- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-08-15 04:06:57
გიორგი საკარული
14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 32 წელი სრულდება. საქართველოს ხელისუფლებას კი ამ დრომდე, აფხაზეთის დაბრუნების არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნია. მეტიც, გრძელდება ოკუპანტების მიერ ჩვენი ტერიტორიების მიტაცება. ქართული სახელმწიფო კვლავ დგას ანექსიისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე.
32 წლის წინ, 14 აგვისტოს, აფხაზეთში დაიწყო ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ამ ომში ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 000-მდე ადამიანი კი დღემდე დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.
როგორც „ქრონიკა+“-თან „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიამ განაცხადა, 32 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, ერთი სანქცია მაინც გაეცა სეპარატისტების ლიდერებზე.
_ ბატონო პატაა, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 32 წელი სრულდება. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?
_ სიმართლე გითხრათ, ძალიან ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, შეიძლებოდა თუ არა ომის აცილება, ბევრ ადამიანთან მისაუბრია ამ მიმართულებით. ახლა რომ ვუკვირდები, შეუძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება. საბოლოო დასკვნა ეს არის. ოღონდ ამის მიზეზი არის ის, რომ რადგანაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი აღვადგინეთ, რუსეთის სპეცსამსახურებს დავალება ჰქონდათ, რომ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი ჩვენთვის, პრინციპში, იგივე სიტუაცია იყო, რაც დღეს ხდება ჩვენს თავს, ოღონდ სხვა ფორმით. ამიტომ სეპარატისტებს აგულიანებდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს შეტაკება მომხდარიყო.
_ ამ ომში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსი სამხედროები. ამის მიუხედავად, ამ ომს დღემდე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს უწოდებენ რატომ არ ხდება იმის აღიარება, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი?
_ ძალიან საინტერესო მომენტებს მოგიყვებით. „დესეთეს“ ფორმატში კონფლიქტის მხარედ მოხსენიებული არის რუსეთი, როდესაც ამ მიმართულებით დოკუმენტებით დაიწყეს მუშაობა 1992-95 წლებში, ყოველთვის მხარედ არის რუსეთი წარმოდგენილი, ხოლო გაეროს ფორმატში რუსეთი მხარე არ არის. არის კონფლიქტი აფხაზეთში და ფრჩხილებში საქართველოში. ამ ტერმინოლოგიასთან ბრძოლას აწარმოებდა ყოველთვის თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ყველა ფორმატში კონფლიქტის მხარედ აყენებდა რუსეთს. აქედან გამომდინარე, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ უკვე გარკვეულწილად ამ ტერმინოლოგიასთან ბრძოლა ცოტა სხვა ფორმატში გადავიდა. დაწყებით ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა თითქოს მოგვარებას, გახსოვთ თქვენ, იქ იყო ალასანიას საგზაო რუკა, რაღაც დათმობებზე მიდიოდა, დიდად ტერმინოლოგიებს არ აქცევდა ყურადღებას, ასევე უშიშროების საბჭომ შეიმუშავა სპეციალური გეგმა აფხაზეთთან დაკავშირებით, რაზედაც მე გავაკეთე მაშინ პარლამენტში განცხადება, რომ თეორიულად შეიძლება კარგია ეს გეგმა, მაგრამ არ იმუშავებს, რადგან ამის საშუალებას არ მოგვცემენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველი ხელისუფლება ათამაშებდა ამ ყველაფერს და მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. ყოველთვის აფხაზური მხარიდან იყო სერგეი შამბა და მისი იდეოლოგიით მიდიოდა ყველაფერი, დღესაც უკვე რამდენიმე დღეა, დაუბრუნდა თავის ძველ პოსტს და ის სისტემას გააგრძელებს აფხაზებით და რუსებით, ესაა რეალობა. ამიტომ არათანმიმდვრულობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენი პარტნიორების დონეზეც კი მოიხსნა საკითხი _ რუსეთი, როგორც მხარედ ამ ომში.
_ ამ ომში რუსებმა და აფხაზებმა უამრავი ომის დანაშაული ჩაიდინეს და ეს ფაქტებითაც დასტურდება, ასევე დადგენილია მათი ვინაობაც, მაგრამ არავისზე არ გამოუცხადებიათ საერთაშორისო ძებნა. რატომ?
_ საერთაშორისო ძებნა კი არა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რატომ არ გასცა ერთი სანქცია მაინც ერთ დამნაშავეზე? სახლში მიდევს დასკვნა, საერთო დანაშაულთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინა აფხაზეთში. ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში დარეკეთ და მოითხოვეთ, ეს დასკვნა ვინმეს თუ აქვს, არავის არ აქვს და არც ახსოვთ ეს. რას ვთხოვთ უცხოელებს? რას ვთხოვთ საერთაშორისო სამართალს? სანქციის გაცემას? როდესაც საქართველოს პროკურატურამ ერთი სანქცია არ გასცა ერთ დამნაშავეზე. პარლამენტში ყოფნის დროს არაერთი კითხვა დავუსვით პროკურატურას და პასუხი იყო ასეთი: ჩვენ რომ ახლა სანქციები გავცეთ, მაშინ ვის ველაპარაკოთო? რას ჰქვია, ვის ელაპარაკოს, დანაშაული ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა, გაწმინდეს ქართული მოსახლეობა, წაართვეს ქონება, გახდნენ იძულებულები დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი და მე და თქვენ რომ ჩავიდინოთ იგივე დანაშაული, ეგრევე დაგვიჭირენ.
