- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-27 05:06:49
გიგა გელხვიიძე
„2024 წლიდან მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და ზევით“, – ეს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში, პრემიერის ანგარიშის წარდგენის დროს თქვა, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს დაპირება ისევე გაქრა, როგორც პრემიერ-მინისტრის სავარძელი თავად ღარიბაშვილითურთ.
დაპირება იმის თაობაზე, რომ სკოლის მასწავლებლების ხელფასები უნდა გაზრდილიყო, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მმართველობისას შესრულდა და არც შესრულდა.
რამდენიმე დღის წინ საჯარო სკოლებში ხელფასების ზრდის ახალი სქემები მივიდა, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლების ხელფასების ზრდისთვის მთავარი გახდა გაკვეთილების ოდენობა.
აღნიშნული სქემის მიხედვით, სკოლაში გაჩნდნენ ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც ხელფასი მომატების ნაცვლად, შეუმცირდათ.
ხელფასებთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ის გარემოებაც, რომ მასწავლებლის ფინანსური კეთილდღეობის ზრდისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ მიენიჭება სერტიფიცირებას, რომლისთვისაც პედაგოგებმა ძალიან დიდი შრომა, გონებრივი თუ ფიზიკური რესურსი გაიღეს, ინგლისურისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ცოდნას, შესაბამისად, მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლების წოდებების მიხედვით არსებული დანამატები, უბრალოდ, გაქრა.
სანამ აღნიშნული საკითხის შესახებ რესპონდენტებთან საუბარზე გადავალთ, მკითხველს იმ სქემას გავაცნობთ, რომელიც გიორგი ამილახვრის უწყებამ შეიმუშავა.
იმისთვის, რომ ახალი სქემის მიხედვით მასწავლებელმა ზუსტად გამოთვალოს საკუთარი ხელფასი, აუცილებლად კარგად უნდა ერკვეოდეს მათემატიკაში, რომ სწორი მიმართულებით დააჯამოს, გაყოს, გაამრავლოს, შეკრიბოს და საბოლოო ჯამი გამოიყვანოს.
მაშ, ასე! _ ახლი სქემის მიხედვით, მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება: განათლებისა და კვალიფიკაციის; სამუშაო სტაჟის; დატვირთვისა და სხვა გარემოებების მიხედვით.
საჯარო სკოლის მასწავლებლის ხელფასი ერთ გაკვეთილში 93 ლარიდან 103 ლარამდე იმერყევებს და ესეც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის საათობრივი დატვირთვა აქვს მას სკოლაში.
აღნიშნულის მიხედვით ყველაზე კარგ მდგომარეობაში არის ის პედაგოგი, რომელსაც 15 და მეტ საგაკვეთილო საათს ატარებს კვირის მანძილზე, აქვს კვალიფიკაცია და კარგი სტაჟი.
სტაჟის ათვლა 5 წლიდან იწყება და სახელფასო დანამატიც ამის მიხედვით განისაზღვრება, უფრო ნაკლები სტაჟის მქონე მასწავლებელი კი მხოლოდ საათობრივი ოდენობის ან რაიმე სხვა (მაგალითად, კლასის დამრიგებლობა) სახის დანამატით უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სამუშაო სტაჟს, მისი ქონაც და არქონაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, რადგანაც წლების მანძილზე სკოლაში დაგროვილი ცოდნა და გამოცილება, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია იმ ცოდნისგან, რასაც პედაგოგებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდში აძლევდნენ, 15, 30 ან 45 ლარით ფასდება, იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი კვალიფიკაციის მიხედვით მაგისტრი ან დოქტორანტია, ცალკე განსაზღვრული დანამატია.
სამუშაო გამოცდილების მიხედვით, სახელფასო დანამატი ასე გამოიყურება:
5 წლამდე სტაჟი _ 15 ლარი;
5-დან 10 წლამდე სტაჟი _ 30 ლარი;
10 წელზე მეტი სტაჟის მქონეს მასწავლებელს _ 45 ლარი.
რაც შეეხება განათლებასა და კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში სახელფასო დანამატი ასე ნაწილდება:
ბაკალავრის სტატუსის მქონე მასწავლებელს _ 20 ლარი;
მაგისტრის სტატუსის მქონე მასწავლებელს _ 40 ლარი;
დოქტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს _ 100 ლარი.
