- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-08-15 04:45:44
შორენა მარსაგიშვილი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 აგვისტოს რუს ოკუპანტებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს და კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. დაიკავეს რამდენიმე დასახლება და ქალაქი, გაანადგურეს რუსული სამხედრო კოლონები. კურსკის ოპერაციაში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობენ. მათ რამდენიმე რუსულ დასახლებაში საქართველოს დროშები აღმართეს.
რა მიზანს ემსახურება უკრაინელების შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე? რა საფრთხეები ემუქრება რუსეთის ხელისუფლებას? რა გადაწყვეტილებებს დააჩქარებს დასავლეთი და რა შედეგს მოუტანს ეს შეჭრა საქართველოს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
_ ბატონო გიორგი, ყველა ველოდებოდით, რომ უკრაინელები დაიწყებდნენ კონტრშეტევას, რომ ეს იქნებოდა დონეცკის მიმართულება, ყირიმი, ხარკოვი ან ზაპოროჟიე. ესენი ადგნენ და რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკში შეიჭრნენ. შეჭრაც არის და შეჭრაც _ ერთმანეთის მიყოლებით აიღეს დასახლებული ტერიტორიები. იმდენად წარმატებული იყო შეჭრის პირველი დღეები, რომ რაღაც ფილმს ჰგავდა. როგორ ფიქრობთ, ეს რაიმე ხაფანგი ხომ არ არის?
_ არა, ეს ხაფანგი არ არის, როცა ასეთი ოპერაცია იგეგმება, ისიც გათვლილი იქნება, უკან როგორ უნდა დაიხიონ. უკრაინელები კურსკში კარგად მომზადებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. თავიდან ყველას გვეგონა, რომ ეს იყო უკრაინელების მორიგი რეიდი. ასეთი რეიდები ბოლო დროს უკრაინელებმა რამდენჯერმე განახორციელეს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. ახლაც მხოლოდ რეიდი რომ ყოფილიყო, არც ეს იქნებოდა ურიგო. ნებისმიერი ასეთ რეიდი რაც უფრო ეფექტიანი და ღრმა იქნება, მით უკეთესია. ჯერ ერთი, ჯარისკაცების გაწვრთნას ახორციელებს, მეორე _ მოწინააღმდეგე იძულებულია, მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან ძალები მოხსნას და გადმოისროლოს.
6 აგვისტოს კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა, ყველაფერთან ერთად, რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და ეს არის მძიმე ტვირთი. არსებობს ფრონტის ხაზი და ფრონტის ხაზის მიმდებარე რეგიონებში სტაბილური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ფრონტის ხაზისთვის. ჯარისკაცები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსაკუთრებით რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ისინი თავიანთ ოფიცრებს არ ენდობიან და ხშირად მოსახლეობის უარყოფითი განწყობა მათ მორალურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ ასეთი ტიპის რეიდები და მოსახლეობის დაუცველობის ხელის გულზე გამოჩენა მნიშვნელოვანია. ასეთმა რეიდებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერი სახელმწიფოა, როგორც ეს გარედან ჩანს.
აღმოჩნდა, რომ კურსკში შეჭრა მორიგი რეიდი არ იყო. კადრები, რაც პირველ დღეს ვნახეთ, აშკარად სხვა რამეზე მიუთითებდა. ძალები იმაზე ბევრად მეტი იყო, რაც რეიდს სჭირდებოდა. რეიდს ყოველთვის მსუბუქად შეიარაღებული მცრე ჯგუფი აწყობს, რომელიც, როგორც წესი, ტექნიკას ნაკლებად იყენებს. განსაკუთრებით მუხლუხებიან მძიმე ტექნიკას, რომლის სწრაფად უკან დახევა საკმაოდ ძნელია. რეიდისას მთავარია საბრძოლო დავალების შესრულება და უკან გასვლა. კურსკის ამ ოპერაციის ფარგლებში ვხედავთ ჯავშანტექნიკას, საავიაციო მხარდაჭერას, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვასაც, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვეულებრივი საბრძოლო ქვედანაყოფი მოქმედებს. ბრიგადის ზომის ქვედანაყოფზეა საუბარი.
როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, ოპერაცია ისევ გრძელდება, მაგრამ ოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეჭრასთან დაკავშირებით სამხედრო ხელმძღვანელობას არ აუხსნია, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ ანალიზის გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციებიდან, რაც მოდის ღია წყაროებიდან. დაზვერვა ძალიან საინტერესო მიმართულებაა, რომლითაც პროფესიონალების გარდა მოყვარულებიც არიან დაკავებულები. ამ ინფორმაციით ვიგებთ, რომ უკრაინელებმა ისეთ წარმატებას მიაღწიეს, რომელსაც არავინ ელოდა.
_ მართლა ისეთ წარმატებებს მიაღწიეს უკრაინელებმა, რომ ამას, ალბათ, არც თავად ელოდებოდნენ.
_ ეს ჩვენ არ ვიცით, უკრაინელები ელოდებოდნენ თუ არა ამ წარმატებას. ფაქტი ისაა, რომ დიდ წარმატებას მიაღწიეს. მათ, ფაქტობრივად, სამი დღის განმავლობაში 25 კილომეტრის სიღრმეში შეაღწიეს მნიშვნელოვანი მსხვერპლის გარეშე. ახლა უფრო ღრმად არიან კურსკის სიღრმეში შესულები.
კურსკში ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია რომ მიდის, ამის დამადასტურებელი არის ის, რომ კურსკის რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეს რუსული პროპაგანდისთვის არის უკიდურესად მძიმე დარტყმა. მთელი რუსეთი დღეს პროპაგანდაზე დგას. როცა რუსული პროპაგანდა იწყებს ბუქსაობას, მაშინ მკვეთრად ეცემა ხელისუფლების პოპულარობაც. რუსეთი იძულებულია, თქვას სიმართლე. რუსები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ უკრაინელების წინსვლას. ამ განცხადებით აღიარეს სიმართლე, რომ უკრაინელები კურსკში არიან და ისინი უნდა მოიგერიონ. რუსები ღიად აღიარებენ, რომ პრობლემა აქვთ უკრაინელებთან. მათთვის შედეგი იქნება მაშინ, თუ კურსკს უკრაინელებისგან გაწმენდენ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინელი სამხედროების ყოფნა კურსკში, მით უფრო დიდი პრობლემა შეექმნება რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ვირტუალურ სამყაროს დიდი მნიშვნელობა აქვს. რეალური ცხოვრება პრობლემებით და სიბინძუროთ არის სავსე. ვირტუალურში კი ეს არის ზემიზნებისკენ მოძრავი სახელმწიფო ძლიერი არმიით.
_ რუსული არმიის სიძლიერის მითი ისედაც დამსხვრეული ჰქონდა უკრაინას.
_ ახლა ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. უკრაინა ახლა მარტო ბრძოლოს ველზე კი არ იგებს ომს, არამედ ის, ფაქტობრივად, ანგრევს რუსულ ლეგენდას რუსეთისვე შიგნით. ანგრევს იმ ვირტუალურ სამყაროს, რომელიც პუტინმა შექმნა და სადაც დიდი ხანია ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობა.
სხვა რომ არაფერი არ მოხდეს, ამ ოპერაციის წყალობით რუსეთმა უკრაინაზე იერიშების რაოდენობა შეამცირა. 8 აგვისტოს უკრაინელი მიმომხილველები ამბობდნენ საინტერესო რამეებს. განსაკუთრებით ჟდანოვი ამახვილებლდა ამაზე ყურადღებას. მისი თქმით, კურსკში შეჭრის შემდეგ ფრონტის მთელ მიმართულებაზე მკვეთრად დაეცა რუსეთის აქტივობები. მხოლოდ 90 აქტივობა დაითვალეს იმ დღეს. სხვა დროს ორჯერ და სამჯერ მეტი ოყო ხოლმე ოკუპანტების აქტივობები. რუსები ცდილობდნენ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, კბილი მოესინჯათ უკრაინელებისთვის. ზოგან დიდი ძალებით უტევდნენ, ზოგან მცირე ძალებით. როდესაც ფრონტის ხაზზე გაქვს სტაგნაცია, ეძებ უბანს, სადაც წარმატება უნდა ეძებო შეტევით ოპერაციაში.
