- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-26 06:40:39
გიორგი საკარული
გლამურული სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები, მოდის კრიტიკოსები, დიზაინერები, მოდელები, საგანგებოდ მორთული დარბაზი, გრძელი პოდიუმი, ვიზაჟისტებისა და სტილისტების ათეულობით ჯგუფი _ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ რამდენიმე დღით მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობდა.
მაღალი მოდის კვირეულის მეორე სეზონი დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა გახსნა, რომელიც ასევე გახლავთ ამავე კვირეულის დამფუძნებელი და ორგანიზატორი.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს თინათინ მაღალაშვილთან:
_ ქალბატონო თინათინ, თბილისში წელს უკვე მეორედ გაიმართა მაღალი მოდის კვირეული. როგორ შეაფასებდით წლიდან წლამდე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, რა შეიცვალა, როგორ განვითარდა იგი და წაიწია წინ?
_ როგორც ორგანიზატორმა, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ მეორე სეზონი. პირველ სეზონს ყველა ატარებს, ერთ ღონისძიებას ყველა მართავს, მთავარია, მეორე როგორ ტარდება. როგორც ორგანიზატორი, როგორც დიზაინერი, როგორც უბრალოდ მაყურებელი ამ კუთხით ვამბობ, – ერთი ყოველთვის კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, მეორე როგორ ჩატარდბა. ან იგივე დონით უნდა ჩატარდეს, ან უფრო მაღალი დონით, რომ პროექტს ჰქონდეს განვითარების ხაზი. რა თქმა უნდა, ახლა უკეთესი პროექტი განვახორციელეთ, გავითვალისწინეთ პირველი სეზონის ხარვეზები. მართალია, მეორე სეზონსაც ჰქონდა პატარ-პატარა ლაფსუსები, რომელსაც მესამე სეზონზე გამოვასწორებთ. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველა გახლდათ კმაყოფილი. დიზაინერებს, რომლებიც პირველ სეზონზეც გამოდიოდნენ და მეორეზეც, კვლავ უნდათ ჩამოსვლა შემდეგ სეზონზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბრუნდები იმ ადგილზე, სადაც მოგწონს. როცა კოლექციას ქმნი, რამდენიმე თვე მუშაობ, მით უმეტეს, როცა ეს მაღალი მოდის დიზაინია და ქსოვილი ხელით იქმნება, ასევე ხელითვე იქარგება, ყველაფერი ხელით მუშავდება – ეს არის ძალიან მძიმე და ხანგრძლივი შრომა… ხოლო ჩვენება მაქსიმუმ 10-15 წუთი გრძელდება. ყველაფერი შედეგზეა ორიენტირებული, ასევე დიზაინერს უნდა დაგრჩეს ფოტო-ვიდეო მასალა. ჩვენი გათვლა არის ზუსტად ამაზე – როცა ჩამოდის უცხოელი დიზაინერი და ჩვენც საერთაშორისო ფორმატით ვხვდებით, კიდევ მეტი ინტერესია წელს, მან უნდა წაიღოს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ფოტოგრაფებს, რომლებიც აკრედიტაციას გადიან და მუშაობენ. დიზაინერები საგანგებოდ ვარჩევთ ფოტოგრაფებს და ყველას არ ვაძლევთ გადაღების უფლებას, რადგან ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზუსტად ამ მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალის დათვალიერების შემდეგ მოდიან დიზაინერები. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდა გუნდს, მის ხელმძღვანელ ციცი გოგინაშვილს და წარმატება ვუსურვო მომავალ პროექტებზე მუშაობისას. ჩვენი პროექტი უფრო და უფრო ვითარდება და ეს არის ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, მოდის კვირეულის პარტნიორები იყვნენ სილამაზის აკადემია „მელანჟი“, მეიქაფ ატელიე „ჯორჯია“ და სასტუმრო „ველვეტი“, რომელიც მასპინძლობდა უცხოელ სტუმრებს.
დღეს მოდის სფეროში საკმაოდ რთულია ნდობის დამსახურება. პირველ სეზონზე ცოტა ეჭვის თვალით გვიყურებდნენ და პრეტენზიაც კი ჰქონდათ, ხმამაღალი სახელი რატომ დაარქვითო. იყო ასეთი ფრაზაც: „რა დროს მოდაა“, მაგრამ მეორე სეზონზე ეს პრეტენზიები აღარ ისმოდა, რადგან ვაჩვენეთ დიდი მონდომება, ხარისხი, დონე და ის, რომ არ ვაპირებთ დანებებას, პირიქით, მყარი ადგილის დამკვიდრება გვინდა არა მარტო საქართველოში, არამედ _ მის ფარგლებს გარეთ.
