QronikaPlus
თენგო თევზაძე: „ოცნება“ ქართველ ახალგაზრდებს ვერ დააშინებს“

თენგო თევზაძე: „ოცნება“ ქართველ ახალგაზრდებს ვერ დააშინებს“

2024-04-22 04:22:08

ირინა მაკარიძე

რატომ არის „ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული? მმართველი ძალა აცხადებს, რომ კანონპროექტს მხოლოდ სათაური შეუცვალა, დანარჩენი კი იგივეა. კანონპროექტის პირველ მუხლში, სადაც განსაზღვრულია კანონის მიზანი და მოქმედების სფერო, აღნიშნულია, რომ სუბიექტი, რომელიც ამ კანონის მოქმედების ქვეშ ექცევა, რეგისტრირდება „უცხოური გავლენის აგენტად“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ვკითხულობთ: მუხლი 1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და უცხოური გავლენის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

რატომ არის ეს კანონი მიუღებელი? როგორ აფერხებს ის ქვეყნის ევროინტეგრაციას? რის გაკეთებას აპირებენ მისი ამოქმედების წინააღმდეგ? ამ და სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება  პოლიტიკური პარტია „ახალის“ წევრი, თენგო თევზაძე:

_ ეს კანონი არის „რუსული კანონი“, რადგან მასში ზუსტად ის პირობები და მოთხოვნებია, რაც, თავის დროზე, 2012 წელს რუსეთში ინიცირებულ და შემდეგ მიღებული კანონპროექტში იყო, ერთადერთი განსხვავება არის, რომ იქ კანონი ეხებოდა ფიზიკურ პირებსაც. საბოლოო ჯამში, ვიცით, რუსეთში როგორი განვითარება ჰპოვა აღნიშნულმა კანონმა... ეს კანონი ემსახურება იმას, რომ საარჩევნო წელს განეიტრალდეს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო არჩევნების შემდეგ განეიტრალდეს ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც მეტწილად დამოკიდებულები არიან საერთაშორისო დახმარებაზე. შედეგად საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები გაუქმდება. ამას მოყვება მესამე ტალღა _ ეს ეხება იმ ახალგაზრდებს, მეცნიერ-მკვლევრებს, რომლებიც სასწავლო პროცესში არიან ჩართულები და უცხოეთისგან იღებენ სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევით გრანტებს. ეს არის ძალიან საშიში პირველი ნაბიჯი, სწორედ ამიტომაა ეს კანონი რუსული და არ ეხება არანაირად გამჭვირვალობას.

_ თქვენ ამბობთ, რომ ამ კანონის ამოქმედება გამოიწვევს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გაჩერებას. კანონის დამცველები სვამენ კითხვას, _ რატომ გეშინიათ გამჭვირვალობის? რას უპასუხებთ მათ, რატომ უნდა გამოიწვიოს „გამჭვირვალობამ“ ორგანიზაციების დახურვა?

_ გამჭვირვალობა არ გამოიწვევს გაუქმებას, ამ ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დაფინანსება ისედაც გამჭვირვალეა. წარმოიდგინეთ, რომელიმე მედიასაშუალება, ან არასამთავრობო ორგანიზაცია რომ არ იხდიდეს გადასახადს, მალავდეს გადარიცხვებს, როგორ მოიქცეოდა „ქართული ოცნების“ შესაბამისი ინსტიტუციები? აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა კი არ გამოიწვევს ამ ორგანიზაციების გაუქმებას ან მათთვის ხელის შეშლას, რადგან ისინი ისედაც გამჭვირვალეები არიან, პრობლემას წარმოადგენს ე. წ. რეესტრი, სადაც უნდა დარეგისტრირდეს ორგანიზაცია. ძალიან მარტივია, ირაკლი კობახიძეა პროდასავლელი და პატრიოტი და იმ სამოქალაქო ორგანიზაციის აქტიური წევრები არიან ვიღაცის გავლენის აგენტები? ის სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებენ, არიან „უცხოური გავლენის აგენტები“ და კალაძე არის პატრიოტი? გამორიცხულია, ეს კანონი ვერ მიიღება - სწორედ ის პატრიოტი ადამიანები იტყვიან უარს ამდაგვარი რეესტრების შექმნასა და მათში საკუთარი სახელისა და გვარების ჩაწერაზე.

ამასთან, ერთია, რა წერია კანონში და მეორე, რა მოხდება მისი აღსრულებისას. იქნება ხშირი და პერმანენტული ჯარიმები, დააჯარიმებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს. 25 ათასი ლარია ჯარიმა და ხშირ შემთხვევაში ამ ოდენობის თანხა კონკრეტული პროექტისთვის არის განსაზღვრული, თუნდაც, სოფლის მეურნეობის ან სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილში, მაგალითად, რომ კულტურისა და განათლების სფეროში ჩაატარონ ღონისძიება. როგორ უნდა გადაიხადოს ორგანიზაციამ ეს ჯარიმა? _ ეს დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის და კონკრეტული მიზნობრიობით აქვთ და არა ჯარიმებისთვის. სახლიდან ხომ არ მოიტანენ ეს ადამიანები ჯარიმებისთვის საჭირო თანხებს?

