- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-03-01 03:37:07
შორენა მარსაგიშვილი
გასულ კვირას საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დააკავეს, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. სიკვდილით მოვაჭრეები კიდევ დიდხანს იბოგინებდნენ დაუსჯელად, „ქრონიკა+“-ის რედაქტორ ელისო კილაძეს რომ არ დაეწყო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მის წამოწყებას არც არასამთავრობოები გამოხმაურებიან, არც პოლიტიკოსები და მედიის უდიდესმა ნაწილმაც არ შეიმჩნია ეს ამბავი. არადა, ქვეყანაში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს.
რა საფრთხეს შეიცავს სინთეზური ნარკოტიკი? რატომ ხუჭავს თვალს ხელისუფლება ამ საშინელებაზე? რა შეცდომა დაუშვა დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებით? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექიმი, პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა მალაშხია:
_ ბატონო შოთა, თქვენთან პოლიტიკაზე მინდოდა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ როგორც ექიმი იმ ნარკოჯოჯოხეთის გარშემო უნდა ჩაგწეროთ, რომელიც დღეს საქართველოშია. ეს საშინელება ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო, დაიღუპა ბევრი ახალგაზრდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყველა, რატომღაც, გაურბის.
_ ნარკომანია არის დაავადება და ამას სჭირდება სათანადო მკურნალობა. ამით დაავადებულები არიან გერმანშიაც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც.... ყველგან დაახლოებით ერთნაირი პროცენტია დაავადებულების. ჩვენთან დაავადებულთა პროცენტი არის ძალიან მაღალი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოდაში შემოვიდა ნარკოტიკების მოხმარება.
_ ასეთი მოდა იყო გასული საუკუნის 70-80-იანი და 90-იანი წლების დასაწყისშიც.
_ ასე იყო. გადატრიალების შემდეგ ნარკომანობა უფრო მოდაში შემოვიდა და გაძლიერდა. შემდეგ ეს გაგრძელდა აფხაზეთის ომის დროს და ომის დასრულების შემდეგაც. ახლა 90-იანი წლების მენტალური პერიოდი „ქართულმა ოცნებამ“ უკან დააბრუნა. პლუს ამას დაემატა გამოუვალი მდგომარეობა. პერსპექტივას ადამიანები ვერ ხედავენ, მით უმეტეს, ახალგაზრდები. მათი მშობლები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასულები, აქ თეთრებს აგზავნიან და ჰგონიათ, რომ შვილები სწავლობენ. შვილები ამ დროს დედების მიერ სიმწრით ნაშოვნ ფულს ნარკოტიკებში ხარჯავენ _ ან აქ იპარავენ ან ნაძარცვით შოულობენ ნარკოტიკებს. დაბალი ხარისხის ნარკოტიკებმა სწრაფი შეჩვევა იცის და, შესაბამისად, მისი მომხმარებელიც ბევრია.
_ დღეს ეს დაბალი ხარისხის ნარკოტიკია ხომ საქართველოს ბაზარზე შემოყრილი?
_ საქართველოში ყველა სახის ნარკოტიკია შემოსული. ხშირად გაგვიგია კლუბური ნარკოტიკი. ამ კლუბური ნარკოტიკის შესაძენი ფული არ აქვთ ახალგაზრდებს და კლუბებში იაფფასიანი ნარკოტიკი შედის. ახალგაზრდები ამაზე არიან დამოკიდებულები. იაფფასიანმა ნარკოტიკმა, როგორც უკვე გითხარით, სწრაფი შეჩვევა იცის. ვინც ამ ნარკოტიკს მოიხმარს ან ინვალიდდება, ან ფსიქიატრიულში ხვდება.
ხშირად გაგიგიათ, ალბათ, რომ ჩვენს დროს პლანს თითქმის ყველა ეწოდა და ამას დიდი არაფერი მოჰყოლიოა. იმ დროს იმ პლანში ის ტოქსიკური შემადგენლობა იყო ძალიან პატარა. დღეს ჰიბრიდული პლანის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. პლანში 10-15% იყო ჰიბრიდული შემცველობა, ახლა ჰიბრიდული შემცველობა არის 60%-მდე. ამიტომ ხდება ხშირი მიჩვევა და ფსიქიკური აშლილობები. ძალიან მძიმე სიტუაციაა ამ მხრივ, არანაირი კონტროლი არ არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ სქემებში ჩართულები არიან და აქედან თანხებსაც იღებენ. ამიტომაც არ კონტროლდება ეს სფერო. ხელისუფლებას ისიც კი არ აინტერესებს, ამ ახალგაზრდებს რა მოუვათ. მათ მხოლოდ საკუთარი ოჯახები აინტერესებთ. ის კი არ იციან, რომ ასე მიშვებულ სიტუაციაში საკუთარ ოჯახებსაც ვერ დაიცავენ.
