QronikaPlus
სოციალურად დაუცველების მასშტაბური გამოსახლება კოჯორში

სოციალურად დაუცველების მასშტაბური გამოსახლება კოჯორში

2023-10-14 09:36:09

გიგა გელხვიიძე

კოჯრის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ ყოფილ პანსიონატ „წითელი მიხაკის“ კორპუსებში სოციალურად დაუცველი, უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანების შესახლება, ჯერ კიდევ, 90-იანი წლებიდან დაიწყო და 2000-იან წლებში დასრულდა.
დღეს ტერიტორიაზე დაახლოებით 14 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც მიმდინარე თვეში ყოველდღიურად გამოსახლებასა და ღია ცის ქვეშ დარჩენას ელიან.

გაზეთ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა ყოფილი პანსიონის ტერიტორიაზე 90-იან წელებში შესახლებული მოქალაქე, თინათინ მარღიშვილი.
მისი მონათხრობიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორიით ინვესტორები და ბიზნესმენები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაინტერესდნენ, თუმცა მოსახლეობის გამოსახლების საკითხი „ქართული ოცნების“ პერიოდში დადგა დღის წესრიგში:

_ ქალბატონო თინათინ, რამდენი წელია, რაც აღნიშნულ საცხოვრებელში ცხოვრობთ და რატომ?
_ 1999 წელს მოხდა ისე, რომ უსახლკაროდ დავრჩით. მყავდა მცირეწლოვანი ბავშვი. მე, დედა, მამა და ჩემი შვილი ამ საცხოვრებელში გამგეობის თანხმობით გადმოვედით. ჩემამდე აქ ორი ოჯახი ცხოვრობდა _ ერთი აბსოლუტურად ყრუ-მუნჯი და ინვალიდია და მეორეც ასევე, რომელმაც დაკარგა თავისი კუთვნილი სახლი, შევარდნაძის დროს შემოასახლეს აქ.
შემდეგ აქ ყველაფერი გავაკეთეთ, ფანჯარაც კი არ იყო, ისეთ სახლში შემოვედით. 2000 წლის ახალ წელს აქ შევხვდით და მას შემდეგ ერთი დღეც არ იქნება, რომ სხვაგან ვყოფილიყოთ და რაიმე საცხოვრებელი გვქონდეს, ერთი დღე არ დაგვიტოვებია ჩვენი სახლი. ნარგავები მაქვს, ბაღი გავაკეთეთ, სადაც ყველაფერი მოგვყავს. სამი კორპუსი დგას ჩვენს ეზოში და დროთა განმავლობაში სამივე ხალხით გაივსო.
_ როდის დაიწყო პრობლემები?
_ 2003 წელს შეიცვალა შევარდნაძის მთავრობა, ხელისუფლებაში მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გამოუშვა: „რაც შენია _ შენია“. აი, იქიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე ისმოდა, რომ ეს ბინები იყო ჩვენი. მე პირადად 2007-08 წლებიდან მაქვს გაკეთებული სოციალური და მიფიქსირდება, რომ უწყვეტი ცხოვრების სტაჟი მაქვს აქ: ტელეფონი, გაზი, ყველაფერი მთავრობამ შემოგვიყვანა, მოვედით სოციალური დახმარების პროგრამაში და მერიამ გაზი შემოგვიყვანა.
_ რა მოხდა შემდეგ?
_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მოხდა განშლა და ყველა ბინას მიანიჭეს საკუთარი კოდი. თუმცა ეს განშლა წაიღეს და შემოდეს თაროზე. იგივე განმეორდა 2016 წელსაც და ახლა ვიგებთ ამოღებული საბუთებით, რომ ეს ნაკვეთები აიღეს და მერიის ქონებს მართვამ გადასცა საჩუქრად რუსთავის წყლის გამწმენდ კომპანიას, ყოველ შემთხვევაში, აქ ასეა, ყოველგვარი ნასყიდობის გარეშე. ამ კომპანიამ კი ჩვენიანად გაყიდა შემდეგ ისე, რომ კარგად იცოდა, აქ ოჯახები ვცხოვრობდით. თაობები გაიზარდა აქ, ჩემი შვილი აქ გავზარდე და კიდევ ორი შვილიშვილი მყავს ახლა, აქ იზრდებიან ისინიც, მოდის ახლა ლაშა სიხარულიძე და გვეუბნება, უნდა დავტოვოთ ტერიტორია, რადგანაც ეს არის მისი საკუთრება და არის კეთილსინდისიერი მყიდველი.
