- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-07-23 04:18:31
ირინა მაკარიძე
თუ ქართული საზოგადოებისა და პროდასავლური ოპოზიციისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოცხადებულია გეოპოლიტიკური არჩევანის, საქართველოს ევროპული, დემოკრატიული განვითარების გადარჩენისთვის ბრძოლად, „ქართული ოცნება“ საკითხს უფრო დრამატულად აყენებს, რომ ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა, რომ ეს არის „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად“. ამ კონტექტში ივანიშვილმა კიდევ ერთელ გაიხსენა 2008 წლის ომი, არ დაეზარა საქართველოსათვის ომის დაწყების დაბრალება, თუმცა ახლა საქმეში „გლობალური ომის პარტიაც“ შემოიყვანა და აღნიშნა, რომ კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შემდეგ პასუხი უნდა აგოს „2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო“.
მოსალოდნელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ რეპრესიების დაანონსების შემდეგ ძალადობისა და ოპონენტებზე ანგარიშსწორების ახალი ტალღა? რაზე ამყარებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი იმედებს, როდესაც აცხადებს, რომ ერთ წელიწადში საერთაშორისო ვითარება შეიცვლება და საქართველო აღადგენს გაფუჭებულ საერთაშორისო ურთიერთობებს? რამდენად შეძლებს პროდასავლური ოპოზიცია სახელმწიფო რესურსებითა და მორალურად გაკოტრებული მილიარდების განუსაზღვრელი შესაძლებლობებით აღჭურვილი სახელისუფლებო ძალის გადატეხას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე:
_ დიახ, ძალადობის ახალი ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. „ქართულ ოცნებას“ იმდენი კანონდარღვევა აქვს ჩადენილი 12 წლის განმავლობაში, ეშინია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება. უშუალოდ ივანიშვილს კი არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში საქართველოში აღარ დაედგომება, ამიტომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები. ეს კარგად გამოჩნდა გაზაფხულზე მიმდინარე აქციებისას, მათ ყველაფერი იკადრეს ოპონენტების წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ ძალისმიერი მეთოდებით უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ეძახიან „ნაცებს“, „უსამშობლოებს“, „მოღალატეებს“, „აგენტებს“, რაც არის მცდელობა ადამიანების მორალური განადგურების. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპონენტებს უკვე ხალხის სახელით გაუსწორდებიან, განაცხადებენ რა, რომ ხალხმა მისცათ ამის ლეგიტიმაცია, რომ პასუხი მოსთხოვოთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, როგორც ისინი ეძახიან. არ არის საუბარი იმაზე, რომ მასობრივად ყველა დააკავონ, მაგრამ შესაძლებელია ლიდერებზე მიიტანონ იერიში. მეორე მხრივ, შეიძლება გააკეთონ ის, რომ გარკვეული კრიმინალური ჯგუფები აამოქმედონ, მათ შორის ახლა ამნისტიის შედეგად ციხიდან აპირებენ მათ გამოშვებას, დაახლოებით 7 ათას ადამიანზეა საუბარი, გამოიყენონ განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე გავლენის მოსახდენად, თუნდაც იმით, რომ აქტიური ადამიანები აიძულონ წავიდნენ ქვეყნიდან. ახლაც ჰყავთ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უპირისპირდებიან აქტიურ მოქალაქეებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ფიქრობენ, სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ცხადია, თუ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. წელს განსხვავებული ვითარებაა იმითაც, რომ პირველად ტარდება პროპორციული წესით არჩევნები და ხელისუფლებას აღარ ეყოლება მაჟორიტარები, რომლის საშუალებითაც დიდ უპირატესობას იღებდა. ამიტომაც ცდილობენ დააჯერონ მოსახლეობა, რომ 60-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, რომ მერე დაიწერონ 60 პროცენტი და თქვან, _ ჩვენ ხომ ვაცხადებდითო.
_ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „ხალხის ძალასთან“ ერთად გამოვა არჩევნებზე, რას შემატებს „ქართულ ოცნებას“ ღიად ანტიდასავლურ ძალასთან ერთად გამოსვლა?
