- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-05-20 07:23:12
გიორგი საკარული
სატელეფონო ზარები, მუქარები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ქუჩაში დახვედრა და ფიზიკურად ანგარიშსწორება, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და დაჭერები, _ ეს არის ის, რითაც „ქართული ოცნება“ საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდება და ათობით ახალგაზრდას ციხისთვის იმეტებს. მაგრამ ივანიშვილის კანტორას ავიწყდება, რომ თაობას, რომელიც დღეს ქუჩაშია გამოსული, ერთიანებს მხოლოდ ერთი რამ და ეს არის თავისუფლება, მისი შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი.
„არა რუსულ კანონს“, სიტყვები, რომელიც ტვინში საზეპირო ლექსივით გაჯდა, „ოცნების“ დეპუტატებს ყველაზე მეტად აღიზინებთ, იმდენად აღიზიანებთ, რომ ავიწყდებათ თმენის ვალდებულებაც, თანამდებობაც და სტატუსიც. კრემლიდან მოსული მკაცრი დირექტივები კი აშკარაა _ რუსული პროპაგანდისტული არხები და მათი მესვეურები ყოველდღიურად აკეთებენ საქართველოს დამაზიანებელ განცხადებებს, მუქარაც იგრძნობა მათ საუბრებში. პუტინისტების ტონით შეშფოთებული „ოცნების“ მესვეურები კი საკუთარი ხალხის ნადირობაზე გადავიდნენ, რითაც ოლიგარქი ივანიშვილი კრემლის ბელადთან, სავარაუდოდ, ერთგვარ პლუსსაც იწერს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთაველის გამზირზეა გამოსული და აპროტესტებს „რუსულ კანონს“, რუსულ რეჟიმს და იმ შესაძლო საფრთხეს, რომელიც ამ კანონის მიღებისთანავე ელის საქართველოს.
ჩვენს კითხვებს პასუხობს სტუდენტი, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი, ნიკო მანაგაძე:
_ ნიკო, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე და ახლა უკვე სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც. რა გაჩვენათ ამ დღეებმა, რას იტყვით პირველ რიგში ახალგაზრდების იმ შემართებაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე? ამ მოცემულობიდან, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
_ ის, რაც ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის ქუჩებში (და არა მხოლოდ აქ) ხდება, ხშირად ვამბობ, რომ მიჩენს განცდას, ახალი საქართველოს დაბადების. თითქოს არავინ ვიცნობდით ასეთ საქართველოს, სულ სხვანაირი წარმოგვედგინა ხალხიც. მაგრამ დღეს, ამ გადამწყვეტ მომენტში, დღევანდელმა საქართველომ აჩვენა თავისი მებრძოლი და შეუგუებელი ბუნება. ეს პროტესტიც ყოველდღიურ, პერმანენტულ და უწყვეტ პროცესად ასე ფორმირდა _ აბსოლუტურად სპონტანურად, ხალხის ნებით და თვითდინებით. არასამთავრობოების მიერ ორგანიზებული (რასაც თან ახლდა საჭირო რესურსები და ინფრასტრუქტურა) აქციების დაპაუზების შემდეგ ინიციატივა ყოველგვარი რესურსების გარეშე ხელში აიღეს ახალგაზრდებმა, მათ შორის, რიგითმა, წარსულში პოლიტიკისგან დისტანცირებულმა ადამიანებმა. ეს თავისუფალი და გულწრფელი პროტესტი აშინებს ყველაზე მეტად რეჟიმს და აკარგვინებს მოსვენებას, ამიტომაც არიან ასეთ მდგომარეობაში. ამის გაშავებაც რთული ამოცანაა. შეუძლებელია ამის დისკრედიტაცია მასების თვალში. ეს ენერგია უშრეტია და რთულად წარმომიდგენია, რომ კონკრეტულ შედეგებში არ ტრანსფორმირდეს.
_ რატომ არის მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის, რომ „რუსული კანონი“ არ დაკანონდეს? კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას და ვუთხრათ, რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო ამ კანონის მიღების შემთხვევაში?
_ ყოველდღიურად იმდენად ცვალებადია ვითარება, ძალიან რთულია რამის პროგნოზირება. პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, როცა პროგნოზირება მიჭირს. ურთულეს პროცესს გავდივართ. მთავარი ამოცანაა მათ შორის ისიც, რომ ამ პროცესიდან ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლები ზიანით გამოვიდეს, რეჟიმის ბედს უკვე არავინ დაეძებს, თავად აირჩიეს საკუთარი თავის მძიმედ დამთავრება. „ოცნება“ ამბობს, რომ არაფრის ფასად აპირებს უკან დახევას და კანონის გაწვევას, ეს რეალურადაც გამოიყურება ბოლო მოვლენების ფონზე, რეჟიმი მიდის ვა-ბანკზე. ამ ფონზე საზოგადოების მხრიდანაც იგივე უნდა იყოს შეთავაზებული. მთავარია, ეს საპროტესტო მუხტი არჩევნებამდე მივიდეს და მასობრივი ბრაზი რეჟიმის წინააღმდეგ მიცემულ ხმებში გადაკონვერტირდეს, ისე, რომ გაყალბებითაც კი შეუძლებელი იყოს სასურველი შედეგის გაფორმება მათთვის.
