QronikaPlus
დავით ფერაძე: „განათლების სამინისტროს ურჩევნია ჰყავდეს მორჩილი მოვალეობის შემსრულებლები, ვიდრე არჩეული დირექტორები“

დავით ფერაძე: „განათლების სამინისტროს ურჩევნია ჰყავდეს მორჩილი მოვალეობის შემსრულებლები, ვიდრე არჩეული დირექტორები“

2024-08-15 04:11:18

თამუნა მჭედლიშვილი

2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე თითქმის ერთი თვე რჩება. საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წლის დაწყებას 16 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო სჯარო სკოლების ნაწილი დირექტორების გარეშე შეხვდება. მოსწავლეებს ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები დახვდებიან სკოლებში.

დისკრიმინაციულად დაირღვა იმ პირთა უფლება, რომელთა დირექტორად ასარჩევად წარდგენის ვალდებულება ჰქონდა განათლების სამინისტროს, მაგრამ არსად წარადგინეს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს თითო დირექტორობის კანდიდატი წარუდგინა, რაც აშკარად ირიბი მითითება იყო იმისა, რომ სამეურვეო საბჭოს სწორედ წარდგენილი ერთი კანდიდატი უნდა აერჩია, რადგან იმ კონკრეტული პირის არარჩევა სამინისტროს ნების წინააღმდეგ წასვლად ჩაეთვლებოდა.

დავით ფერაძე დირექტორობის სერტიფიცირებული კანდიდატია, სამინისტრომ მას სკოლის დირექტორთა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა, მისი კანდიდატურა სკოლებს არ წარუდგინა. ფერაძის მსგავსად, ასობით სერტიფიცირებულ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასე გადაწყვიტა, დირექტორობის სერტიფიკატმინიჭებულებს, ერთი მხრივ, დირექტორობის უფლება მიანიჭა, ხოლო, მეორე მხრივ, გადაუკეტა უფლების გამოყენება. შედეგი სახეზეა _ დღეს ათასამდე საჯარო სკოლას, ქვეყნის მასშტაბით, დირექტორი არ ჰყავს!

რა მიზეზით არის ათობით საჯარო სკოლა დირექტორის გარეშე დარჩენილი? რატომ არის საგანგაშო სიტუაცია შექმნილი იმ სკოლებში, სადაც თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს? მოემატათ თუ არა სინამდვილეში ხელფასი პედაგოგებს? რა შედეგები დადგება ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების გამო _ დაბრუნდება თუ არა სკოლებში კორუფცია? რა უშლის ხელს მოსწავლეებისთვის უფასო კვების დანერგვას საქართველოს საჯარო სკოლებში? _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პედაგოგი, განათლების ასოციაციის თავმჯდომარე, განათლების ექსპერტი, დავით ფერაძე:

_ ბატონო დავით, ახლოვდება ახალი სასწავლო წელი. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით დირექტორის გარეშე არის „დარჩენილი“. მიზეზი?

_ ურიგო არ იქნება, თქვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ 2023 და 2024 წლებში ჩატარდა სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. პირველი და პრინციპში მეორეც, დიდი ჩავარდნებით ჩატარდა _ კორუფცია და ნეპოტიზმი, ასევე გამოიკვეთა სუსის აქტივობები... შემდეგ გახსოვთ, რომ ორი ადამიანის და ჩვენი თანამოააზრეების საპროტესტო აქციების შედეგად მოვახერხეთ და მივაღწიეთ იმას, რომ 2023 წლის კონკურსი გამოცხადებულიყო ფარსად _ უფრო სწორად, იძულებული გახდა ამილახვრის უწყება, ეს გაეკეთებინა. მაშინ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი იყო. სწორედ პრემიერის დავალებით  განათლების სამინისტრომ ხელახლა დანიშნა დიექტორთა კონკურსი. თუმცა ეს კონკურსიც ერთგვარი თვალის ახვევა აღმოჩნდა და აქედანაც ნახეს გამოსავალი... მეორე ეტაპიც სრულიად გაუმჭირვალე იყო, საზოგადოებისთვის ისევ არ იყო ცნობილი როგორ ტარდებოდა კონკურსი, ვინ იყო კომისიაში, რა კვალიფიკაცია ჰქონდათ ამ ადამიანებს?.. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კონკურსი თითონვე აღიარა მთავრობამ რომ იყო ფარსი და ჩანიშნა ხელახალი, კურატორობა ამ სფეროში, ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსს, ცნობილ გამყალბებელ ლალი კალანდაძეს დააკისრა, რომელიც დღემდე მოკალათებული არის განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე.  სხვათა შორის, როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი მეუღლე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ალბათ მისი ქუდის ქვეშ იმყოფება და არის დაცული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანი, რომელზედაც ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით მისი პასუხისმგებლობის საკითხს წინა სიყალბიდან გამომდინარე, ის მაინც დატოვეს სისტემაში, _ გაგიკვირდებათ და არა მარტო დირექტორთა კონკურსმა, არამედ 2023 წლის რესურსცენტრების დირექტორთა შესარჩევმა კონკურსმაც ლალი კალანდაძის ხელში გაიარა. მართალია, ამ ბოლო უწყებაში იგი გადაწყვეტილებებს არ იღებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს ადამიანი უბრალოდ მზად არის, რასაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი დაავალებს, იმას მოაწეროს ხელი, გაათეთროს და იურიდულად გამართოს. ანუ რისი თქმა მინდა: მთლიანაობაში, ეს იყო „ქართული ოცნების“ პარტიული პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი, როგორც დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, ასევე რესურსცენტრების უფროსთა შესარჩევი კონკურსიც ასევე წელს ჩატარდა.

ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაცია ასეა მოწყობილი: არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. სწორედ ამგვარი სტილი შემოიტანეს საგანმანათლებლო სისტემაშიც. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას შევადარებ განათლების სამინისტროს, რესურს ცენტრები- საოლქო საარჩევნო კომისიის სიბრტყეზე იქნებიან და იმუშავებენ სამთავრობო რესურსის სასარგებლოდ და დირექტორებს დაევალებათ საუბნო-საარჩევნო კომისიების კონტროლი, რათა რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღონ. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ სასკოლო სეგმენტში ბოლო მონაცემებით დასაქმებული 63 665 ათასი მასწავლებელია, ვგულისხმობ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს.

_ კერძო სკოლებს რატომ გულისხმობთ?

_ გიპასუხებთ, რომ უკვე ძალიან დიდი დოზით ერევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუქტურული და ფინანსური თვალსაზრისით, კერძო დაწესებულებების მუშაობაში. აქაც ერთი მიზანი აქვთ _ კერძო სკოლებიც ჰყავდეთ კონტროლირებადი და კიდევ, რაც შეიძლება ბევრი საარჩევნო ხმა მოიგოს განათლების სამინისტრომ სამთავრობო რესურსის სასარგებლოდ.

_ დავუბრუნდეთ დირექტორების გარეშე დარჩენილ საჯარო სკოლებს...

_ ის, რომ ბევრი საჯარო სკოლა დარჩა დირექტორის გარეშე, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რაზედაც მე ვსაუბრობ... ლოგიკურად რომ გავყვეთ, წესით, არცერთი საჯარო სკოლა არ უნდა იყოს დირექტორის გარეშე დარჩენილი. პირველი და მეორე კონკურსის ჩატარების შედეგად საკმარისი რაოდენობა არსებობს დირექტორობის უფლების მქონე ადამიანების. წინა წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი რაოდენობის რესურსი დაგროვდა. გახსოვთ, რომ დაგვაკლდა კადრი, დაახლოებით, ათასამდე სკოლაში ვერ ვუშვებდით დირექტორებს, იმიტომ რომ შესაბამისი სერტიფიკატი, დირექტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი მათ არ გააჩნდათ. წელს ამ კუთხით კადრი გაიზარდა რაოდენობრივად. მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, მაინც ბევრი სკოლაა დარჩენილი დირექტორის გარეშე.

_ დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლას ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არა, ბატონო დავით?

_ მინდა განვმარტო, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი არ გახლავთ! იმის მიუხედავად, რომ დირექტორის მოვალეობა აკისრია და კანონით მან ის უნდა გააკეთოს, რაც დირექტორმა, ეს არ ნიშნავს, რომ ის სკოლის დირექტორია! პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი ვერ იქნება!

_ კანონმდებლობის მიხედვით, როგორ არის განსაზღვრული ვადები  დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის? რამდენი თვე შეუძლია დარჩეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნულ პოსტზე სკოლაში?

_ საქართველოს კანონმდებლობაში არის ნონსესი! დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციის ვადა არა მარტო სკოლებში, არამედ საჯარო სამსახურებშიც კანონით განსაზღვრული არ არის. რამდენადაც მახსოვს, ექვსი თვით იყო ადრე გასაზღვრული. დღეს ჩვენ გვყავს ოთხი, ხუთწლიანი სტაჟის მქონე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები სისტემაში, ანუ უსასრულოდ შეუძლიათ იყვნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საჯარო სკოლაში. ეს არის უკანონობის, კანონის არქონის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი.

