- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-10-26 06:49:34
გიორგი საკარული
ქალაქი _ თბილისი; უბანი _ ვარკეთილი; მდებარეობა _ დამპალოს სასაფლაო, _ ეს ის ადგილია, სადაც უკვე 11 წელია ცხოვრობს ფრიდონაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, დედა და სამი არასრულწლოვანი ბავშვი.
სასაფლაოს გვერდით არსებულ ქოხში მცხოვრები ბავშვების გაჭირვება თითქმის ყველას მოეხსენება, იციან გამგეობაში და მათ შორის იცის თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
სახლი ხალხის მიერ ნაჩუქარი ფიცრებით არის შეკრული. დიასახლისი რუსკა ფრიდონაშვილი უკვე წლებია, მთავრობის დაპირებებს ოცნებით, მაგრამ მაინც დიდი იმედით შეჰყურებს, რომ ოდესმე აღნიშნული ადგილი დაუკანონდება და მის საკუთრებაში გადავა.
9 წლის ნანიკოს, 10 წლის ნინას და 13 წლის ნატალის განსხვავებული ოცნებები აქვთ. სამივე მათგანი დედას მხარში უდგას და შეძლებისდაგვარად ეხმარება, მადლიერები არიან ყოველი დღის, რომელიც თენდება და იმით, რაც აქვთ.
9 წლის ნანიკო ხატავს, ოცნებობს, რომ უფრო პროფესიონალურად ისწავლოს ხატვა და მიიღოს განათლება. რაც შეეხება 10 წლის ნინას, ის ქსოვს, ქარგავს და ამ კუთხით უნდა განვითარება, ხოლო უფროსს დაიკოს, 13 წლის ნატალის, კორეული ენის კარგად შესწავლა უნდა, ოცნებობს, რომ ამ ყველაფერს ისინი ოდესმე აისრულებენ და ცხოვრებაში მიაღწევენ იმას, რასაც ყველა მიზანდასახული ადამიანი შვრება თავისი უკეთესი მომავლისთვის.
ამჟამად ხალხის იმედად არიან. ისინი მათგან დიდ სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას გრძნობენ. სწორედ ხალხის წყალობით და დედის დაუღალავი შრომის ფასად ბავშვებს დღეს საკვები აღარ აკლიათ, მაგრამ სახლში არსებული დიდი ნესტის გამო ხშირად ავადმყოფობენ, ადვილად ცივდებიან, რადგან ქარის დროს მათ სახლშიც ისევე უბერავს, როგორც გარეთ. სახლის გადახურვაც სწორედ კეთილი ადამიანების წყალობით მოახერხეს, რადგან წვიმის დროს სრულიად ჯოჯოხეთი ხდებოდა.
ფრიდონაშვილების ოჯახის პრობლემა კი ასე დაიწყო:
„ჩემი მეუღლის მეგობარმა მოტყუებით ჩაგვადებინა წნორის ბინა, სადაც ვცხოვრობდით. გვითხრა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის სჭირდებოდა და ჩვენ ყოველთვიური ხელფასის სახით თვეში მოგვცემდა 500 ლარს, დახსნითაც ის დაიხსნიდა ბანკიდან ბინას. ვენდეთ, ჩავდეთ ბინა და დაიკარგა. მიიმალა. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ოჯახი ჰყოლია გამწარებული. მოგვიანებით გავიგეთ, რომ უკრაინაში იყო გადაპარული, მერე დაუჭერიათ…
ამ ყველაფრის შემდეგ წამოვედით თბილისში, მე ისედაც აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. შევეკედლეთ ჩემს ძმას, მაგრამ სადამდე უნდა ვყოფილიყავით მასთან? წამოვედით და აღმოვჩნდით ქუჩაში, ორი დღე-ღამე მე და ჩემს მეუღლეს სკვერში გვეძინა. ბიჭებმა რომ გაიგეს ჩვენი მდგომარეობა, შემოგვიშვეს აქ, სადაც ახლა ვართ, მაშინ საყარაულო ჯიხური იყო. გაგვიხარდა, რომ თავშესაფარი მაინც გვქონდა. ერთ წელიწადში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, 34 წლის ასაკში დავქვრიდი, დამრჩა ორი გოგონა 3 და 2 წლის, ხოლო მესამე გოგონაზე 4 თვის ორსული ვიყავი. მას შემდეგ ასე წვალებით, მაგრამ მაინც გაგვაქვს თავი.
_ მეუღლე რით გარდაიცვალა?
_ ინსულტით, 42 წლის ასაკში. მეუღლის გარადაცვალების შემდეგ დედაჩემიც ჩემთან ცხოვრობდა, ბავშვებს ყურადღებას აქცევდა, მე ორსული დალაგებაზე დავდიოდი ხოლმე, მერე მეუღლის სიკვდილის შემდეგ სოციალური დახმარება შეგვიჩერეს, ბავშვების ობლობის პენსია ისევ ბანკმა წაიღო. 11 წელია, უკვე აქ ვცხოვრობთ.
_ როგორია გატარებული ყოველი დღე, რა შეიცვალა 11 წლის მანძილზე?
_ უკეთესობისკენ შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა გაგვიცნო და უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით. შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან, ტანსაცმელი იქნება თუ პროდუქტი. ამ ეტაპზე რაც ძალიან გვჭირდება, ეს არის სარეცხი მანქანა და მაცივარი. გაზი არ გვაქვს, რაც შეეხება დენს, 4-წლიანი უშუქობის შემდეგ, როგორც იქნა, შემოვაყვანინე აქაც დენი.
