QronikaPlus
ქართველი-ებრაელი სუპერგმირი: ტერორისტების მიერ მოკლული იციკ ბუზუკაშვილის ისტორია _ რას გვიყვება გმირის დედა?

ქართველი-ებრაელი სუპერგმირი: ტერორისტების მიერ მოკლული იციკ ბუზუკაშვილის ისტორია _ რას გვიყვება გმირის დედა?

2024-07-23 12:19:53

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელზე პალესტინელი ტერორისტების თავდასხმიდან 9 თვე გავიდა. 7 ოქტომბრის შავ შაბათს დილის 7 საათზე „ჰამასის“ ბარბაროსებმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს და სამხრეთით ღაზის საზღვართან მდებარე კიბუცებში შეიჭრნენ. ამავდროულად, თავდასხმა განხორციელდა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. გააუპატიურეს და ტყვედ წაიყვანეს ათობით ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს, შავ შაბათს, პირველი, ვინც შეებრძოლა მრავალ ათას მძიმედ შეიარაღებულ პალესტინელ ტერორისტს იყო პოლიცია და არა სპეცრაზმი. საგზაო ინსპექტორებმა, პატრულის თანამშრომლებმა და სოფლის პოლიციის დეტექტივებმა, მხოლოდ მცირე იარაღით შეიარაღებულებმა, პირველი დარტყმა მიიღეს და გმირულად იბრძოდნენ, გადაარჩინეს საზღვრისპირა კიბუცების მცხოვრებთა და ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეთა სიცოცხლე.

ისრაელის პოლიციის ცნობით, შავ შაბათს მორიგე 60 პოლიციელი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა. საერთო ჯამში, „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლებში ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისრაელის პოლიციამ იმ შაბათს თავისი საქმე ასი პროცენტით შეასრულა.

ერთ-ერთი ასეთი გმირი იყო ქართველი-ებრაელი პოლიციელი, იციკ ბუზუკაშვილი. ის სეგევ შალომის პოლიციის მეთაური იყო. იციკი გახლდათ საქართველოს გულშემატკივარი. უყვარდა მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოშიც. საუბრობდა ქართულად და აღფრთოვანებული იყო ქართველი ერით. ის ამაყობდა, რომ ქართველი-ებრაელი იყო.

გმირს „ქრონიკა+“-თან იხსენებს მისი დედა, მირიამ ბუზუკაშვილი:

„ჩემი ვაჟი, იციკ ბუზუკაშვილი, დაიბადა 1979 წელს ისრაელში. ჩვენ საქართველოდან ამოვედით ისრაელში 50 წლის წინათ. იციკმა იცოდა ქართული ენა. ის ხალხის მოყვარული ადამიანი იყო. დიდთან იყო დიდი და ბავშვთან _ ბავშვი. იცი იყო მოჭიდავე, რომელმაც მსოფლიოში პირველი ადგილი აიღო 16 წლის ასაკში. ის იყო წარჩინებული მოსწავლე. ჯარში 3 წელი იმსახურა, შემდეგ პოლიციაში დაიწყო მუშაობა. იქ სულ აწინაურებდნენ და გახდა გენერალი. იციკი იყო სეგევ შალომის პოლიციის უფროსი. მან ორი უნივერსიტეტი დაამთავრა. ძალიან უყვარდა მოგზაურობა. განსაკუთრებით უყვარდა საქართველო, ქართველი ერი, პურ-მარილი. საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდით და სულ გახარებული ბრუნდებოდა. იციკს უყვარდა ისრაელი და მან თავი შესწირა ისრაელსა და ისრაელის ხალხს“, _ გვიყვება გმირის დედა.

7 ოქტომბერს ქართველი ებრაელი, იციკ ბუზუკაშვილი, არ მუშაობდა, ის ოჯახთან ერთად სახლში იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო, რომ მისი მეგობარი დავიდოვი დაჭრილი იყო და დახმარებას საჭიროებდა, იციკი მის ქალიშვილთან ერთად მეგობრის გადასარჩენად გაემგზავრა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა, თუმცა ცხედარი წამოიღო. ამის შემდეგ იციკი უკან დაბრუნდა და სხვა დაჭრილები გადაარჩინა. ის რამდენჯერმე შევიდა ზონაში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები.  ერთ-ერთ შესვლაზე გმირის მანქანას  ტერორისტებმა რაკეტა ესროლეს. იციკი გმირულად დაეცა, თავისი სიცოცხლე დათმო, თუმცა ათობით ადამიანი გადაარჩინა.

