ ვინ იყო გიორგი სანიკიძე, მითხრეს, რომ ის არის დირექტორის ახლობელი, რომელზედაც გაფორმებულია ნოდარ ბაქრაძის ქონების დიდი ნაწილი, ვინაიდან მას არ სურს, რომ ასეთი სიდიდის ქონება უფიქსირდებოდეს ბალანსზე. ეს ალექსანდრეც მეუბნება, რომ მასაც ასე აქვს გაკეთებული, გადასახადები რომ არ გადაიხადოს. მითხრა ასევე, რომ გიორგი სანიკიძის მფლობელობაში, ანგისას #7-ში, იყო 50 კვადრატული მეტრი ფართი, თუმცა მას არ სურდა 20 კვადრატზე მეტი და 30-ს ასხვისებდა. თუმცა არ იყო წარმოდგენილი პროექტი, სადაც გამიჯვნა იქნებოდა ამ ფართის ერთმანეთისგან. გავიდა კიდევ ხუთი დღე და მოვიდა კვლავ ინფორმაცია, რომ არ იყო ხელი მოწერილი გიორგი სანიკიძის მხრიდან. როდესაც კვლავ დავრეკე თუ რა ხდებოდა, ალექსანდრემ მითხრა, რომ კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ნახაზში იყო მცირე უზუსტობა, ტყუილი, ეს წინასწარ უნდა ყოფილიყო გარკვეული და ამის შემდგომ უნდა მომხდარიყო ქონების გასხვისება. მითხრეს, რომ ორ საათში გაასწორებდნენ ამ შეცდომას და აღნიშნულისთვის დამატებით თანხასაც გადაიხდიდნენ 50 ლარის ოდენობით. მითხრეს, რომ ამის შემდგომ ორ საათში ამ მცირე უზუსტობას გაასწორებდნენ, თუმცა მეორე დღეს კვლავ მივედი რეესტრში და აღმოჩნდა, რომ ეს გიორგი სანიკიძე არ აწერს ხელს ბინის გაყიდვის დოკუმენტს, სავარაუდოდ, არ ყიდის, თორემ ხომ მოაწერდა ხელს.
_ ის პიროვნება, რომელიც იყო ჩართული მოლაპარაკებებში თქვენსა და კომპანიას შორის, იცნობდა გიორგი სანიკიძეს?
_ შემდეგ მოვიკითხე, თავად თუ იცნობდა ამ გიორგის და მითხრა, რომ პირადად არ იცნობდა, თუმცა იცოდა, რომ დირექტორის ახლობელი იყო და ახლა ეჭვი მაქვს, არც ის დირექტორი იცნობს.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენ, წინასწარი შენატანის სახით, ზემოაღნიშნული ქონების თქვენს კუთვნილებაში გადმოსაცემად $8000 გადაიხადეთ.
_ კი, მე მივეცი მათ $8000, გამოვიტანე თანხა ლიბერთიდან, ამის დამდასტურებელი დოკუმენტებიც მაქვს და შემდგომ გადაირიცხა უკვე კომპანიის ანგარიშზე საქართველოს ბანკში. ძალიან საჩქაროდ მოხდა ამ ფულის გამოტანა და მიცემა მისთვის. შევთავაზე, რომ მეორე დილით გამომეტანა, მაგრამ მითხრა, მალევე უნდა შეგვეტანა ანგარიშზე, ჩარიცხვის ქვითარიც მაქვს შენახული. ლარის ეკვივალენტში ჩაირიცხა და ამ თანხამ შეადგინა 21 610 ლარი.
_ რა ხდება შემდეგ?