უკრაინამ ვერ მონახა ძალები, რომ სტაბილურ ფრონტზე გარღვევა მოეხდინა. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის წინააღმდგ მილიონები იდგა, პოზიციური ბრძოლების იქით ვერ მიდიოდნენ. პოზიციების გარღვევა იყო შეუძლებელი. სანგრებში იყო ორივე მხარე ჩამსხდრები. ზუსტად ასეთი პრობლემა ჰქონდა უკრაინას. იმისთვის, რომ ზედმეტი ძალები არ ჰყავდეს მოწინააღმდეგეს, გამოსავალი არის ფრონტის ხაზის გაგრძელება. მათ გააგრძელეს ფრონტი.
_ რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი? იმ მომენტისთვის როცა ინტერვიუს ვწერთ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის.
_ ხანმოკლე პერიოდსაც აქვს შედეგი. ეს ხანმოკლე პერიოდები შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. უკრაინამ კურსკი რომ დატოვოს, რუსები უკვე იძულებული იქნებიან, იქ ჰყავდეთ საკადრო ქვედანაყოფები. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინამ მიზანს მიაღწია, რუსეთის პოტენციალი დასუსტებულია. უკრაინამ მოიგო დრო. ეს დრო სჭირდება იმისთვის, რომ ევროპაში სკეპტიციზმი დაიძლიოს და უკრაინის მომარაგების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს. ამერიკაშიც იყო რაღაც ეჭვები. უკრაინა ელოდება იმასაც, რომ მას მისცემენ უფლებას, თანამედროვე რაკეტებით იერიში განახოციელოს რუსეთის სიღრმეში. ამის ნებართვა მათ ჯერ არ მიუღიათ.
რუსეთმა კურსკში უკრაინელების შეჭრას უწოდა ტერორისტული ქმედება და მსოფლიოსგან მოითხოვა ამაზე რეაგირება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იყო ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი. მან თქვა, რომ რუსეთმა როცა დაიწყო ომი, უნდა სცოდნოდა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონა არის არა მხოლოდ იქ, სადაც შენ საომარ მოქმედებებს ეწევი, არამედ ის ტერიტორიაც, საიდანაც ახორციელებ ამ მოქმედებებს. და რუსეთი უკრაინისთვის არის საბრძოლო მოქმედებისთვის ლეგიტიმური სივრცე.
კურსკში უკრაინელების შეჭრა არავის დაუგმია. ყველა კარგად ხედავს, რომ უკრაინელები სამხედრო დანაშაულებებს არ სჩადიან. მცირე გადაცდომები არის, მაგრამ ეს ადამიანების ბუნებაა და ამას ვერაფერს უზამ. ცივილიზებულ ცხოვრებაშიც კი არის კრიმინალი. რუსებისგან განსხვავებით, ძალადობა და სისასტიკე უკრაინულ არმიას არ ახასიათებს. უკრაინას ვერავინ დააბრალებს, რომ ომის დანაშაულებები ჩაიდინეს. მოსკოველი ექიმი გამოვიდა და ამბობდა, რომ თურმე კურსკში უკრაინელების შეჭრის გამო ბავშვებმა სტრესი მიიღეს. მისი ამ განცხადებისთვის ყურადღებაც კი არავის მიუქცევია.
_ ბავშვების სტრესზე საუბრობენ ტერორისტები, რომლებმაც კიევში ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფი მიზანმიმართულად დაბომბეს.