_ ძირითადად საითკენ გაქვთ გეზი აღებული?
_ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გვაქვს გათვლილი გეგმები. როცა რაღაცას აკეთებ, წინასწარ უნდა გათვალო, ვისთვის ან რისთვის აკეთებ, როგორ ქმნი. შემდეგ მუშავდება გეგმა. ჩვენ ავირჩიეთ აღმოსავლეთ ევროპა და აზია. ქართველი დიზაინერები ევროპულ ბაზარზე უნდა გავიყვანოთ, ასევე _ ევროპელი დიზაინერები აზიის ბაზარზე შემოვიყვანოთ. საქართველო ყოველთვის იყო ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ჩვენც გვინდა, რომ ამ ხიდის ნაწილი გავხდეთ.
_ მკითხველს რომ აუხსნათ, რა განსხვავებაა ჩვეულებრივ მოდის კვირეულსა და მაღალი მოდის კვირეულს შორის?
_ მოდის კვირეულები არის შერეული, რომელიც აჩვენებს პრეტაპორტეს. აღმოსავლეთ ევროპაში, თუნდაც თბილისში რაც ტარდება, არის შერეული მოდის კვირეული. როცა შერეულია და არის პრეტაპორტეს ხაზი, ყოველთვის იჩაგრება, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევასავითაა, მაღალი მოდის ჩვენება. ან პირიქით, იჩაგრება პრეტაპორტე, იმდენად შერეულია ეს შოუ. მაღალი მოდის ადგილი არ არის პრეტაპორტეს შორის, რადგან შეიძლება მოდის სახლი ქმნიდეს მაღალი მოდის დიზაინს, ნაწილი _ პრეტაპორტეს ხაზს, ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის, მაგრამ რეალურად როდესაც მოდის კვირეულზე გამოდიხარ, უნდა იპოვო შენი ადგილი, სადაც უნდა გამოიტანო საკუთარი კოლექცია, რომ იყო შენი დონის დიზაინერებთან წარმოდგენილი.
_ რთულია ამ კონტინგენტის მოძიება?
_ რთულია, მაგრამ ჩვენ როდესაც ვაანონსებთ ახალ სეზონს, ძალიან ბევრი დიზაინერი გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს. თუმცა ჩვენ მაღალ თამასას ვდებთ და თავიდანვე ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენთან უნდა იყოს მხოლოდ მაღალი მოდა და ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ დიზაინერები, რომლებიც ქმნიან ხელით. როდესაც პირველად გავაკეთეთ ჩვენება, გვყავდა მოწვეული მაკედონიელი დიზაინერი, რომელსაც ფანტასტიკური კოლექცია ჰქონდა ჩამოტანილი. ჩვენი ასისტენტები, დიზაინერები ერთმანეთის ნამუშევრებს ამოწმებდნენ, გვაინტერესებდა, ვინ როგორ მუშაობდა. როდესაც დასავლეთ ევროპაში ვარ და შევდივარ მოდის სახლებში, სულ შიგნით ვძვრები, მაინტერესებს, რას აკეთებენ ისეთს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ასეთი რამ ვერ აღმოვაჩინე, რადგან რეალურად ყველა მუშაობს ერთნაირად, უბრალოდ, ზოგიერთს მეტი რესურსი და გასაქანი აქვს, ზოგიერთს _ ნაკლები.
_ რას ნიშნავს მაღალი მოდა?
_ მაღალი მოდა ნიშნავს ხელით შექმნილ კოლექციას, სადაც თითოეული დეტალი დამუშავებულია. მთავარი კრიტერიუმია ხელით მუშაობა. ჩვენი პირველი მიზანი იყო, რომ აღმოგვეჩინა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერები, რომლებიც სხვა ქვეყნისთვის ქმნიან და მუშაობენ და ეს წარმოგვედგინა ქართველი პუბლიკისთვის. ასეთი აღმოგვაჩინეთ ივანა, ბრენდი „იაგაში“, სადაც ორი არაჩვეულებრივი ადამიანი თურქეთში ქმნის სამოსს. ისინი მომავალი სეზონისთვის მოვიწვიეთ და დარწმუნებული ვარ, საოცარ კოლექციას ჩამოიტანენ. ძალიან გვინდა, რომ ქართულ სივრცეში გააქტიურდნენ დიზაინერები, რომლებიც კოლექციას ხელით ქმნიან და თამამად აკეთონ კოლექციები. პანდემიამდე უფრო აქტიურად იყვნენ, პანდემიამ თითქოს დაჩაგრა ქრთველი დიზაინერები. მათ ძალიან ვუწყობთ ხელს, დავიწყეთ კონტაქტების მოძიება საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებისთვის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნამდილი მოდის კვირეულის ჩატარება, რომელსაც ექნება განვითარება. მასში მონაწილეობა ქართველი დიზაინერებისთვის საინტერესო უნდა იყოს. იმედი მაქვს, მომავლ სეზონზე მრავალი ქართული მოდის სახლი იქნება წარმოდგენილი.
