- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-27 05:51:51
გიორგი საკარული
ქართულმა ბრენდმა „ხატკომ“ გამოჩენისთანავე სამოდელო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მან სახელი და პოპულარობა მალევე მოიპოვა და თითქმის ყველას სახლში დაიდო ბინა „ხატკოს“ სამოსმა.
გართობით დაწყებული საქმე დიზაინერმა ხათუნა კობახიძემ გააფართოვა და დღეს უკვე საკუთარი საამქრო აქვს. მან ყველა წამყვანი პოდიუმის სცენა დაიპყრო. კონკურენციის მიუხედავად, ის არაფერს უშინდება, რადგან სწორედ „ხატკო“ იყო ის ბრენდი, რომელმაც საქართველოში პირველად შემოიღო სამოსზე ტყავისა და რკინის დეტალები:
„ქრონიკა+“ დიზაინერ ხათუნა კობახიძეს ესაუბრება:
_ ხათუნა, როდესაც ბრენდის წარმოება დაიწყეთ, საკმაოდ ბევრი დიზაინერი გამოჩნდა. არ შეგეშინდათ კონკურენციის?
_ სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად გართობის მიზნით დავიწყე ეს საქმიანობა და არ მიფიქრია, რომ ასეთ დიდ მასშტაბებზე გავიდოდი, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან მოთხოვნადი გახდა ის, რასაც მე ვქმნიდი. სულ თავიდან საყურეებისა და ჩანთების კეთება დავიწყე და პირველივე ნამუშევარი ძალიან უცებ გაიყიდა. შესაბამისად, გაჩნდა მოთხოვნა და ზუსტად ერთ თვეში პეკინზე გავხსენი მაღაზია. რაც შეეხება შიშს, ნამდვილად არ შემშინებია, რადგან მაგ პერიოდში არ იყო იმდენად ბევრი დიზაინერი, რომ მე ეს ნაბიჯები არ ან ვერ გადამედგა. შოურუმზე რომ გავიტანე ჩემი პროდუქცია, მაქსიმუმ 12 დიზაინერი მონაწილეობდა, ყველა სხვადასხვა სტილს ქმნიდა და ერთმანეთისგან განსხვავებულ პროდუქციას ვაკეთებდით.
_ საყურეებიდან და ჩანთებიდან გადახვედით სამოსზე. რატომ?
_ იმიტომ, რომ როდესაც მაღაზია გავხსენი, მხოლოდ საყურეებით და ჩანთებით ვერ შევავსებდი ადგილს, შესაბამისად, გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა სამოსი. ჩემი ხელით ვკერავდი სამოსს ისეთი მასალებისგან, რომელსაც დიდი დამუშავება არ სჭირდებოდა და ტყავის დეტალიბით ვფარავდი რაღაც დეფექტებს. შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ ტყავის დეტალებისგან შექმნილი სამოსი იყო ძალიან გაყიდვადი და ბაზარზე სიახლე. ასე ნელ-ნელა დავიწყე, შემდეგ უკვე ავიყვანე მკერავები და დღეს კი ხედავთ, როგორც ვარ. გავაფართოვე ბიზნესი, მაქვს ჩემი სამკერვალო, სადაც იქმნება ის ბრენდი, რომელიც ასე ძალიან შეიყვარა ყველამ.
_ ტყავის დეტალები იმ პერიოდში და, პრინციპში, დღესაც საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა და პირველი დიზაინერი ხართ, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა. შემდეგ უკვე გამოჩნდნენ მიმბაძველები და დღეს ბევრ სხვა ქართულ ბრენდთან ვნახავთ ტყავისგან გაწყობილ მაისურებს, შარვლებსა თუ კაბებს. ამ ყველაფერმა როგორ იმოქმედა თქვენზე?
_ ამ თემას მეც მინდოდა, რომ შევხებოდი. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბევრი დიზაინერი მბაძავს, რადგან სწორედ ჩემგან გადაიტანეს ეს დეტალები. გული დაგწყდება, ერთი მხრივ, მაგრამ ამას ჩემზე არ უმოქმედია, რადგან პირველი დიზაინერი ვარ, რომელმაც ტყავის დეტალები შემოიტანა ბაზარზე და გარდა ამისა, ჩემი ბრენდი განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენისგან სტილით, ხარისხით, დგომით, ორიგინალურობით, ავანგარდით, არასტანდარტულობით და სწორედ ეს მოსწონს ჩემს მომხმარებელსაც.
