- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-23 12:25:20
ირინა მაკარიძე
იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ქვეყანაში რეპრესიებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს აანონსებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გავლენებისგან განთავისუფლება.
რამდენად შესაძლებელია ქართული მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება? რა მასშტაბს მოიცავს კლანური მმართველობა და რა ცდუნების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ხელისუფლება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული არამოსამართლე წევრი, კახა წიქარიშვილი, რომელსაც სასამართლო სისტემის მონიტორინგის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
_ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა იძლევა იმ შესაძლებლობას, რომელიც არ აქვს ადამიანს, ვინც მუშაობს სამოქალაქო სექტორში, არის მკვლევარი და სისტემას აკვირდება, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობა იძლევა შესაძლებობას, სისტემაზე დაკვირვება მოხდეს შიგნიდან. აქ იგულისხმება წვდომა დოკუმენტებზე, იუსტიციის საბჭოს სხდომებზე დასწრება, მოსამართლეებთან ურთიერთობა და სასამართლოში არსებული ვითარების სიღრმისეულად შესწავლა.
გარედან როდესაც ვაკვირდებოდი სისტემას, ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო პრობლემები, რაზედაც მე არაერთელ მიმუშავია, მაგრამ არ ვიცი, ამ პრობლემის მასშტაბები. მაგალითდ, ვიცი, რომ სისტემაში არის კორუფციის ელემენტები, მაგრამ არ ვიცი, რა დოზითაა ეს და როგორია კორუფციის სქემები. შესაძლოა, ახლა მე უფრო მეტი შესაძლებლობა მქონდეს, ამას დავაკვირდე. ვიცი, რომ არის ნეპოტიზმი, ვიცი, რომ ხდება მოსამართლეებთან ცალმხრივი კომუნიკაცია, პოლიტიკური ჩარევები, კლანური ჩარევები, მაგრამ არ ვიცი ამის მასშტაბები. მაინტერესებს სასამართლოს როგორც წარსული, ასევე აწმყო და მომავალი. მაინტერესებს, როგორ იმართებოდა სასამართლო წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოსამართლეები იქცეოდნენ ცუდად, ახლა იქცევიან კარგად. ირაკლი კობახიძისთვის არავის დაუსვამს კითხვა, _ სასამართლო სისტემამ 2012 წლის შემდეგ ერთბაშად შეწყვიტა ცუდი საქმეების კეთება, თუ ნელ-ნელა გადაეჩვია? შეუძლებელია, რომ სისტემა უცებ გადაეჩვიოს ცუდი საქმეები კეთებას. მაქვს არაერთი ინფორმაცია, რომ სისტემა აგრძელებს ცუდი საქმეების კეთებას. ასევე საინტერესოა, როგორ მართავდა კლანი სასამართლო სისტემას წინა ხელისუფლების დროს? _ სისტემის დიდი ნაწილი იყო დახურული და იმართებოდა სხვადასხვა მეთოდით. კერძოდ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ კლანის მეშვეობით. 2007 წელს იუსტიციის მინისტრი ფორმალურად გამოეყო იუსტიციის საბჭოს და ფორმალურად აღარ ერეოდა მართვაში, თუმცა, რეალურად, შიდა საორგანიზაცო პოლიტიკაში იუსტიციის მინისტრი ერეოდა კლანის ლიდერების მეშვეობით, კერძოდ, ცერცვაძისა და ჩინჩალაძის მეშვეობით, ასევე პირდაპირი კომუნიკაცია იყო კოტე კუბლაშვილთან. კლანის ხელში დაგროვდა სისტემის ჩრდილოვანი მართვის უზარმაზარი გამოცდილება, რომელსაც ახლაც აგრძელებს. დავუშვათ, მოსამართლე იხილავს საქმეს და კლანმა არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. რა ხდება ამ დროს? _ შეიძლება, მოხდეს თანაშემწესთან კომუნიკაცია და გარკვევა, თუ რას აპირებს ეს მოსამართლე. თუ აღმოჩნდა, რომ მოსამართლე აპირებს კლანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მასთან შეიძლება მოხდეს შკომუნიკაცია სხვადასხვა მეთოდით. შედეგად, შეიძლება, მოსამართლე საერთოდ ჩამოშორდეს ამ საქმეს. არსებობს ასეთი განცხადებები სისტემაში, როდესაც მოსამართლე ითხოვს „განტვირთვის მიზნით, გთხოვთ, გადამაწეროთ ეს საქმე“. ეს შემთხვევები არის შესასწავლი. ვიცი რამდენიმე ასეთი შემთხვევა ძალიან მაღალი ინტერესის მქონე გახმაურებულ საქმეებზე, როდესაც მოსამართლე იხილავდა საქმეს, არ აპირებდა კლანისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა შემდეგ დაწერა განცხადება და საქმე გადავიდა სხვა მოსამართლესთან, რომელმაც შეასრულა კლანის დაკვეთა.
ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება ჩარევა საქმეთა განაწილების სისტემაში? ინტენსიური ჩარევა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც საქმეთა განაწილება ხდებოდა ანბანური წესით. ძალიან საინტერესო სქემა ჰქონდა მოფიქრებული პროკურატურას, რომელიც იყო სისხლის სამართლის საქმეების ექსკლუზიური პროვაიდერი. მაგალითად, სასამართლოში თუ შესატანი იყო ოცდაათი საქმე, პროკურატურა ამ საქმეებს ისეთი თანმიმდევრობით დაალაგებდა, რომ მისთვის საინტერესო საქმე მოხვდებოდა მისთვის სასურველ მოსამართლესთან. ჩემი ინფორმაციით, მსგავსი მეთოდი გამოიყენებოდა ადმინისტრაციულ საქმეებზეც. როდესაც ადმინისტრაციული საქმეები საჩივრდებოდა, ეს საქმეები გროვდებოდა უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში, შემდეგ გატარდებოდა იმ თანმიმდევრობით, რომ საჭირო საქმეები მოხვედრილიყო საჭირო მოსამართლესთან. ასე ხდებოდა ამ სისტემის მანიპულირება. შემდეგ ელექტრონული განაწილების წესი შემოვიდა. სხვათა შორის, მე თვითონ ვარ ამ იდეის ავტორი, რომ საქმეები განაწილებულიყო შემთხვევითობის პრინციპით, მაგრამ ამ წესსაც აქვს თავისი სუსტი წერტილები. _ შეიძლება მოსამართლე გამოთიშონ სქემიდან და ასე, ამ კონკრეტულ მოსამართლეზე, ეს საქმე არ განაწილდეს.
ასევე საყურადღებოა, როგორ ირჩევა სამკაციანი კოლეგიები. _ არსებობს მყარი შემადგენლობები, მაგრამ თუ არსებობს საქმე, რომელზედაც არის კორუფციული ან კლანური ინტერესი, ასეთ საქმეზე მოსამართლე, რომელსაც დაეწერა ეს საქმე, თვითონ არჩევს თავის თანამოაზრეებს, დავალების მიხედვით. მაგალითად, თუ მოსამართლემ მიიღო დავალება, ის მოძებნის თანამოაზრეებს. ეტყვის მავანს: „თანახმა ხარ, ხელი მომიწერო ამ გადაწყვეტილებაზე?“ თუ მიიღებს თანხმობას, შეიყვანს კოლეგიაში, თუ არა მიმართავს შემდეგს. ეს არის აბსოლუტური გადახვევა და დარღვევა. ამის გარდა, მთელი რიგი სქემებია სასამართლოში, რომელსაც მეტი შესწავლა სჭირდება.
_ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია სასამართლოში ვითარების შეცვლა, ამასთან, მოკლე ვადაში, რასაც „ქართული ქარტიაც“ ითვალისწინებს?