_ და ალბათ, გარკვეულწილად, უარყოფით გავლენას ახდენს უსასრულოდ გახანგრძლივებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი სკოლის ცხოვრებასა და განათლების ხარისხზე...

_ სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ თვით არჩეული დირექტორებიც კი, რომელთაც ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვთ და სკოლის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არიან არჩეულნი, ვგულისხმობ სამეურვეო საბჭოს, ისინიც კი მაღალი რისკის ქვეშ თვლიან თავიანთ თავს და  ფიქრობენ, რომ მათ დაემუქრებათ საფრთხე, თუკი გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს ან სამთავრობო რესურსის სასარგებლოდ არ იმუშავებენ. მათ მეტი დაცულობის გარანტია აქვთ, მაგრამ პიროვნულად ასე ფიქრობენ, რადაგან ჩვენ პოსტსაბჭოური სისტემა გვაქვს. უფრო ძნელია ეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შემთხვევაში, რადგან, მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ მიბმულია და დამოკიდებულია სამინისტროზე. განათლების სამინისტროს ურჩევნია ჰყავდეს მორჩილი მოვალეობის შემსრულებლები, ვიდრე არჩეული დირექტორები... განსაკუთრებით საკვანძო ადგილებში, დიდ და პრესტიჟულ სკოლებში, სადაც მაღალი კონტროლის შესაძლებლობა გახლავთ მთავრობის მხრიდან... დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მექანიზმი არ აქვს ხელში. როცა დაავალებენ, რასაც დაავალებენ, უნდა შეასრულოს, თუ არა, შეეწირება. ამიტომაც აჩერებს და ჯერჯერობით დისკრეციულ უფლება-მოვალეობას არ იყენებს მინისტრი, რომ დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად. რა უშლის მინისტრს ხელს? სამეურვეო საბჭომ ვერ აირჩია?! კარგი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კანონი მინისტრს ავალდებულებს იმ კადრისგან, რომელთაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და სერტიფიკატი, თვითონ  დანიშნოს ასეთ საჯარო სკოლაში დირექტორი. ამასაც არ აკეთებს! რატომ? გასაგებია, რომ როდესაც დისკრეციული უფლება-მოვალეობის გამოიყენების შედეგად დაინიშნება სკოლაში დირექტორი, მისი ლეგიტიმაცია უფრო მაღალია, ვიდრე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის. მაგრამ ზუსტად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბევრად ადვილად გააკეთებინებენ ყველაფერ უკანონობას. ამიტომაც წელავენ გამოიყენონ დისკრეციული უფლება-მოვალეობა. როდისღა უნდა დანიშნონ, ოქტომბრის ბოლოს?

_ ალბათ მართლა ოქტომბრის ბოლოს უმიზნებენ...

_ სხვათა შორის, გავრცელდა ინფომაცია და ვფიქრობ, მართალია, წყაროს ვერ ვასახელებ, რომ საარჩევნო პერიოდის შემდეგ აპირებენ დირექტორების დანიშვნას იმ სკოლებში, სადაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ჰყავთ... ღმერთმა ნუ ქნას, საარჩევნო პერიოდის შემდეგ ესენი დარჩნენ მთავრობაში, დაიქვცევა საერთოდ ეს ქვეყანა, მაგრამ გასაგებია, რატომაც აპირებენ ასეთი ნონსენსის გაკეთებას. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ ეს არის მედღეხვალიე სიტუაცია. ე. ი. მთავრობაში არავის აღმოაჩნდა უნარი, რომ აინტერესებდეს ქვეყნის მომავალი. ოღონდ მე გადავრჩე და მომავალი თაობა არ მაინტერესებს _ ეს ხომ ქვეყნის ნგრევაა! იმიტომ გინდა მთავრობაში დარჩე, რომ გადარჩე და არა იმიტომ, რომ სწავლასა და განათლებას ეშველოს ამ ქვეყანაში?! ძალიან მივჩანჩალებთ, ძალიან! საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?!. დირექტორები როგორ დავნიშნოთ და რა ფორმით დაინიშნონ სკოლებში, ამაზე?! ამ დროს ევროპა და აზიის ქვეყნები _ ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი ფიქრობენ იმაზე, როგორ გააციფრულონ განათლების სისტემა, როგორ შეიტანონ და დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სისტემაში, რაც შეიძლება მეტი დროის მოთხოვნილების ცოდნა მისცენ ბავშვებს. არსად ხდება ასეთი რამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რსად...

