- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-05-30 05:25:18
თამარ სანაძე
21 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც „მტკიცედ ურჩევს“ ხელისუფლებას, გააუქმოს „აგენტების კანონი“ არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით.
დასკვნაში მითითებულია, რომ ბოლო წლებში ვენეციის კომისიამ შეაფასა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა, რომელიც ამოქმედებულია რუსეთის ფედერაციაში, უნგრეთსა და ყირგიზეთში. კომისია წერს, რომ საქართველოში ინიცირებული კანონი ამ ქვეყნების კანონმდებლობებთან „უამრავ მსგავსებას“ შეიცავს. აქვე აღნიშნავს, რომ კანონი არ ჰგავს აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ისრაელში არსებულ კანონებს.
ექსპერტების შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ზედმიწევნით მკაცრი იყო და ასეთი კრიტიკული დასკვნა ძალიან იშვიათია.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე კრიტიკული დასკვნის შემდეგ ვენეციის კომისიის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მმართველ გუნდში ვენეციის კომისიის დასკვნას „პოლიტიკური გზავნილებით გაჯერებული უწოდეს“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ გაეცნო ე. წ. აგენტების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას და „როგორც იურისტი“, ამბობს, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი.
რუსულ კანონზე, ვენეციის კომისიის დასკვნაზე, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე გაზეთ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე:
_ ბატონო ვახტანგ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ეს კანონი რუსული არ არის და თავისი სულისკვეთებით ქართულია, ეს კანონი მოქმედებს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. თქვენ როგორ შეაფასებთ კანონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და საინტერესო იქნება თქვენი განმარტება, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ამ კანონის ამოქმედება ქვეყნისთვის?
_ არის რამდენიმე რამ, რის გამოც ამ კანონის მიღება არ შეიძლებოდა და ეს კანონი უნდა გაუქმდეს: 1. ეს გახლავთ წმინდა სამართლებრივი საკითხი; 2. პოლიტიკური მხარე.
სამართლებრივად, ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს ერთი ვალდებულებაა. როდესაც კანონი მიიღება, შესაბამისად, კანონპროექტის მომზადებისას, ის ისე უნდა გაიწეროს, რომ არ იყოს წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან. მეორე ის, რომ კანონის მიღებისას თუ რაიმე წინააღმდეგობა იქნა შემჩნეული, ის უნდა გამოსწორდეს. აკმაყოფილებს თუ არა ამ პირობებს ეს კანონი? _ სამწუხაროდ, არა.
ამ შეუსაბამობებზე მიუთითა პრეზიდენტმა პარლამენტისთვის კანონის დაბრუნებისას თავისივე გამოცემულ შენიშვნებში, ანუ დასაბუთებაში, თუ რატომ მიაჩნდა მას, რომ ეს კანონი უნდა გაუქმებულიყო და ამაზე მიუთითა ვენეციის კომისიამაც. პრეზიდენტმა მიუთითა კონსტიტუციის მუხლებთან შეუსაბამობაზე და ვენეციის კომისიამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ევროპულ აქტთან შეუსაბამობაზე. თავისი არსით, კონსტიტუციის ის მუხლები, რომელთა შეუსაბამობაზეც მიუთითა პრეზიდენტმა, არის ევროპული კონვენციების იგივე მუხლები, რომლებზეც დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.
მინდა ვთქვა, რომ ვენეციის კომისია არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოსთვის ის პროფესიული ორგანო, რომელიც აკეთებს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სამართლებრივი აქტების, კანონების, კანონპროექტების შეფასებას შეუსაბამობებზე, ხომ არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები არის ფორმალურად სარეკომენდაციო ხასიათის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. აქამდე საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუთქვამს ეჭვი ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ თქვა, რომ ვენეციის კომისიამ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დასკვნა გააკეთა. ამას ვერანაირად ვერ დავეთანხმები.
_ საინტერესოა ვენეციის კომისიის შეფასებები. ითქვა, რომ დასკვნა იშვიათად მკაცრი იყო. თქვენ როგორ შეაფასებთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციას და კომენტარებს?