ამ ვარიანტებიდან საუკეთესო ვარიანტი რომ შევარჩიოთ (15 საათი, 10 წელზე მეტი სტაჟი და საგანმანათლებლო კვალიფიკაცია დოქტორანტი), ერთი თვის ხელფასი ასე გამოიყურება _ 1695 ლარი დარიცხვით, ხოლო ხელზე აიღებს 1322 ლარს, ვინაიდან 22% (საშემოსავლო 20% + 2% საპენსიო) აკლდება.
შესაბამისად, ამ გამოთვლით, ირაკლი კობახიძის წინამორბედისა და „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზი მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის მართლდება, რომლებსაც კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე მეტი, 15 წელზე მეტი სტაჟი და, სულ მცირე, სამაგისტრო ხარისხი აქვთ, ასეთებს კი დღევანდელ სასკოლო რეალობაში ბევრს ვერ წააწყდებით.
რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებსაც კვირის მანძილზე 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, მათი ხელფასი „პროპორციულობის“ წესით გაიზრდება. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის კი, აი, ასე: თუ მასწავლებელს აქვს 5-დან 10 წლამდე მუშაობის გამოცდილება და კვირაში 3 საგაკვეთილო საათი, მისი სტაჟისა და საათობრივი რაოდენობის მიხედვით ხელფასი ამ ფორმულით განისაზღვრება (30/15*3-22%).
ახალი სახელფასო სქემის მიხედვით, 12,5 ლარით არის გაზრდილი კლასის დამრიგებლის ხელფასი, რაც ჯამურად 101,25 ლარს შეადგენს.
ცვლილებები არის ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა პედაგოგებზე: ისინი ახალი სახელფასო სქემის მიხედვით, ერთი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში, 1344 (ხელზე 1048,32) ლარს მიიღებენ, ხოლო ხუთი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში 1790 (ხელზე 1 396,2) ლარს, შესაბამისად ღარიბაშვილის დაპირება არც ამ შემთხვევაში სრულდება.
მასწავლებლების ახალი სახელფასო სქემისა და ზოგადად განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ „ქრონიკა+“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელ ნანა ტოხვაძეს ესაუბრა:
_ ქალბატონო ნანა, უკვე დიდი ხანია მუშაობთ პედაგოგების საკითხებზე და იკვლევთ იმას, რაც ხდება საგანმანათლებლო სისტემაში. ახალ სახელფასო სქემაში უკვე აღარ არის გათვალისწინებული ის წოდებები, რომელსაც მასწავლებელი დიდი შრომის, გონებრივი და ფიზიკური რესურსის ხარჯვის შედეგად იღებდა, აღარ ითვალისწინებენ სერტიფიცირებას, კომპიუტერისა და უცხო ენის ცოდნას. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს იმის ფონზე, რომ ირაკლი კობახიძის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს, დაანონსებული ჰქონდა მასწავლებლების ხელფასების ზრდა 1700-დან 1800 ლარამდე?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, არ გამკვირვებია _ როდესაც გაჟღერდა მატყუარა ხელისუფლების მხრიდან მესიჯი, რომ მასწავლებლების ხელფასები უპრეცედენტოდ გაიზრდება, ყველაფერი გასაგები იყო, რადგანაც ტყუილი დაპირებები და სიცრუე „ქართული ოცნებისგან“ აღარ გვიკვირს და ცხადია, მყისიერად გავავრცელე განცხადებაც, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და ერთგვარი დროის მოგების პრინციპი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო გასული წლის ნოემბერში, როდესაც მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა, როგორც პოზიტიური მესიჯი თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და იანვრიდან ის 125-ლარიანი მატება, რომელიც სამთავრობო პროგრამით გარანტირებული ჰქონდათ მასწავლებლებს, შეაჩერეს და მათ ერთგვარი დალოდების რეჟიმში ამყოფებდნენ ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა ძალიან ბევრი მოთხოვნა, რომ გაემხილათ ახალი ფორმულის შინაარსი, თუ რა მიდგომები ჰქონდათ მასწავლებლებთან დაკავშირებით. ყველაზე სამწუხარო გახლავთ ის, რომ ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია, უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმაში, რომ მასწავლებლების გადამზადება, მათ კვალიფიკაციაზე ზრუნვა განხორციელებულიყო, მათ ყველა პირობა შეუსრულეს სახელმწიფოს: ჩააბარეს გამოცდები, შეადგინეს პორტფოლიოები, ატვირთეს ეს ყველაფერი და გაიარეს შიდა და გარე დაკვირვებები იმისთვის, რომ მიეღწიათ ამ სტატუსისთვის და შესაბამისად ანაზღაურებისთვის, თუმცა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არანაირ პროფესიულ წინსვლას, არანაირ ხარისხს, არანაირ მასწავლებლის განვითარებას ამ ხელისუფლებისთვის არ აქვს აზრი. ისინი მასწავლებლებს აღიქვამენ მორჩილ ფენად და სეგმენტად, როდესაც საკუთარი ნება-სურვილისა და პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით მასწავლებლების ბედს გადაწყვეტენ. ყველაზე სამწუხარო კიდევ ერთი ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა მასწავლებლების რეპუტაციის გაცამტვერება და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, მათი ურთიერთდაპირისპირება, რადგანაც სტატუსები და სქემის შემოთავაზება ბოლო წლებში გადაიქცა ურთიერთ კონკურენციისა და მასწავლებლების დაპირისპირების საგნად. ეს არის ერთგვარი გათიშე და იბატონეს პრინციპი, რომელშიც „ქართული ოცნება“ დახელოვნდა და ძალიან ჰგავს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლისკენაც ის მიისწრაფის და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რუსეთს. ჩემი ნიუსფიდი გადაივსო გაწბილებული მასწავლებლების პოსტებით, ცხადია, ბევრ მათგანს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს დაპირებები არ შესრულდებოდა და ამ ფონზე ნაწილს არ გაჰკვირვებია, თუმცა არის ძალიან დიდი გულისწყვეტა იმ სერტიფიცირების, გამოცდების ჩაბარების თუ ხანგრძლივი წვალების შემდეგ. ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ გაუარესებული სოციალური მდგომარეობის, ფასების კატასტროფულად ზრდის ფონზე, მათი ხელფასი არათუ 500, 800 ან 900 ლარით გაზრდოდათ, არამედ ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ნაწილ მათგანს მხოლოდ 120 და 170 ლარით ეზრდება, ხოლო ნაწილს იმდენიც არ ექნება, რაც ჰქონდა წინა გათვლებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული მათი ხელფასები იგივე ოდენობის ან შეიძლება უფრო მცირეც იყოს.
აქაც გვაქვს ერთი უსამართლობა: უფრო დიდი სეგმენტის გულის მოსაგებად (უფროსი მასწავლებლები არიან ყველაზე დიდი რაოდენობით პედაგოგიურ კორპუსში), მათი ხელფასები გაიზარდა ყველაზე მეტად იმ დაწინაურებული და მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასის ჩამოკლების ხარჯზე. პროპორციულად მათი კვალიფიკაციისა და სტატუსის მიხედვით არ მოხდა სახელფასო პროცესის წარმართვა.
_ თქვენ ახსენეთ ერთგვარ დაპირისპირებამდე მიიყვანა პედაგოგები სტატუსებმაო. ის, რაც ახლა ხდება, სახელფასო გადანაწილება ხომ არ წარმოშობს ახალ დაპირისპირებას პედაგოგებში?
_ ცხადია და ესეც არის კიდევ ერთი ნაბიჯი. ანუ რას ვხედავთ ამ 12 წლის განმავლობაში, რომ შევაჯამოთ: „ქართული ოცნება“ განათლების სისტემაში, ასევე მთელი ქვეყნისთვის იქცა მოღალატე, კორუფციონერ და რეგრესზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალად. განათლების სისტემაშიც ზუსტად იგივე ფორმულით მოქმედებენ. განათლების ხარისხის უკუსვლა, მასწავლებლების რეპუტაციისა და მათი სამუშაო პირობების გაუარესება და მუდმივი ტყუილები და რეფორმებად შეფუთვა იმისა, რაც რეალურად არის სიცრუე. ეს მოხდა განათლებაში, ეს მოხდა მასწავლებელთა პროფესიაში და მოხდა ზოგადად სასკოლო განათლებაში, ისევე როგორც დირექტორთა არჩევის წესი არის თვალში ნაცრის შეყრა, როდესაც არჩევნების ნაცვლად პოლიტიკური სარჩულით ინიშნებიან და სკოლები დღემდე ბოლო ოთხი წელია, არიან უდირექტოროდ ან დირექტორად წარდგენილი ჰყავთ არჩევნებზე ხმების მომტანი და რესურსიანი მხარდამჭერები, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამტარებლები, ამიტომ ხელისუფლების შეცვლა და რეალურად პროდასავლური, განვითარებული კურსის არჩევა არის ერთადერთი გამოსავალი როგორც ქვეყნისთვის, ასევე განათლებაში ჩართული ადამიანებისთვის.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ სტაჟთან დაკავშირებით: სკოლაში მუშაობის სტაჟის დაგროვება არ არის მარტივი, ვინაიდან საკმაოდ ბევრ სიძნელესთან არის დაკავშირებული, თუნდაც იმ რეფორმების გაყოლასთან, რომელზეც საუბარი გვქონდა და რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ფორმებით არის წარმოდგენილი. 15-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელზე მომატებული 45 ლარი, თუნდაც, არის თუ არა ერთგვარი დაცინვა და გათელვა იმ საფეხურების, რაც ამ კონკრეტულმა მასწავლებელმა 15 წლის განმავლობაში გაიარა?