_ ჩვენ გამოცდილება გვაქვს, რა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. გამოცდილება გვეუბნება, რომ ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში _ 2015 წლამდე _ კლანმა გაატარა „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში. ისინი ინარჩუნებდნენ კავშირებს წინა ხელისუფლებასთან, რიგ შემთხვევაში, შეიძლება ობსტრუქციას უწყობდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. სავარაუდოდ, ასე მოხდება, თუ ხელისუფლება შეიცვლება, კლანი და „ქართული ოცნება“ გააგრძელებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, რადგან ეს კავშირები ასე ადვილად არ წყდება. კლანი გააგრძელებს „ქართული ოცნების“ შეკვეთების შესრულებას, სანამ არ მოხდება შეთანხმება ახალ ხელისუფლებასთან. კლანი მივა ახალ ხელისუფლებასთან და ეტყვის, _ ახლა მე შემიძლია გავწყვიტო კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ და გემსახუროთ თქვენ, ოღონდ ჩვენ დაგვჭირდება ხელშეუხებლობის გარანტიები. ამ შემთხვევაში გააჩნია ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას. თუ ხელისუფლება შეიცვლება, სანქცირებული მოსამართლეები, ჩინჩალაძე და მურუსიძე, ალბათ, ვეღარ გაჩერდებიან სასამართლოში და წავლენ, მაგრამ არიან სხვები, რომლებიცც გააგრძელებენ მათ საქმეს, იმ წესით მუშაობას, რა წესებითაც მუშაობდნენ სანქცირებული მოსამართლეები. ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი. კლანს ჰყავს თავისი ბირთვი, რომელიც გააგრძელებს საქმიანობას. ამიტომ ახალ ხელისუფლებას ექნება ამის ცდუნება, რომ წავიდეს გარიგებაზე ისევ და ისევ ამ ჯგუფთან. აქ აუცილებელია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან სერიოზული ძალისხმევა, რომ არ გაიბას მსგავსი კავშირი ახალ ხელისუფლებასა და კლანს შორის. აქ საჭიროა ვეტინგი.
_ ვეტინგთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოპონენტები ვეტინგს ანგარიშსწორების მიზნით ითხოვენ. „ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ჩემი და კოლეგების შემოწმებას ფიქრობს, რაღაც პერიოდის წინ ან ჩემი განსასჯელები ან ჩემი მსჯავრდებულები იყვნენ“, _ ამის შესახებ რას იტყვით?
_ შალვა თადუმაძემ გაიხსენოს სატელიტური თეფშების საქმე, სადაც ივანიშვილს დააკისრეს უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმა, 80 მიილონი ლარი, რომელიც შემდეგ შეამცირა მოსამართლემ.
ეს იყო პერიოდი, როდესაც ივანიშვილს ცრემლები აღვრევინეს და ეს მოსამართლე იყო კობა გოცირიძე. გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, შესწავლილი მაქვს თავის დროზე. ძალიან დიდი წვალება დასჭირდა მოსამართლეს, რომ ამ შედეგზე გასულიყო. ჩანდა, რომ მოსამართლე ასრულებდა იმდროინდელ პოლიტიკურ შეკვეთას, რის გამოც ივანიშვილს დააკისრა ამ ოდენობის ჯარიმა და გაამწარა შალვა თადუმაძე, როგორც ივანიშვილის ადვოკატი. შალვა თადუმაძემ ახლა გადახედოს სისტემას და ნახოს, სად არის ეს კობა გოცირიძე. ის არა მხოლოდ მოსამართლეა, არამედ არის სასამართლოს თავმჯდომარე. ანუ კობა გოცირიძე, რომელმაც შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, რომელმაც აატირა თავის დროზე ივანიშვილი, გაამწარა შალვა თადუმაძე, როგორც ადვოკატი, რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ აკეთებდა განცხადებებს, არის დაწინაურებული. ამის შემდეგ შალვა თადუმაძე გამოდის და აცხადებს, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნება კობა გოცირიძის მსგავსს მოსამართლეებთან ურთიერთობაო. რა გამოდის? „ქართული ოცნების“ ლოგიკას თუ გავყვებით, კობა გოცირიძე ადრე აკეთებდა ცუდ საქმეებს და ახლა აკეთებს კარგს საქმეებს?! აქ კითხვა ისაა, რომ რაღა მაინცდამაინც კობა გოცირიძის მსგავსი მოსამართლეები დაწინაურდნენ, ხომ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ნაკლებად ან არ ასრულებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთებს? ხომ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ლევან თევზაძეზე ნაკლებად ემსახურებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? ხომ იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც მურუსიძესა და ჩინჩალაძეზე ნაკლებად, ან საერთოდ არ ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას? რატომ არის მურუსიძე, ჩინჩალაძე, გოცირიძე, მარსაგიშვილი და ძველი დავალების მიმტანების ჯგუფი და დავალებების შემსრულებლების ჯგუფი მაღალ თანამდებობებზე?! ეს ხომ შემთხვევითობა არ არის? ეს არის ჩვეულებრივად სისტემის გადმობარება. ეს ძალიან კარგად ჩანს სასამართლო სისტემის საკადრო პოლიტიკაში.