_ როდის შეიძინა ეს ტერიტორია ლაშა სიხარულიძემ?
_ ლაშა სიხარულიძემ ეს იყიდა 2021 წლის 29 დეკემბერს, თუმცა ჩვენ 2021 წლის დეკემბერში, 10 ან 13 რიცხვში, გამგეობაში შევიტანეთ ამ შესყიდვაზე ან ჩუქებაზე განაცხადი, რასაც სულ ვაკეთებდით. ამის შემდეგ მარტში მოდის ეს ადამიანი და გვეუბნება, რომ მე დეკემბერში ვიყიდეო.
_ არ დაინტერესდით, რა გზით შეიძინა?
_ როდესაც ვკითხე, თუ როგორ იყიდა და რა გზით, განაცხადა, რომ ინტერნეტში ნახა განაცხადი და ისე შეიძინა.
_ ანუ აუქციონის წესით გაყიდა მერიამ?
_ აუქციონი არ ყოფილა, რომ ყოფილიყო, ვნახავდით. ჩვენ, როგორც აქ მცხოვრებლები, სულ ვაკონტროლებდით აუქციონს, რადგანაც მაშინვე შევიტანდით განაცხადს. ეს გაკეთდა ყველაფერი ფარულად. მერიის მხრიდან გადაცემაც იმიტომ განხორციელდა ვიღაცისთვის, რომ შემდეგ ეს ლაშა სიხარულიძე და მისი დამქაშები კეთილსინდისიერ მყიდველებად წარმოეჩინათ.
_ როგორც ვხვდები, ფიქრობთ, რომ სიხარულიძის უკან ვიღაც დგას. ეჭვობთ კონკრეტულად ვინმეზე?
_ თავისთავად ცხადია, რომ მერიასთან აქვს დალაგებული სიტუაცია. აღება და ჩუქება ერთი რაიონიდან მეორეში ესეც კი არ შეიძლება, როგორც მე გავიგე, თუმცა მერიამ რუსთავის წყალგამწმენდ კომპანიას აჩუქა. იცით, როგორი საქმეა? იმდენად ფრთებგაშლილია ეს ლაშა სიხარულიძე, რომ ფაქტია, ყველა ძალიან მაგრად მოგვატყუა.
_ რას ამბობენ იურისტები?
_ ჩვენ გვყავს ადვოკატი, თუმცა ის უკვე მეორე ადვოკატია ამ საქმეში, რადგანაც წინამ, რომელიც ძალიან კარგად უძღვებოდა, გამოითხოვა საბუთები, შემდგე მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე 70 000 000 იყო „ნაცების“ მიერ გათეთრებული და ამის საბუთები დამილაგა მაგიდაზე, თუმცა შემდეგ არ ვიცი, რა მოხდა. ვერ დავადანაშაულებ, არ ვარ კომპეტენტური, რომ ვიღაცამ ვინმე მოისყიდა. თუმცა ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს ერთ-ერთ მცხოვრებს რომ თავზე ანგრევდნენ სახლს, არც კი ამოვიდა.
_ თუ მიმართეთ მერიას ან სასამართლოს?
_ პირველმა ადვოკატმა შეიტანა მერიაში განცხადებები, მაგრამ ყველაფერზე უარი მოვიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ლაშა სიხარულიძემ შეიტანა საჩივარი ჩვენ წინააღმდეგ სასამართლოში, სადაც მყისიერად ჩაინიშნა პროცესები, სულ ორი პროცესი იყო, დაუყოვნებლივი გამოსახლების გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩვენი მოთხოვნები და შუამდგომლობები არ დაგვიკმაყოფილა.
_ რა ხდება ახლა, რა მოლოდინი გაქვთ?
_ ვაგრძელებ ბრძოლას, ვიბრძვი სამართლიანად, არ მაქვს არანაირი წასასვლელი და ორი მცირეწლოვანი ბავშვით რომ გაგვაგდებენ აქედან, სად წავიდე? სადღაც 12 დღეში ჩაგვბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება. მას შეუძლია, იმ დღესვე შეიტანოს სააღმსრულებლოში განაცხადი ჩვენ გამოსახლებაზე. მე ყოველდღე ველოდები, რომ მომივა ფურცელი სააღმსრულებლოდან. სადღაც 30 რიცხვისთვის ველოდებით. თითოეული ოჯახი ვაგრძელებთ ბრძოლას.