_ ძალიან ყურადღებით წავიკითხე ვენეციის კომისიის შეფასება, მისი დასკვნა და ეს არა მხოლოდ მკაცრია, არამედ ვენეციის კომისიას ასე დაწვრილებით არასოდეს განუხილავს რომელიმე კანონი. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, ვენეციის კომისიას ამგვარად დაწვრილებით განეხილოს კანონი. ყველა მუხლი და ყველა პუნქტია განხილული ამ კანონის. მეტსაც გეტყვით, ვენეციის კომისიამ ისიც კი აღნიშნა, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა არ მიმდინარეობდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კარგად გვახსოვს კომიტეტის სხდომები, როგორ აძევებდნენ ერთმანეთზე მიყოლებით ოპოზიციის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების. არაფერს ვამბობ მესამე მოსმენით კანონის განხილვაზე, რომელიც დასრულდა დაახლოებით ერთ წუთში. ასეთი რამე არ ყოფილა არასოდეს. სამართლებრივად დარღვეულია რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი: ეს არის თანასწორობის პრინციპი, დარღვეულია გაერთიანების პრინციპი. ორივე საკითხი არის როგორც საერთაშორისო კონვენციაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში. დარღვეულია პირადი ცხვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ბოლოს რომ დაამატეს პერსონალური მონაცემების მიწოდების ვალდებულება, დარღვეულია, ზოგადად, კანონის ლეგიტიმურობის პრინციპი, რაც მოიცავს მიზნის კანონიერებას და მიზნის მიღწევის სწორი საშუალებების შერჩევას.
იურისტებს, სტუდენტებს ასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა მომზადდეს კანონპროექტი. კანონპროექტი მისი მომზადებისას რამდენიმე პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს პრინციპები გახლავთ: მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონი ისახავს, უნდა იყოს ლეგიტიმური ან მიზნის მიღწევამ საზოგადოებას უნდა მოუტანოს დადებითი ცვლილებები, რამაც ხალხის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს. თითქმის ყველა კანონი აწესებს შეზღუდვებს და რადგან კანონით წესდება შეზღუდვები, ამიტომ კანონმდებელმა იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს ეს შეზღუდვები, თუ ეს არის აუცილებელი საზოგადოების სიმშვიდისთვის, სიკეთეების მოტანისთვის, სარგებელი უნდა მიიღოს კანონისგან საზოგადოებამ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მიზანი არ არის ლეგიტიმური.
არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს მიზანი, რაც ამ კანონშია გაცხადებული, სინამდვილეში ემსახურება არა ამ მიზნის მიღწევას (შევახსენებ ჩვენს მკითხველს, რომ მიზნად გამოცხადებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მაუწყებლების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მიღწევა), სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მიზანი სულ სხვა რამეა _ მაუწყებელთა დაფინანსება აბსოლუტურად გამჭვირვალეა უკვე დაახლოებით 15 წელია და დაფინანსება, თუ ვისგან მიიღო, როგორ მიიღო და რამდენი მიიღო ქვეყნდება თვითონ მაუწყებლების ვებგვერდზე და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე. ორ ადგილზეა გამოქვეყნებული და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს დაფინანსება.
ამ კანონში მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზეც გამჭვირვალობის გავრცელების დასაბუთება პირადად ვერ ვნახე. მაგალითად, რაში სჭირდება და რისთვის უნდა საზოგადოებას იცოდეს, რა დაფინანსებით მოქმედებს რომელიმე ინტერნეტმაუწყებელი? ინტერნეტი ხომ აბსოლუტურად თავისუფალი სივრცეა, თქვენც, მეც და ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია შექმნას თავისი გადაცემა და ესაუბროს მათ, ვინც მოისურვებს მის მოსმენას. ეს ხომ თავისუფალია ყველაფრისგან. ვერანაირად ვერ შეზღუდავს ამ მოქმედებას ვერავინ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, მაგალითისთვის თქვენ და მე რომ ინტერნეტ გადაცემას გავაკეთებთ, ეს შეიზღუდოს. ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ბლოგერებიც. ეს გადაცემები საკუთარი თანხით გაკეთდა თუ ვინმეს დაფინანსებით, ამას რა მნიშვნელობა აქვს მაყურებლისთვის?