_ უკრაინას ამის საპასუხოდ არ დაუბომბავს რუსეთში საავადმყოფო. რასაც რუსები ამბობენ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და არავინ დაიჯერებს. უკრაინელები არ აპირებენ შურისძიებას უდანაშაულო ბავშვებზე. ეს ჩვენ შეგვიძლია გული მოვიოხოთ ნიშნისმოგებით საუბრით, რადგან დამკვირვებლები ვართ. გვიყვარს უკრაინა და კარგად გვახსოვს ის უბედურება, რაც რუსეთმა დაგვაწია თავს.
_ ერთგვარად სიმბოლურიც არის, რომ ეს შეჭრა აგვისტოს ომის დღეებს დაემთხვა და კურსკის ოპერაციაში ქართველებიც მონაწილეობენ, რუსეთში ქართული დროშაც აფრიალდა.
_ ეს მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენთვის. უკრაინამ შეძლო და სკეპტიციზმი დაამარცხა. ბევრმა დაიჯერა, რომ უკრაინას წარმატების მიღწევა შესძლებია. ყველა ვარიანტში გამართლებულია კურსკის ოპერაცია. ეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქის დაბრუნებაზე წარმატებული ოპერაციაა. უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე გაბედა საბრძოლო მოქმედებების განხორციელება. ჩვენც შეგვეძლო რუსეთისთვის პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებია.
_ ჩვენ ხომ ეს პოლიტიკა გვაქვს, რომ ომი არ გვინდა და ყველაფერს ამ მოტივით ვამართლებთ.
_ ცოტა უცნაური პოზიცია გვაქვს, მაგრამ არა უშავს. უკრაინამ გაბედა, უკრაინამ დაამტკიცა, რომ რუსეთში შეჭრა შესაძლებელია და ამავე დროს მარტივიცაა. უკრაინამ დიდი ტაბუ მოხსნა. ახლა დასავლეთიდან ატაკამსების მიღებაც გამარტივდება. ევროპელები უფრო თამამად ისაუბრებენ. პირველი გერმანიამ გაბედა. შემთხვევითი არაა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ომის ლეგიტიმურობა გერმანიამ აღიარა. ბევრი კარგი მოვლენა იქნება წინ. იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, კურსკში სამი ბრიგადა მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ჯერ კურსკიდან გამოსვლას არ აპირებენ.
_ თავად უკრაინის ფრონტზე რა იქნება? მთელ რიგ მიმართულებებზე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ. რუსებს თითქმის ყველა მიმართულებაზე აქვთ წინსვლა. იკავებენ დასახლებულ პუნქტებს.
_ უკრაინის ფრონტზე რთული ვითარებაა, მაგრამ გამოსწორდება. უკრაინელები ამ ასიმეტრიული ოპერაციით დროს მოიგებენ. შენ შეიძლება ფრონტის ხაზზე გაცილებით მეტი ძალა გჭირდება, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე ა პუნქტში გიტევს, შენ შეგიძლია ბ პუნქტში შეუტიო და ეს გაცილებით მომგებიანი იყოს. ამით შეიძლება ა პუნქტიც დაიცვა. სამხედრო ოპერაციის ასიმეტრიულობაც ეს არის. უკრაინამ ჩათვალა, რომ ამ ბრიგადების დონეცკში გადასროლას სჯობდა, კურსკისთვის დაერტყა. ამით უფრო დაიცავდა იგივე დონეცკის ოლქს. მოწინააღმდეგე იძულებული იქნება, რამდენიმე დღის შემდეგ რომელიღაც მიმართულებიდან ძალები მოხსნას.
_ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მიმართულებიდან რუსებმა უკვე მოხსნეს ძალები.
_ ეს მოსალოდნელიც იყო. თუ უკრაინელები კურსკში დიდხანს დარჩებიან, მერე შესაძლოა რუსეთმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოიყვანოს თავისი ძალები. სწორედ ეს იქნება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. რუსეთს ახლა ძალები სჭირდება არა უკრაინაზე შეტევისთვის, არა კურსკის დასაცავად, არამედ მოსკოვზე შეტევის თავიდან ასაცილებლად. ეს ხომ საინტერესო ფორმულირებაა. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ სრულიად რეალურია. კურსკში წარმატების შემთხვევაში მოსკოვზე გზა არის ხსნილი. გერმანელებისთვის სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მეორე მსოფლიო ომში კურსკი. ყველას გვახსოვს სახელმძღვანელოებიდან ცნობილი „კურსკის რკალი“.