„6:20 საათზე განგაში და გიჟური დაბომბვა დაიწყო. დაახლოებით 7:30 წუთზე ჩემმა შვილიშვილმა, რომელიც ჯარში მსახურობს, მისი დანაყოფიდან შეტყობინება მიიღო შეკრების პუნქტთან მისვლის შესახებ. სახლში მყოფმა ჩემმა ვაჟმა ფორმა ჩაიცვა, რაცია აიღო და როცა აპირებდა წასვლას, შვილმა თან წაყოლა სთხოვა. ისინი ერთად წავიდნენ მისი პოლიციის მანქანით და გაემართნენ სეგევ შალომის პოლიციის განყოფილებისკენ, რომელსაც ის მეთაურობდა. იქ იციკმა თავისი ზემდგომებისგან მითითება მიიღო, სადგურზე დარჩენილიყო და შვილს სთხოვა, მასთან გაჩერებულიყო. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რახატის პოლიციის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი (lieutenant colonel) ჟ. დავიდოვი, დაიჭრა ტერორისტებთან შეტაკებისას, როდესაც ის ხალხის გადარჩენას ცდილობდა კიბუც-რეიმთან. იციკმა გაიგო ეს შეტყობინება და გაემართა, რათა გადაერჩინა ვიცეპოლკოვნიკი დავიდოვი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. ის ცდილობდა ქალიშვილი დაერწმუნებინა, რომ შენობაში დარჩენელიყო, მაგრამ ის გაჯიუტდა და მამას თან გაჰყვა. გზად მათ გვამები დაინახეს. ეს ხალხი გაქცევისას პალესტინელებმა დახოცეს. უცებ შენიშნეს პალესტინელი ტერორისტების ჯგუფები. იციკმა და მისმა თანამებრძოლებმა მტერი გაანადგურეს. მათ გადაარჩინეს რამდენიმე დაჭრილი პოლიციელი. ეს ყველაფერი ძლიერი ცეცხლის ქვეშ ხდებოდა. მოშავ პეტიშში დაჭრილები მანქანაში ჩაისვეს და გზა გააგრძელეს ოფაკიმისკენ. როდესაც იციკი მიხვდა, რომ ვიცეპოლკოვნიკი დავიდოვი არ იყო დაჭრილთა შორის, გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო მის საძებნელად და გადასარჩენად. სანამ პოლიციის განყოფილებიდან ისევ გავიდოდნენ, იციკმა შვილს უთხრა: „იბრძოლე, ვამაყობ შენით. ახლა კი შენთვის აქ დარჩენა სჯობს“. მოკლე კამათის შემდეგ მან დაარწმუნა ქალიშვილი და დატოვა შენობაში. ის და სხვა სამი პოლიციელი გზას გაუდგნენ. შემთხვევის ადგილზე მისულმა იციკმა გზის პირას ვიცეპოლკოვნიკ დავიდოვის ცხედარი ამოიცნო. ამასთან, მათ განაგრძეს ფესტივალიდან გაქცეული ადამიანების გადარჩენა. როცა იციკი პოლიციის განყოფილებასთან უკან დაბრუნდა და მანქანიდან გადავიდა, მისმა ქალიშვილმა დაინახა, რომ იგი დავიდოვის სისხლით იყო დასვრილი. მან ცხედარი მიასვენა. შემდეგ იციკმა გადაწყვიტა, ისევ ბრძოლის ველზე წასულიყო. მას სამი პოლიციელი შეუერთდა და როცა შვილიც აპირებდა მათთან ერთად წასვლას, ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე მოჰკიდა ხელი და ჩუმად უთრხა: დარჩები! აკოცა შვილს და წავიდა. ასე დარჩა ჩემი შვილიშვილი ოფაკიმის პოლიციის განყოფილებაში და რაციით უსმენდა, რა ხდებოდა ფრონტზე. 13:25-ზე გაიგო: „ბუზუკაშვილი არ პასუხობს!“ 14:15 საათზე გაიგო  კომუნიკაციის შეტყობინება: „სეგავ 1 (ეს იციკის ზარის ნიშანია) და მისი მძღოლი დაიღუპა“. ჩემი შვილიშვილი უმწეო დარჩა. ცხადი გახდა, რომ როცა ის თავის პოლიციელებთან ერთად რეიმის ავტოსადგომზე მივიდა, კიბუცში სროლები გაისმა და ისინი შევიდნენ იქ ტერორისტების გასანეიტრალებლად. მათ მანქანას RPG -მ ესროლეს. დაიღუპა იციკი და ჯიპის მძღოლი იაკირ ბლოხმანი. დაახლოებით 16:00 საათზე ჩვენს სახლში პოლიცია მოვიდა. იციკის ცხედარი საღამოს რვა საათზე იპოვეს და მოასვენეს“, _ იხსენებს გმირის დედა.

ისრაელის პოლიციის მეთაური, იციკ ბუზუკაშვილი, 44 წლის იყო. მას სამი შვილი ჰყავს. ორი მათგანი მამის დაღუპვის შემდეგ ისრაელის პოლიციის რიგებს შეურთდა. ერთი კი უნივრსიტეტში სწავლობს. ამასთან, იციკს ჰყავს ერთი ძმა და მშობლები.