ამ კანონის მიზნის ლეგიტიმურობაა საეჭვო და უკვე არანაირი ეჭვი არ ჩნდება, როდესაც ამ გამჭვირვალობის მიღწევის საშუალებებზეა საუბარი. ის, რაც წერია კანონში, რომ მიიღეს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რა საშუალებებიც წერია გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, აშკარად არის არაპროპორციული, ზედმეტად შემზღუდავი. კანონის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები არის არათანაზომიერი, არაპროპორციული. პროცედურა სანქციების დაწესებისა არის ავტორიტარული, ანუ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს შეეძლება დააკისროს ჯარიმები. ჯარიმების რაოდენობა არაპროპორციულად დიდია.
თუ ჩვენ კანონში ვიყენებთ რაღაც ტერმინებს და ყველა კანონში გამოიყენება რაღაც ტერმინები გარკვეული შინაარსის მქონე ცნების აღსაწერად და როდესაც ამისათვის ვიყენებთ ტერმინებს, კანონმდებელი უნდა შეეცადოს, ეს ტერმინი იყოს ნეიტრალური აღქმის თვალსაზრისით. ტერმინი არ უნდა იწვევდეს უარყოფით განცდას. მაგალითად, არ შეიძლება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც დანაშაულის სახეობები განისაზღვრება, გვქონდეს ტერმინი ხალხის მტერი. დანაშაულის ჩამდენი არ შეიძლება შეფასდეს ხალხის მტრად. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ მას არ შეიძლება ხალხის მტერი ვუწოდოთ. მაგალითად, ჯაშუშობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ღალატი, ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული, ჯაშუშობა უნდა ისჯებოდეს, მაგრამ არ უნდა ერქვას ჯაშუშს სამშობლოს მოღალატე, რადგან ეს უმძიმესი ემოციური შინაარსის ბრალდებაა. ესაა პრინციპი ამისა და აქ როდესაც ამ კანონის შარშანდელ ვერსიაში ეწერა, რომ ამ კანონს ერქვა უცხო ძალის აგენტი, წლევანდელ ვერსიას ჰქვია უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი. ცხადია, რომ ეს ორი ტერმინი არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ორივე ტერმინი ძალიან უარყოფით განცდას იწვევს. ეს ტერმინები უარყოფითად განაწყობს ადამიანს იმ პირთა მიმართ, რომელთაც ასეთი იარლიყი აქვთ მიკრული. ეს დარღვევაა კანონშემოქმედებითი პრინციპისა. ეს აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ კანონი იმგვარადაა შედგენილი, მაუწყებლებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც შეიყვანენ ამ რეესტრში, მიეკრობა ეს იარლიყი და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შორს არის იმისგან, თუ რას აკეთებს ეს ორგანიზაცია ან საერთოდ არ იცის ეს კარგს აკეთებს თუ არა და როდესაც ეს ადამიანი გაიგებს, რომ ეს არის უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი, ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს იქნება ძალიან ცუდი ორგანიზაცია. ამის კეთებაც არ შეიძლება და ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. აღარაფერს ვამბობ პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
ამ კანონის თანახმად, პირი, ნებისმიერი ადამიანი, დაავალდებულეს, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენელს, თუკი ის მოითხოვს მიაწოდოს ე. წ. განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაცია (და რა არის ეს ინფორმაცია? ეს ის ინფორმაციაა, რომლის მოთხოვნის უფლება არავის აქვს ადამიანისაგან. ეს არის ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, რელიგიური აღმსარებლობის შესახებ, ინფორმაცია სექსუალური ორიენტაციის შესახებ და მსგავსი საკითხები). ეს ის საკითხებია, რომლებიც უაღრესად პირადია და რომელთა ცოდნა სხვა არაფერში გამოადგება, მაგრამ ამ ყველაფრის ცოდნა სხვამ შეიძლება გამოიყენოს პირის შანტაჟისთვის, ამიტომაა აკრძალული ამ ინფორმაციის მოთხოვნა. ეს კანონი ამის უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს.