_ თქვენ ბრძანეთ, დიდი რისკია, რომ ახალ ხელისუფლებასაც ჰქონდეს ამის ცდუნება. ამის თავიდან არიდება როგორ არის შესაძლებელი?
_ ახალ ხელისუფლებას ექნება საკმაოდ მაცდური შემოთავაზებები, რომ გარიგებაზე წავიდეს კლანთან, რომელიც მართავს სისტემას და ზუსტად შეუძლია აკონტროლოს მთელი სასამართლო სისტემა, დაწყებული აჭარიდან, დამთავრებული კახეთამდე, დაწყებული თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოდან, დამთავრებული ხულოსა და სიღნაღის სასამართლოებით. მათ შეუძლიათ, ნებისმიერ საქმეზე დადონ ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგი. აქ საუბარი არ არის ერთ და ორ საქმეზე, არამედ მთელ სისტემაზე. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა „ძალიან კარგი“ ბიზნესგარიგება. მან მოძებნა სასამართლო სისტემაში პასუხისმგებელი ჯგუფი, რომელსაც სისტემის მართვისა და სისტემის კონტროლის გამოცდილება ჰქონდა. თუ ამ ჯგუფმა მოძებნა ბიძინა ივანიშვილი, სად შეხვდნენ ერთმანეთს და რა ვითარებაში, ეს კიდევ ცალკე შესწავლის თემაა. ფაქტია, რომ ივანიშვილმა გააკეთა ძალიან პრაქტიკული ბიზნესგათვლა. მან მოძებნა ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს სისტემას, შესაბამისად, მათი მეშვეობით თავად აიყვანა სისტემა კონტროლის ქვეშ. ივანიშვილს აღარაფერზე ზრუნვა აღარ სჭირდება, შეიძლება, თვეში ერთხელ შეაწუხონ და შეიძლება, ესეც აღარ გახდეს საჭირო. თუ 2014-2015 წლებში ივანიშვილი სათითაოდ დარბოდა, ცალკე ჩინჩალაძეს ევაჭრებოდა, ცალკე მურუსიძეს ევაჭრებოდა, რომ მართლმსაჯულებაში რამე დაელაგებინა, ახლა უკვე მას ეს აღარ სჭირდება, გამონაკლისის გარდა, თუ რამე გაპრობლემდება, შეიძლება ერთი-ორი ზარი დასჭირდეს. ეს არის სისტემა, რომელიც საკუთარ თავს აკონტროლებს და აკეთებს იმას, რაც ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა. „ქართული ოცნების“ ამბიცია არ არის იმ დოზის, რა დოზის ამბიციაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
_ გასაგებია წარსული, მომავალზე რომ ვილაპარაკოთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ახალი ხელისუფლება იმავე გზას არ დაადგეს?