_ „ხალხის ძალა“ რეალურად ხომ „ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა იყო, თითქოს მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი პროდასავლური სახე, „ხალხის ძალის“ პლატფორმიდან ახმოვანებდნენ ანტიდასავლურ გზავნილებს. გვახსოვს, შარშან „აგენტების შესახებ კანონპროექტიც“ „ხალხის ძალას“ შემოატანინეს პარლამენტში. წელს თავად შემოიტანეს, თუმცა სხვა სახელით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ სახით. ცხადია, ეს ერთი ძალაა. გარდა ამისა, თვითონ „ხალხის ძალა“ დამოუკიდებლად რომ გავიდეს არჩევნებზე, ის ვერ მიიღებს შესაბამის ხმებს, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ამასთან „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, პრორუსული განწყობის ამომრჩევლის ხმები მიიღოს. მას ურჩევნია, მთავარი ოპონენტებად „ალტინფო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ჰყავდეს, ამიტომაც ცდილობენ, ყველანარი ზეწოლა მოახდინონ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ახალზე“, „ლელოზე“, ყველა მათ მოკავშირეზე, ყველას უწოდებენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, „გარედან მართულ ძალებს“ და ა. შ. ნათლად ჩანს „ქართული ოცნების“ განზრახვა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეს პარტიები შეავიწროოს. აქ ახალი არაფერია, ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ღიად საუბრობს. აქ მნიშვნელოვანია, რამდენად არის მოსახლეობისთვის ეს მისაღები და რამდენად სჯერა, რომ აქ რაღაც „გლობალური ომის პარტიაა“ და ებრძვის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, რომ 2008 წელს საქართველომ დაიწყო ომი და ის დასავლეთმა ჩაითრია ამ ომში.
_ ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ერთ წელიწადში საერთაშორისო ვითარება შეიცვლება და საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან აღდგება. ამასთან, „ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ აშშ-ში „რესპუბლიკელების“ კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. რას იტყვით „ქართული ოცნების“ ამ მოლოდინებისა და განცხადებების შესახებ?
_ იმედოვნებენ, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და მისი ადმინისტრაცია შედარებით ლოიალური იქნება საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს ფუჭი იმედია. აშშ-ს დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები საქართველოში და რა ძალა იქნება ხელისუფლებაში. ივანიშვილი როდესაც საუბრობს საერთაშორისო ვითარების ცვლილებაზე, მას მხედველობაში აქვს არა აშშ-ს პოლიტიკა, არამედ იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს ექნება უპირატესობა, შესაბამისად, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქ გაიმყაროს პოზიციები. თუ პირიქით მოხდება და უკრაინას ექნება უპირატესობა, „ქართული ოცნების“ პოზიციები აქ შეირყევა. ამიტომ არის, რომ აკრიტიკებენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი აგიტატორების მეშვეობით, _ თურმე ზელენსკი როგორი ცუდია და ანგრევინებს უკრაინის ქალაქებს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი გამოვიდა და ლამის სატანას შეადარა ყველა ის, ვისაც ზელენსკი მოსწონს. ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი და სურვილია, რუსეთს ჰქონდეს უპირატესობა, მათ აინტერესებთ საკუთარი ძალაუფლება და არ ადარდებთ ის, რომ ოკუპანტი ქვეყნის გამარჯვება ყველა შემთხვევაში საქართველოს საფრთხეს შეუქმნის.
_ რაც შეეხება პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრს, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საარჩევნო ცენტრი, რას იტყვით არსებულ კონფიგურაციებზე, რამდენად აქვს ოპოზიციას ამ შემადგენლობით გამარჯვების შანსი?
_ ოპოზიციის გამარჯვების შანსი, გარკვეულწილად, გაიზარდა, რადგან მოხდა რამდენიმე გაერთიანება. ისიც მოსალოდნელი იყო, ალბათ, რომ ერთიანი ცენტრი არ შეიქმნებოდა, შექმნილია რამდენიმე ცენტრი. ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აპირებს დამოუკიდებლად მიიღოს არჩევნებზე მონაწილეობა, ეს არის პარტია „გახარია საქართველოსთვის“, თუმცა აღნიშნულ პარტიასაც აქვს შესაბამისი რეიტინგი, რაც კარგად დადასტურდა 2021 წელს გამართულ მუნიციპალური არჩევნების დროს.
_ მაშინ გახარია ახალი წასული იყო პოსტიდან და ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პოპულარობას და მაშინდელი რეიტინგი კიდევ გაჰყვება, როგორ ფიქრობთ?
