- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-03-14 04:14:28
გიგა გელხვიიძე
ნარკომანია და მისით გამოწვეული უარყოფითი პროცესები სამყაროში უკვე ძალიან ბევრი წელია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება ნარკოტიკული საშუალებების სახეები, შემადგენლობები, სახელწოდებები და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად მომაკვდინებელი და დამაზიანებელია ნარკოტიკული საშუალებები.
საქართველოში ნარკომანიამ ყველაზე მძაფრად 70-90-იან წლებში იფეთქა, რასაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ თაობები შეეწირა. შემდგომ, 2000-იან წლებში, საკითხი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ნარკომანია იმდენად მძლავრი აღარ იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ (2012 წლიდან) ნარკოტიკები კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში და დღეს პრობლემა შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია.
რატომ ხდება ადამიანი ნარკოდამოკიდებული? რა რეაქციებს იწვევს ორგანიზმში სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება? როგორ უნდა შევებრძოლოთ „ლომკას“? რა შედეგები მოაქვს მეტადონს?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად „ქრონიკა+“ ესაუბრება ყოფილ ნარკომომხმარებელსა და დღეს უკვე ფსიქოთერაპევტს, დამოკიდებულების კონსულტანტ თამაზ ტუღუშს:
_ ბატონო თამაზ, რატომ მიდიან ადამიანები ნარკოტიკებამდე?
_ უფრო ხშირად ეს არის ბაზისური, ფუნდამენტური მოთხოვნილებები, რომლებიც არ არის დაკმაყოფილებული. ეს არის მოთხოვნილება კონტაქტის, სიყვარულის და მეორე მოთხოვნილება არის ნამდვილობა, ავთენტიკურობა, ანუ ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებ. მაგალითად, რომ შემეშინდა და ამიკრძალეს შიში და შემდგომში მე უკვე აღარ ვაძლევდი ჩემს თავს იმის უფლებას, რომ შემშინებოდა. აკრძალვები ძალიან ხშირად გვხდება ნარკოდამოკიდებულებასთან. არის კანადელი ფსიქოთერაპევტი, აქვს შესანიშნავი თეორია ხუთი ტიპის ტრავმის შესახებ. ესენია: უარყოფის ტრავმა, მიტოვებულობის ტრავმა, დამცირების ტრავმა, უსამართლობისა და ღალატის ტრავმა, აქედან რომელიმე ერთი, რომელიც გადაიტანა ადამიანმა ბავშვობაში. შესაბამისად, მიდრეკილება დამოკიდებულებისადმი ეს არის გამოწვეული აუცილებლად შვიდ წლამდე ასაკში. მისმა ცხოვრებამ და გამოცდილებამ ადამიანი შემდგომში უკვე მიიყვანა დამოკიდებულებამდე, რადგანაც ნარკოტიკში ის რაღაცას პოულობს, რესურსულ მდგომარეობას, რომ გადავიდეს იმ არარესურსული მდგომარეობიდან. დამოკიდებულება ეს არის საშუალება, გასცდე ღრმა განცდებს, რეპრესირებულ გრძნობებს, რომლებიც უკავშირდება უპირობო სიყვარულსა და ზრუნვის არქონას ბავშვობაში. დამოკიდებულებას შეიძლება კიდევ მივცეთ ასეთი მნიშვნელობაც, რომ ის არის წარუმატებელი მცდელობა, რაღაც მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ემოციურ კავშირში, სეპარაციაში უკვე ზრდასრულ ასაკში. ეს არის პირველი შიდა კავშირი ემოციისა და სეპარაციის. ბავშვს თან უნდა, რომ მიჯაჭვული იყოს დედასთან, იყოს ისევ ერთი ორგანიზმი, როგორც ეს ხდებოდა მუცლად ყოფნის დროს და მეორე არის, რომ სურს სეპარირდეს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზმი. ამიტომ პირველი შიდა კონფლიქტი თუ თავის დროზე არ არის მოგვარებული განვითარების ასაკში (ამას განვითარების ფსიქოლოგებიც კარგად აღწერენ პიეჟე და სხვები), შემდგომ წლებში ადამიანს წარუმატებელი მცდელობა აქვს, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები.
_ ძალიან ხშირად საუბრობენ, არ იცოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ კონკრეტული პირი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. რა ეტაპზე შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ამის მიხვედრა?
