- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-04-22 04:12:23
გიგა გელხვიიძე
საქართველოში არსებული მძიმე ნარკოვითარების შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი და უფრო მეტი ახალი ფაქტი იკვეთება, რომლის მიხედვითაც, „მკვლელი ნარკოტიკის“ მომხმარებელთა რიცხვი კოლოსალურ რაოდენობას აღწევს, ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არასრულწლოვანია.
ნარკოტიკების მომხმარების ვიდეო თუ ფოტომასალას წააწყდებით ყველა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი „ტიკ ტოკში“.
გაზეთის ამ ნომერში „ქრონიკა+“ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ, სადაც მომხმარებელი არასრულწლოვანი გოგონაა (მის ფოტოს არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაქვეყნებთ), მისი ქმედების შესახებ კი დედამ სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით შეიტყო და გადაწყვიტა, ამ თემაზე საჯაროდ ესაუბრა.
არასრულწლოვანი გოგონას დედის, სახელად ლონას მონათხრობიდან ირკვევა, რომ მისი შვილები სოციალურ საცხოვრებელში იზრდებიან და როგორც თავად გვიყვება, სწორედ მათი უყურადღებობის შედეგია ის ფაქტი, რომ მისი შვილი დღეს ნარკოდამოკიდებულია.
ლონა გვიყვება, რომ ისინი ბოშათა ბანაკის წარმომადგენლები არიან და მისი შვილი სოციალურ საცხოვრებელში მას შემდეგ გადავიდა, რაც სოცმუშაკმა დაადგინა, რომ დედას არ აქვს შესაბამისი პირობები, რომ შვილები თავისთან აცხოვროს.
_ ქალბატონო ლონა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ტყუპი გოგონები გყავთ, სად იმყოფებიან ახლა ისინი?
_ ჩემი გოგონები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლები. ისინი ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრებელში. ორივე თანაბარ პირობებში იზრდებოდა, თუმცა არ ვიცი, რა მოხდა, ერთ-ერთი (ა. მ.) მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ კი „ბიოს“ და ასევე პერიოდულად დაკავებულია ძარცვით.
_ დიდი ხანია, რაც ეს გრძელდება?
_ მოპარვით მაშინაც იპარავდა, როდესაც მამიდაჩემთან იყო, შემდეგ როცა გადაიყვანეს სოციალურ საცხოვრებელში, მაინც აგრძელებს იმავეს. როდესაც გარეთ გამოდის, ძალიან გვიან ბრუნდება საცხოვრებელში.
არ მინდა, რომ ჩემი შვილი შვილი ცუდი იყოს. ახლა ფეხი აქვს მოტეხილი და ექვსი თვე უნდა ჰქონდეს რკინებში, მანქანამ დაარტყა, როდესაც ღამით თავისუფლების მოედანზე გადადიოდა.
_ სოციალურ მუშაკთან თუ გქონიათ კავშირი?
_ სულ ვეჩხუბებოდი სოციალურს, რატომ უშვებთ ცამეტი წლის გოგოს გარეთ ასეთ დროს მარტო-მეთქი? ბავშვთა სახლმა გამიფუჭა ბავშვი.
_ როგორ შეიტყვეთ, რომ თქვენი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო?
_ ვიღაც ბიჭებთან ერთად დადიოდა. ვეუბნებოდი მეც, მეზობლებიც, ჩემი „ხაზეიკაც“. სულ ვეუბნებოდი და ვეჩხუბებოდი, ნუ მათხოვრობ, ნუ იპარავ, ყველა დამემოწმება. ბავშვთა სახლიდან გამოდიოდა და უშვებდნენ თავის ნებაზე. რამდენჯერმე მქონდა სასამართლო ჩემს შვილებთან დაკავშირებით, თუმცა სოციალური მუშაკები მეუბნებოდნენ, რომ არ გაქვს პირობები და ვერ გაგატანთ ბავშვებსო. გამიფუჭა ბავშვთა სახლმა ბავშვი. ღამის სამ და ორ საათზე ბრუნდებოდა ბავშვთა სახლში, მე არ ვიცი, რა დაწესებულებაა, როდესაც ასეთი რამ ხდება და მსგავსი რამის უფლება აქვთ ბავშვებს.
ვნახე ეს ყველაფერი ფეისბუქზე, სტატუსი იყო გამოქვეყნებული, სადაც ჩანდა, ჩემი შვილი როგორ მოიხმარდა „ბიოს“, ნებისმიერს შეუძლია ამის ნახვა, მათ შორის, „ტიკ-ტოკზე“. ვინ აწვდის ნარკოტიკულ საშუალებებს, არ ვიცი.
_ თუ ურთიერთობთ მასთან და რას ამბობს თავად?