_ გასული საუკუნის 70-90-იანებშიც ასე იყო და ყველას გვახსოვს, რამდენი გავლენიანი ოჯახისშვილი შეიწირა ნარკოტიკების მოხმარებამ.
_ ახლაც იგივე იქნება. ეს ნარკოტიკები სენივით გადამდები გახდება. პროფესიონალ ექიმებთან ერთად უნდა დაიწყოს სასწრაფოდ ამ საკითხის შესწავლა. უნდა დადგინდეს, რა ტიპის ნარკოტიკებია? უნდა დადგინდეს, ვინ არის ნამდვილად დაავადებული? ვინ მიჰყვება მოდას? რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს ადამიანს, ნარკოტიკების მოხმარებას რომ იწყებს? მაგრამ ასე რომ მიუდგე ამ საკითხს, შენი ქვეყანა და შენი ახალგაზრდობა უნდა გიყვარდეს. ეს ხელისუფლება სამშობლოსა და მოსახლეობის სიყვარულისგან ძალიან შორსაა.
_ ნარკოტიკის გამავრცელებლების მნიშვნელოვან ნაწილს რუსები შეადგენენ. ეს შემთხვევითობაა, თუ რუსეთის მზაკვრული გეგმაც დგას ამის უკან?
_ 90-იან წლებში ნარკოტიკები რუსეთიდან შემოდიოდა, ახლა ხელისუფლება გვყავს რუსული. ვიღაც რუსზე ამის გადაბრალებას ახლა აზრი არ აქვს. ეს საქართველოს რუსული ხელისუფლების ბრალია. გამსაღებელი ვინ იქნება, ამას ნამდვილად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. გამსაღებელი ყოველთვის მოიძებნება. ვიღაცა გაჭირვებისგან გააკეთებს ამას. ამას ქართველებიც აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. იმიტომ გააკეთებენ, რომ ქვეყანაში ამისთვის სათანადო კლიმატია შექმნილი. ამ ხელისუფლებას ასეთი მორალური კლიმატი აქვს _ საქართველოში ყველაფერი მოსულა. არაფერი სამარცხვინო არ არის.
წარმოიდგინეთ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვითხრეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პენსიონერმა მამამ ჩაურიცხა ფული იმისთვის, რომ მას თვითმფრინავი დაექირავებინა და შვილი ჩარტერული რეისით წაეყვანა საზღვარგარეთ სასწავლებლად. ეს ხომ მარაზმის მარაზმია! ამას რომ უყურებენ ახალგაზრდები, იმათ რა მორალზე უნდა ელაპარაკო? როგორ უნდა აუხსნა, რომ რაღაც ცუდის გაკეთება არ შეიძლება? მორალური განზომილება აღარ არსებობს. ამ გაჭირვებულ ცხოვრებას რომ უყურებს, ნარკოტიკებით წამიერად ივიწყებს ყველაფერს. სახელმწიფოს მორალური კლიმატი უნდა იყოს გაჯანსაღებული. კრიმინალური და რუსული ცნობიერების ადამიანები არ უნდა იყვნენ მისაბაძნი. ამათ ყველაფერი წაშალეს და ამიტომ გვაქვს ასეთი ვითარება.
_ აღარც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა ხდება და ახალგაზრდებს არავინ ეუბნება, რომ უმჯობესია, სპორტით დაკავდნენ.
_ რა თქმა უნდა, არ არის, ან რატომ უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა? რა აზრი აქვს ამას? ამათ ხომ ეს ქვეყანა არ უყვართ. ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ გვითხრა, ბილეთები გაიაფდება და ევროპაში წადით სამუშაოდო. რაც დარჩება აქ მოსახლეობა, ივანიშვილის რეჟიმის მომსახურებისთვის საკმარისი იქნება.