_ ვერ ვამჩნევდი, ეს არის უარყოფა მშობლის მხრიდან და პირველი ძლიერი დამცავი მექანიზმი, რომელსაც ჰქვია უარყოფა ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში. მშობელი უარყოფს, რომ მისი შვილი დამოკიდებულია. მე მახსოვს, როდესაც წამალს ვიკეთებდი ვენაში, ბებიაჩემმა შემომისწრო ერთხელ და დავაჯერე, რომ ეს არ იყო წამალი და შპრიციც კი არ მქონდა ხელში. შემდეგ ამბობდა, რომ ჩემი თამაზი მაგას არ იზამსო. რატომ არ იზამს? ეს არის უბრალოდ უარყოფა, რომელიც აქვს მშობელს. არის კიდევ უარყოფის ისეთი მძიმე სტადიები, როდესაც დაკავების შემდეგად ამბობენ ადამიანები, რომ არ არსებობს, ეგ ასე არ იქნებოდა. მაგალითად, ეს იგივეა, როდესაც ქალს ქმარი ღალატობს, ეუბნებიან, რომ დაინახეს ეს აქტი, თუმცა ის მაინც ამტკიცებს ჯიუტად, რომ არა, ეს ასე არ არის. არ უნდა დაიჯეროს მან ეს, რადგანაც ეს რომ რეალობა იყოს, მან უკვე სხვა ნაბიჯები უნდა გადადგას, აიღოს პასუხისმგებლობა და არ სურს მას უბრალოდ ეს. მას უნდა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას.
ბავშვობიდან დავიწყოთ: ადამიანი, რომელსაც აქვს მიდრეკილება დამოკიდებულებისადმი, ბავშვობის პერიოდში არიან მოუთმენელი ბავშვები. ვერ ითმენენ, ეშინიათ რაღაც ახლის დაწყების, ეშინიათ, რომ იქნებიან განსჯილნი, არიან ჰიპერაქტიურები, თამაშის დროს რომ დაუძახებენ ბავშვს, ის ბავშვი ჩვეულებრივად ადგება და მიჰყვება მშობელს, ხოლო ის, ვისაც დამოკიდებულებისკენ აქვს მიდრეკილება გიჟდება ამაზე, ჰგონია, რომ ეს ბოლო თამაშია და იწყებს ყვირილს და წივილს. კიდევ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებმაც არ იციან დროის სტრუქტურირება, _ რა გავაკეთო? _ ეს არის კითხვა, რომელსაც ასეთი ბავშვები სვამენ ხშირად.
რა ხდება დიდ ასაკში და როგორ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანს აქვს დამოკიდებულება: ეს პირველ რიგში გამოიხატება ფულის მოძიებაში. ხშირად ნარკომანები არ მუშაობენ და ისინი ამავდროულად სულ ფულს მოითხოვენ, ხშირად იტყუებიან. ახლა ისეთი ნარკოტიკები არის გამოსული, რომლის მოხმარების შემდეგ არ ჭამენ საჭმელს, შესაბამისად, მუდმივი უჭმელობა აქვთ, ღამეებს ათენებენ, მუდმივად შფოთავენ, ასევე სამეგობრო წერე არის უკვე ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა, რომლის შემდგომაც მშობელს უნდა გაუჩნდეს კონკრეტული ლოგიკური ეჭვები. რაც შეეხება ფიზიკურ გამოვლინებას, ოპიუმმა, მაგალითად, იცის ხელების დასივება, ვენების არქონა, ახალი ამფეტამინისთვის დამახასიათებელია შიზოფრენიული შემოტევები, მოლანდებები, ოჯახზე რაღაცის დაბრალებები, სახლში რომ იმალება ჩუმად, როდესაც ამბობს, რომ მას უთვალთვალებენ და კამერები უყურებენ, ამას იწვევს ეს ნარკოტიკები.
_ დღეს ძალიან დიდი რაოდენობით იყიდება ამფეტამინი, ფენტალინი, რასაც მსხვერპლი მოსდევს. რა პროცესებს იწვევს ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში?