კიდევ არაერთი მკაფიო დასაბუთების მოყვანა შეიძლება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველა გამჭვირვალობის მიღება შესაძლებელი იყო ორიოდე კანონში, რაღაც თითო მუხლის დამატებით. ამას არ დასჭირდებოდა არც ასეთი იარლიყების მიწებება, არ იქნებოდა ამის არანაირი საჭიროება, გამჭვირვალობა იქნებოდა უზრუნველყოფილი და არც ასეთ ვნებათაღელვას გამოიწვევდა ხალხში. დასაბუთება ამისა არაერთგზის და არაერთი პირის მიერ გაკეთდა. ბოლო დასაბუთებები ეს იყო პრეზიდენტისა და ვენეციის კომისიის. განცხადებები, რომლებსაც აკეთებს მმართველი პარტია და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირები, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ჩვენ ვერავინ დაგვისაბუთა სამართლებრივად, რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღებაო, ეს განცხადებები არის სრული დემაგოგია. არაერთგზის დაუსაბუთეს და თან ძალიან კარგადაც.
_ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ სრულად აიქნია ხელი ღირსებაზე და კვლავ აცხადებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც მიღებული აქვთ საფრანგეთში, ისრაელში, აშშ-ში. როგორია თქვენი შეფასება მათ ამგვარ განცხადებებზე და რას ემსახურება ეს რიტორიკა?
_ რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას ვენეციის კომისიაზე, რომლის დროსაც კობახიძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას ხელი აქვს აღებული სინდისზეო, მე ასე შევაფასებდი: ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.
დიახ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამუდმებით გაიძახიან, რომ ასეთივე კანონი აქვს მიღებული ამერიკას, საფრანგეთს, ისრაელს და მათ თუ შეიძლება ჰქონდეთ ეს კანონი, ჩვენ რატომ არ შეიძლება გვქონდესო? ჯერ ერთი, ამ ქვეყნების კანონები, რომლებიც ეხება გამჭვირვალობას, ნამდვილად განსხვავებულია ამ ქართული კანონისგან, თან განსხვავებები არის არსებითი. ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქართული კანონი არის ამ ქვეყნების კანონების მსგავსი, მაშინ უნდა ყოფილიყო თუ არა უარყოფითი რეაქცია ამ კანონების მიღებაზე? ჩემი პასუხია, რასაკვირველია, უარყოფითი რეაქცია უნდა ყოფილი და ახლავე გეტყვით, რატომ. ამ ტიპის კანონები ხელისუფლების ორგანოებს უფლებას აძლევს, ზედმეტად ჩაერიონ არასახელმწიფო სექტორის საქმიანობაში, ნახონ, ჩაიხედონ, შეეცადონ გაიგონ, რით სუნთქავენ, რა მიზნის მიღწევა უნდათ. ეს თავისთავად არ არის უხიფათო პროცესი, მაგრამ ერთია, როცა ასეთ უფლებას სახელმწიფო ორგანოები იღებენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც დამოუკიდებელი სასამართლო მოქმედებს, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება გამიჯნულია ერთმანეთისგან, სადაც ასე არასახელმწიფო ორგანოში პირდაპირ ჩახედვის უფლებას კი არ აძლევს კანონი სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფო ორგანოს ეუბნება, რომ თუ შენ ეჭვი გაგიჩნდა, რომ სადღაც რაღაც ქვეყნის საზიანოდ კეთდება, წადი სასამართლოში, დაუსაბუთე სასამართლოს და თუ სასამართლო ნებართვას მოგცემს, მერე შეამოწმე ის ორგანიზაციაო.
დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც ეს პრინციპები მუშაობს, არა მხოლოდ არასახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ ადამიანები დაცულები არიან, მათი თავისუფლება დაცულია და ხიფათი იმისა, რომ სახელმწიფომ გადააჭარბოს თავის უფლებებს და ჩაყოს ცხვირი სადაც ეს არ შეიძლება, იქ ამის რისკი ნულოვანია. მაგრამ ჩვენს მსგავსს სახელმწიფოებში, ე. წ. ჰიბრიდული დემოკრატიის სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატიის ნიშანწყალი არ არის, მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში, აქ, ჩვენთან, სახიფათოა, რადგან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკური ხელისუფლებისგან. ყველა ჰიბრიდულ ქვეყანაში სასამართლო პოლიტიკურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენთან დამოკიდებულების ხარისხი ყველაზე მაღალია. ამის დადასტურება არის ის, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეების საქმეები რომ მიდის სასამართლოში, ერთი საქმეც კი არ ყოფილა, რომელშიც სასამართლოს გაემართლებინა აქციის მონაწილე და არ დაეკმაყოფილებინა დაჯარიმების მოთხოვნა. შედარებისთვის გავიხსენებდი 2007 წლის აქციებს სააკაშვილის დროს. აქციებზე როდესაც დაიჭირეს მონაწილეები, ითხოვდნენ ზოგის პატიმრობას, ზოგის დაჯარიმებას. მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ საპროტესტო აქციების ძალიან ბევრი მონაწილე გაამართლა და გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, არ დააკისრა ჯარიმები, თუმცა რამდენიმე მოსამართლემ დაწერა განცხადება და გადადგა. ჩემი ვარაუდით, მათ მოსთხოვეს, რომ დაეტოვებინათ თანამდებობა. როდესაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე ლაპარაკობს, ასეთი გადაწყვეტილება არაერთი იყო მიღებული და ახლა არც ერთი საპროტესტო აქციის მონაწილე სასამართლოს არ გაუმართლებია. ამიტომ ასეთი ტიპის სახელმწიფოებში უაღრესად სახიფათოა მსგავსი ტიპის კანონის მიღება.
კანონი უნდა მიიღებოდეს მაშინ, როდესაც ქვეყანა სრულად, ყველანაირად მზადაა ამის მისაღებად. არის გამოთქმა, ბავშვს ასანთი არ მისცეთ ხელში, იმიტომ რომ შეიძლება ხანძარი გააჩინოს. ოფიციალურად დადგენილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ისე უნდა იყოს შენახული, რომ ვისაც არ აქვს მისი აღების უფლება, მან ვერ გამოიყენოს, იარაღი უნდა იყოს დაცული იმისგან, რომ ბავშვმა ეს იარაღი ვერ აიღოს, ეს ყველაფერი იმისთვისაა გაკეთებული, რომ ბავშვმა შეიძლება გაუცნობიერებლად ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს ან სხვას. ასევეა, თუ ქვეყანაში არ არის მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ არ არის ფესვებგამდგარი სამართლებრივი სახელმწიფოს სისტემა, მაშინ არ შეიძლება, ხელისუფლებას ადამიანზე ზემოქმედების ისეთი იარაღი მისცე, ანუ აღჭურვო ისეთი უფლებამოსილებით, რომელმაც შეიძლება ისეთი შედეგი მოიტანოს, როგორიცაა ბავშვისთვის ცეცხლსასროლი იარაღის მიცემა.
კანონი, რომელიც სრულიად უხიფათო არის საფრანგეთისთვის, შეიძლება უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.
ყველას ახსოვს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ტყუპების შენობაზე. ამის შემდეგ აშშ-მ მიიღო ე. წ. პატრიოტის აქტი, რომლითაც ძალიან ფართო უფლებამოსილება მიენიჭა საგამოძიებო ორგანოებს. მათ ჰქონდათ უფლება, შეჭრილიყვნენ ადამიანის პირად ცხოვრებაში. პატრიოტთა აქტის უარყოფითი შეფასებები მაშინვე გაისმა შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი შეიძლება აღმოჩენილიყო ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალება, იმდენად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებდა ხელისუფლებას, ამას შეიძლებოდა განუზომელი ზიანი მიეყენებინა ადამიანების პირადი ცხოვრებისა და თავისუფლებისთვის. ეს უარყოფითი შეფასებები იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლება გახდა იძულებული, გაეუქმებინა კანონი. ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა, ქვეყანაში, სადაც მყარი დემოკრატიული სისტემაა, რომლის სასამართლოების მიმართაც პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე საუბარი ზედმეტია, აქაც კი კონკრეტული სახის კანონი მიიჩნიეს ადამიანებისთვის სახიფათოდ და გააუქმეს.
წარმოვიდგინოთ, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიული ინსტიტუტები მხოლოდ ფეხს იდგამს და ამის დასტურია ის, რომ ჩვენთან ყველაფერს განაგებს მმართველი პარტია.