_ ჩვენ დავინახეთ თავისუფალი თაობა, ახალგაზრდობა, რომელსაც სურს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება. ეს შემართება ყველაში იგრძნობა, განსაკუთრებით აქციებზე. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდების წინ მდგარ სახელისუფლებო მანქანას. რეჟიმი, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს უპირისპირდება რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და სხვა საშუალებით. რაზე მიუთითებს ეს ყოველივე და რამდენად უსვამს ხაზს ხელისუფლების უსუსურობას?
_ პირველ ხანებში, ამ კანონპროექტის შემობრუნების შემდეგ, შედარებით რთული იყო ადამიანებისთვის ახსნა იმ მასობრივი პროპაგანდის ფონზე, რა ჩანაფიქრი იდგა ამის უკან და რისთვის სჭირდებოდა ეს რეჟიმს. ამ დროის განმავლობაში თავად რეჟიმის წარმომადგენლებმა, საკუთარი სიტყვით თუ საქმით, აჩვენეს ადამიანებს, რა განზრახვით ცდილობენ ამ კანონის მიღებას. არათუ თანაბარ სიბრტყეში აყენებენ რუსეთსა და ჩვენს დასავლელ მეგობრებს, პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც მოვედით აქამდე, არამედ პირდაპირ მტრად აცხადებენ მათ. სწორედ ამიტომ უხარია რუსეთს ეს ამბავი და პირველივე დღიდანვე მხარდამჭერი განცხადებები არ წყდება კრემლიდან თუ პუტინის პროპაგანდისტებისგან. არასდროს მიყვარს ხოლმე კონსპირაციების თეორიებში შესვლა, მაგრამ უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს რეალურად ჩრდილოეთიდან წამოსული დირექტივაა. სხვა ახსნა, პრინციპში, არც აქვს, რაში სჭირდებოდათ (პირველ რიგში, ელექტორალურად) ამ კანონის შემობრუნება, თუ არა საგარეო (რუსეთიდან) ზეწოლა?
მიზანია უახლოეს ხანებში საქართველოში პროდასავლური ველის მოსუფთავება, ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში. გამჭვირვალობა რომ არაფერ შუაშია და მხოლოდ შირმად ააფარეს პირველივე დღიდან ამ კანონს, დღეს უკვე ამას ყველა ცხადად ხედავს. თუ რამეა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და უცხოელი დონორების ფინანსური დახმარებებია. თუ რამეა ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე, ეს თავად ხელისუფლება და მისი საქმიანობაა. როცა ვეტინგსა და მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმებაზე დაიწყო საუბარი (მათ შორის, მათი შემოსავლებისა და ქონების), გახსოვთ, რა ამბავი შექმნეს. ეს ყველაფრის დასტურია. არასამთავრობოებს ისედაც უდევთ დონორების, გრანტის დანიშნულებისა და ოდენობის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე. პლუს, 3 სახელმწიფო ორგანო ამოწმებს ამას პერმანენტულად (აუდიტის სამსახური, შემოსავლების სამსახური, საქსტატი). ცხადია, რომ „აგენტების შესახებ“ შემოტანილი ეს კანონი აბსოლუტურად სხვა მიზნებს ემსახურება. გამოხმაურებები არ წყდება დასავლეთიდან, ქვეყანა ზღვარზეა, დაკარგოს ყველაფერი, რაც აქამდე ევროინტეგრაციის გზაზე უშენებია. საუბარია კანდიდატის სტატუსის ანულირებაზეც კი, რაც უპრეცედენტოა. განიხილავენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. რა თქმა უნდა, ავტომატურად შეწყდება ფინანსური თუ სხვაგვარი დახმარებები, რასაც ქვეყანა იღებს. შეჩერდება უამრავი პროექტი. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ გადახედავენ ჩვენს 30-წლიან ურთიერთობას, დახმარებებსა და მის პერსპექტივებს. საბოლოო ჯამში, აქ პუტინის ტიპის დიქტატურა მყარდება, იზღუდება თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა. მასობრივ რეპრესიებს უკვე ვხედავთ და მძიმე გასააზრებელია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. რთული სათქმელია ისიც, რომ არავინ იცის, თუნდაც თქვენ, რამდენი ნომრის გამოშვების საშუალება დაგრჩათ. თუ ეს არ შეჩერდა, თავისუფლების ყველა ფანჯარა დაიხურება. მაგალითი გვაქვს დიქტატურას აქ გამოქცეული რუსებისგან და რაღაც უნდა გავიაზროთ.
_ ათასი ბინძური რამ ითქვა სტუდენტებსა და აქციაზე მდგომ ახალგაზრდებზე, რომ თითქოს თქვენ იღებთ ფულს, თქვენ ხართ კონკრეტული პარტიის მიერ მართულები და გინდათ რევოლუცია. რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ანტი-ცრუ-საინფორმაციო მანქანის მსხვერპლნი?