_ ორ საკითხს მინდა, გავუსვა ხაზი: 1. მასწავლებლების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მათი შრომის ანაზღაურება რის ევროპული სტანდარტი და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში რაც უფრო მაღალია მასწავლებლის გამოცდილება და სამუშაო სტაჟი, მათი ხელფასი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე დამწყები მასწავლებლის. ევროპულ სტანდარტებს რომ აღარ მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება, ეს უკვე გასაგებია და მას სხვა ამოცანები და მიზნები აქვს განათლებასთან და მასწავლებლებთან დაკავშირებით _ ეს არის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი და ხმების მობილიზების და არა განათლების ხარისხზე ორიენტირების; 2. ეს ნაბიჯი მომავალ თაობებსა და კადრებს, რომლებსაც სურვილი ექნებოდათ, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სკოლაში დაეხარჯათ და გამხდარიყვნენ მასწავლებლები, პირდაპირ უკეტავს კარს და უკლავს მასწავლებლობის სურვილს, რადგანაც ცხადი გახდა, რომ არანაირი ძალისხმევა, კვალიფიკაცია და გამოცდილება სასკოლო განათლებაში აღარ ფასობს და შესაბამისად აღარ ფასობს მასწავლებლობაც. ეს არის ძალიან დამაზიანებელი და მოღალატეობრივი ნაბიჯი და არათუ ახალი კადრების შედინება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სასკოლო განათლებას გაჯანსაღებისთვის, ეჭვი მაქვს, რომ მასწავლებლების უმრავლესობა უარს იტყვის საკუთარ პროფესიაზე და როგორც კი შანსი მიეცემა, აუცილებლად იპოვის სხვა გზას. შეიძლება დავდგეთ იმ პრობლემის წინაშე, როდესაც სკოლებში აღარ გვეყოლება საჭირო პროფესიული კადრები და მასწავლებლები.
„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა თავად პედაგოგებსაც, რომლებმაც, ფაქტობრივად, დეტალურად ახსნეს, თუ რა მდგომარეობა შექმნა სკოლაში ახალმა სახელფასო სქემამ. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ ახალი სახელფასო სქემა წინასაარჩევნოდ, მასწავლებელთა მოსასყიდად შემოიღო, რითაც თავადვე მასწავლებლები დაზარალდნენ.
ირმა გორდელაძე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:
_ ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, შევაფასოთ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ახალი სახელფასო სქემა.
_ მორალურად გაკოტრებულმა „ქართულმა ოცნებამ“ მასწავლებლებს წინასაარჩევნო ტრიუკი შესთავაზა. ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლება მასწავლებლებს უყურებს, როგორც ადვილად მოსატყუებელ ფენას და ასეც არის. ეს ქმედებები არის ნეოავტორიტარიზმის სახე, ანუ პირველის ეშინია და თრგუნავს, მეორე მისი საყრდენია. ეს არის მოკლე შეფასება.