_ კურსკიდან მოსკოვამდე 525 კილომეტრია და არ იქნება ამხელა გზის გავლა მარტივი.
_ პრიგოჟინს ორ დღეზე ცოტა ნაკლები დასჭირდა როსტოვიდან მოსკოვამდე მისასვლელად. უბრალოდ, მერე გაჩერდა. საკმაოდ სწრაფად იარა და უფრო დიდი მანძილი გაიარა. ასე რომ, 500 კილომეტრი არაფერს უნდა ნიშნავდეს. რუსებმა კარგად იციან, რომ თუ კურსკი გაირღვა, უკრაინელები ყველაფერს მოახერხებენ და შესაძლოა მოსკოვში შესვლაც კი იყოს. ეს შესაძლოა არც იყოს უკრაინელების გეგმა, მაგრამ რუსებმა ხომ არ იციან, რა აქვთ უკრაინელებს ჩაფიქრებული და რა ძალების გადმოსროლას მოახერხებენ.
საინტერესოა ისიც, რომ მთელი რუსეთი ალექსანდრე ლუკაშენკოს ლანძღავს და ბელარუსის პრეზიდენტს აბრალებს კურსკის ამბავს. არადა, ომი რუსეთმა თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ დაიწყო ისე, რომ ლუკაშენკოსთვის არაფერი უკითხავს. ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვედანაყოფები, რომლებიც საზღვარზე იდგნენ, საჭირო აღარ არიან, მოიხსენებიან და დაუბრუნდებიან დისლოკაციის ადგილსო. რუსების მტკიცებით, ამით ისარგებლეს უკრაინელებმა, იქიდან მოხსნეს ძალები და გადაისროლეს კურსკში. შესაძლოა, ასეც მოხდა, მაგრამ არა მგონია, ასე ყოფილიყო. არაა ეს მარტივი ამბავი.
ამ ძალების ფორმირება წინასწარ მოხდებოდა. ბევრი კითხულობს, თუ როგორ შეინახეს ეს საიდუმლოდ. ჩვეულებრივად შეინახეს. ბოლო დღემდე ეს გეგმა არ იქნებოდა გამჟღავნებული. შეტევის წინ მიიღებდა ოპერაციის ხელმძღვანელი გეგმას, ოპერაციის მიზნებსა და მიმართულებებს.
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინა სავსეა რუსი ჯაშუშებით, კარგად შეუნახავთ მაინც უკრაინელებს საიდუმლო.
_ როცა სპეცსამსახუირები კომერციით არიან დაკავებული, მათი ინფორმაცია ძირითადად არის წყალი. დარწმუნებული ვარ, ათჯერ მაინც იქნებოდა რუსეთისთვის გადაცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა შეტევას აპირებს, მაგრამ არ მიაქციეს ამას დიდად ალბათ ყურადღება. იფიქრეს, აგერ დონეცკს ვუტევთ და შესაძლოა, ჩვენს გასაჩერებლად მოწინააღმდეგე ფეიკს ავრცელებსო. ინფორმაციის მოპოვებაზე უფრო ძნელი არის მიღებულ ინფორმაციაზე გადაწყვეტილების მიღება. სულ არის შიში, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება შემოგდებული იყოს. ურჩევნიათ, ინფორმაციაზე რეაგირება არ მოხდინონ, ვიდრე რაეგირება ჰქონდეთ და ეს ფეიკი აღმოჩნდეს და კარიერა გაიფუჭონ. ისე არ ხდება, რომ თუ ვინმე ამბავს ჩაიტანდა მოსკოვში, უკრაინა კურსკზე შეტევას აპირებსო, ამას პუტინი დაიჯერებდა. ინფორამციას როცა გაწვდიან, არ იცი, ის სიმართლეა თუ არა. აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა ამ ამბის შენახვა კარგად მოახერხეს. რუსებს რაღაც ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ, მაგრამ ფეიკად ჩათვლიდნენ და ვერ დაუშვებდნენ, რომ უკრაინელები ამდენს გაბედავდნენ.