_ ისინი საუბრობენ, რომ ეს კანონი უფრო ლმობიერია, ვიდრე თუნდაც ამერიკული FAღA, ამაზე რას იტყვით?

_ FAღA-ს კანონი და ის კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, ერთმნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ მათი სამიზნე არის სხვადასხვა, სხვადახვა რამეს არეგულირებს. რა თარგმნეს და რა წაიკითხეს, არ ვიცი, მაგრამ თუ თარგმნიან, იქ მკაფიოდ არის საუბარი ლობისტურ კომპანიებზე, იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ლობიზმს. რომელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ან რომელი მედიასაშუალება ახორციელებს საქართველოში ლობიზმს? თუ ვინმე ლობიზმს, უკანონო მევახშეობას, ბიზნესების მფარველობას ახორციელებს, ეს ადამიანები არიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტში. თუ ამდაგვარი კანონი იქნება, რომელიც მაგალითად, გამოააშკარავებს იმ პოლიტიკოსებს, იმ კომპანიებს, რომლებიც არიან დაკავებული მევახშეობით, ბიზნესების ზედამხედველობით და ა. შ., ჩვენ ამ კანონს მხარს დავუჭერთ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომ იქ არის საუბარი ლობიზმზე, აქ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე. მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იქ იდენტიფიცირებულია, ვის მიერ არის დაფინანსება, რაც მართლაც ხელს უშლის უცხოეთიდან გავლენის მოხდენის პროცესს. ჩვენს შემთხვევაში კი ეს კანონი პირდაპირ მიმართულია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ, იმ ადამიანების, დონორი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ფულს დებენ საქართველოში თუნდაც ტურიზმის განვითარებაში, კულტურის განვითარებში, სოფლის მეურნეობაში, აქტივიზმში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა. შ. მესამე განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ FAღA-ს შექმნის მიზანი იყო გასული საუკუნის 30-იანი, 40-იანი წლების პერიოდში ფაშისტური გერმანიისა და რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური გავლენის გავრცელების ხელის შეშლა. ახლა, როდესაც კალენდარზე 2024 წელია, „ქართული ოცნება“ მთავარ მტრად აცხადებს დასავლურ დონორ ორგანიზაციებს.  რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ღიად და მკაფიოდ თქვა, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ არსებობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც ღიად თქვეს, რომ არანაირი კავშირი ამ კანონს FAღA-სთან არ აქვს. რა ვქნათ ახლა ჩვენ, ვის დავუჯეროთ? ამერიკელებზე უკეთ იცის ზარქუამ, რომელმაც არცერთ ენაზე არ იცის კითხვა? სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუსმინოთ თუ ზარქუას და იმ პროპაგანდისტებს, რომლებიც თავიანთი არხებიდან გვეუბნებიან, რომ ამერიკული კანონი ამერიკელებზე უკეთ იციან და თურმე ნინო ლომჯარიამ დააჯერა შოლცს, რომ ეთქვა ის, რაც ყველამ მოვისმინეთ. კომენტარის გაკეთებაც კი აბსურდულია, რომ თურმე ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ნინო ლომჯარია აქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

_ იქნებოდა თუ არა კანონი მისაღები ამ ტერმინოლოგიის გარეშე, როგორიცაა „უცხოური გავლენის აგენტი“ და „უცხოური გავლენის გამტარი ორგანიზაცია“?

_ არ იქნებოდა და აი, რატომ: 1. ამდაგვარი კანონის მიღება საქართველოს არ სჭირდება. 2. გავრცელდა ჩანაწერები, თუ გაუვრცელდათ „პოსტივიზე“, თუ როგორ აპირებენ, თუ შანსი ექნებათ, ლაზარე ხელმეორედ დააკავონ. ამდაგვარი ფაქტების გამოაშკარავებას ახდენენ ეს ორგანიზაციები. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორგანიზაციებს ჰქონდეთ მუშაობის შესაძლებლობა. 3. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ხოლო ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, საქართველომ მიიღოს ყველა ის სამართლებრივი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროკავშირში.

_ გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისა, დაფინანსებას დასავლეთიდან იღებს სახელმწიფო ორგანიზაციებიც, ეხება თუ არა მათ ეს კანონი?