„ქრონიკა+“ „წითელი მიხაკის“ კიდევ ერთ მცხოვრებ ანა მარღიშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნულ საცხოვრებელში მთელი ბავშვობა გაატარა და ახლა თავის მცირეწლოვან შვილებს ზრდის იქ:
_ ქალბატონო ანა, თქვენ როდის შეხვედით აღნიშნული პანსიონის შენობაში საცხოვრებლად?
_ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ამ ფართებში გადავედით. შეგვიყვანა მაშინდელმა, შევარდნაძის დროინდელმა კოჯრის მუნიციპალიტეტმა, ახლანდელმა მუნიციპალიტეტმა დაგვიდასტურა, რომ ჩვენ მართლა მაგ დროს ვიყავით შესულები. საბუთები არსებობს. გავიზარდე ამ სახლში, მყავს ორი შვილი და 1999 წლის ახალი წელი რომ დადგა, ჩვენ უკვე ამ სახლებში ვცხოვრობდით. შემდეგ ყველა არჩევნებს ველოდებოდით, ყველა მთავრობის შეცვლას, რომ ახალს შეგვისყიდდნენ და გადმოგვეცემოდა საჩუქრად.
_ რამდენადაც ვიცი, იყო კიდევაც ეს პროცესი დაწყებული „ქართული ოცნების“ პერიოდში?
_ ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა საბუთები, რომ გამზადებული იყო ჩვენზე გადმოსაცემად შენობა. შემდეგ წაიღეს საბუთები, შემოდეს თაროზე და მოვედით დღემდე. ახლანდელი სიტუაცია კიდევ ასეთია: 2021 წელს იმ იმედით შევიტანეთ საბუთები, რომ იქნებ, დაგვემტკიცებინა. ეს მართლა არის ჩვენი საკუთრება, იმიტომ რომ ამდენი წელია, ვცხოვრობთ და ვართ სოციალურად დაუცველები, წასასვლელი არსად გვაქვს, გვყავს შშმ პირი, ის ჩვენი მეზობელია, რომელიც ყველაზე პირველია შესული, ის ქალბატონი ყველაზე ადრე შევიდა ამ სახლში. სახლი დაეწვა თან ამ ქალბატონს და ამ სახლში შეიყვანა მაშინდელმა მუნიციპალიტეტმა. საბუთების შეტანიდან ორი კვირის შემდეგ გამოჩნდა ვიღაც შპს „ტაბახმელა ვილიჯის“ წარმომადგენელი თუ დირექტორი, ლაშა სიხარულიძე და გამოგვიცხადა, რომ ეს ტერიტორია მან შეისყიდა, ჩვენ ვართ შეჭრილები და უნდა გავიდეთ ამ სახლებიდან. ჩვენ შევიტანეთ დაკანონებაზე, ორი კვირის შემდეგ თვითონ შეიძინა და გამოგვიცხადა, რომ ჩვენ შეჭრილები ვიყავით. მოიხმეს სამხარაულის ექსპერტიზა, ეს საბუთები არის დამალული, ყველამ შემოვუშვით სახლში, რა თქმა უნდა. პოლიციის თანხლებით იყვნენ ისინი, გადაიღეს სურათები, ჩაატარეს ექსპერტიზა და მაგის შემდეგ არაფერი ვიცით, დასკვნაც არ არის.
_ რას ამოწმებდნენ სამხარაულის წარმომადგენლები?
_ ალბათ იმის დამტკიცება სურდათ, რომ ჩვენ ნამდვილად აქ ვცხოვრობთ დიდი ხანია. მათ თქვეს, რომ სამხარაულიდან იყვნენ პოლიციის თანხლებით, მეტი არაფერი ვიცი.
_ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სისრულეში მოიყვანა, რა უნდა ქნათ? სად წახვალთ?
_ ჩვენ ორი მოსმენით გამოგვიტანეს დაუყოვნებლივი გამოსახლება. გვიჩივლა თვითონ ლაშა სიხარულიძემ და თქვა, რომ მე ვარ კეთილსინდისიერი მყიდველიო. მაგრამ ხალხიანად რომ იყიდა, მაგას არ ამბობს, ჩვენც გვიყიდა და როგორ არის კეთილსინდისიერი? მოგვიგო სასამართლო, მოსამართლემ გამოიტანა დაუყოვნებლივი გამოსახლება. ახლა დღე-დღეზე ველოდებით, როდის მოვა სააღმსრულებლო, ალბათ, გამოგვასახლებს, დაგვანგრევს თავზე, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს. 11 მრავალშვილიანი ოჯახი არის. მე ორი მცირეწლოვანი მყავს, სად წავიყვანო, არ ვიცი!