მათ ინტერესებშია, რომ აქ რაც შეიძლება მეტი ნარკომანი, გონებრივად ჩამორჩენილი და გაუნათლებელი ადამიანი იყოს. რამდენ ხანსაც იმუშავებს ის ნარკომანი, ამუშავებენ და მერე სხვას მოძებნიან. ის ხომ მორჩილი იქნება. მასზე ხომ ბევრი კომპრომატი ექნებათ. ის ხომ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს რეჟიმს. ეს არის რუსული ხაზის გაგრძელება. თავის დროზე ამიტომ შემოყარეს რუსეთიდან ნარკოტიკები. ახლაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისეთი ხაზები იქნება გახსნილი, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. მარტივად ნახავთ, რა ხდება სამეგრელოში. ოკუპირებული აფხაზეთიდან შესული რუსული სიგარეტით არის სავსე იქაურობა.
_ დაახლოებით იგივე ვითარებაა შიდა ქართლში. იქ საქონელი ოკუპირებული ცხინვალიდან შედის.
_ ამიტომ გვაქვს ასეთი მძიმე მდგომარეობა. სადაც სიგარეტი შემოდის კონტრაბანდული გზით, იქ სხვა საქონელი რატომ ვერ შემოვა? ნარკოტიკებიც შემოვა. სისტემური პრობლემის წინაშე ვართ ახლა. ისეთი პოლიტიკა ტარდება, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს აღარ ჰგავს. სახელმწიფო რომ სახელმწიფოს აღარ ჰგავს, ეს მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ამის გაკეთებას აპირებდა. აქებდა საბჭოთა კავშირს. ამბობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხმა გარეთ რომ დაინახა რაღაცები, ყველაფერი მაგის ბრალიაო. აქ დარჩენილ ნარკომანს აღარ დაანახვებს, ქვეყნის გარეთ რა ხდება. იმას ეს უკვე აღარც აინტერესებს, მისცემ წამალს და მორჩა. ღიად მიგვათრევენ რუსეთში.
_ სამწუხაროდ, საქართველოში წამლით და რუსული ხელისუფლებით რუსეთი აკეთებს იმას, რასაც უკრაინაში იარაღით ვერ აკეთებს.
_ ასეა და ეს პოლიტიკა გააზრებულად ტარდება უკვე რამდენიმე წელია, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში.
_ რუსეთის პოზიციები ბოლო დროს გამყარდა. ფრონტზე აქვთ წინასვლა, ნავალნი მოკლეს. მოკლეს რუსი პილოტი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა და ვერტმფრენი უკრაინელებს გადასცა. გამოძვრა რუსეთი ჩიხიდან?
_ არავითარი შანსი არ აქვს რუსეთის ჩიხიდან გამოძრომის. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდეს. ორი წლის წინ, დაახლოებით ამ პერიოდში, რუსეთი გვეუბნებოდა, რომ 3 დღეში აიღებდა კიევს და უკრაინა დამთავრდებოდა. ახლა რა სიტუაცია გვაქვს? ვამბობთ, რომ უკრაინელებმა ავდიივკა დაკარგეს. თავის დროზე, რუსებმა უკრაინა გადაიყვანეს განიარაღებაზე, დაათმობინეს ბირთვული იარაღი, შეაწყვეტინეს სამხედრო ტექნიკის წარმოება, რომელიც უკრაინაში მზადდებოდა. სამაგიეროდ, დარჩა ტექნიკური პერსონალი. მათ გადაიარაღება და ახალი რაღაცების დაწყება სჭირდებათ. მაგალითად, დრონების ქარხნის, რომელიც უკვე მუშაობს. როგორც დრონების წარმოება დაიწყო, ასევე დაიწყება სხვა თანამედროვე იარაღის წარმოება. ამ ომს უკრაინა ვერ წააგებს, ეს გამორიცხულია. ერთ მხარეს დგას უკრაინის მებრძოლი ხალხი და მას ეხმარება მთელი ევროპა. მეორე მხარესაა ბოროტი რუსეთი.
_ ამ მხრივ ამერიკა ძალიან ცუდად მოიქცა.
_ სამაგიეროდ, ევროპელებმა დაიწყეს დახმარება. ევროპა აცხადებს, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ იქნება ამერიკაში _ ტრამპი თუ სხვა ვინმე. უკრაინის ომი მათი ომია და ეს კარგად გააცნობიერეს. ამიტომაც გამოყვეს 50 მილიარდი დოლარი უკრაინელების დასახმარებლად. 60 მილიარდი უნდა გამოყოს ამერიკამ. დახმარება თითქმის თანაზომადია. კიდევ 50 მილიარდს თუ გამოყოფს ევროპა, ეს იქნება ძალიან მაგარი. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკაც გამოყოფს დახმარებას, მაგრამ ამჯერად ასეა. ევროპაც ასე უცბად ვერ დაეხმარება უკრაინას. ამისთვის სამხედრო რელსებზე გადასვლაა საჭირო. სხვა თუ არაფერი, უნდა გამოუშვას მილიონი ჭურვი.
ახლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რატომ აქვთ წარმატება, გარკვეულწილად, რუსებს. წარმატება აქვთ იმიტომ, რომ პუტინი არ ითვლის მოსახლეობას. არ აინტერესებს, რამდენი მოკვდება ან დასახიჩრდება. დღეში კვდება ათასი და ათასზე მეტი რუსი სამხედრო და მერე? _ არც არაფერი. სტალინმა თქვა თავის დროზე, _ მე რუსეთი თვლით არ ჩამიბარებიაო. და არ აინტერესებდა ხალხი. ამიტომ შეაწყვიტა 30 მილიონი ადამიანი გერმანიასთან ომს. ერთი მილიონი ადამიანი მარტო სტალინგრადის დაცვის დროს მოკლეს გერმანელებმა. უკრაინელები ფიქრობდნენ, რუსეთში მსხვერპლი რაღაც რაოდენობას რომ გადააჭარბებდა, მერე დაფიქრდებიან რაღაცაზეო. არ დაფიქრდებიან რუსები არაფერზე. ისინი მოსახლეობას არ ითვლიან.
დარწმუნებით გეუბნებით, ეს არის ევროპის ომი და ამ ომს ვერ წააგებს ევროპა. ამერიკა თუ არ დაეხმარა უკარინას, ამით ის ძალიან ბევრს დაკარგავს. მისი ფუნქცია იკარგება. მისი ინვესტიციები აღარ იქნება ევროპაში. ომი თუ ევროპამ მოიგო უკრაინასთან ერთად, რაში აინტერესებს ამერიკა? სულ სხვა თამაში წავა აქ. ევროპელებს არ აქვთ იმის პრობლემა, რომ ჩინელებთან დაალაგონ ურთიერთობა. ირანთანაც შესაძლოა დაალაგონ. ჩინეთი და ირანი თუ დაარწმუნეს, ისინი ჩღდილოეთ კორეაზე მოახდენენ გავლენას და რუსეთს იარაღს აღარ მიაწვდიან. რუსეთს იარაღი რომ აღარ ექნება, მისი ფუნქცია უფრო იოლად გადაწყდება. სულ სხვა თამაში დაიწყება. თავად ამერიკის ინტერესებშია, რომ დაეხმაროს უკრაინას. რუსეთი უნდა დამარცხდეს.
_ თქვენი აზრით, ნავალნის მკვლელობით რა უთხრა რუსეთმა მსოფლიოს?
_ ნავალნი იმიტომ მოკლეს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ნავალნის ცოლი გამოდიოდა სიტყვით. ამ კონფერენციაზე პუტინი და მისი ხელისუფლება არავის მიუწვევია. კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი იქცევა ისე, როგორი ტვინის პატრონიც არის. პუტინის ტვინი არის КГБ-ს მაიორიოს დონეზე. რამდენი ხანიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, რაც არ უნდა გააკეთოს, კრიტიკულ სიტუაციაში მოიქცევა ისე, როგორც КГБ-ს მაიორი. ისიც ისეთი მაიორი კი არა, КГБ-ში რომ სთხოვდნენ, მოდიო. ეგ КГБ-ს ისეთი მაიორია, იქით რომ შეეტენა სისტემას. უტვინო ადამიანია პუტინი. კრიტიკულ სიტუაციაში სულ უტვინობებს აკეთებს.