_ თუ ხელისუფლება შეიცვალა და გაჩნდება ნება სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმის, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს იქნება სისტემის სიღრმისეული პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. უნდა დაიწეროს დოკუმენტი, სადაც წარსულსა და აწმყოში არსებული პრობლემები აღიწერება, თავისი მასშტაბებისა და მნიშვნელობის მიხედვით. შეიქმნება დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს სასამართლოში არსებულ მდგომარეობას. აღნიშნულის საფუძველზე ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა იქნება სწორი და ეფექტიანი გამოსავალი. ამის პარალელურად, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს სანქცირებული მოსამართლეების საქმეები და უფლებამოსილების გადამეტების ის ფაქტები, რაც მრავლად არის გაჟღერებული მედიაში. საგამოძოებო კომისიის მუშაობის შედეგები ასევე უნდა აისახოს ამ შემაჯამებელ დოკუმენტში. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რა უშველის ამ სასამართლო სისტემას. პირველი, რაც შეიძლება მოხდეს და მე ვისურვები, ეს მომხდარიყო ამ ფორმითაც, მოსამართლეების იმ ჯგუფმა, რომელიც გულში არ ეთანხმებოდა კლანის ამ პოლიტიკას, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით იძულებული იყო, დუმილით თუ კონფერენციაზე ხელის აწევით მხარი დაეჭირა კლანის წევრებისთვის, ამ მოსამართლეებმა მკაფიოდ და ნათლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რომ ისინი ემიჯნებიან კლანს და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც ძალიან დეტალურად აღწერს სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის, ნეპოტიზმის, გავლენების მასშტაბებსა და ფარგლებს. თუ ეს არ გაკეთდება, მეორე ნაბიჯი შეიძლება იყოს სისტემის სრული რეორგანიზაცია, რასაც შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, რადგან არ შეიძლება ყველას ერთად გათავისუფლება, რაც, პრაქტიკულად, კატასტროფის ტოლფასი იქნება. მაგრამ მას სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილებები, საერთაშორისო პატნიორების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. ეს არის ყველაზე რთული პროცესი. თუ არ იქნა შესაძლებელი, რომ მთელი სისტემის რეორგანიზაცია მოხდეს, მაშინ უნდა გაკეთდეს რაც ევროკავშირის 9-პუნქტიან სამოქმედო გეგმაშია, ვეტინგი. მაგრამ ვეტინგი უნდა შეეხოს არა მხოლოდ ზემო ინსტანციის სასამართლოებსა და თავმჯდომარეებს, ვეტინგი უნდა შეეხოს მთელ სისტემას. წარმუდგენელია, რომ კორუფცია იყოს მხოლოდ ზემდგომ ეშელონებში. კორუფცია თუ არსებობს სისტემაში, ის იქნება ყველა დონეზე, კორუფცია იქნება აპელაციაშიც, კასაციაშიც. ის, რომ ჩვენ მხოლოდ უზენაესი სასამართლო გავწმინდოთ და დანარჩენს არ შევეხოთ, ეს ნიშნავს, რომ პრობლემის მხოლოდ მცირე მასშტაბით თავის გართმევა შევძელით და ეს არ იქნება ეფექტიანი წამალი. ვეტინგი უნდა შეეხოს ყველას. თუნდაც რომ მოსამართლეებმა აღიარონ პრობლემა, ვეტინგი უნდა შეხოთ მათაც, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ მხოლოდ ფინანსურ ნაწილში განხორციელდეს ეს ვეტინგი, მაგრამ თუ კორპუსმა ამ კუთხით არ იმუშავა თვითგაჯანსაღების მიმართულებით, მაშინ ვეტინგი ძალიან სიღრმისეული უნდა იყოს. ვეტინგი უნდა შეეხოს, არა მხოლოდ მოსამართლეების ქონებას, არამედ მათ კავშირებს, მათ დანიშვნებს, მათ დაწინაურებებს, მათ ნათესავებს სასამართლო სისტემაში, მხარეებთან ცალმხრივ კომუნიკაციებს, შესაძლო დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევებს და ა. შ. ყველა შემთხვევაში, პროცესი უნდა აირეკლავდეს ერთიან საზოგადოებრივ შეთანხმებას, რაც აისახება კანონპროექტებსა და სამოქმედო გეგმაში.