ძალიან კარგად მახსოვს, საბჭოთა კავშირში ვინ იყო რეალური მმართველი, ყველაფერს განაგებდა კომუნისტური პარტია. საბჭოთა კავშირში მთავარი მმართველი იყო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში მმართველი იყო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. ჩვენთან, საქართველოში, ვინ არის მმართველი ყველა სფეროში? _ პარლამენტში, მთავრობაში, სამინისტროებში, სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობებში მმართველი არის ეს ერთი პარტია „ქართული ოცნება“ და პარტიას მართავს მისი საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ბოლო 12 წელი, რაც ჩვენთან ხდება, ეს ყველაფერი რომ დაწყებულიყო 2004 წელს, ძალიან უიმედოდ ვიქნებოდი, რადგან ამ სისტემის შეცვლა შეუძლებლად დამესახებოდა. ახლა არ მაქვს ეს განცდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მოქმედი არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ეს „ჯენზის“ თაობაა, იგი გამოვიდა ასპარეზზე, დადგა პროტესტის წინა ხაზზე და ის, ვინც თავისუფლების გემო იგრძნო, თავისუფლებას არ დათმობს. მე მათი იმედი მაქვს. „ჯენზი“ არავის მისცემს უფლებას, რომ მათ თავისუფლება წაართვან.
_ ბატონო ვახტანგ, ამ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პოლიტიკური მხარეც რომ განვიხილოთ, რა დაგვანახა რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა?
_ ამ კანონმა შეასრულა, ქიმიაში რომ ვიყენებდით ხოლმე ლაკმუსის ქაღალდს, რომლითაც განარჩევენ ნივთიერება ტუტეა თუ მჟავა, ამის როლი, თორემ უკმაყოფილება ამ ერთი კანონის გამო იყო ბოლო წლის განმავლობაშიც, მანამდეც და ეს უკმაყოფილებები და პროტესტი გროვდებოდა. ამას დაემატა ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების მოქმედებები და გამოთქმები ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდნენ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ეს ყველაფერი სრულიად აშკარად გამოჩნდა 29 აპრილის მიტინგზე, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო. ამ მიტინგზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის სიტყვაში, რომელიც აშკარად პროგრამული ხასიათისა იყო, ლამის პირდაპირ გაცხადდა კურსის ცვლილება. ნაცვლად დასავლეთისკენ სწრაფვისა და დასავლეთთან დაახლოებისა, სვლა ჩრდილოეთისკენ. ეს უკვე სრულიად აუტანელი გახდა საზოგადოებისთვის, რადგან ეს არის გზა, რომელიც გაკარგვინებს თავისუფლებას.
ამ თაობისთვის, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, ის კი არ არის მთავარი, რომ თავად ეკავოთ ხელისუფლება, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი თავისუფლება. ხელისუფლების დანიშნულებაც ესაა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების თავისუფალი განვითარება, თავისუფლება, უსაფრთხოება. ხელისუფლება, რომელიც ამას არ აკეთებს, ის არ შეიძლება ჩაითვალოს ხალხის წარმომადგენლად. დგება უკვე ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი. ამ კითხვას პასუხი არჩევნებზე გაეცემა. ხელისუფლების ცვლილების სხვა გზებიც არსებობს, რევოლუციები. რევოლუცია არსებობს ძალადობრივი და არაძალადობრივი, უსისხლო და სისხლიანი, ჩვენ ორივეს გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროდ, მსგავსი გამოცდილებები ქვეყნისთვის არ ყოფილა სასარგებლო.
როგორც ბოლო დროს აქციებზე ვუყურებთ, ჩვენს პროტესტანტებს საკმარისი უნარი აქვთ მოთმინებისაც, გამძლეობისაც, საკმაოდ კარგად აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას და აკეთებენ სწორ დასკვნებს. ჯერჯერობით არ წამოეგებიან პროვოკაციებს. მათი ასეთი მიდგომა მაძლევს განცდას, რომ ჩვენ შევძლებთ არჩევნებამდე მშვიდად სვლას, თუ საერთოდ ჭკუიდან არ გადავიდა ხელისუფლება.