ის საერთაშორისო თანამეგობრობა ფიქრობს, რომ აფხაზები მართალნი ყოფილან, მართლები არიან თუნდაც იმაში, რომ ქართველებსა და აფხაზებს თანაცხოვრება უჭირთ, ასევე ქართველებსა და ოსებს. შენ დამნაშავეს ვერასდროს მოელაპარაკები. იქაური ადგილობრივი მოსახლეობაც ხომ ხედავს იმას, რომ მათმა ლიდერებმა მოკლეს ქართველები, ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა და არაფერი საპირწონედ. როდესაც ოთხოზორიას მკვლელობა მოხდა და ატყდა ერთი ამბავი, აი, უნდა დაისაჯონ და ა. შ., მეცინებოდა, რადგან ვინ უნდა დაისაჯოს? ოთხოზორიას მკვლელი გმირია აფხაზეთში, ქორწილებში პატიჟებენ. ეს არის პოლიტიკის არცოდნა და იმ სიტუაციის, რაც არის. ამიტომ რა უნდა მოსთხოვო იმ უცხოელს, როდესაც შენ არ აკეთებ სამართლებრივ შეფასებას და უცხოელი ხომ გეტყვის, უკაცრავად, მაგრამ თქვენი კანონმდებლობით არ დასვით ძებნაზე, დამნაშავედ არ აღიარებთ და ჩემგან რა გინდათ?
_ სახელმწიფოს პოზიცია და სირაქლემის პოზაში ყოფნა გასაგებია, მაგრამ თქვენი ვარაუდით რას გაურბიან ისინი და რატომ იკავებენ გამოძიებისგან თავს?
_ ერთადერთი ადამიანი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც როგორც პრეზიდენტს, შევხვდი იუსტიციის მინისტრის რანგში, დავარწმუნე იმაში, რომ დაწყებული უნდა ყოფილიყო გამოძიება, შესაბამისად, მან ამინთო მწვანე შუქი, გადავფრინდი ჰააგაში და დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. შეიცვალა ხელისუფლება და გაჩერდა ყველაფერი, ამიტომაც წავედი პოლიტიკაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოპოზიციაში და ვითხოვდი ამას. გამოვიყენე საპარლამენტო ბერკეტები, მაგრამ პასუხი იყო ის, რაც ზემოთ გითხარით, ვის უნდა მოველაპარაკოთო? მოვიდა „ქართული ოცნება“, იგივე დაიწყო ნულიდან, თუმცა ახლა ესენი რისი სანქციების გამცემები არიან, ლამის რუსეთს მიუერთონ საქართველო.
_ ანუ სააკაშვილმაც შეიკავა ამ ყველაფრისგან თავი?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილის დროს 2008 წლის ომის შედგომაც ვითხოვდი სანქციებს, მაგრამ სანამ ჰააგამ არ გასცა სანქცია, არც სააკაშვილის პროკურატურამ გასცა სანქცია რუსებსა და ოსებზე.
_ 2008 წლის ომზეც რომ ვისაუბროთ, შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება?
_ რაღაცა ვარიაციები იმ მომენტში შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გავიხსენოთ, როდესაც 2005 წელსაც იგივე სიტუაცია იყო, ბატონი ზურაბ ჟვანია ჩავიდა და გააჩერა, მაშინაც იყო შესაძლებელი. რუსი როდის მოგიწყობს პროვოკაციას, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, იგივე თემაა, რაც აფხაზეთთან დაკავშირებით.
2008 წელს, ვფიქრობ, იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული ორი გეგმა, თუ როგორ შეეჩერებინათ საქართველოს წინსვლა. ერთი გეგმა იყო საბრძოლო მოქმედებები და მეორე გეგმა ეკონომიკური, ის რაც დღეს ხდება. იმ მომენტში საქართველო საკმაოდ დაცული იყო, რადგან რუსული ფული ვერ შემოვიდოდა და რუსული ბიზნესი აქ ვერ გაიჯეჯილებდა, ამიტომ გადაწყვტილი იყო 2006 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყება, თუმცა რეალურად განახორციელეს 2008-ში.
დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, მცოცავი ოკუპაცია, ბათუმი ფაქტობრივად უკვე რუსული ქალაქია, გაიარეთ ქუჩებში და ქართულად მოლაპარაკე ხალხს უკვე ნაკლებად შეხვდებით, ეს უკვე ომია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ომი მხოლოდ ავტომატით სროლაა, ცდება. ესეც ჰიბრიდული ომია. რამდენიმე დღის წინ მიყვებოდნენ, რომ ცნობილი რუსი მსახიობები ჩვენთან, ზღვისპირეთში ისვენებენ, კერძოდ კი გრიგოლეთში და თურმე ისეთ უკმაყოფილებას გამოხატავენ რუსები ქართველების მიმართ, ისე ჩანს, რომ ჩვენ ვართ აქ დომინანტები და თქვენ არავინ არ ხართო.