_ არ მაქვს მასთან კონტაქტი, ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგანაც შეურაცხყოფა მომაყენა. სულ მაფურთხა, რომ ვეჩხუბებოდი. რამდენჯერმე ჰქონდა დაწერილი საჩივარი ჩემზე. მე რაიმეს თქმის უფლება არ მქონდა. რამეს რომ დააშავებდა, ჩემთან რეკავდნენ პოლიციელები. მე ვთქვი, რომ ვუჩივლებ იმ სოციალურ საცხოვრებელს, რომელმაც გამიფუჭა ჩემი შვილი.
_ როდესაც მიმართეთ სოციალურ საცხოვრებელს, რა პასუხი მიიღეთ მათგან?
_ მითხრეს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ის შევაკავოთო. ჩვენ ორი საათით სადაც უნდა, ვუშვებთო. მე ვკითხე, ამ დროს ვინმემ რომ გააუპატიუროს ან რაიმე მსგავსი, ვინ აგებს ამაზე პასუხს-მეთქი? ვერაფერი მიპასუხეს.
ეს არის სახელმწიფო უწყება, სადაც არაფერს მეუბნებოდნენ, პირიქით, აქეთ მლანძღავდნენ.
_ თქვენი შვილის მეგობრებისგან ან სანაცნობო წრისგან ხომ არ გსმენიათ, სად იღებდა ის წამალს?
_ ეს ყველაფერი არ ვიცი. როგორც გითხრით, ამის შესახებ გავიგე ფეისბუქით, როდესაც სურათი გამომიგზავნეს და გავგიჟდი, რომ ვნახე „ბიოს“ ეწევა. დადიოდა, იპარავდა, მაღაზიებს ტეხავდა და ამით ცდილობდა ფულის შოვნას.
_ სად იმყოფება ამჟამად თქვენი გოგონა?
_ ეს დღეები, რაც ფეხი მოტყდა, მამიდაჩემმა წაიყვანა საავადმყოფოდან, რომ მოუაროს და კიდევ რამე არ დაემართოს. ისე გამაბრაზა, რომ მისი ნახვაც არ მინდა, თუმცა იმ საცხოვრებელს უნდა ვუჩივლო. გამოდიოდა იქიდან და უკან არ ბრუნდებოდა შემდეგ, იპარავდა ამ დროს და რაღაცებს ყიდდა. ხალხი მირეკავდა, რომ ხედავდნენ. სახლში რამდენჯერაც დავიბარე და მოვიდა, სულ ცუდ სიტყვებს მეუბნებოდა.
_ ქალბატონო ლონა, თქვენ არ ხართ პირველი, რომლის შვილიც მსგავსს მდგომარეობაშია. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
_ ვურჩევ ყველა დედას, რომ შვილები თავისთან ჰყავდეთ და ისე გაზარდონ, რადგან ბავშვთა სახლი აფუჭებს ბავშვებს. ყველაზე მთავარი არის ეს, რომ ბავშვი იყოს მშობლის გვერდით, ასეთ დროს მგონია, რომ უფრო ნაკლებად აღმოჩნდებიან საშიშ სიტუაციაში.
_ რომელ ბავშვთა სახლში იმყოფებოდა თქვენი შვილი?
_ ჩემი შვილი იმყოფებოდა დიდუბის ბავშვთა სახლში, მისი და ახლაც იქ არის. ორივე დები ერთად იყვნენ, ამან რომ დაიწყო მოპარვა, შემდეგ წამოვიდა. მისი და იქ დარჩა, არ აჰყოლია მას. კარგი გოგოა, ფეხბურთზე დადის. მე არ ვიცი, ეს ვინ გააფუჭა, ღმერთმა იცის. ახლა იმყოფება გლდანში, სადღაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელია.
საუბრის ბოლოს ლონას დეტალურად ვკითხეთ, თუ რომელ საცხოვრებელზე იყო საუბარი ან ჰქონდა თუ არა მას ტელეფონის ნომერი, რაზედაც გვიპასუხა, რომ არ აქვს და ის მხოლოდ სოციალურ მუშაკს ურეკავს, როდესაც რაიმე სახის პრობლემა წარმოიქმნება ხოლმე მის შვილთან დაკავშირებით.
„ქრონიკა+“ შეეცადა მიეკვლია, აღნიშნული სოციალური საცხოვრებლისთვის, თუმცა უშედეგოდ, ამიტომაც ვთხოვთ მკითხველს: თუ თქვენთვის ნაცნობია ინიციალები ა. მ. და გაქვთ ინფორმაცია, სად არის განთავსებული გლდანში კერძო ტიპის სოციალური საცხოვრებელი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რათა ხვალ თქვენი ახლობელი არ აღმოჩნდეს ვინმეს უპასუხისმგებლობით ანალოგიურ მდგომარეობაში.
ქვეყანაში არსებული მძიმე ნარკოვითარების შესახებ საჯაროდ საუბრობს შსს-ც. ბოლო მონაცემებით (2024 წელი, პოლიცე.გე), ნარკოდანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალებების შენახვის, გასაღების, დადებისა და მოხმარების) 332 პირია დაკავებული, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2023 წელს საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის ჯამური რიცხვი არის 6594.