დაზარალებულების ერთ-ერთ უფლებადამცველ ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ხელისუფლებებმა ეს ადამიანები, უბრალოდ, მოატყუეს და დროის გაყვანის მიზნით, საარჩევნო პერიოდში მათ ათასი სხვადასხვა დაპირება მისცეს, თუმცა როდესაც შესაბამისი ინვესტორი გამოჩნდა და შესაძლებელი გახდა, რომ სარფიანი გარიგება დაედოთ მათთან, სრულიად უკანონოდ ყველა დაპირება უგულებელყვეს:
_ ბატონო ლაშა, როგორია ამ ადამიანების მდგომარეობა და ამ წლების მანძილზე რა ხდებოდა, ამ საცხოვრისთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ?
_ ეს ადამიანები აქ ცხოვრობენ უკვე დაახლოებით 25 წელია, ზოგი 98-დან, ზოგიც 2000-იანი წლებიდან. ეს ადამიანები აქ შესახლებულები იყვნენ მაშინდელი კოჯრის გამგეობის მიერ სრულიად კანონიერად. უმეტესი მათგანი არის სოციალურად დაუცველი, ასევე არის ერთი ყრუ-მუნჯი ქალბატონი, რომელიც ყველაზე ადრე შეასახლეს იქ. წლების მანძილზე იყო დაპირება და მოლაპარაკებები, რომ ამ კერძო საკუთრებას სახელმწიფო მათ დაურეგისტრირებდა.
_ როდესაც გაეცანით დოკუმენტაციას, თუ აქვთ სახელისუფლებო უწყებებისთვის მიმართული და მიწვდენილი ხმა?
_ არაერთი განცხადებით აქვთ მიმართული ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის, ქონების მართვისა და ეკონომიკის სამინისტროებისთვის. ეს უწყებები მათ დაჰპირდნენ, რომ ამ საცხოვრებელს სასყიდლის გარეშე, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადასცემდნენ. ამისთვის სახელმწიფოს შესაბამისი დოკუმენტიც ჰქონდა მომზადებული და 2017 წელს განშლაც კი გაკეთდა, ანუ გადანაწილება ამა თუ იმ პირზე საცხოვრებელი ფართების, რომლებშიც ისინი სრულიად კანონიერად იმყოფებოდნენ უკვე წლების განმავლობაში. 14 ოჯახზე იყო ის გაყოფილი და ამ ფართების გადაცემა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
_ შემდგომი საბუთების მიხედვით რა ხდება?
_ ამის შემდეგ 2019 წელს მოხდა უკანონო ფარული „ქურდული“ გარიგება, სადაც კონკრეტული ადამიანების ნაცვლად აღნიშნული ქონება ვიღაც ფირმას (რუსთავის წყლის გამწმენდი კომპანია) გადასცეს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. ამ ფირმამ აღნიშნული ქონება გადააფორმა და დღეს უკვე დაადგინა სახელმწიფომ, რომ ეს ადამიანები უნდა გამოასახლონ. ვინაიდან ისინი არიან სოციალურად დაუცველები, მათი გამოსახლების უფლება არ აქვს არც სახელმწიფოს და არც არავის. აქაც, სამწუხაროდ, გვაქვს უხეში ჩარევა სასამართლოს წარმოებაში, რადგანაც ვფიქრობ, რომ ის ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა დამოუკიდებლად გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უკანონობა.
_ რა ბედი ელის ამ ადამიანებს აღნიშნული განჩინების შემდგომ?
_ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარჩა მხოლოდ აღსრულება. აღსრულება მივა და გამოყრის ამ ხალხს. დაახლოებით 30 რიცხვისთვის დაიწყება აღსრულების პროცედურა. ვიცი, რომ მივლენ ქურდულად, როდესაც არ ველოდებით ან გვიან ღამით ან დილას ძალიან ადრე, ისე როგორც წინა შემთხვევა იყო: ადამიანი გამოასახლეს ყველა კანონდარღვევით, როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო კოდექსის დარღვევით. არ ჰქონდათ გამოსახლების უფლება, ადამიანს სახლი დაანგრიეს თავზე. იმავეს განახორციელებენ აქაც, ყოველ შემთხვევაში, ეცდებიან.
ამ ადამიანებს არაფერი აქვთ დასაკარგი, ყველაფერი დაკარგული აქვთ, რადგანაც მათ ჰქონდათ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც კონკრეტული ბიზნესგარიგების სასარგებლოდ ხელისუფლებამ უკვე წაართვა. ეს 14 ოჯახი მიმართავს ყველა სამართლებრივ თუ არასამართლებრივ ბერკეტს, რათა დაუბრუნდეთ და დაუმტკიცდეთ კუთვნილი საცხოვრებელი.
წინა ხელისუფლების დაწყებულია, რაც სიმართლეა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ხელისუფლება აპირებდა გადაცემას, მაგრამ კონკრეტული ადამიანები ჩაერივნენ და შეიცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ აღარაფერს ნიშნავს ის, თუ რისი გაკეთება სურდა ამ ხელისუფლებას. თუ რამე უნდოდა, ამ დრომდე უნდა გაეკეთებინა. რეგისტრირებულია მისამართები, როგორც ამომრჩევლების, მცხოვრებლების, გაკეთებულია დამისამართება, კომუნალური გადასახადები _ ყველაფერი რეგისტრირებულია და დარჩენილი იყო საკუთრებაში გადასვლა.
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა თანხად შეიძინა ლაშა სიხარულიძემ ეს ტერიტორია?
_ ეს იყო დიდი ფიქტიური გარიგება, ვინაიდან, სამმილიონიანი ქონება სახელმწიფომ კორუფციული გარიგებით გადასცა ვიღაცას სამასი ათასად.
_ თბილისის მერიამ გაასხვისა?
_ მერიამ ეს შენობა 2014 წელს გადასცა ქონების მართვის სააგენტოს და ქონების მართვამ გააკეთა გაშლა. თუმცა ახლა არავინ აკეთებს განმარტებას, რატომ წაართვეს ეს ფართი ადამიანებს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, უბრალოდ დარჩა ლოდინი და სხვა არაფერი.

„ქრონიკა+“ შეეცადა ლაშა სიხარულიძესთან დაკავშირებას, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოხერხდა. მთავარი შეკითხვა, იცოდა თუ არა სიხარულიძემ, რომ ყიდულობდა მიწის ნაკვეთს, სადაც 14 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა, პასუხგაუცემელი დარჩა.
მასალას თან ვურთავთ დოკუმენტაციას, რომელიც სხვადასხვა წლებში არის გაცემული და რომლითაც მტკიცდება, რომ ეს ადამიანები ამ შენობაში მართლაც წლების მანძილზე ცხოვრობენ და მათ კონკრეტული მისამართებიც კი აქვთ მიკუთვნებული შესაბამისი უწყებების მხრიდან.

გაზიარება