ახალი მოსული იყო ხელისუფლების სათავეში, როცა წყალქვეშა ნავი „კურსკი“ ჩაძირა. ნორვეგიელები ეხვეწებოდნენ ამოვიყვანთ და ცოცხლად არ დამარხო შენი მეზღვაურებიო. ნორდოსტი გავიხსენოთ, დაწამლა ყველა. ბესლანის დროს დახოცა ბავშვები. მსხვერპლის ოდენობა არ აინტერესებს. უტვინობას უტვინობას ამატებს. მიიღო დენაციფიკაცია? ნატოს წინსვლა შეაჩერა? რა ამოცანებიც დაისახა ამ ომით, რომელი შეასრულა? ოჩამჩირეში რატომ მიჰყავს შავი ზღვის სამხედრო ფლოტი? ყირიმი ხომ ჰქონდა? ნორმალურად რომ მოქცეულიყო., ყირიმის დათმობაზეც შეიძლებოდა დასავლეთი წასულიყო. ახლა ყირიმი კი არა, გემები მიჰყავს იქიდან ოჩამჩირეში.
_ ოკუპირებულ ოჩამჩირეშიც არ იქნება მისი საზღვაო ფლოტი უსაფრთხოდ.
_ რა თქმა უნდა, ვერ იქნება უსაფრთხოდ. მთავარი ისაა, რომ ყირიმიდან მორბის უკვე. დამარცხების ტალღა რომ წამოვა, მერე ის წალეკავს ყველაფერს. ამ ტალღას ვერაფერი გაუძლებს. რუსეთი განწირულია მარცხისთვის, რუსეთის ხელისუფლება აუცილებლად გასამართლდება.
_ ჰააგაში დაიწყო უკვე სასამართლო მოსმენები პუტინის დანაშაულობებზე.
_ ასეთი სასამართლოები ბევრი იქნება და პუტინს ცალსახად გაასამართლებენ. ჩემს ფილმში, რომელიც 2010-2011 წლებში გაკეთდა, სწორედ ამაზეა საუბარი. იქ ვამბობდით, რომ ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა, პუტინი კი მაგათი ასლია. ოღონდ იმათ რესურსი ჰქონდათ და ამას ეს აღარ აქვს. მენტალურად ყველაფერს იკადრებს, რაც სტალინმა და ჰიტლერმა იკადრეს.
_ რიგ შემთხვევებში უარესსაც კადრულობს.
_ კადრულობს და ამას ახლა ყველა აღიარებს. ჩვენ ამაზე 2010-2011 წლებში ვლაპარაკობდით. მთელი მსოფლიო მას მკვლელს ეძახის. ამბობენ, რომ ის სტალინისა და ჰიტლერის ასლია.
_ იმ წლებში, როცა საქართველომ ამაზე ლაპარაკი დაიწყო, მსოფლიო მაინც პოზიტიურად იყო რუსეთის მიმართ განწყობილი და პატარა საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთისთვის ასე მკაცრად არ მოუთხოვიათ პასუხი.
_ ასე იყო და ახლა წარმოიდგინეთ, თურმე, რა გავაკეთეთ 2008 წელს. რამდენი რამისთვის გაგვიძლია მაშინ ქართველებს! იმხელა რესურსი გვქონდა, რაც ახლა უკრაინას აქვს? რა თქმა უნდა _ არა.
_ არც რესურსი გვქონია და არც დასავლეთის მხარდაჭერა.
_ ამის მიუხედავად, საქართველომ გაუძლო. ხელისუფლება ხომ გადარჩა, ვერ დაამხო რუსეთმა ცენტრალური ხელისუფლება. ომის შემდეგ საქართველოში დაიწყო აღმავლობა. მაგრამ რა? რაც 2008 წლიდან 2012 წლამდე გამოვასწორეთ და გადავარჩინეთ, . ახლა გაანადგურეს. რუსებმა ტანკით რაც ვერ გააკეთეს, ახლა „ოცნების“ ხელით აკეთებენ. 12 წელია, რაც რუსეთი თავის გასაკეთებელს ბიძინების და კობახიძეების ხელით აკეთებს.
_ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ და მათ დამოკიდებულებას როგორ შეაფასებთ ტყვედ ჩავარდნილი ქართველების მიმართ? მამუკა გაწერელიას, რომელიც „აზოვსტალს“ იცავდა, სამუდამო პატიმრომა მიუსაჯეს. ამაზე ხმაც კი არ ამოუღიათ, ხოლო როცა ცოტა ხნის წინ ორი ქართველი დაატყვევეს რუსებმა, მაშინ კობახიძემ თქვა, რომ მათ განთავისუფლებაზე საქართველომ არ უნდა იზრუნოს.