ახლა გადავიდეთ სიღრმისეულ ნაწილზე. როდესაც სტატუსების, ანუ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სქემის შემუშავება დაიწყო რამდენიმე წლის წინათ სამინისტრომ, ამისთვის ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა, პლუს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების უზარმაზარი თანხა. ეს თანხა მოხმარდა გამოცდებს, დატრენინგებას, როგორც ტრენერების ასევე პედაგოგების, შიდა დაკვირვებას, გარე დაკვირვებას. მილიონები დაიხარჯა ამაში. თავიდან, როდესაც ეს სქემა დაიწყო, მასწავლებლებმა გამოვთქვით პროტესტი, რომ ნუ დაგვაფასებთ „ასაწონი ფქვილივით“ (იცინის) მასწავლებლებს, თავიდანვე გვქონდა ეს პროტესტი, მაგრამ ვინ დაგვიჯერა. 30 წელია, სკოლაში ვმუშაობ: ხან „ირმის ნახტომია“, ხან „კატეა“ და ხანაც კიდევ რაღაც უბედურება და ავყევით, ბატონო, პურის ფულია ეს ჩვენთვის და გავიარეთ ეს გამოწვევები. ყველა გახდა უფროსი მასწავლებელი და ძალიან ცოტა გახდა წამყვანი და მენტორი მასწავლებელი, რადგანაც ამას ძალიან ბევრი მუშაობა და უნარი სჭირდება. ახლა კი გადაწყვიტეს, სხვა მეთოდებით მიუდგნენ ყველაფერს. ფულის მომატება რეალურად არ უნდათ, რადგანაც რაც უფრო ნამცეც-ნამცეც გადაუგდებენ მასწავლებლებს, ეს მათთვის უკეთესია, რადგანაც თუ „გააძღე“, გამძღარს უკვე ვეღარ დაიმორჩილებ. ნამცეც-ნამცეც გვიგდებენ, აბა, მატება რომ ყოფილიყო და ამის სურვილი ჰქონოდათ და განათლების სისტემის კეთილდღეობა, მაშინ იანვრიდან მოუმატებდნენ. იანვრის მერე ითვალეს და 65-66000 მასწავლებელია ხომ? აქედან დაახლოებით ალბათ 5-6000 იქნება მენტორი და წამყვანი და უმრავლესობა არის უფროსი მასწავლებელი, ახლა ამათ (ოცნებამ) სათავისოდ კი იციან ანგარიში, მაგრამ ფულის გაცემა არ უნდათ და მოიფიქრეს ასეთი რაღაც, რომ დააკნინეს სტატუსი. ვითომ გაზარდეს ხელფასი, ანუ იმ უფროს მასწავლებლებს, ანუ უმრავლესობას გაუზარდეს ხელფასი და ღმერთმა შეარგოთ ეს ხელფასები მათ... მაგრამ, მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა ხელისუფლების მისამართით, _ მაშინ რაში დახარჯეს ეს ათეულობით მილიონი ლარი? ანუ ტყუილად გადაყრილი გამოდის, ხომ? უმცირესობაში ვინც ვართ, სტატუსის მიხედვით მომატებული თანხა გაანახევრეს და ამის ხარჯზე გაიზარდა ხელფასი. ახლა ფიქრობენ სქემის შეცვლას, კიდევ ახალ სქემას შემოგვთავაზებენ რაიმეს (სავარაუდოდ სტატუსთან დაკავშირებით), სავარაუდოდ, შემოდგომაზე და საერთოდ ძალიან დიდ არეულობას შემოიტანენ დამატებით. თუ ეს ადამიანები დარჩნენ ხელისუფლებაში, ეს არის ზუსტად რუსული სცენარი, ვითომ პატრიოტიზმზე, ვითომ ეროვნულობაზე აპელირება და საერთოდ თავდაყირა დააყენებენ საგანმანათლებლო პროგრამას და ყველაფერს ნაღდსა და ეროვნულს მართლაც ამოიღებენ და შეეცდებიან გადაწერონ.
_ მასწავლებლები არ არიან დაპროგრამებული რობოტები, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, აქვთ თავიანთი განცდები და რეაქციები. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, ამ გაურკვევლობისა და დაძაბულობის ფონზე ეს ყველაფერი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენას ხომ არ იქონიებს?