_ საქართველოში ბევრი დიზაინერია, რომელიც მაღალ მოდას ქმნის?
_ სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ბევრი დიზაინერი, რომელიც მაღალ მოდას ქმნის. თითზე ჩამოსათვლელი არიან დიზაინერები, რომლებიც ხელით მუშაობენ. მაღალი მოდა არ არის, რომ ბროში მიაბა ხელით ნაქსოვ კოსტიუმს. მე ვიცი რამდენიმე დიზაინერი, რომელიც მართლა საოცრად მუშაობს. იმედი მაქვს, ისინი მომავალ წელს შემოგვიერთდებიან.
_ წელს რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა?
_ 5 ქვეყანა მონაწილეობდა: უკრაინა, საბერძნეთი, მოლდოვა, სომხეთი და ყაზახეთი.
_ ვინ არის მაღალი მოდის მთავარი შემფასებელი?
_ მაღალი მოდის კვირეული არის შოუ, რომელიც აჩვენებს დიზაინერის ფანტაზიასა და შესაძლებლობებს. შემდეგ ის ჩვენება მუშაობს დიზაინერზე, რომ უფრო გაყიდვადი და ცნობადი გახდეს. რეალურად, მთავარი შემფასებელი არის ხალხი. პრეტაპორტეს ჩვენებების ნაწილი არის წარმატებული, ნაწილი – წარუმატებელი. ყველაფერი გახლავთ შემდგომ შეკვეთებსა და გაყიდვაზე დამოკიდებული. ასე რომ, ეს არ არის კონკურსი, ეს არის კვირეული, სადაც შემფასებელი არის ხალხი და აუდიტორია. ანუ მე მომეწონა კოლექცია, წავედი და ვიყიდე – რეალურად ეს არის შეფასება. ამ შემთხვევაში დიზაინერიც და ჩვენც მოგებულები ვართ, რადგან იმ დიზაინერს ისევ მოუნდება ჩამოსვლა. იმ ფოტო-ვიდეო მასალით, რომელსაც ჩვენ მას ვაძლევთ, ყიდის კოლექციას, თუნდაც ონლაინ. დღესდღეობით სოციალური ქსელების დახმარებით დიზაინერს შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაყიდოს კოლექცია. ფოტოგრაფების ჯგუფს ხელმძღვანელობს ლაშა შალამბერიძე და წელს ხელმძღავნელობდა ირაკლი ქობულაშვილი, რომლებსაც განსაკუთრებული მადლობა მინდა რომ გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის და იმ მასალისთვის, რაც ჩვენს ხელთ არის.
_ წელს მაღალი მოდის კვირეულზე გამოიტანეთ თქვენი ახალი კოლექცია. როგორ მუშაობდით ამ კოლექციაზე? რა პერიოდი დაგჭირდათ და რა თემატიკის მიხედვით გააკეთეთ ის?
_ პირველ სეზონზე ჩემი კოლექციით საკმაოდ უკმაყოფილო ვიყავი, რადგან რეალურად ვერ მოვასწარი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა _ ეს აბჯრიანი მეომარი ქალი, იგივე ჩადრის ქვეშ დამალული მეორე მეომარი ქალი, იმდენად საინტერესო და აქტუალური თემა იყო, რომ რეალურად უფრო მეტი შემეძლო, ამიტომ არ ვიყავი ჩემი პირველი ჩვენებით კმაყოფილი, თუმცა ყველას მოეწონა… მაგრამ მე ხომ ვიცი, რა აკლდა. ზოგადად, ბოლომდე მაინც არ ხარ კმაყოფილი. ამ სეზონზე კოლექცია წარმოვადგინე ქართველი მომღერლის, ნინო ბაშარულის სიმღერაზე, რომელსაც სულ ვუსმენდი და კოლექციას დავარქვი „ყველა ფერი“. ქართულად ეს ძალიან ლამაზად ჟღერს – ყველა ფერი. ანოტაციაც მქონდა, ანუ კოლექციის მოკლე აღწერა: „სამყაროს სჭირდება ყველა ფერი, რომ იყოს სრულყოფილი“ და მართლაც, შავით დავიწყე და დავამთავრე ფერად-ფერადი კოლექციით. ეს იყო ყვავილების თემაზე, სამყაროს მართლაც ყველაფერი სჭირდება, _ მწერები, ყვავილები და ა. შ. ნინო ბაშარულის დამსახურებაა, რომ ეს კოლექცია შევქმენი. ძალიან მინდოდა, ნინოს სიმღერით გამეხნა მოდის კვირეული, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისობა დაგვემთხვა და კონცერტზე იყო. თუმცა უფლება მომცა, გამომეყენებინა სიმღერა, რომელიც არსად დევს. ძალიან საინტერესო კოლაბორაცია შედგა. მინდა გითხრათ, რომ ისეთი მაგიური სიმღერაა, დარბაზში ხალხი ტიროდა და მეც ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები.