_ რას ფიქრობთ ეროვნული გამოცდების გაუქმებისა და ახალი სისტემის დანერგვის შესახებ? წაახალისებს განათლების სისტემის ახალი მიდგომა სკოლაში კორუფციის გაფურჩქვნას?

_ რა თქმა უნდა, კორუფციის წამახალისებელი იქნება გარკვეულწილად სკოლისთვის ახალი სისტემის დანერგვა, მაგრამ თვითონაც არ იციან, როგორ ჩატარდება გამოცდები. თუ სკოლა ჩაატარებს გამოცდებს, ძალიან დიდი ალბათობაა კორუფციის. სკოლას რომც არ უნდოდეს, მაინც გვექნება კორუფციის ფაქტები. გარე ფქტორიც იმოქმედებს _ ჩვენს ქვეყანაში ბიძაშვილობა, დარეკვები, ჩაწყობები არ მოიშლება... თუ ახალი მიდგომა მთლიანად სკოლას დაევალება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სრული კატასტროფა.  თუ ცენტრალიზებული წესით ჩაატარებენ, საფრთხე ნაკლები იქნება ჩემი ვარაუდით. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ე. წ. კატეს გამოცდები ტარდებოდა ცენტრალიზებული წესით. მასწავლებლები კართან იდგნენ და ეხმარებოდნენ მოსწავლეებს გამოცდის მსვლელობისას... რატომ?! აი, ჩემი სკოლა არ გამოჩნდეს „ჩავარდნილი“, მასწავლებლებს ეშინოდათ, ბევრი მოსწავლე არ ჩაჭრილიყო რაოდენობრივად, რათა სკოლას არ შექმნოდა პრობლემა... ეს საფრთხეები ბუნებრივია იარსებებს ისევ... მესმის, რომ უნდათ სკოლის პრესტიჟის აწევა. გეუბნებით, რომ პირიქით მოხდება. სკოლა შეეცდება, გამოძებნოს საშუალებები და დაეხმაროს მოსწავლეს...

_ გამოსავალი?

_ თუ, მაგალითად, პირველი გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ისევ პირველ გიმნაზიაში ჩატარდება გამოცდები, მაშინ იარსებებს კორუფციის საფრთხე. თუ სკოლის გამოცდები ერქმევა და ისევ ისეთი წესით ჩატარდება, როგორც ეროვნული გამოცდები ტარდება სხვადასხვა პუნქტზე, მაშინ სხვა არის... შესაძლებელი იქნება, ავირიდოთ თავიდან კორუფცია...

_ ბატონო დავით, ბოლოს და ბოლოს, აიღეს პედაგოგებმა მომატებული ხელფასები?