_ არავინ ფიქრობს განათლების სისტემის მოწესრიგებაზე, ბავშვზე, აქ მთავარი მოტივაცია ე. წ. წინასაარჩევნო ვითომ ხელფასის მომატებისა არის ქულების დაწერა, რომ კიდევ ჰქონდეთ გარანტირებულად მასწავლებლების ხმა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არც ის უმცირესობაში მყოფი მასწავლებლები და არც ის უმრავლესობაში მყოფების ნახევარი, მაგათთვის ხმის მიმცემი არ არის. ვინც ნორმალურად აზროვნებს, იციან მასწავლებლებმა რა კატასტროფისკენ მიჰყავთ ქვეყანა და რომ ცივილიზებულ, ევროპულ მომავალზე ზურგის შექცევის მომენტია, რაც არის კატასტროფა. დაპირისპირებას არ ველოდებით, ჩვენ კოლექტივი ვართ სკოლაში და ამის გამო ერთმანეთს არ ვუპირისპირდებით, ამ პროცესებს ვუყურებთ უფრო გლობალურად და მათი ჭკუით ახლა ახალ სქემას შემოგვთავაზებენ სექტემბერ-ოქტომბრიდან, როგორც აქამდე ხდებოდა. 12 მინისტრი გამოვიცვალე ამ ხნის განმავლობაში, სამი ხელისუფლება და ალბათ სამი თუ ოთხი სქემა, ყველა გამოწვევას გაუძლო მასწავლებელმა, მაგრამ ხელში რა გვაქვს? ხელში გვაქვს წყალში ჩაყრილი მილიონები, ათეულობით მილიონი და აქეთ-იქით, რომ დარბოდნენ ვიზიტებზე და „ბიბინებდნენ“ ეს სამინისტროს წარმომადგენლები და საბოლოოდ ხელში გვაქვს განათლების დაბალი დონე. რაც არის იმასაც ძირს გამოუთხრიან და ეროვნულობასაც მოსპობენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი რეფორმა არ იყო გათვლილი მოსწავლის მოტივაციაზე, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ის ფული მოსწავლეებისთვის მოეხმარებინათ, ლაბორატორიები რომ არ აქვთ ქიმიის, ფიზიკის, ფიზკულტურის დარბაზები რომ არ აქვთ. USIDE-ს დახმარებით მოვახერხე ის, რომ პროექტორი გვქონოდა სამოქალაქო განათლების ოთახში, რათა გამოეყენებინათ ბავშვებს, მასწავლებლები ვცდილობთ, ჩვენით რაღაც მოტივაცია შევქმნათ, არავის აინტერესებს განათლება, რადგანაც განათლებულ თაობას ვერ მართავ და ვისაც მართავ, მათზე კი მოქმედებს პროპაგანდა.
_ რამდენადაც ვიცი, იმყოფებოდით ამერიკაში. როგორია ამერიკული სწავლების სისტემა?
_ ამერიკაში ყოფნის დროს დავინტერესდით ამ საკითხებით, ვესაუბრეთ პედაგოგებს, ექვსს საჯარო სკოლაში ვიყავით. მათი განათლების სისტემასაც გავეცანით, მათი კათედრების მუშაობასაც. რა იყო მსგავსება, განსხვავება ჩვენსა და მათ სასწავლო პროცესს შორის? იყო მსგავსებებიც და განსხვავებებიც. იქ რეალურად მუშაობს კათედრები და არა ისე, როგორც აქ, ზეპირად. ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც დავესწარით. მე რომ იქ ვნახე სკოლები და რესურსები ბავშვების, კი შემეცოდა ჩვენი ბავშვები. შემდგომ ვეცადე ახლებურად მომეწყო ჩვენი საკლასო ოთახი და დამეხმარა სკოლის ადმინისტრაცია. ყველაფერს ვცდილობთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ელემენტარული დაინტერესება, გასაქანი და საჭირო ინვენტარი. ზოგადად შრომის გაკვეთილია თუ ქიმია, ფიზიკა, როგორი რესურსები აქვთ ამერიკაში, უნდა ნახოთ. წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა და რამდენად არიან ჩვენი ბავშვები დაჩაგრული ამ მხრივ და კარგი იქნება, რომ ამიკენ იყოს რესურსები მიმართული. ყველამ იცის, რომ ნებისმიერი მთავრობა ცდილობს სკოლების პოლიტიზებას, არა მარტო ხელფასის მომატება, სკოლის დირექტორებად არიან „ოცნების“ აქტივისტები ძირითადად და განათლების რესურსცენტრების ხელმძღვანელებადაც ისეთ კადრებს უშვებენ, გამოცდილს, წარმატებულს, რომ მთელი მობილიზება აქვთ განათლების სისტემის, რომ როგორც ბაღის მასწავლებლები, ასევე მობილიზებულები ჰყავდეთ სკოლის დირექტორებიც. მათი იმედი აქვთ კოორდინატორებად და აგიტატორებად და მთელი ამბებია. აი, ეს ყველაფერი ახლა წარმოიდგინეთ, არის თუ არა პირდაპირი მოსყიდვა? ივლისში უმატებ ხელფასს, როდესაც ოქტომბერში გაქვს არჩევნები, ხომ პირდაპირი მოსყიდვაა? თუ ხელფასის ნამდვილი მატება უნდოდა, იანვარში მოემატებინა და ის ცალკე აფერა იყო, რაც ღარიბაშვილმა თქვა. ითვალეს, ითვალეს და ისე გააკეთეს, რომ ნამცეცები მიუგდეს მასწავლებლებს, თორემ რა მატებაზეა საუბარი, როდესაც ცეცხლის ფასი აქვს მედიკამენტებიდან დაწყებული, პროდუქტით დასრულებული ყველაფერს! აბსოლუტურად არაფერი მატება არ გამოდის და კვალავ ისმის კითხვა, _ სად გადაიყარა ის ათეულობით მილიონი? რა საჭირო იყო ის სქემა? დადონ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ, სად დახარჯეს ფული, თუ მაინც უნდა შეეცვალათ სქემა!