_ ასეთი არაერთი მაგალითი გვინახავს არამარტო ზღვისპირეთში, არამედ სხვა ქალაქებშიც. პრინციპში, ამ შემთხვევაში რუსეთს რად უნდა ომი ჩვენთან, როდესაც თვითონ როცა უნდათ, სადაც უნდათ, უიარაღოდ წევენ საზღვარს და ოკუპაციაში ხვდება საქართველოს ტერიტორია, ამაზე კი ხელისუფლება ტრადიციულად დუმს, პუტინის არ გაღიზიანების პოლიტიკის გამო.
_ ეს გეგმა ჰქონდათ 2006 წელსაც, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური და მმართველი გუნდიდან გამომდინარე ეს ვერ განხორციელდებოდა და ახლანდელი ხელისუფლების პირობებში ამუშავდა ეს გეგმა. ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ამას ძალიან მწარედ მოვიმკით. არ არსებობს ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგია დაგეგმილი.
_ „ოცნება“ 16 წლის შემდეგ აპირებს 2008 წლის ომის გამოძიებას. ამაზე რას ფიქრობთ, თქვენ იყავით იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ეს საკითხი ერთხელ უკვე შეისწავლა და დასკვნაც დადო და ამდენი წლის შემდეგ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ საქმის გამოძიება?
_ ძალიან საინტერესო თემაა და „ოცნების“ ეს განცხადება ბუნდოვანია. გეტყვით, რატომ: პირველი _ ომის თემას უკვე ვერავინ ვეღარ გამოიძიებს, ბევრი მიზეზის გამო და წერტილი. ახლა გეტყვით, რა არის სამართლებრივი მიზეზები: ჩვენ ვართ ომის სტატუსის წევრი ქვეყანა, სადაც ქვემდებარეობით მიმართა „ოცნების“ ხელისუფლებამ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა (იუსტიციის მინისტრად მუშაობდა, _ რედ.) ოფიციალური წერილით და თქვა, რომ ჩვენ ვერ გამოვიძიებთ და ამის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რომ გამოძიება დავიწყოთო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნებაო. მე მეცინებოდა ამაზე, როდესაც ეს წერილი წავიკითხე და ქვემდებარეობით თუ ჩვენ არ გამოვიძიებდით, დაიწყო გამოძიება ჰააგის პროკურატურამ. მაშინ ბევრი კითხვა იყო ამ მიმართულებით, ჰააგის პროკურატურამ დაადგინა და წერტილი დაუსვა იმას, რომ ქართულ ჯარს სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ არ ჩაუდენია და დაადგინა, რომ ქვეყანას ჰქონდა სუვერენული უფლება თავდაცვითი ომის წარმოების.
შესაბამისად, ომის თემა დაიხურა და გამოიცა სანქციები დამნაშავეთა დაკავშირებით და არცერთი ქართული სანქცია არ არის, ყველა არის ოსის და რუსის სანქცია. ამიტომ ქვემდებარეობით ამას უკვე ვერ გამოიძიებ. ქვემდებარეობით თუ შენ ამის გამოძიება დაიწყე, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიების, მაშინ იბადება კითხვა, შენ ხომ არ ასრულებ ოკუპანტის დავალებას, რაც ხელშეშლაა გამოძების და ჰააგის ქვემდებარედ სანქციების ქვეშ. ფინჯან ყავაზე ვინ რას იტყვის, სრულად არ მაინტერესებს, რადგან სამართლებრივი თემით ეს დახურულია.
მეორე საკითხი _ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედება. ამ საკითხთან დაკავშირებით დროებითმა საპარლამენტო კომისიამ აღმოაჩინა ხარვეზები და რვა საქმე გადააგზავნა პროკურატურაში გამოსაძიებლად. არც სააკაშვილის პროკურატურას გამოუძიებია ეს და არც ივანიშვილის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, რომელი საქმის გამოძიებას დაიწყებენ ესენი, ზოგ საქმეს აქვს ხანდაზმულობის ვადა, ზოგს _ არა. შემდეგომი საკითხი, რაც „ოცნების“ განცხადებაში წავიკითხე, ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელზეა ლაპარაკი, მის წინააღმდეგ და პარტიის გასამართლებაზე. თუ ფაშისტური გზით მივდივართ, მაშინ ეს რუსული კატასტროფაა, თორემ სხვაგვარად პარტიის გასამართლება პრაქტიკაში არ არსებობს. მეორე _ სასამართლოს თუ მივმართავთ, რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ, რომლის ლიდერებიც სანქცირებულები არიან? ამიტომ მიჭირს კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე, საერთოდ რა გამოძიებაზეა საუბარი.
_ რას ემსახურება მაშინ მათი ეს განცხადება?
_ საარჩევნო კამპანიას და მეტს არაფერს.