არადა, ბელგოროდსა და კურსკზე დარტყმა თითქოს ხელის გულზე იყო. რუსეთი ამ ტერიტორიებიდან ბომბავს უკრაინას და უკრაინაც შესაბამისად გასცემდა პასუხს. რამდენიმე რეიდიც მოაწყვეს უკრაინელებმა ამ მიმართულებით. საზღვრის გადალახვაზეა ერთი ამბავი ატეხილი. საზღვარი არაფერი არ არის. რუსეთსა და უკრაინას შორის კავკასიონი არაა, რომ მისი გადალახვა იყოს საჭირო.
_ ტრიალ მინდორზე გადის მათი საზღვარი.
_ კი ბატონო. ასეთი მინდვრებია და არც დიდად არ არის დაცული. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ იქ მესაზღვრები სანგრებში ისხდნენ, ცდებიან.
_ საზღვრის ამ მონაკვეთზე კადიროველები იყვნენ და მათ თქვეს, გვერდი აგვიარეს უკრაინელებმაო და ამაზე მიდის ახლა მთელი ამბები.
_ მათი გაცხადებები ერთი შეხედვით კი სასაცილოა, მაგრამ დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდა. გამაგრებული პუნქტების გვერდის ავლა ჩვეულებრივი ამბავია. დროს რაც გაკარგვინებს, თუ შეგიძლია იმას გვერდი უნდა აუარო. თუ მოახერხეს გვერდის ავლა, მაშინ ძალიან კარგია. კარგია, თუ ასე გააგრძელებენ უკრაინელები. აკრეფილი აქვთ ტემპი. ინიციატივა მათ ხელში არის. კონტრშეტევის დროსაც ასეთი ტემპით მიდიოდნენ.
_ 2022 წლის ბოლოს მართლა კარგად მიდიოდნენ. ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებდნენ დასახლებებსა და ქალაქებს.
_ 2023 წელსაც კარგად იყვნენ. იმდენად კარგად, რომ რუსებმა ნოვა კახოვკას კაშხალი ააფეთქეს და ლამის მსოფლიო დონის კატასტროფა გამოიწვიეს. ცნობილია, რომ ეს აფეთქება ევროპის კლიმატზე მოახდენს გავლენას. ჯერ კიდევ წინ არის შედეგები. იმის გამო, რომ იხალისონ, ვიღაცა დამბებს არ აფეთქებს და წყალდიდობებს არ იწვევს. ეს უკრაინელების კონტრშტევის შესაჩერებლად გაკეთდა. როცა ასეთი ინდიკატორები გაქვს, მოწინააღმდეგეს უნდა მიაჭირო, რადგან ის კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება.
კურსკის ოპერაციამ შესაძლოა, რუსეთი დაძიროს. ერთმა ბალახმა შესაძლოა, აქლემი წააქციოს, როცა ზედმეტია ტვირთი. რაღაც წამს რუსეთსაც ექნება ბოლო წერტილი და ეს შესაძლოა, კურსკი იყოს.
_ კარგი იქნება, ასე რომ მოხდეს, მაგრამ მოხდება?
_ მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რაკი ამდენი გააკეთეს უკრაინელებმა, რაღაც სერიოზული ექნებათ ჩაფიქრებული. მე არ ვიცი, ელოდნენ თუ არა უკრაინელები ასეთ წარმატებას, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი დაიდო და კარგად მიდიან. მოუწევთ რუსებს გადასროლა დამატებითი ძალების და საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდანაც გადაისვრიან დანაყოფებს. ეს იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დასაწყისი. რუსეთისთვის მთავარი მოსკოვის დაცვა გახდება.