„ჩვენს იციკს სამი შვილი ჰყავს, ორი შვილი, ორელი და ლიელი, პოლიციელი გახდა. მათ სხვა გეგმები ჰქონდათ, მაგრამ მამის გმირულად დაღუპვის შემდეგ მის გზას გაჰყვნენ და პოლიციაში მუშაობა გადაწყვიტეს, იცავენ სამშობლოს ტერორისტებისგან, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ისინი არიან პატრიოტები, უყვართ თავიანთი სამშობლო, ხალხი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობა და ბედნიერი ცხოვრება იყოს ისრაელში. რთული, დაძაბული და მძიმე სიტუაციაა, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება“, _ ამბობს მირიამ ბუზუკაშვილი.

იციკისა და მისი მეუღლის, ტალის სიყვარულის ისტორია 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ტალი ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ახალ უბან ნევ ზეევში. ბუზუკაშვილების ოჯახი უკვე იქ ცხოვრობდა. იციკმა ტალის ძმა გაიცნო და მასთან დამეგობრდა, რადგან მეზობლები ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს. შემდეგ კი გოგონას და მას ერთმანეთი შეუყვარდათ. სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელს გაგრძელდა, წყვილმა 19 წლის ასაკში იქორწინა.

„ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ვცხოვრობდით სიკეთით. იციკი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მისგან წყენა არავის ახსოვს. ის იყო სიკეთის განსახიერება. საქართველოს მოსიყვაეულე და ქართველი ხალხის დიდი გულშემატკივარი იყო, ხშირად სტუმრობდა თბილისს. მას საქართველოში მოგზაურობა აბედნიერებდა და სტიმულს აძლევდა, ასეთი იყო ჩვენი იციკი“, _ განმარტავს ქალბატონი ტალი.

ოჯახის ტკივილი ძალიან დიდია, უჭირთ იმ მწარე რეალობასთან შეგუება, რომელიც ტერორისტების თავდასხმამ ბუზუკაშვილების ოჯახს მიაყენა. მძიმეა ყოველდღიურობა იციკის გარეშე, თუმცა გმირი შვილის ისტორიით ძლიერდებიან და მომავლის იმედით აგრძელებენ ცხოვრებას, ეს ხომ იციკის სურვილიც იქნებოდა.

„კატასტროფა ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია. ვართ გარშემორტყმული უამრავი ოჯახით, მეგობრებით, მეზობლებით, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან. მოდიან ადამიანები, რომლებსაც არც კი ვიცნობთ, რომლებმაც განიცადეს ტერორიზმი და მოდიან თანაგრძნობის სათქმელად. იზიარებენ ჩვენს ტკივილს და გვეხუტებიან. ფეხზე ვდგავართ იმ ძალის წყალობით, რომელიც იციკმა მოგვცა, ყოველ წუთს ვგრძნობთ ამ ძალას. მას არ სურდა, რომ გავტეხილიყავით, უნდოდა, რომ  ერთიანი ოჯახი ვყოფილიყავით, სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მისი ამბავი და გავაგებინოთ მსოფლიოს, თუ როგორი გმირია იციკი, მან გადაარჩინა ხალხი და მისი წყალობით ჩვენ აქ ვართ. ეს ისტორია შეიძლებოდა დასრულებულიყო იმაზე უარესად, ვიდრე დამთავრდა“, _ ამბობს გმირის დედა.

იციკ ბუზუკაშვილი რომ ნამდვილი გმირი და მეომარი იყო, ამის შესახებ ებრაელი სამხედროები საუბრობენ. მისი გმირობის შესახებ მოგვითხრობს ქართველი-ებრაელი სამხედრო, საბა სამაბელაშვილი, რომელიც იმ კიბუცში იმყოფებოდა, სადაც იციკი დაიღუპა. მისი თქმით, იციკის გმირობებზე ისრაელში უკვე ლეგენდები დადის და ამ ამბებზე ახალი თაობები პატრიოტული სულისკვეთებით გაიზრდებიან:

„ვიყავით კიბუც-რეიმში. დაცვის უფროსმა სამხედროებს გაგვაცნო სიტუაცია და მოგვატარა ყველა ის ადგილი, სადაც ტერორისტებმა სრული ჯოჯოხეთი მოაწყვეს. ენით აუწერელია, ვერ გადმოგცემთ, რაც იქ ვიხილეთ. წარმოუდგენელი სისხლისღვრა იყო: უდანაშაულო ადამიანები ეყარნენ დანაწევრებულები, თავებდაჭრილები, დაჩეხილები და დახვრეტილები. ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე, რაც „ჰამასმა“ ჩაიდინა. დაცვის უფროსმა გვაყურებინა მოკლე ფილმიც, რომელიც ამბებს დოკუმენტურად გადმოსცემდა. გვიამბო ქართველ-ებრაელ გმირ იციკ ბუზუკაშვილზე, რომელმაც სასწაულები ჩაიდინა, ძლიერ ცეცხლსა და ტრორისტების მასშტაბურ თავდასხმაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. დაჭრილები გამოიყვანა სამშვიდობოს. ცხედრებიც კი გამოიყვანა. იციკი არ შეშინდა, იბრძოდა გმირულად, მამაცურად და ვაჟკაცურად. მისი საგმირო თავდადება ისრაელის ისტორიაში ჩაიწერება. ისრაელი ხომ სწორედ ასეთ გმირებზე დგას. ეს არის ქვეყანა, რომლის შვილებიც პატრიოტული სულისკვეთებით, სამშობლოს სიყვარულით არიან მოტივირებულები და გამსჭვალულები. და ამის საუკეთესო მაგალითია ქართველი-ებრაელი, იციკ ბუზუკაშვილი. გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო, სხვების გადასარჩენად და ისრაელს დაუტოვა გმირული მაგალითი. ის ოქროს ასოებით შევა არა მარტო ისრაელის, არამედ საქართველოს ისტორიაშიც. ის ქართველი იყო, საქართველოზე შეყვარებული და საქართველოს მოამაგე ებრაელი“, _ გვიყვება საბა სამაბელაშვილი, რომელიც ასევე ღაზაში ტერორისტების წინააღმდეგ ომში იბრძვის.

ორშაბათი, 2024 წლის 22 ივნისი, ომის 290-ე დღე ისრაელში, რომელიც დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის დილას ღაზიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებითა და ათასობით ტერორისტი მებრძოლის ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრით, რის შედეგადაც დაიღუპა ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე ასობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე; ტყვედ აიყვანეს ასობით ისრაელელი და უცხოელი, რომელთაგან ბევრი ჯერ კიდევ ღაზის სექტორში, ტერორისტების ტყვეობაში რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე 253 ადამიანი გაიტაცეს. ამჟამად ღაზაში 120 გატაცებული (მათ შორის, ცოცხალი და მკვდარი) იმყოფება. აქედან: 2014 წლიდან „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ოთხი ადამიანი; 130 ადამიანი გაიტაცეს 10/07/2023 _ 109 მამაკაცი (მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი) და 18 ქალი _ 119 ისრაელის მოქალაქე და 11 უცხოელი (რვა ტაილანდიდან, ერთი ნეპალიდან, ერთი ტანზანიიდან, ერთი საფრანგეთიდან და ერთი მექსიკიდან). დაკარგულად ითვლება კიდევ ერთი ისრაელელი ქალი. ამასთან, „ჰამასს“ ტყვეობაში ჰყავს 33 გატაცებულის ცხედარი (2014 წელს გატაცებულების ჩათვლით). აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ „ცაჰამლა“ საგმირო ოპერაციის შედეგად 4 მძევალი იხსნა, მათ შორის, ერთი ქართველი-ებრაელი შლომი ზივი.

ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, ტერორისტები თავს დაესხნენ მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებს. ფესტივალი მიმდინარეობდა ღაზის საზღვართან, რეიმის ტყეში. ფესტივალზე, დაახლოებით, 3000 ადამიანი იმყოფებოდა. ასობით მოქალაქე დაიღუპა და ბევრი მძევლად აიყვანეს. ტერორისტებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს კიბუცებში: ბეერში, კფარ აზასა და ნირ ოზში, დახოცეს მრავალი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ტერორისტები შეიჭრნენ ზდეროტში, ოფაკიმში, ნეტივოტსა და დასავლეთ ნეგევის სხვა დასახლებებში, უმოწყალოდ ხოცავდნენ და ძარცვავდნენ ისრაელელებს. შეტევიდან მალევე „ჰამასმა“ ომი გამოუცხადა ისრაელს და მის ქმედებებს უწოდა „ალ-აქსას წარღვნა“. ამის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ შემოიღო საომარი მდგომარეობა (პირველად 1973 წლიდან) და დაიწყო „რკინის ხმლების“ ომის ოპერაცია. ისრაელში 7 ოქტომბერსა და ომის შემდგომ დღეებში, დაახლოებით, 1500 ადამიანი დაიღუპა, ასევე 13000 ადამიანი დაიჭრა ან დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ისრაელის, აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პორტუგალიის, რუმინეთის, არგენტინის, ჩილეს, პერუს, პარაგვაის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, ბრაზილიის, ჩინეთის, ინდოეთის, შრი-ლანკის, ტაილანდის, ფილიპინების მოქალაქეები.

გაზიარება