_ მინისტრმა ათასჯერ თქვა, რომ ჩვენ პედაგოგებმა შემოგვთავაზეს, გაგვეთანაბრებინა ხელფასიო. ვინ პედაგოგმა შესთავაზა? ეს არის ძალიან საინტერესო. ე. წ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, რომელიც სანიკიძის მინისტრობის დროიდან ამოქმედდა და მისი სამუშაო ვარიანტი ჩანასახშივე ხელში ჩამივარდა, იმთავითვე შევეწინააღმდეგე... რასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის უფროს  მაჩაბელის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა. სხვათა შორის, ჩემი ბევრი კრიტიკული შენიშვნა გაითვალისწინეს და ცვლილებები შეიტანეს ამ დოკუმენტში... ამ დოკუმენტმა კრახი მოუტანა მაშინ სისტემას. რაღაცით ხომ უნდა გაიზომოს შედეგები? და რით უნდა გაიზომოს? _ ხარისხით, ცოდნის დონის ამაღლებით, წიგნიერებით... დღეს ყველა კვლევა ადასტურებს, რომ უკუღმა მიდის საქმე. ე. ი. ამ სქემამ მთლიანობაში არ გაამართლა! ეს იყო ხელოვნური დაპირისპირების მიღწევა მასწავლებლებს შორის, რაც ძალიან კარგად გამოადგათ ახლა წინასაარჩევნოდ. ნახეთ, თუ მე ვარ მენტორი, რატომ უნდა მქონდეს წინააღმდეგობა დაბალი საფეხურის პედაგოგთან? დათესეს ანტაგონიზმი და მიაღწიეს მიზანს კარგად. ეს არის ძალიან ცუდი, რომ ამ დისონანსს და დაპირისპირებებს მიაღწიეს. თითქოს მე მოვთხოვე ხელფასების გათანაბრება. პირადად ვამბობდი ხოლმე, რომ ხელფასი არ უნდა იყოს მკვეთრად განსხვავებული. კი ბატონო, თუგინდ გათანაბრდეს, მაგრამ არ დააკლდეს! ჩვენ მოგვთხოვეს და ამიტომაც გავათანაბრეთო... სასწაული, რა ვიცი... რამდენი რამ ვთხოვეთ, ის არაფერი გააკეთა ამილახვარმა და რაღა ამაში დაგვაკმაყოფილა? სინამდვილეში კი არ გაათანაბრა, არამედ ასამდე მენტორს და ცხრა ათასზე მეტ წამყვან მასწავლებელს დააკლეს ხელაფასი! გათანაბრება სხვა არის და ხელფასის დაკლება _ სხვა. იმ შემთხვევაში, თუკი უფროს მასწავლებლებს ოცზე მეტი საგაკვეთილო საათის ჩატარება მოუწევთ კვირაში, მათ აეწევათ ხელფასი, მაგრამ მათ მუშაობაც ხომ დაემატათ? ეს ხომ ხარისხთან პირდაპირ კავშირშია... კვირაში 15 საგაკვეთილო საათი უფრო ხარისხიანი რომ არის, ვიდრე კვირაში 27 საგაკვეთილო საათი, ამაზე დავა შეიძლება საერთოდ? მაშინ კვირაში 100 საგაკვეთილო საათი მისცენ და თქვან, რომ მოვუმატეთ ხელფასიო... შედეგი რა გვექნება? ჩვენ ხომ მოსწავლეებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული? დარჩა ორმოცი ათასამდე სისტემაში უფროსი მასწავლებელი და მათ, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ უმრავლესობის განაწყენებას უმცირესობის განაწყენება სჯობია, მოდი, სისტემაში ახალი კადრები აღარ მივიღოთ, ამ ორმოცი ათასამდე ადამიანს გავუზარდოთ ხელფასები, ეგონებათ, რომ მართლა გავუზარდეთო... ამათ ჰგონიათ, რომ მასწავლებლები ვერ აზროვნებენ. აქაც კი პოლიტიკური აფერაა ჩართული. ოთხი წლის წინ ასეთი სოციალური აქტივობები არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში... მასწავლებლებმა ადეკვატურად უნდა შეაფასონ რეალობა... ოცდაათი წელია ვიღებთ გამოცდილებებს თაობები. გამოფხიზლების დროა, უნდა შემოვიდნენ ახალგაზრდები სისტემაში, გამოცდილება ხომ გაქვთ, ძვირფასო კოლეგებო, სწორი არჩევანი გააკეთეთ და ხმა აიმაღლეთ! მესმის, რომ ძალიან მაღალი არის ცენზურის ხარისხი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მაღალი არის მთავრობის კეთილდღეობის სტანდარტები! არ შეიძლება შვიდაგარაკიანი მინისტრი მიწყვეტდეს, მე ვის მივცე და ვის არ მივცე ხმა არჩევნებზე. დრო არის, დაფიქრდეთ და გააკეთოთ სწორი არჩევანი _ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. დღეს  სახელმწიფოს შეუძლია გაუორმაგოს ის არსებული ხელფასები ნებისმიერ პედაგოგს და ამოასუნთქონ, მაგრამ არ აკეთებენ სამწუხაროდ ამას. მგონი, დროა, განათლების ხალხი მოვიდეს უმრავლესობაში.

_ დღის წესრიგში ისევ დგას უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში... სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვები მშიერი მიდიან სკოლებში...  რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ბავშვებს სკოლაში უფასო კვება არ აქვთ...