_ ნებისმიერი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანები რაიმე ფორმით დააშინოს (ეს იქნება დარბევა, დაჭერა, ფიზიკური თავდასხმა თუ სხვა) სრულდება უკუშედეგით. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ იმ ტიპისაა, რომელიც ბრაზს საკუთარ თავში არ აკუმულირებს და მას მომენტალურად, ყველა გზით გამოხატავს. არაა ასე მარტივი, საქართველოს მოქალაქეებს თავში ჩაუკაკუნო და გააჩუმო, მით უმეტეს, ახალგაზრდები, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში გაზრდილი თაობა, რომელმაც არ იცის ბატონის უსიტყვო მორჩილება და ბრმად სადღაც გაყოლა, უცხოა ეს მენტალობა, უცხოა ეს დამოკიდებულება ხელისუფლისადმი. ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ მეთოდს იყენებენ ადამიანების წინააღმდეგ, აკეთებენ იმას, რასაც ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდით (მით უფრო 2012-ში, როცა სწორედ ამგვარი ქმედებების გმობით მოდიოდნენ), მაგრამ, როგორც ჩანს, ძალაუფლების მიმართ ტრფობამ მძიმე სპირალში შეიყვანა ეს ხალხი, საიდან გამოსვლაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია, თუ არ განეიტრალდნენ საბოლოოდ.
_ ნიკო, შარშან აღნიშნული კანონი გაიწვიეს, თუმცა ცოტა სხვა მდგომარეობაა დღეს. ხელისუფლება ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე და უარს ამბობს კანონის გაწვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დაკანონდა და „ოცნებამ“ თავისი გაიტანა, რა სამოქმედო გეგმა გაქვთ ახალგაზრდებს, რა შეიძლება, რომ მოხდეს, რა ზომებს მიიღებთ?
_ ჩვენს თითოეულ ქმედებაში ჩანს ჩვენი აბსოლუტური თავისუფლება. პირადად მე დამაკვირდეს ნებისმიერი ადამიანი, როგორ შეიძლება გაუჩნდეს ჩემი პერსონის რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ აფელაცია, ამგვარი აღქმა, როცა იმაშიც კი არ ვარ ჩამოყალიბებული, არჩევნებზე ვის მივცემ ხმას. ამ ადამიანებს ყველა თავისი მსგავსი ჰგონიათ, რომ შეიძლება ფული გადაუხადო, რაღაცით მოისყიდო და რაღაცის სანაცვლოდ შეიძლება ხელი მოაწერო ნებისმიერ რამეზე, რასაც დაგავალებენ. ან არც ჰგონიათ, ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ პროპაგანდა, დისკრედიტაციის ბინძური კამპანია ასე საუბარს საჭიროებს. სასაცილოც აღარაა, რომ თითქოს ამ ახალგაზრდებს ვიღაც „ხელფასს“ გვიხდის და ამის სანაცვლოდ რევოლუციას ვაორგანიზებთ. რევოლუციას ყველა ხელისუფალი თავად უწყობს საკუთარ თავს. ვიღაცის ინსპირაციით და კარნახით ხელოვნურად არაფერი ხდება. ეს რეჟიმიც თავად აკეთებს საკუთარი ქმედებებით არჩევანს, თუ როგორ დაასრულებს. როგორც ჩანს, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე ამგვარ დასასრულს უწინასწარმეტყველებენ თავს, რაც მთლად გასახარი არ არის.
_ მოსალოდნელია თუ არა რადიკალური ზომების მიღება?
_ კანონი იქნება თუ არა, რეპრესიული რუსული რეჟიმი უკვე პრაქტიკაშია მოყვანილი. ეს კანონი მხოლოდ რიგითი ინსტრუმენტია ფორმალურად თავისუფალი სივრცეების განეიტრალებისთვის. თუ არჩევნებამდე მივედით, სწორედ 26 ოქტომბერი იქნება გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ შემდგომში. წინასწარ რაიმეს დაგეგმვა შეუძლებელია. ყოველდღიურად ისე ვითარდება მოვლენები, მეორე დღეც კი არ ვიცით, როგორ დასრულდება. შესაბამისად, კონკრეტული ქმედებებიც ნაბიჯ-ნაბიჯ განისაზღვრება.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმოადგენს საჭიროებას უკვე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის ჩართულობა ამ ყველაფერში? ან მოსალოდნელია თუ არა, რომ ისინი ჩაერთონ აქციებში, როგორც ლიდერები?
_ ამ პროცესში, რომელიც თავისთავად პოლიტიკურია, ყველას თავისი როლი აქვს. ოპოზიცია ძირითადად პარლამენტში იბრძვის, არასამთავრობო სექტორი თავის ველზე, მთავარი თავები _ სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციები ქუჩებში არიან. ვფიქრობ, ეს კონფიგურაცია ყველასთვის მისაღებია, პირველ რიგში, იმ რიგითი და აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში გამოდიან. ასე რომ, ამ მხრივ დიდ ცვლილებას არ ველოდები.