_ ფენტალინი და ალფა პე-ვე-პე რომ ჰქვია, ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს და ეს შედეგები ვლინდება, ფაქტობრივად, იმთავითვე, როდესაც ადამიანი იწყებს მათ მოხმარებას. ადრე შეიძლება ნარკოტიკულ საშუალებებს ათი და თხუთმეტი წელი მოიხმარდნენ, მაგრამ ნარკოტიკი ისე შეიცვალა, რომ შეიძლება ეს პირველი და უკანასკნელი მოხმარება იყოს. შეიძლება უბრალოდ აღარ იყო ან სრულიად არაადეკვატური ხდები, ანუ პირდაპირ ტვინზე მოქმედებს ეს ნარკოტიკი. შეიძლება პირობითად ზოგის ორგანიზმმა გაუძლოს და ორი წელი იკეთოს, მაგრამ ზოგის ორგანიზმი ვერ უძლებს და პირველივე მოხმარებისთანავე მისი ფსიქიკა უკვე დაზიანებულია, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში დგება ლეტალური შედეგი. ორი წელი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის უტრირება, გამორიცხულია, ადამიანმა გაძლოს ამ ნივთიერებების ფონზე ორი წელი. ძალიან დიდია აღნიშნული პრეპარატების ტოლერანტულობა. ადრე კოკაინს ჰქონდა დიდი ტოლერანტულობა, რაც გამოხატული იყო იმით, რომ ერთ ღამეში თუ ერთ გრამს გაყნოსავდი, მეორე ღამეს უკვე ორი გრამი გინდოდა და ანალოგიური ჰქონდა ჰეროინს, მაგრამ ამათ იმხელა ტოლერანტობა აქვთ, რომ სულ, ყოველ წამს გინდება მიღება მათი და ამიტომაც ძალიან ხშირია სუიციდის შემთხვევები.
_ ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანა არ არის იმდენად მავნებელი და მისი გამოყენება თამამად არის შესაძლებელი. აქვს თუ არა მას უარყოფითი მხარე და რით გამოიხატება ეს?
_ მარიხუანას, რომელსაც 15 და 20 წლის წინ მოიხმარდნენ, იცოდი, რომ მარიხუანა იყო, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე კი გეუბნებით, მაშინ იყო მარიხუანა, რომელსაც 15% ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების შემცველობა, ახლა კი ნარკოტიკული საშუალების შემცველობა დღევანდელ მარიხუანაში 70-80%-მდეა გაზრდილი, ანუ იწვევს უკუჩვენებას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია ჩემი გადმოსახედიდან დღესდღეობით მარიხუანა და არანაკლები სიმპტომები აქვს მას. ადამიანები ითიშებიან, ჰალუცინაციები აქვთ, ასეთი არ იყო მარიხუანა. ადამიანი თუ ცუდად გახდებოდა მარიხუანის მოხმარებისას ადრე, წყალს დაალევინებდი, საჭმელს შეჭამდა და გამოდიოდა, ახლა ასე არ ხდება, ადამიანები ხდებიან ცუდად და ვეღარ გამოდიან ამ მდგომარეობიდან.
_ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა, სადაც ირკვევა, რომ ზედოზირება იყო, ცუდი წამალი მიაწოდეს და დადგა ლეტალური შედეგი. რა უნდა გააკეთონ, სანამ სასწრაფო მოვა იმისთვის, რომ ლეტალობის რისკი შემცირდეს?
_ უნდა გადმოატრიალო, ენა უნდა დაუჭირო. არ უნდა ურტყა გამოფხიზლების მიზნით, რადგანაც ეს არაფრისმომცემია და შეიძლება კიდევ უფრო მეტი ზიანი მოიტანოს. ენა უნდა დაუჭირო, რომ არ გადაეყლაპოს და გამოიძახო სასწრაფო. უნდა იყვირო ყველას გასაგონად, რადგანაც შესაძლებელია სადმე ექიმი იყოს და აღმოუჩინოს დახმარება.
_ როგორ უნდა მოიხსნას ე. წ. ლომკა?
_ „ლომკის“ მოხსნა არის უცილებელი და ამისთვის არსებობს რეაბილიტაცია, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ფიზიკური და ფსიქოლოგიური „ლომკის“ გადაგდება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი. ჯერ, რა თქმა უნდა, ფიზიკური „ლომკა“ უნდა მოიხსნას და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ნარკოლოგიურ ცენტრში, ხოლო ამის შემდგომ უკვე აუცილებელი არის ფსიქოლოგიური მუშაობა, რომ სასურველი შედეგი დადგეს.
_ ქართულ რეალობაში უმეტესწილად ვაწყდებით ფაქტებს, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანები ხვდებიან ციხეში. რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ციხე, როგორც ერთგვარი გამოსავალი არსებული რეალობიდან?