_ რა არის ის ნიშა, რითაც დაიმკვიდრეთ თავი მოდის სფეროში?
_ განსხვავებული სტილი და ტყავი, რითაც დავიწყე საქმიანობა, თუმცა ვქმნი და მაქვს კლასიკური ხაზიც, მაგრამ, რატომღაც, უმრავლესობა მოიხმარს იმას, რომელიც ყოველდღიურობისთვის იქმნება.
_ დღეს, ძირითადად, რა არის ხალხის დაკვეთა?
_ როგორც წეღან აღვნიშნე, ვქმნი როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სტილს, ყოველდღიურს და, შესაბამისად, დაკვეთაც არის ყოველდღიური სპორტული და სპორტულ-კლასიკური ერთად.
_ თქვენ ქმნით სამოსს, როგორიც თქვენ გინდათ, თუ ითვალისწინებთ მსოფლიო მოდის ტენდენციებს?
_ ვერ და არ გავაკეთებ იმას, რაც მოდის ტენდენციებშია. ჩემთვის მოდა არის ის, რაც მე მომწონს და შემდეგ უკვე იმას, რომ ხალხი იცვამს. ვაკეთებ და ვქმნი იმას, რასაც მე მოვიხმარ და, პრინციპში, დიზაინერის დანიშნულებაც ესაა, რომ როგორც ის ხედავს, ისე ქმნის თავის სამოსს, შემდეგ უკვე სთავაზობს მომხმარებლებს.
_ რა კატეგორიაზეა თქვენი სამოსი გათვლილი, მხოლოდ თინეიჯერებზე, ახალგაზრდებზე, ხანდაზმულებზე თუ?..
_ აბოსლუტურად ყველასთვის არის გათვლილი, რადგან ნებისმიერი ასაკის ადამიანი გვიკეთავს და ყიდულობს სამოსს. აქვე დავამატებდი იმას, რომ სამოსი იქმნება ნებისმიერი წონის ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ ეცვას განსხვავებულად და ორიგინალურად.
_ ხატკო, თქვენს სამოსში ძირითადად დომინირებს და აქტუალურია შავი ფერი. ეს იმიტომ, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს ეს ფერი და ხალხის დაკვეთაც ასეთია, თუ?
_ ზოგადად, შავ-თეთრი არის ჩემი საყვარელი ფერი. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ მომხმარებლის გემოვნებასაც და ვქმნი ფერად სამოსსაც, თუმცა შოურუმებში არ მაქვს ფერადი სამოსი. იქ ძირითადად შავ-თეთრია, თუმცა მომხმარებელს რაც უნდა, ვაკეთებთ იმას. ერთი პერიოდი გავაკეთე ფერადი სამოსი, მაგრამ შემდეგ უკვე აქციაში გავუშვი, შესაბამისად, ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც შავ-თეთრ სამოსზეა.
_ გადახალისება სჭირდება როგორც პირად გარდერობს, ისე იმ კოლექციას, რომელსაც ქმნით. გაქვთ ინსპირაციის წყარო, რისი მეშვეობითაც ხელმძღვანელობთ და იგონებთ ახალ-ახალ ლუქებს?
_ ძალიან ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენებების გაკეთება და ძირითადად იქ ყოფნისას მომდის ბევრი იდეა, შემდეგ უკვე ვახორციელებ. ექსტრემალური სიტუაციები მიყვარს და ამ დროსაც ბევრი იდეა მომდის. რომ დავდგე და ვიფიქრო, თუ რა შევქმნა, ასე ნამდვილად არ ვარ. უცებ მომდის იდეები და მაშინვე ვაკეთებ კოლექციას.
_ წელს თბილისის მოდის კვირეულზე პირველად მიიღეთ მონაწილეობა. რა თემატიკაზე გააკეთეთ კოლექცია და როგორი მოწონება დაიმსახურამან?