_ მგონია, რომ კი. „ოცნების“ ბევრმა ყოფილმა მხარდამჭერმა, რომელსაც ასევე არ მოსწონს, ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლებელია რომ მხარი დაუჭიროს მას. გახარიას პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი. ამავე დროს ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ ველზე გაერთიანდა „ლელო“, ანა დოლიძის პარტია და „თავისუფლების მოედანი“, რომელიც შედგება კვალიფიციური პოლიტოლოგებისგან, ექსპერტებისგან. მათაც აქვთ ერთად რეიტინგი. გაერთიანებები უნდა გაგრძელდეს, რომ არც ერთი პარტია, რომელსაც აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა, არ აღმოჩნდეს მარტო. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო გაუჭირდება გამარჯვების მოპოვება. კარგი იქნება, რომ „ევროპული საქართველო“ რომელიმე გაერთიანებასთან ყოფილიყო. შეიძლება მათ რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ ინტელექტუალი ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული და რომ ის არ აღმოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში.
_ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თავად აღნიშნა, რომ მათი შეთავაზების მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკური ცენტრი მათ არ ელაპარაკება. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი, რომ არავინ ცდილობს მათთან გაერთიანებას?
_ ძნელი სათქმელია, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ფაქტია, რომ მას აქვს საფრთხე, ბარიერს მიღმა აღმოჩნდეს და ეს მხოლოდ ამ პარტიას არ დააზარალებს, ხმები მთლიანად პროდასავლურ, შესაბამისად, პროქართულ ოპოზიციას დააკლდება.
_ ამ გათვლებს აზრი შეიძლება ჰქონდეს, თუ სამართლიანი არჩევნები იქნება, მაგრამ რა ვითარება გვაქვს ჩვენ და რამდენად მოსალოდნელია, ეს განწყობები, რაც მოსახლეობაში არსებობს, ადეკვატურად აისახოს არჩევნების შედეგებში?
_ ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად აღმოჩნდება ქართველი ხალხი მზად, რომ დასკვნა გამოიტანოს ამ ყველაფრიდან. 2012 წელს მოტყუვდა ხალხი. გასაგებია, რომ ვიღაც ელოდა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გამოყოფდა თანხებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. კარგად არის ნათქვამი, რომ შესაძლებელია ხალხის მოტყუება გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის მოტყუება მუდმივად. ამიტომაც ახლა ჯერი საქართველოს მოსახლეობაზეა. შეიძლება ადამიანმა ერთელ აიღო 5 კილო კარტოფილი, მაგრამ ახლა სასწორზე მისი და მისი შვილების მომავალი დევს. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკვე გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერა აღარ ჰქონდა. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა შეშფოთებული ივანიშვილი და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ერთ წელში ყველა პრობლემას მოუგვარებდა. ახლაც შეშინებულები არიან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მძიმე ვითარება აქვთ. მეორე მხრივ, განსხვავებით 2020-21 წლებისგან, როცა დასავლეთი მაინც თვალს ხუჭავდა „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, დარღვევებზე, ღიად არიდებდა თავს „ქართული ოცნების“ კრიტიკას, მეტიც, 2020 წელს, როდესაც ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების გამო პარლამენტში არ შევიდოდა, პირიქით, დასავლეთი მოუწოდებდა ოპოზიციას, პარლამენტში შესულიყო, ახლა განსხვავებული ვითარებაა, უკვე ღიად აკრიტიკებენ ივანიშვილის პარტიას. საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, რომ მმართველი ძალა ყველა დაშვებულ და დაუშვებელ ხერხს გამოიყენებს არჩევნების მისატაცებლად, ეს „რუსული კანონიც“ იმიტომ მიიღეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხმა გააჩუმონ და ვიღაცამ აღარ გააკრიტიკოს. თუ ვინმე რამეს იტყვის და მათ დაუპირისპირებენ ამ იარლიყს, რომ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები არიან, ტყუილებს ავრცელებენ და ა. შ. მაგრამ ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა. ძალიან ბევრი ამბობს, რომ კი, „ქართული ოცნება“ ცუდია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ უნდა მივცე ხმა? ვერ აცნობიერებს, რომ თუ არ მიდის არჩევნებზე, ამით ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ციცერონს აქვს კარგად ნათქვამი და შემდეგ უკვე გაიმეორა უინსტონ ჩერჩილმა: „ხშირ შემთხვევაში ცრუ ქმედებაზე უარესია უმოქმედობა“. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეოძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და თავისი არჩევანი გააკეთოს.