_ მე პირადად რამდენჯერაც დამიჭირეს, უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში გამოვედი იქიდან. უფრო მეტად გაბრაზებული ვიყავი სამყაროზე, მიტოვებულად ვგრძნობდი თავს და მეტ ნარკოტიკს ვიღებდი, მქონდა ის შეგრძნებები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. ციხე არ არის გამოსავალი. მე საკმაოდ დიდი პერიოდი ვცხოვრობდი უკრაინაში და ვმუშაობდი დაკეტილ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მოჰყავდათ ადამიანები იძულებით, მაგრამ ეს იყო იძულებითი მკურნალობა და არა ციხე. როდესაც ადამიანი მოჰყავდათ ვეუბნებოდით, რომ თვე-ნახევარი შენ ვერსად გახვალ და თუ ვერ გაიგებდა თვე-ნახევრში და ორ თვეში, რამდენად კარგია ცხოვრების შეცვლა და ყველაფრის ახლიდან დაწყება, ასეთი ადამიანი უნდა გაუშვა და მისცე საშუალება, რომ ისევ მიიღოს ნარკოტიკული საშუალება, თავისი გზა უნდა გაიაროს. ციხეში რომ ჩასვა, ეს არაფერს შველის. ამიტომ ვამბობ, რომ დეკრიმინალიზაცია კარგია, თუ სახელმწიფო ჩაერევა ამ მხრივ და ციხეებში კი არ ჩასვამენ ადამიანებს, წაიყვანენ იქ, სადაც ასწავლიან როგორ მოიქცნენ. ციხეში ამას არავინ გასწავლის. ასევე გააჩნია, რა სიტუაციაში მოხვდები იქ. მე თავად ვიჯექი ციხეში და უფრო და უფრო გაბრაზებული და გამწარებული გამოვდიოდი იქიდან. როგორც ერთი ცნობილი გამოთქმაა, _ ციხე არ არის გამოსასწორებელი ადგილი, ის არის სკოლა ახალი დანაშაულების ჩასადენად.
_ მეტადონზე მინდა, რომ გკითხოთ, _ აქვს თუ არა მას გვერდითი მოვლენები?
_ თუ სწორად იქნება გამოყენებული პროგრამა, ის ძალიან ეხმარება ადამიანს. ეხმარება ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია ათი დღე გაჩერდე ამ პროგრამაზე და გამოხვიდე. ყოველდღიურად მიდიხარ, გაძლევენ მეტადონს და გამოდიხარ. ამ პროგრამის არსიც სწორედ ეგ არის, რომ როდესაც შენ იღებ ნარკოტიკს და გინდა გადაგდება, ეს პროგრამა გეხმარება ამაში, შემდგომ კი შენ მიდიხარ სარეაბილიტაციო ცენტრში. ეს პრაქტიკა ძალიან კარგად არის დანერგილი ამერიკაში. მეტადონს იღებენ იმისთვის, რომ არ მოკვდეს ადამიანი და არა იმისთვის, რომ იკაიფოს. პრეპარატი ეხმარება იმაში, რომ არ აენგრეს ფსიქიკა, თუმცა მსგავსი პროგრამა არ უნდა გრძელდებოდეს მთელი ცხოვრება, ეს უნდა იყოს, მაქსიმუმ, ათი-ოცი დღე, შემდეგ უკვე უნდა გადადიოდნენ სარეაბილიტაციო ცენტრებში.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ, უცხოეთის პრაქტიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს თუ არა ადამიანი ინფორმირებული ნარკოტიკულ საშუალებებზე, მის გვერდით მოვლენებზე და რა ასაკიდან?
_ ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბავშვობის, სკოლის ასაკიდან არის აუცილებელი, იმ დონეზე უნდა მიაწოდო ბავშვს ინფორმაცია ასაკის შესაბამისად, რა დონეზეც ის შეძლებს ამის აღქმას და გაგებას. უნდა ისწავლებოდეს სკოლებში ემოციური ინტელექტი, ანუ როგორ გავუმკლავდეთ ბრაზს, სტრესს. უნდა ისწავლებოდეს, რას გრძნობს ამ დროს ადამიანი? რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერ ნარკომანს ჰგონია, რომ მას მოკლავს გრძნობა, სინამდვილეში კი შეგრძნებები არ კლავენ. ემოციური ინტელექტის სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დადასტურებულია სხვადასხვა კვლევით, თუ რამდენად დადებითად აისახება ეს ყველაფერი დაწყებითი კლასებიდან.