_ რას ეტყოდით ამ გადმოსახედიდან იმ მასწავლებლებს, რომლებმაც, ნებით თუ ძალდატანებით, 29 აპრილს ტაში დაუკრეს რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსულ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს? რა გაუკეთა ახალი სახელფასო სქემით მათ „ქართულმა ოცნებამ“?
_ ზოგადად, საბჭოური დროიდანაც მოდის მასწავლებლების დაშინება და ინტელიგენცია გააქრეს. დასცინიან მასწავლებლებს და ეუბნებიან, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გაგაკეთებინებთო. არ უყურებენ სერიოზულად, არ უყურებენ როგორც ინტელიგენციას, რადგანაც ინტელიგენცია არის მოაზროვნე, მას აქვს პროტესტი, თუ რაიმე ხდება ქვეყანაში სახელმწიფოებრიობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, პროგრესის საწინააღმდეგო, ამ ყველაფრის წინააღმდეგ აზრს გამოთქვამს. ამ შემთხვევაში ეს არ აქვს უმრავლესობას და დასცინიან: აბა, მასწავლებლებო, აბა, დამწკრივდით ახლა საარჩევნოდ აგიტატორებად და კოორდინატორებად. სანამ ამას მასწავლებლების ის კატეგორია მიხვდება, კი დაგვექცა ქვეყანა თავზე. ასე რომ, გამოსავალი არის ერთი, რომ ეს ხელისუფლება უმრავლესობით არ უნდა მოვიდეს და ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.
ლადო აფხაზავა _ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი:
_ ბატონო ლადო, როგორი იყო თქვენი მოლოდინი ხელფასების მატებასთან დაკავშირებით და რამდენად გამართლდა ის ახალი სახელფასო სქემით?
_ მოლოდინები ბევრი იყო, მე პირადად მოლოდინი არაფრის არ მქონდა, ძალიან ჩუმად ვიყავი და ჩემი მოლოდინები, რომ ამ ყველაფერს გააკეთებდნენ ერთმანეთის ხარჯზე, ეს გამართლდა. როდესაც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ რამდენიმე მილიონი ლარი დაემატა, არანაირი მილიონობით ლარი არ ჩაუდევთ ამ ყველაფერში. მენტორებსა და წამყვანებს მოაკლეს, გაუუქმეს სტატუსები, 1400-დან 1000-დან ჩამოიყვანეს 300-ზე და 150 ლარზე დანამატები და ამის ხარჯზე გაეზარდა უფროს მასწავლებლებს ხელფასები. კი ბატონო, ძალიან კარგია ჩემს თანამშრომლებს თუ ხელფასი გაეზრდება, მაგრამ ეს უნდა გაეზარდოს ხელისუფლების კეთილი ნებით, მათი ეკონომიკური ზრდით და არა ერთი ადამიანის განადგურებით და მეორის წახალისებით, ასე არ ფასდება პედაგოგთა პროფესია. პედაგოგიური პროფესიის პოპულარიზაცია კი არა, საშინელება გააკეთეს. აქამდე რაც მასწავლებლის პოპულარიზაცია გაწიეს, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. არცერთი ახალგაზრდა აღარ იფიქრებს მასწავლებლობაზე. კი ბატონო, მაღალი იყო ხელფასი მენტორის, წამყვანის, თუნდაც უფროსის დანამატიც და ეს დიდი სტიმული გახლდათ, მაგრამ როდესაც საათობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანეს და ხალხს, რომლებმაც სამი-ოთხი წელი შეალიეს კარიერულ წინსვლას, რომ ისინი გამხდარიყვნენ, მენტორები, წამყვანები, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს, საგანმანათლებლო ძალიან მაღალი დონის აქტივობები ჩაატარეს, ყველაფერი