- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-15 07:08:01
გიორგი საკარული
18 წლამდე ქორწინება ბევრი ახალგაზრდა გოგოსთვის წარმოადგენს იმ რეალობას, რომლისგანაც თავის დაღწევას, ჯერ კიდევ, ვერ ახერხებს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლები გოგონებს უბიძგებენ ადრეული ქორწინებისკენ ან მეტიც, აიძულებენ ამის გაკეთებას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსური მდგომარეობაა. მშობლები ფიქრობენ, რომ არასრულწლოვანი გოგოს ქორწინება სარგებელს მოუტანს როგორც გოგოს, ისე მთლიანად ოჯახს და გაათავისუფლებს მას ფინანსური წნეხისგან. რეალურად, ამ ნაბიჯს შედეგად მოჰყვება გოგონას სოციალური იზოლირება, განათლების დაბალი დონე და, შესაბამისად, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც საბოლოდ მას ხდის ქმარზე დამოკიდებულს და ხელს უშლის მის პიროვნულ განვითარებას.
განსაკუთრებით რთული მდგომრეობაა საქართველოს რეგიონებში, ეთნიკურ უმცირესობებში, სადაც ეს ყველაფერი მშობლებს ნორმად მიაჩნიათ. ბოლო პერიოდის რამდენიმე მაგალითს თუ გავიხსენებთ, იძულებით, ნაადრევი ქორწინება ტრაგედიით დასრულდა. არასრულწლოვანს ან კლავენ, ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.
როდესაც საქმე ეხება ადრეულ ქორწინებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან კანონით ისჯება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. მას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.
რატომ არ უნდა გაჩუმდეს არავინ? რა როლს უნდა ასრულებდეს სკოლა, განათლების სამინისტრო და როგორ უნდა იყოს ამ ყველაფერში სახელმწიფო ჩართული? რამდენად საჭიროა, რომ დღეს სკოლებში ისწავლებოდეს სექსუალური განათლება? როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები მსგავსი რისკებისგან? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება განათლების ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ორგანიზაცია „თანადგომის“ წარმომადგენელი და ფსიქოლოგი, ხათუნა ხაჟომია:
_ ქალბატონო ხათუნა, თავდაპირველად განვმარტოთ, თუ რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება?
_ ნაადრევი ქორწინება ოფიციალურად განიმარტება ასე: არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის ოჯახის შექმნის მიზნით, როდესაც ორს ან ერთს, ამ ორიდან ერთ-ერთს, არ მიუღწევია 18 წლისთვის. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის შექმნის მიზნით და ისედაც, სქესობრივი კავშირი სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს შორის კანონით დასჯადია და წესით ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ინფორმაციის დეფიციტი კვლავ დიდი არის მოსახლეობაში.
_ რა პრობლემებს ქმნის ადრეული ქორწინება როგორც ბიჭების, ისე გოგონების შემთხვევაში?
_ კარგია, რომ ორივე სქესი ახსენეთ, რადგან აზრი ისე არის გავრცელებული, თითქოს მარტო გოგონების პრობლემაა ნაადრევი ქორწინება. ეს ასე არ არის. ბიჭებსაც შეიძლება შეეხოს, თუმცა პროცენტულად, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი გოგონა იმყოფება ადრეულ ქორწინებაში. პრობლემები ძალიან ბევრია, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, ეკონომიური, სოციალური, ჯანმრთელობის და ა. შ. ჯანმრთელობის პრობლემა განსაკუთრებით გოგონებს ეხებათ, რადგან ჩვენთან ხომ დაოჯახება პირდაპირ ორსულობასთან და შვილის გაჩენასთან არის დაკავშირებული.