_ ვდიახ, ჩვენ გარშემო მეზობლებს, კავკასიაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველას აქვს საჯარო სკოლებში უფასო კვება უკვე დანერგილი: აზერბაიჯანში, სასომხეთში... აზიის ბევრ ქვეყანაში, ევროპაში, რამდენადაც ვიცი, 22 ქვეყანას აქვს სასკოლო უფასო კვება დანერგილი სისტემაში. აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებს ისინი ეხმარებიან კიდეც და მხარდაჭერას უცხადებენ ამ საკითხის დანერგვაში. სასკოლო კვება ვიღაცეებისთვის შეიძლება მტკივნეული თემაც კი  იყოს, რადგან ვიღაცების ჯიბეებს მოაკლდებათ... წარმოიდგინეთ, მთლიანი ინფრასტრუქტურები შეიქმნება, თუ რა თქმა უნდა, მონოპოლიისგან დავიცავთ. ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა ზრუნავდეს, რომ მთელი სკოლები ერთმა კომპანიამ არ მოიცვას... უფასო კვება სკოლებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს, ახალი ობიექტების შექმნას... მრავალმხრივი სიკეთის მომტანია ეს საქმე: ერთი მხრივ, ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა სკოლაში მიირთვან, მეორე მხრივ, შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობასა და კომპანიებს კეთიდღეობას მოუტანს. დახარჯავ, მაგრამ ვისთვის ხარჯავ? მომავალი თაობისთვის, ბავშვებისთვის, ისევ ჩვენი ჯიბიდან... მოიკელით, ჩემო ბატონო, ყოველ წელს ასი ათასიან ჯიპებს რომ ყიდულობთ სამინისტროებში მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, არ არის ეს დიდი პრობლემა... დაახლოებით 60-70 მლნ. ლარის ფარგლების თემაა...  დღეში ერთხელ ლანჩი რომ ჰქონდეთ მოსწავლეებს უფასოდ სკოლაში, ამაზეა ლაპარაკი, მშიერმა მოსწავლემ სული რომ მოითქვას.

_ ოქტომბრის არჩევნების თქვენეული პროგნოზი, იქნება დიდი ცვლილება ქვეყანაში?

_ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გადაეშვება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში სახელისუფლებო სტრუქტურა. თუ შენ კარგი მთავრობა იყავი ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ ვერ უზრუნველყავი ალტერნატიული ძალის გმოჩენა? სიკარგე მთავრობიდან იქიდანაც გამომდინარეობს, რომ შენი შემცვლელი იყოს გარკვეული პერიოდის მერე... ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში იცვლებიან მთავრობები: აშშ-ში ხან დემოკტრატები, ხანაც რესპუბლიკეები მოდიან სახელმწიფოს სათავეში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები რომ გადაირჩიეს, ისინი ცუდები იყვნენ, ეს არის დემოკრატიის თანმხლები პროცესი. ერთ-ერთი ინდიკატორია, როცა შენ კიდევ გინდა და ამბობ, რომ სხვა ძალა არ ჩანს ჩემზე უკეთესი, ე. ი. ცუდი ყოფილხარ, როგორ არ გამოაჩინე სხვა ძალა?.. ეს ერთი ფაქტორი, მეორე ფქტორია, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ იმიტომ კი არ უნდა გაიმარჯვოს რომ ძველი არ ვარგა, ან ძველმა დაუშვა შეცდომები... არამედ იმიტომ, რომ ხარ ახალი პროგრესული პოლიტიკური ძალა. შეცდომებს დაუშვებენ, იმედია ეს არ იქნება საბედისწერო შეცდომები. ისევ თვიანთი თავისთვის საზიანოდ  დაუშვებენ, იგივე განათლების სისტემაშიც. მჯერა, უფრო მეტად გამოფხიზლდება ელექტორატი. მინდა იცოდენენ, რომ არ შეშინდნენ, არც საჯარო სამსახურში, არც საგანმანათლებლო სისტემაში, ყველაზე დიდი სეგმენტია და ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას, აქ არ არის მარტო სკოლა, _ სკოლამდელი დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები, მთლიანობაში სადღაც 200 000 ადამიანამდეა დასაქმებული მთლიანად სისტემაში, საგანმანათლებლო სექტორში თავისი ტექნიკური სტაფის და პედაგოგების ჩათვლით. საკმაოდ დიდი ელექტორატია და ყველას მინდა ვთხოვო, რომ არფერი ამ ქვეყანაში საშიში არ არის. საშიში დღეები ჩვენ უკვე გადავიარეთ ივნისსა და მაისში, როდესაც დაძაბულობის პიკს მიაღწია „რუსული კანონის“ შემოგდებამ! გადავრჩით და საბედნიეროდ არ იყო სისხლისღვრა, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ სამთავრობო სასარგებლო ხმებს, ეს ხომ სიყალბის შედეგი იქნება?.. მე ერთადერთი რამ მაშინებს _ პოსტსაარჩევნო სიტუაციაში თუკი მმართველი გუნდი დააგროვებს ხმათა უმრავლესობას, აი, მერე როგორ განვითრდება მოვლენები... ეს არის არაპროგნოზირებადი. დანარჩენზე იმედიანად ვარ განწყობილი.

გაზიარება