_ თბილისის მაღალი მოდის კვირეულიდან თქვენი კოლექცია წაიღეთ პირდაპირ ბრიუსელის მოდის კვირეულზე. როგორ მოხვდით იქ და როგორ ჩაიარა ევროპულმა ტურნემ?
_ ბრიუსელის მოდის სახლმა მოგვწერა, რომ ჩვენ ახლა ვატარებთ კვირეულს და ქეისები გამოგვიზავნეთო. გავგზავნეთ 3 დიზაინერის ნამუშევარი, ესენი იყვნენ ფატუნა, ლაშა ჯოხაძე და მე. მინდოდა, რომ ჩვენგან ერთ-ერთი ამოერჩიათ და იმდენად მოეწონათ ეს ნამუშევრები, რომ სამივე დაგვპატიჟეს. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ფატუნა ისრაელში იყო ამ დროს, ლაშას სხვა საქმეები დაემთხვა და მარტო მე დავრჩი. ორი კვირის განმავლობაში ვეძებე დიზაინერები, რომ ის ორი ადგილი არ „გამეფუჭებინა“ და ვერ ვიპოვე დიზაინერი, რომელსაც სრული კლექცია ექნებოდა მზად.
შემდეგ უკვე მოლდოველ დიზაინერს გავუწიეთ რეკომენდაცია და ის წავიყვანეთ ბრიუსელში. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონზე იგივე არ მოხდება და ქართველ დიზაინერებსაც ექნებათ სრული კოლექცია, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, ევროპის ბაზარზეც გავიყვანოთ და მოდის კვირეულებზეც წარვადგინოთ. ბრიუსელშიც წავიღე იგივე კოლექცია, ნინო ბაშარულის სიმღერის ფონზე გამოვიდნენ მოდელები და დარბაზს ჰქონდა აბსოლუტურად იგვე რეაქცია, რაც თბილისში. მაშინ ვთქვი, რომ მუსიკასა და ხელოვნებას მართლა არ გააჩნია საზღვარი და ენა.
_ რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
_ აღმოსავლეთ ევროპაში მაღალი დონის მოდის კვირეული არ არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ ეს სივრცე, ვაკუუმი შევავსოთ. ამაზე ვართ ორიენტირებულები და აქტიურად ვმუშაობთ. აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პლატფორმა შევქმნათ მხლოდ მაღალი მოდის დიზაინერებისთვის, რომლებიც თავიანთ კოლექციას გამოიტანენ ფართო ასპარეზზე. ის, რომ ამდენი ქვეყანა და ასეთი მაღალი დონის დიზაინერები სტუმრობენ საქართველოს, ეს ძალიან დიდი პრესტიჟია სახელმწიფოსთვის, თუნდაც ტურისტული მიმართულებით. ისინი ეცნობიან ჩვენს სამშობლოს. გარდა ამისა, თითო ქვეყნიდან ჩამოდის უამრავი ბლოგერი, ჟურნალისტი, მოდის კრიტიკოსი და საქართველო შუქდება მსოფლიო პრესაში. ბრიუსელში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მაღალი მოდის კვირეულები და ფეშენ ვიკები სახელმწიფო დონეზე ტარდება, მათი მხარდაჭერით და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოშიც მიაქცევენ ამ სფეროს ყურადღებას, სახელმწიფო დაინტერესდება ამ მიმართულებითაც, რადგან აღნიშნულ საქმეში დიდი პოტენციალი დევს, რაც ჩვენს ქვეყანს ყოველმხრივ წაადგება.