„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა ნარკოლოგ თათა ასათიანს:
_ ნარკოტიკების მიღება ძირითადად ხდება სტრესთან გამკლავებისა და რელაქსაციის მოთხოვნილების არსებობის გამო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასება ან ცხოვრების საზრისის დეფიციტის ქონა. ნარკოტიკს უფრო მეტად ირჩევენ ის ადამიანები, რომლებსაც სიყვარულის დეფიციტი აქვთ და ცდილობენ იყიდონ ბედნიერება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება ძირითადად იწყება მოზარდობის პერიოდში და განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ასაკში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აჩქარდა ცხოვრება და დრო, აქედან გამომდინარე კი მშობლებს არ აქვთ საშუალება, მეტი დრო გაატარონ თავიანთ შვილებთან, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ყურადღებით გარდამავალ ასაკში, გვქონდეს ყოველდღიური კონტაქტი, ვკითხოთ მათ, როგორ გაატარეს დღე და ა. შ., მოზარდობაში კი უკვე აღარ გამოგვეპარება მათი ცვლილება. თუ ზედმეტად აღგზნებულია, მოთენთილია, დაკარგა ინტერესი სწავლის მიმართ, შეეცვალა წრე, აქვს პროტესტი ყველაფრის მიმართ, ამ დროს უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგანაც ეს ყველაფერი შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, არ უნდა შეგვეშალოს რამე.
ახალი ფსიქოაქტიური საშუალებები, რომელსაც მოზარდები იყენებენ და მათ არასწორად ამფეტამინს უწოდებენ, ეს არის სტიმულაციური ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამფეტამინთან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი განეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ჯგუფს. ახალი ფსიქოაქტიური საშუალებები იწვევს სწრაფი დამოკიდებულების განვითარებას, ძალიან ძლიერი მოთხოვნილებით ხასიათდებიან და ზოგადად იწვევს ძლიერ პიროვნულ დეგრადაციას.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მარიხუანა, რომელიც არანაკლები დამოკიდებულებით შეიძლება ხასიათდებოდეს და იწვევდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას, რაც შემდგომში უკვე იწვევს ე. წ. ლომკის განვითარებას შეწყვეტის შემთხვევაში და ფსიქოლოგიურ პრობლემებს _ მოტივაციისა და დაინტერესების შემცირებას და ისეთ ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომელსაც კლინიკურად შიზოფრენიას ვუწოდებთ.
_ ჩვენს წინა რესპონდენტსაც ვკითხეთ და თქვენც მინდა, რომ გკითხოთ, _ იმ შემთხვევაში, თუ ზედოზირებაა ან რომელიმე ნარკოტიკული საშუალებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, რა უნდა გავაკეთოთ?
_ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი არ დავტოვოთ მარტო, კარი უნდა იყოს აუცილებლად ღია, როდესაც სასწრაფოს გამოვიძახებთ, რათა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეძლოს მარტივად შესვლა იმ ადგილას, სადაც ადამიანია ზედოზირების მდგომარეობაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 2014 წლიდან მოეხსნა იმის ვალდებულება, რომ დარეკოს პოლიციაში, ასე რომ, თამამად უნდა დარეკონ ადამიანებმა. თუ ზედოზირებაზეა ლაპარაკი, არ უნდა მისცენ დაზარალებულს დაძინების საშუალება და თუ ნარკანი ექნებათ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ან ინტრავენურად, ან კუნთში.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ „ლომკის“ მოხსნაზე, _ რამდენად არის შესაძლებელი ეს სახლის პირობებში, რადგანაც ხშირად ვაწყდებით ფაქტებს, რომ ერიდებათ ან ეშინიათ გარკვეული მიზეზების გამო მომხმარებლებს მედიკოსებისთვის მიმართვა.
_ საქართველოში არსებობს სამკურნალო ცენტრები. თვითმკურნალობა არანაირად არ იძლევა შედეგს და ყველას ვურჩევ, დახმარებისთვის მიმართოს სპეციალისტებს, რაც უფრო ადრე, მით უფრო კარგ შედეგს მიაღწევენ.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ძალიან დიდი მოცულობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდება ტელეგრამ არხებისა და სხვადასხვა კერძო სააფთიაქო ქსელის მეშვეობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მოზარდები იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს და მომენტალურად დგება ლეტალური შედეგი, დამნაშავეები კი კვლავ აგრძელებენ ე. წ. სიკვდილის ნარკოტიკების გაყიდვას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თუ ფლობთ ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორებთან დაკავშირებით, გთხოვთ, შეგვატყობინოთ. წყაროს ანონიმურობა დაცულია.