_ ეკატერინე მგალობლიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ატარებდა თბილისის მოდის კვირეულს და დავთანხმდი, თუმცა იმ პერიოდში ოპერაცია გავიკეთე და დროში ვიყავი შეზღუდული, მაგრამ წარმოუდგენლად მალე, ზუსტად ოთხ დღეში შევქმენი 16 ლუქი. თემა თავისუფალი, სპორტულ-კლასიკური სტილი მქონდა წარდგენილი და კოსტიუმები ძირითადად შავ-ოქროსფერში გადავწყვიტე. ზოგადად, ოქროსფერი ჩემი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩვენებამ კარგად ჩაიარა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
_ აღსანიშნავია, რომ თქვენი კოლექცია გავიდა ნიუ-იორკის ფეშენ ვიკზე...
_ დიახ, ორჯერ მქონდა ნიუ-იორკში ჩვენება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დიდი მოწონება დაიმსახურა და მანჰეტენზე დაიტოვეს ერთ-ერთ მაღაზიაში ჩემი კოლექცია. ბრენდი „ხატკო“ უკვე იყიდება ამერიკაში და აქტიური თანამშრომლობა მაქვს თბილისიდან. გარდა ამისა, ექსკლუზიურად პირველად თქვენ გეტყვით: მოგეხსენებათ, პარიზი მოდის ქვეყანაა და ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩვენი ქართული ბრენდი ყოფილიყო საფრანგეთში. დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში პარიზში გაიხსნება ქართული ბრენდის „ხატკოს“ მაღაზია. ამაზე უკვე აქტიურად მაქვს დაწყებული მუშაობა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
_ ქართული ბრენდი „ხატკო“ დღეს ძალიან პოპულარულია. ის აცვია ბევრ ცნობილ ადამიანს, მრავალი მათგანი მოდის და სხვადასხვა გადაცემისთვის გთხოვს, რომ შემოსოთ ისინი. რამდენად პრეტენზიულები არიან ჩაცმის მხრივ? თუ რასაც თქვენ აწვდით ან ურჩევთ, იმას იცვამენ და სრულიად გენდობიან?
_ ამდენი ხის მანძილზე პრეტენზია ჯერ არავის გამოუთქვამს, პირიქით, მეუბნებიან, რომ შენ რასაც გვირჩევ, იმას ჩავიცვამთო. სიმართლე გითხრათ, მეც არ მიყვარს ხოლმე, ვინმე რომ ერევა ჩემს საქმეში. როცა ადამიანს დავინახავ, ზუსტად ვიცი, რა მოუხდება, შესაბამისად, ჩემთან პრეტენზია ნამდვილად არ გამოუთქვამს არავის.
_ სამი რამ, რაც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ჩაცმის დროს?
_ პირველ რიგში, უნდა იყოს კომფორტულად, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კომფორტულ სამოსს ვატარებ; მეორე _ აუცილებლად უნდა გიხდებოდეს და მესამე _ უნდა იყოს შენს სტილზე მორგებული.
_ დაბოლოს, ამჯერად თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე და, ზოგადად, რა გეგმები გაქვთ?
_ ერთ თვეში დავიწყებ უკვე ახალ კოლექციაზე მუშაობას და სექტემბერში გამოვუშვებ. ზემოთ აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი მიმბაძველი მყავს ამ სფეროში, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს პირველ ხაზზე, რომელიც იყო ტყავით და რკინებით გაფორმებული, უნდა შეიცვალოს ფასები, ანუ დაიწიოს და ახალი კოლექცია გახდება პირველი ხაზი, რომლის ფასიც იქნება მაღალი. რადგან შეიქმნა ექსკლუზიური ლუქები, ეს ხაზი, რომელიც მაქვს დღეს, მისი ფასი დაიწევს და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. ძალიან ბევრს აცვია უკვე ჩემს სტილში და მირჩევნია, ჩემი სამოსი ეცვას ხალხს. ვისაც პრეტენზია აქვს, რომ მხოლოდ მას ეცვას და სხვას არავის, მათთვის შეიქმნება ცალკე ხაზი, რომლის ფასიც შესაბამისად იქნება განსხვავებული.