მოუხსნეს. ერთ-ერთ ჩემს კოლეგას ვეუბნებოდი, _ ნასაში რომ გაუშვებ მოსწავლეს და ასეთ დიდ კონკურსებს რომ მოიგებ და მენტორი რომ ხარ, ამის ფონზე კი უცებ გიუქმებენ ამ წოდებას და შენი თანამშრომელი, რომელიც უფროსი მასწავლებელია, რომელმაც ვერ მოიცალა, ვთქვათ, რაღაც სხვადასხვა აქტივობისთვის, იმას რომ მოემატება ხელფასი და შენ რომ დაგაკლდება, ეს ცოტა არ იყოს, უხერხულია, თორემ ჩვენ, პირიქით გვიხარია, კოლეგების წინსვლა და ხელფასების მატება... ყველაფერში მაინც პოლიტიკა იკვეთება. რესურსცენტრებს შეუჩერეს სტატუსი და აღარ არიან მოქმედები, ანუ არიან მოვალეობის შემსრულებლები, ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ უკვე რესურსცენტრები ამით გააფრთხილეს, რომ თუ ხალხის მობილიზებას მოახერხებენ არჩევნების პერიოდში, ისევ იქნება რესურსცენტრის ხელმძღვანელი. საოცარი ახალგაზრდები, თანამედროვე ტიპის ლიდერი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე გავიდნენ, დირექტორობის სერტიფიკატი არცერთს არ მისცეს, რატომ? იმიტომ, რომ თუ ითანამშრომლებენ წინასაარჩევნოდ, ხალხის მობილიზებას შეძლებენ და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში სერტიფიკატებს მიიღებენ. ასეთი დათქმებით განათლების სისტემა წინ ვერ წავა ვერასოდეს. გინდა თუ არა ვამბობთ, რომ პოლიტიზებული არ არის განათლების სისტემაო, რეალურად კი პოლიტიზებულია და წინ ვერ წავალთ ვერასოდეს. ამიტომაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე არავინ ფიქრობს. ნახეთ, რა მოხდა? ხელისუფლებამ ფსონი დადო უფროს მასწავლებლებზე, რომლებიც ათასობით და ათი ათასობით არის, ხოლო მენტორი და წამყვანი მასწავლებელი ცოტაა და ამიტომ მერე რა, თუ ცოტას ვაწყენინებთ, სამაგიეროდ, ძალიან ბევრს ვასიამოვნებთ. უმრავლესობაში ვინც არის და ვისაც ხელფასი მოემატა, თუნდაც 800 ლარი, ისიც განაწყენებულია, რომ მისი კოლეგის ხარჯზე გაეზარდა. ასე რომ, ხელისუფლებამ თუ განათლების სისტემამ წააგო ეს ომი, რადგანაც უკვე უმრავლესობაც ფიქრობს და ხვდება ამ ყველაფერს. ამიტომ ძალიან მალე ოქტომბერში, ხმა რომ უნდა მიეცათ ერთი პარტიისთვის, ახლა სხვას მისცემენ ხმას.
სკოლების ბუღალტრებმაც კი ვერ გაიგეს, რა ქნან, რას რა მიუმატონ. სახელმწიფოა ეს თუ რაღაც დაწესებულება, ორგანიზაცია ან კერძო სექტორი? საჯაროა, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.
ელემენტარული თაბახის ფურცელი არ არის სკოლაში, თუ რაღაც პროექტს არ მოვიგებთ და იმით არ შევიძენთ. ვმათხოვრობთ მასწავლებლები. რვა მოსწავლე მყავს და რვავეს რომ მივცე ფურცელი, დირექცია გეუბნება, არ არისო და რაზე ვსაუბრობთ? თუ მატება არის აუცილებელი, სხვა რამეებიც მოვაგვაროთ, ხომ? მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ არის გათვლილი და არანაირ განათლების ხარისხს არ ვუმატებთ და არ ვაკეთილშობილებთ. განათლების სისტემა მიწასთან არის გასწორებული და რა ხელფასებისა და რა ერთმანეთის ხარჯის მატებაზე ვსაუბრობთ.
განათლების მინისტრი შეხვდა მასწ