- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-02-26 07:32:58
ელისო კილაძე
აჯიკა, ბორჯომა, საფერავი, ფარმადეპო, ავერსინიო, _ ეს იმ ტელეგრამარხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ქართულ ნარკობაზარზე წლებია, ოპერირებენ. ქსელი აწყობილია, კლიენტი თანხას ბიტკოინის ანგარიშზე რიცხავს, შემდგომ არხის ოპერატორი მას „ადრესს“ აძლევს, „ადრესამდე“ ნარკოტიკი ე. წ. კურიერს მიაქვს, რომელსაც დილერი ასევე ინტერნეტსივრცეში გამოცხადებული ვაკანსიებით ქირაობს. $2000 კვირაში, პლუს ბონუსი და პრემია, სამდღიანი სტაჟირება, თითო დადება $8-10, შემდეგ კი სიკვდილის დისტრიბუცია, რომელიც 8-დან 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა კურიერის ვინაობა რეალურია, რადგან ისინი სამსახურის დაწყებამდე დამსაქმებელს უგზავნიან ფოტოს პირადობის მოწმობის მიხედვით და საცხოვრებელი ადგილის ზუსტ მისამართს. კურიერებად მუშაობენ პენსიონერი ქალები, მუსიკოსები, სტუდენტები, ახალგაზრდა გოგონები, სოლიდური მამაკაცები, რომლებიც ჰაბიტუსით პროფესორებს ჰგვანან.
ქსელი დიდია და აწყობილი, მათ მხოლოდ საჯაროობა აშინებთ. სწორედ საჯაროობის წყალობით, ბოლო ერთი კვირაა, ბაზარზე კურიერების დიდი დეფიციტია, ჯგუფების ნაწილი დაიხურა, ნაწილს კი საქმიანობა შეეზღუდა, რადგან გასაყიდი ნარკოტიკი არ აქვთ, ინტერნეტმაღაზიები ცარიელია.
შს სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა _ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 270 პირი, მათ შორის, 27 მსხვილი ნარკორეალიზატორი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი, ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული რამდენიმე მილიონი.
ტელეგრამარხებზე დიდი პანიკაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ეტაპია, _ ნარკოკარტელი ასე მარტივად არ დანებდება.
ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფი, სადაც ტელეგრამარხზე ნარკოტიკების რეალიზაცია ხდება, ფარმაა (სრულ დასახელებას არ ვწერ). მისი მთავარი სელერი ნიკით LUI-ია, რომელიც ამავე ჩატში განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა ჩემი მისამართით. მე მას შევთავაზე, რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი, რაზედაც თანხმობა მივიღე და ჩვენი საუბარი ტელეგრამარხზე კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა:
_ გამარჯობა, გოგო ხარ თუ ბიჭი?
_ სელერს სქესი არ აქვს, მარტო ეს კითხვა?
_ სხვებიც. რამდენი სახის ნარკოტიკს ყიდი დღეში და რა ღირებულების?
_ ზედმეტად არასერიოზული კითხვებია, მაგის გარკვევა ძაან მარტივია, კითხვის დასმის გარეშეც
_ შენ მიპასუხე, რამდენია ღირებულება დღეში?
_ რამდენიმე ათასი.
_ მომხმარებლებს შორის არიან თუ არა არასრულწლოვნები?
_ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ იყოს, მაგრამ ვერ გააკონტროლებ მაგას.
_ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს?
_ მთელ თბილისშია კრიპტოაპარატები, არანაირი რეგისტრაცია, არანაირი ბანკი არაა საჭირო.
_ ამფეტამინს ყიდი?
_ არა, ამოვიღეთ.
_ ფენტალინი?
_ ფენტალინი არ იყიდება, მაგრამ არის ბევრი ნარკოტიკი მასზე დამზადებული.
_ ამოღების მიზეზი იყო გახშირებული სიკვდილი?
_ არა, უბრალოდ, ხალხს აგიჟებს და როგორც მომხმარებლისთვის, როგორც კლიენტისთვის, მიუღებელია. ამფეტამინი მანდ მზადდება და სომხეთში.
_ მანდ სად?
_ საქართველო.
_ ანუ შენ აქ არ ხარ, მაგრამ ქართველი ხარ.
_ კი.
_ რამდენი ხანია, ნარკოტიკს ყიდი?
_ რამდენიმე თვეა, 2023 წლის ბოლოდან.
_ და სელერი ბარიგა არაა?
_ კი, მარა უფრო ბარიგას მოადგილე.
_ არ გიტყდება მორალურად?
_ ბარიგობა? არაა სასიამოვნო.
_ ამ საქმეში ნაშოვნი ფული?
_ საქმეში ნაშოვნ ფულს ვერაფერს დავუწუნებ.
_ სიამოვნებით ხარჯავ? რაში?
_ სასიამოვნო პროცესი არაა.
_ თავად კაიფობ?
_ აღარ.
_ შენი შვილი, ძმა რომ იყოს მყიდველი, მიჰყიდი?
_ რა თქმა უნდა, არა.
_ სხვის შვილზე რომ ყიდი?
_ მე ახალ მომხმარებლებზე არ ვნადირობ.
_ ძველებს ემსახურები?
_ ჩემს განაყიდ ნარკოტიკში მინიმალური ზიანია.
_ რომ გიპოვონ?
_ ქალბატონო ელისო, ახლა უნდა გავიდე.
_ ჰო, მოგაცდინე საქმეს...
_ ეს კითხვა შავებს ეხებოდა? _ რომ მიპოვონ?
_ შავებსაც და პოლიციასაც, თუ ორივეს უხდი?
_ სამწუხარო იქნება.
_ „კრიშა“ გყავს?
_ „კრიშა“ მე სახლში ვიცი კრამიტის, ბაბუაჩემი აქებდა.
_ შენი ნარკოტიკით ვინმე გარდაიცვალა?
_ რაც მე დავიწყე მუშაობა, მსგავსი არ ყოფილა.
_ რატომ, ხარისხს აკონტროლებ?
_ პირველადი ხარისხი მარტივი გასაკონტროლებელია. ხარისხზე მეტად საჭიროა გაკონტროლდეს, რომ არ მოხდეს შერევა.
_ პროფესიით ვინ ხარ?
_ ფილოლოგი.
_ რამდენი წლის ხარ?
_ ახლა ვიწყებ გაფურჩქვნას.
_ მშვენიერი ხელობით კი იფურჩქნები!
_ ახლა უნდა გავიდე, მთელი გულით ვამბობ, თუ შემიძლია რამე ინფო მოგაწოდოთ, რაც დაეხმარება ხალხს განკურნებაში, სიამოვნებით.
_ ხვალამდე
P.S. „ხვალ“ ჩვენი საუბარი აღარ გაგრძელებულა, რადგან ქვეყანაში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. სიმართლე გითხრათ, არც მე მქონდა სურვილი, _ ადამიანი, რომელიც შეგნებულად ყიდის სიკვდილს, ციხეში უნდა იჯდეს და მორალზე მასთან საუბარი აბსოლუტურად უადგილოა.