_ რატომ გიკვირთ მათი ასეთი დამოკიდებულება? ეს ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც 2008 წელს რუსეთმა ტანკით ვერ გააკეთა. ისინი ასრულებენ რუსეთის დავალებებს. მათ არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეები. მათ არ აინტერესებთ, რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველები როგორ იქნებიან. რუსული ოცნება მათ გასათავისუფლებლად ვერაფერს გააკეთებს.
_ ვერ გააკეთებს თუ არ გააკეთებს?
_ ვერ გააკეთებს.
_ რატომ ვერ გააკეთებს? ხომ კარგ დამოკიდებულებაში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან?
_ ამათი საკითხი რუსეთის ხელისუფლებაში არის ძალიან დაბალ დონეზე. ესენი რუსეთში რაღაც საკითხს ვერ დააყენებენ. მათთან რუსებს ურთიერთობა „ბორენკა დარაგოის“ დონეზე აქვთ. „ბორენკა დარაგიო“ ვერ დარეკავს პესკოვთან და ვერ ეტყვის, რომ რაღაც საკითხები უნდა გადაწყვიტოს. ბიძინას ФСБ-ს განყოფილების გამგის მოადგილესთან დარეკვა შეუძლია. ФСБ-ს განყოფილების გამგის მოადგილე რომ პუტინამდე მივიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს. არ არის ამათი დონე იმის შესაბამისი, რომ მოსკოვში ვიღაცას დაურეკონ. ვისთან დარეკვაც შეუძლიათ, ის ან აიღებს „ტრუბკას“ ან _ არა. ასეთი სიტუაცია აქვთ.
_ ანუ იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთთან რამეს მოაგვარებენ?
_ არა, არა. ხარახურაა მათი ლაპარაკი. იმის თავი ნამდვილად არ აქვთ, რომ რუსეთში ვინმესთან რამე საკითხი დააყენონ. სამაგიეროდ, ასრულებენ ყველა იმ დირექტივას, რაც მოსკოვიდან მოდის.
_ ამის მიუხედავად, 12 წელია მართავენ ქვეყანას და მეოთხე ვადითაც აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას.
_ ეს არის დასავლეთის ბრალი. მათ იმდენად გაამყარეს პუტინი, რომ ყველაფერს მოედო. ანგელა მერკელმა რაც გააკეთა, ის რომ გავიხსენოთ. ყველაზე სამარცხვინო ქალი გამოდის პოლიტიკაში. სად არის ის გაზის მილები? რატომ არის ახლა გაზი გერმანიაში იმაზე უფრო იაფი, ვიდრე მერკელის დროს იყო? ეკონომიკურადაც ხომ იდიოტობებს აკეთებდა. ეს ყველაფერი გადასააზრებელი იყო. რასაც წარმოადგენდა რუსეთი სინამდვილეში, ეს ყველაზე კარგად იცოდა აღმოსავლეთ ევროპამ: პოლონეთმა, ბალტიისპირეთმა. იმათზე უკეთესად ვიცით ქართველებმა, რა არის რუსეთი. გახსოვთ ხომ, როგორ დარბოდა მიშა და იხვეწებოდა, მაპი მოგვეცითო. უკრაინაც მობმული გვყავდა. მაშინ ერთი ნაბიჯი რომ გადაედგათ და ჩვენთვის მაპი მოეცათ, არც 2008 წლის ომი იქნებოდა და ვერც უკრაინაში შეჭრას გაბედავდა რუსეთი. ესენი კიდევ ადგნენ და რუსებს სოჭში ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. ავღანეთში შეჭრის შემდეგ ხომ გამოუცხადეს 1980 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი? ჩვენი ოკუპაციის შემდეგ ოლიმპიადის ჩატარების უფლება მისცეს. თან იმ ტერიტორიაზე ჩაატარებინეს რუსებს ოლიმპიადა, სადაც ჩერქეზებს გენოციდი მოუწყვეს. ეს დასავლეთის დიდი შეცდომა იყო. ახლა რუსეთმა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა და დასავლეთიც სხვანაირად იქცევა.