_ აქ ცხოვრება ზამთარში გაუსაძლისი იქნება, როგორ თბებით?
_ ღუმლით ვთბებით, სახლი მთლიანად ფიცრებით არის შეკრული, ნაწილი გერმანულმა ფონდმა მიყიდა და ნაწილი ჩემი ნაგროვები ფულით ვიყიდე, რასაც ვმუშაობ. დანარჩენი ყველაფერი ხალხის ნაჩუქარია. ფონიჭალელი საამხანაგო გაერთიანდა და სამზარეულო მომიტანა. ძირს განსხვავებული ზომისა და ფერის მეტლახს იმიტომ ხედავთ, რომ ესეც შეგროვილია, სხვადასხვა ადგილიდან მომქონდა თითო-ოროლა და ესეც ჩემი დაგებულია.
_ შეშას ყიდულობთ?
_ არა, შეშა ძვირია და ფიზიკურად ვერ შევწვდები. უამრავი რამ არის სანაგვეზე ან კორპუსებთან ხოლმე. დამტვრეული კარები, ფანჯრები, ფიცრები, სხვადასხვა ნივთი, რომელიც ხალხს არ უნდა და მე მომაქვს ხოლმე სახლში ღუმლის დასანთებად. ქარის დროს ძალიან რთულია.
_ ეს ფართი დამტკიცებული არ გაქვთ და რას გეუბნებიან გამგეობასა ან მერიაში?
_ არ გვიმტკიცებენ. არაფერს მეუბნებიან, 11 წელია, ერთსა და იმავეს ვისმენ, _ ვმუშაობთ ამ საკითხზეო.
_ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ყველაფერი იცის თქვენ შესახებ და ერთ-ერთი პარკის გახსნისას მას შეხვდით კიდეც. რა გითხრათ?
_ თქვენი საკითხი გადაწყვეტილიაო, _ ეს პარკის გახსნაზე მითხრა და მალევე წავიდა
_ მას შემდეგ რა პერიოდი გავიდა?
_ 4 თვე გავიდა, რაც ბატონმა კახიმ მითხრა, საკითხი გადაწყვეტილიაო, ხოლო ოთხი წელი გავიდა, რაც მერიის წარმომადგენლები იყვნენ ჩემთან, ნახეს სიტუაცია და აზომვითი ნახაზები გააკეთეს. მაშინაც იგივე მითხრეს, ვმუშაობთ ამ საკითხზეო.
_ თქვენი ძირითადი შემოსავალი რა არის?
_ დალაგება. სასაფლაოებს ვალაგებ და თვეში 10 ან 20 ლარს მიხდიან. გარდა ამისა, მიწევს ტომრების შეზიდვა, ბეტონის ჩასხმა. ერთ დღეში 60-70 ტომარაც კი შემიზიდავს, ფილებსაც ვაწებებ, მიუხედავად იმისა, რომ ხერხემალზე ორი თიაქარი მაქვს, მაგრამ რა ვქნა? _ მაინც ვმუშაობ, რომ თავი გავიტანოთ.
_ სახელმწიფოსგან რა დახმარება გაქვთ?
_ სოციალურ დახმარებას ვიღებ და ასევე ბავშვებს აქვთ ობლობის პენსია, რაზედაც მაქვს სესხი გაკეთებული, _ უკვე 6 წელია, ვიხდი და ძირი ჯერ არ დაფარულა.
_ სესხი რისთვის დაგჭირდათ?
_ ბავშვი მიდიოდა პირველ კლასში და თანხა არ მქონდა, მაშინ გამოვიტანე პირველი სესხი, შემდეგ დედაჩემი იყო ცუდად და დამატება გავაკეთე, ჯამურად მაქვს 1800 ლარი გამოტანილი, რომელიც გაყინულია ერთ ადგილზე და ერთი 5 ათასი ლარი მაქვს გადახდილი.
_ რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად ახლა, რაზე ოცნებობენ თქვენი შვილები?
_ რეალურად რომ ვთქვათ, არცერთს არ აქვს ზამთრის ტანსაცმელი. ახლა მინდა, რომ ცოტა ფული შევაგროვო და თითო-თითო ჯემპრი მაინც ვუყიდო, ფეხზე უნდათ, ქურთუკები უნდათ. რაც შეეხება ოცნებას, ჩემი შუათანა გოგო ძალიან კარგად ხატავს და ცონებობს, რომ ხატვაზე იაროს, უფრო დახვეწოს, ბევრი ისწავლოს, მესამე გოგოს ბისერების აწყობა უყვარს, კერვა, ქარგვა და ეს ნიჭი აქვს, დიდ გოგოს, მაგალითად, კორეულის სწავლა უნდა, ინგლისური და თურქული ენები თავისით ისწავლა.
_ რა იმედით შეჰყურებთ მომავალს?
_ მთავარია, ჩემი შვილები იყვნენ კარგად და ჯანმრთელად, მეტი არაფერი მინდა. ფიქრებს რომ ავყვე და მომავალზე დაწვრილებით ვიფიქრო, დავისტრესავ თავს და ვეღარაფერს გავაკეთებ ჩემი შვილებისთვის. ამიტომ მირჩევნია, არაფერზე ვიფიქრო, სულ ვიღიმოდე და ჩემი შვილები კარგად მყავდეს. არ მიყვარს წუწუნი.