არ არის გამორიცხული, ხელისუფლების ზღვარგადასული ქმედებები ვიხილოთ, თუმცა ვიტოვებ იმის ფიქრის უფლებას, რომ ხელისუფლებაში არიან მეტ-ნაკლებად რაციონალურად მოაზროვნე ადამიანებიც, რადგან არის ხოლმე ასეთი ვითარებაც, როდესაც ასრულებენ თავისი მმართველის ყველა მოთხოვნას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დგება ხოლმე ისეთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაზე ხელქვეითები უარს ამბობენ. თითქმის ყველა ადამიანშია წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც მას არ შეუძლია. ვფიქრობ, რომ ზღვარგადასული მოქმედება ხელისუფლებისა სწორედ ისეთი რამ უნდა იყოს, რაც ადამიანებმა არ უნდა აიტანონ. ამ ზღვრის გადალახვა მხოლოდ ბრძანების გამცემზე არ არის დამოკიდებული, მას შემსრულებლები სჭირდება, თუ შემსრულებლებმა უარი თქვეს ასეთი დამანგრეველი გადაწყვეტილების შესრულებაზე, მაშინ მმართველი არა მარტო ვერ განახორციელებს თავის ზრახვებს, არამედ დაკარგავს მმართველობას.
ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუმცა იმედს ვიტოვებ და ვიხრები იმისკენ, რომ მოახერხებს ჩვენი საზოგადოება არჩევნებამდე მისვლას და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას.
საზოგადოება გაიზარდა უკვე, ჩვენს ახალგაზრდებს პასუხისმგებლობის განცდა აქვთ. მათ მოქმედებებსა და ნათქვამებში ჩანს, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ საკუთარი მომავლის, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე.
თანდათანობით იზრდება ადამიანების რაოდენობა ამ ახალგაზრდების წინა თაობიდან, ვინც ამ ახალგაზრდების გვერდით დგომის სურვილს გამოხატავს. მაგალითად პედაგოგ-მასწავლებლების ჩართულობა და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების ეს აქტიური ნაწილი სწორად ხედავს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით.
„ქართული ოცნების“ საყვარელი გამოთქმაა „კოლექტიური ნაცები“ და ამაზე მიხუმრია და მიცინია კიდეც. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის, რომ გიწოდებენ იმას, რაც შენ თვითონ არ მოგწონს. „ნაცების“ მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ის, რომ „ოცნების“ მოწინააღმდეგე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ „ნაცი“ ვარ.
რა ვითარებაა დღეს ჩვენთან? დავუშვათ, რომ ერთი მხრივ არის კოლექტიური დემოკრატიული დასავლეთი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და მეორე მხრივ არის რუსეთი. ამ კოლექტიურ რუსეთში შედის რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ჰესბოლა და ა. შ. და ამ კოლექტიური რუსეთის წევრი აშაკარად ჩანს, რომ არის „ქართული ოცნება“. პოლიტიკური ოპოზიცია დგას დემოკრატიულ დასავლეთთან ერთად. ჩვენი ოპოზიცია, ვინც კი რამეს ამბობს ამ პოზიციაზეა. რომელი მხარე გაიმარჯვებს? ვფიქრობ, გაიმარჯვებს ის მხარე, რომლის გვერდითაც დადგება ჩვენი საზოგადოების ეს ყველაზე მეტად აქტიური ნაწილი, ჩვენი ახალი თაობა.
ეს თაობა იდგება იმ მხარეს, სადაც განვითარებაა, კოლექტიური დასავლეთია და ამან უნდა მოიგოს რუსეთსა და დასავლეთს შორის. გამარჯვება დარჩება დასავლეთს. ჩვენ ყველას ამის დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ასე მოხდეს და გაიმარჯვოს დემოკრატიამ, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ამ გამარჯვებას ხელი შეუწყოს. აი, მაგალითად, როგორც ახლა თქვენ და მე ღამის პირველის ნახევარზე ვწერთ ინტერვიუს. ჩვენ ამით ვცდილობთ, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ამ გზაზე, ამ საქმეში, რომ ეს წაიკითხონ ადამიანებმა, გააანალიზონ და დადგნენ სწორ პოზიციაზე.