_ ამასობაში გახდა 23 ივნისი, გავიდა ერთი თვე, თუმცა რეესტრი არ გვაძლევდა შესაბამის დოკუმენტს, რადგანაც ეს გიორგი სანიკიძე არ აწერდა ხელს. არ ყიდის ადამიანი და ძალას ხომ ვერ დაატან, თუმცა ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინე, რომ დღეს იქნება და ხვალ იქნება, მაგრამ არ იყო შესაბამისი დოკუმენტი. 23 ივლისს დავურეკე ალექსანდრე ახალკაცს და ვუთხარი, რომ თუ 12 საათამდე არ დამიბრუნდებოდა კუთვნილი თანხა, წავიდოდი პროკურატურაში. ვერ მიფორმებდნენ და არც ბინა და არც ფული ეს უკვე აღარ შედიოდა, რა თქმა უნდა ჩემს ინტერესებში, ხომ არ დავკარგავდი თანხას. ამის შემდგომ დამირეკა და მითხრა, რომ წავსულიყავით ისნის რეესტრში, სადაც უნდა გაგვეფორმებინა შესაბამისი დოკუმენტი, რომ ჩვენი შეთანხმება არ შედგა და თანხას უკან მიბრუნებდნენ. უკვე ამ ყველაფრის მერე ეჭვი შემეპარა, რომ შესაძლებელია იქ მათ თავისი ადამიანი ჰყავდეთ და ამიტომ მოვითხოვე, რომ გლდანში სადმე სხვა ნოტარიუსთან მივსულიყავით. დამთანხმდა. მოვიდა ნოტარიუსთან და წარმოადგინა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც მის კომპანიას საქმის წარმოების უფლება ჰქონდა. როდესაც ჩვენი რიგი მოვიდა და ნოტარიუსმა ნახა ეს დოკუმენტი, პასუხად ნოტარიუსისგან მიიღო, რომ ის არ მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს, რადგანაც არ იყო სწორად შედგენილი. მეც წამაკითხა შემდგომში დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მას აქვს მხოლოდ გაყიდვების უფლება და რაიმე სხვა ოპერაციის განხორციელების უფლება არ გააჩნია. ამის შემდგომ მითხრა, რომ მეორე დღეს წავსულიყავით ისნის ნოტარიუს ქეთევან ბოჭორიშვილთან. მითხრა, რომ ის ამ დოკუმენტს დაამტკიცებდა. მეც დავთანხმდი, სხვა რა გზა მქონდა? ისნის ნოტარიუსმა ეს დოკუმენტი მიიღო, დაამოწმა და ქაღალდზე, რომელსაც მე ვაწერ ხელს და სადაც ჩვენი ბინისა და თანხის დაბრუნების თაობაზე არის საუბარი, კომპანიის სახელწოდების ნაწილში მითითებულია სხვა კომპანია შპს „ჰამერ ჯგუფი“.
ამ დოკუმენტში წერია, რომ მე ვაბრუნებ ბინას და ხუთ დღეში უნდა დამიბრუნოს ფული, მაგრამ სად მქონდა ეს ბინა, რომ დაბრუნებულიყო? მე მაინც მოვაწერე ხელი ამ საბუთს, რომ იქნებ ფული დამიბრუნოს, თუმცა მგონია, რომ ეს დოკუმენტი ყალბია. ჩემმა ადვოკატმაც მითხრა, რომ ამ დოკუმენტით ახლა გამოდის, რომ ეს არის ფულზე დავა და არ გამოდის თაღლითობა.
ამის შემდგომ გავიდა ორთვე-ნახევარი, თუმცა ჩემი კუთვნილი თანხა არ დაბრუნებულა. ისედაც ხომ არ მპასუხობდა, მაგრამ ამის შემდგომ საერთოდ აღარ მპასუხობდა.
_ რა პერიოდში დაგიკავშირდათ ამ ყველაფრის შემდეგ ალექსანდრე ახალკაცი?
_ ამის შემდეგ ხუთი დღე რომ გავიდა, რეესტრში წამიყვანა, რომ წამოწყებული საქმე გავაუქმოთო, რომელიც ისედაც ავტომატურად გაუქმდებოდა, რადგანაც მეორე მხარე ხელს არ აწერდა. ხელის მოწერის დროს მითხრეს, რომ ამ დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა გიორგი სანიკიძეს. მე ავუხსენი, რომ სანიკიძის ხელმოწერა მანამდე არ იყო და მხოლოდ ჩემი ხელმოწერაც იყო საკმარისი, გავაფორმეთ გაუქმების დოკუმენტი. ამის შემდეგ კი ალექსანდრე ახალკაცი აღარ დამკავშირებია, ერთ კონკრეტულ მომენტამდე. შემდეგ დაიწყო უკვე ტყუილები მეორე პირის, ზვიადის მხრიდან, თუმცა ყველა მის მიერ მოცემული პირობა დარჩა პირობად.
_ სამართალდამცველ უწყებას მიმართეთ?