_ მათ ეს კანონი არ ეხებათ, თუმცა უცხოური დაფინანსების, მხოლოდ ევროპულსა და ამერიკულს ვგულისხმობ, 80%, თუ მეტი არა, მოდის სწორედ სახელმწიფო ან კერძო პირების მხარდაჭერაზე. მაგალითად, პარლამენტის საიტზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ დაფინასებულია UშAID-ს მიერ _ „ვებგვერდი მომზადებულია UშAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობისა და UშAID-ის შეხედულებებს“, _ მითითებულია ვებგვერდზე. პარლამენტის საიტი რამდენიმე წელი ვერ ფუნქციონირებდა სათანადოდ, ვიდრე UშAID-ის,  ანუ ამერიკელი ხალხის მიერ არ დაფინანსდა და არ გახდა ისეთი, როგორიც ეკადრება სახელმწიფოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოს. რომ შეხვიდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე, ნახავთ, რამდენი პროექტია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რამდენი პროექტია UშAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული. ასევე რომ ნახოთ, რამდენი ქართველი სტუდენტი იღებს შესაბამის სტიპენდიას სხვადახვა ფონდიდან, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ოდენობა. ამ კანონპროექტის ამოცანა არ არის ამის მხარდაჭერა, არამედ ის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას. ხვდებიან, რომ ერთადერთი ბერკეტი დარჩათ _ ეს კანონი. სხვანაირად, აბა, ხომ ვერ გამოიტანენ ევროკომისიიდან იმ განაცხადს? ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. გამოტანიდან 24 საათს ვერ გასტანენ, იმ პარლამენტმა, რომელმაც უნდა მიიღოს აღნიშნული კანონი, მისი ვებგვერდი არის დაფინანსებული უცხოური ძალის, UშAID-ის მიერ.

ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, რომლებიც პოლიტიკოსებად მოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, ყველა სხვადასხვა დროს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამით ყველაფერი არის ნათქვამი და ყველაფერი არის გამჭვირვალე, რამდენად გულწრფელები არიან ისინი.

_ რაც შეეხება ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივ პრესკონფერენციას, რა დროსაც შოლცმა ძალიან მკაფიოდ და გარკვევით თქვა, რომ ეს კანონი არ არის ევროპული და არც აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირში მსგავსს კანონს მიიღებენ, ირაკლი კობახიძე აგრძელებდა საუბარს იმაზე, თუ  რამდენად საჭიროა ეს კანონი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რომ მას აუცილებლად მიიღებენ. ამის შესახებ რას იტყვით, რით აიხსნება გაჯიუტება და რა შედეგი შეიძლება მოყვეს მას?

_ თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციაზე რომ არ იყოს საუბარი, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ოლაფ შოლცის გამოსვლას ვუსმინე როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე ნათარგმნს, ასევე გერმანულადაც. სწორედაც ოლაფ შოლცმა „იმედის“ ჟურნალისტის დასმულ კითხვას ძალიან მკაფიო პასუხი გასცა. ამაზე მეტი მკაფიო პასუხი გერმანიის კანცლერის მხრიდან ვერ იქნებოდა, გამორიცხულია. ოლაფ შოლცმა ძალიან მკაფიოდ თქვა, _ ამ კანონს თუ მიიღებთ, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მორჩა!

_ გკითხავთ მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის შესახებ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის შეიწყალებს ლაზარეს, რას იტყვით მის შესახებ?

_ პირველ რიგში, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, ეს არ არის მხოლოდ ჰუმანური აქტი. პრეზიდენტმა ამ აქტით განაცხადა, რომ არ შეიძლება პროევროპულ მანიფესტაციას, ევროინტეგრაციის მხარდაჭერას საქართველოში ჰყავდეს მსხვერპლი. ლაზარე იყო მსხვერპლი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დაესაჯა ახალგაზრდები იმისთვის, რომ მათ გამოხატეს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. რაც შეეხება იმას, რას აპირებენ, „პოსტივიზე“ ღიად საუბრობდნენ, რომ ეს რა დაემართათ და აპირებენ მაინც დასაჯონ ლაზარე. ამით სურთ, რომ ახალგაზრდები დააშინონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. მდინარაძის პროპაგანდის ქართველ ახალგაზრდებს არ ეშინიათ.

_ ჩვენ წინ გვიდევს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში უკან არ წაიღებენ ამ კანონს. რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ ქართველი ხალხი დადგება მოწოდების სიმაღლეზე. სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის იმედი მაქვს, ხოლო პოლიტიკური პარტიები იქნებიან იქ, სადაც იდგება ქართველი ხალხი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება

_ თქვენ გაქვთ საკმაო გამოცდილება საარჩევნო პროცესზე დაკვირვების, რამდენად შესაძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს?

_ პარტია „ახალს“ ექნება ძალიან კონკრეტული სტრატეგია იმისა, თუ როგორ შეეწინააღმდეგოს „ქართული ოცნების“ დანერგილ მავნებლურ საარჩევნო პროცესს. ორი ლიდერი, ნიკა გვარამია და ნიკა მელია, არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაამარცხონ „ქართული ოცნება“. ნიკა მელია ერთადერთი ლიდერია, რომელმაც 2020 წელს პირველი ტურის შედეგად გამოიტანა ოფიციალური გამარჯვება, თუმცა, როგორც ცნობილია, მეორე ტურში უკვე მონაწილეობა აღარ მიიღო ოპოზიციამ. „სამოქალაქი პლატფორმა 20/20“-ში მუშაობით თენგო თევზაძეს აქვს ის გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაგეგმოს საარჩევნო პროცესი. მთავარია, საზოგადოების მხარდაჭერა იყოს შესაბამისი, რისი დიდი იმედიც გვაქვს.

გაზიარება