_ ამის მერე წავედი პოლიციაში, ეს უკვე ხდება სადღაც 16 ივლისს და წავედი მუხიანის პოლიციაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ძალიან კარგად მიმიღეს, მომისმინეს, ჩაინიშნეს ყველაფერი, მიიღეს ჩემი განცხადებაც. მერე მითხრეს, რომ სადაც დანაშაული მოხდა, იმ რაიონის პოლიციას უნდა მიმართოთო და გამიშვეს ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში. წავედი მაშინვე, აღნიშნული პოლიციის განყოფილება ოპერის უკან არის და მკითხეს, თუ რისთვის ვიყავი მისული, ამობეჭდეს ის ჩემი განცხადება და შეიტანეს ალბათ უფროსთან, მაგრამ არ გამესაუბრნენ, მითხრეს, რომ დამირეკავდნენ. სადღაც ათი დღის მერე ისევ მივედი პოლიციაში და მოვითხოვე, რომ შევხვედროდი პოლიციის უფროსს. ავუხსენი, რომ შემოსული იყო ჩემი განცხადება და გაიგო, რომ ჩემი განცხადება ეწერა გამომძიებელ გიორგი შარანგიას. მითხრეს, არ იყო საჭირო უფროსის ნახვა და შარანგია თავად გამესაუბრებოდა, ამოვიდა გარკვეული დროის შემდგომ ეს გამომძიებელი და ავუხსენი, რომ არავინ მირეკავდა, ისევ მითხრა, რომ დამირეკავდნენ და გასაუბრებაზე უარი მითხრა. ძალიან გავბრაზდი ამ ყველაფერზე და გარკვეული დროის შემდგომ, ამ უყურადღებობის გამო განცხადება დავწერე პრემიერის სახელზე, შევიტანე მთავრობის კანცელარიაში, სადაც ეწერა, რომ მე არ მაქცევდნენ ყურადღებას. ეს ხდება 5 აგვისტოს. ამის შემდგომ დამირეკა საღამოს გამომძიებელმა და დამიბარა შეხვედრაზე. მაგრამ აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. გამომძიებელთან ერთად დამირეკა ასევე ალექსანდრე ახალკაცმაც, მომიკითხა. მე ვიკითხე, თუ რატომ იმალებოდა და მითხრა, რომ შენი 8000 დოლარის გამო დავიმალებოდიო? საზღვარგარეთ ვიყავი და არ ვიყავი აქო. ამის მერე დამკითხა გამომძიებელმა და ამავდროულად ჩამირიცხეს 10 000 ლარი. ახლა კიდევ არის გადმოსარიცხი 11 610 ლარი, თუმცა ჯერ ეს თანხა არ ჩარიცხულა, რაც შეეხება პოლიციას მეუბნებიან, რომ საქმე აღძრული არ არის, ვინაიდან აქ თანხაზე არის დავა და მთავარია, თანხა დამიბრუნდეს და ეს თანხა დამიბრუნდება, თუმცა ჯერ არაფერი ისმის. ამის შემდგომ რამდენჯერმე დამირეკა, რომ კომპანიის დირექტორი მოიტანდა დანარჩენ თანხას, თუმცა ამ დრომდე არაფერი არც ჩარიცხულა და არც მოუციათ ჩემთვის.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „ქრონიკა+“ შეეცადა ინფორმაცია მოეპოვებინა იმ პირისგან, რომელიც თინა გიუნაშვილს ეკონტაქტებოდა ანგისას #7-ში არსებულ საცხოვრებელ ფართთან და მის შეძენასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუ რატომ არ უბრუნდებოდა კუთვნილი ფული მყიდველს მაშინ, როდესაც კომპანიამ ვერ მოახერხა თავისი წილი საქმის შესრულება და ქონების მფლობელმა, გიორგი სანიკიძემ, არ მოაწერა ხელი ფართის გასხვისების დოკუმენტზე, თუმცა ალექსანდრე ახალკაცმა არც ჩვენს ზარს უპასუხა, ისევე როგორც უკვე დიდი ხანია არ პასუხობს დაზარალებულის სატელეფონო ზარებს.
შესაბამისად, თუ კომპანია შპს „ნიუ თაუნ ბათუმის“ მშენებარე ან უკვე აშენებულ კორპუსში ბინის ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რესპონდენტის გამოცდილება და კარგად გაარკვიეთ, ვის ეკუთვნის ფართი, რომელშიც საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდით და სადაც უნდა იცხოვროთ.