მოზარდის ორსულობა კიდევ ცალკე პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დედასაც ეხება და ნაყოფსაც, იგი დიდ ზიანს აყენებს ორივეს როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მთავარი პრობლემა მაინც არის განათლების შეწყვეტა. როგორც წესი, ბიჭებიც და გოგონებიც, როდესაც ადრე ქორწინდებიან, მათი განათლების პროცესი მთავრდება და ეს სამომავლოდ პრობლემებს ქმნის ქვეყნისთვისაც და პირადად ამ ადამიანებისთვისაც. იმიტომ რომ განათლების არქონა პირდაპირ კავშირშია მათ დასაქმებასთან, კეთილდღეობასთან, შვილების ნორმალურ აღზრდასთან და ჯაჭვურად ბევრი სხვა პრობლემები ექმნებათ ამის გამო. ასევე ექმნებათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან ოჯახური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო სხვა არის, რაც არ გახლავთ გააზრებული ბავშვობის ასაკში. ეს არის ოჯახური საქმე, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, შვილზე. ამ ასაკის ადამიანი ამისთვის მენტალურად არ არის მზად და ეს გახლავთ სერიოზული დატვირთა მათ ფსიქიკაზე. ხშირია ფსიქიკური პრობლემები, მერე შეიძლება დეპრესია განვითარდეს და ა. შ. რაც მთავარია, ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები, სტატისტიკის მიხედვით, ხშირად ხდებიან ოჯახური ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის მსხვერპლნი.
სხვათა შორის, სასკოლო სახელმძღვანელოებში რამდენიმე წელია უკვე არის შესული ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები და წესით, უნდა სწავლობდნენ ამას ბავშვები. ვფიქრობ, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საკმარისი კომპენტენცია აქვთ და ბავშვებს ასწავლიან _ ბევრმა გოგონამ იცის, რომ ეს არის დაუშვებელი და მათი მიზანი პატარა ასაკში სხვა რამ უნდა იყოს. მაგალითად, პროფესიის დაუფლება, განათლების მიღება და ა. შ. ბოლო პერიოდის შემთხვევებმა გამოკვეთა, რომ მშობლებისა და სასკოლო გარემოს პრობლემაც ძალიან აქტუალურია. როგორც ჩანს, მშობლები ხშირად თავად არიან ხელშემწყობი ადრეული ქორწინების და ესეც, ალბათ, არის ინფორმაციის დეფიციტთან დაკავშირებული. კარგია, რომ მშობლების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოჩნდა, რაც მაგალითი გახდება სხვებისთვის. ბავშვები ხშირად ეწინააღმდეგებიან ტრადიციების მქონე მცირე ჯგუფებს, სადაც ადრეული ქორწინება მიღებულია და მშობლები გამოდიან ძალადობის ხელშემწყობები, რადგან ადრეული ქორწინება ცალსახად არის ძალადობა, იმიტომ რომ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. სამწუხაროა, რომ მშობლები ამაში მონაწილეობენ.
_ ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს რეგიონებში. განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში, რადგან მათ ნორმად მიაჩნიათ არასრულწლოვანი გოგონას გათხოვება ან ადრეულ ასაკში ვაჟის დაქორწინება. როგორ და რა ფორმით შეიძლება მიიღონ ამ ადამიანებმა ინფორმაცია, რომ ეს არის დაუშვებელი და შეცდომაა ის დამახინჯებული ტრადიციაც, რომელსაც ისინი ასე სიხარულით აღნიშნავენ?
_ როდესაც მიკროსოციუმში ეს არის ნორმა, მათ უჭირთ იმის გააზრება, თუ რა ხდება სხვაგან და რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა. ამაზე არის სამუშაო. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მითხრა, რომ დედები ხშირად მომხრე არიან ამ ადრეული ქორწინების, იმიტომ რომ ჩააბარონ თავიანთი ქალიშვილი პატრონს. ეს საკითხი არის კარგად გამოსაკვლევი, თუ რატომ არიან მშობლები ასეთი დოზით ჩართულები ადრეული გათხოვების პროცესში. მაგრამ სამუშაო აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, რადგან მშობლების ინფორმირებულობა განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. ბავშვის განათლება სკოლაში ხდება და მშობლის ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სოციალურად აქტიურია, ესეც, გარკვეულწილად, განათლების სამინისტრომ უნდა აიღოს თავის თავზე.
მჯერა, რომ ყველა მშობელს შვილისთვის კარგი უნდა, ის ფიქრობს, რომ ეს ნორმაა, თავის შვილს გაათხოვებს და პატრონს(?!) ჩააბარებს, მაგრამ რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული და რატომ არ შეიძლება, როგორც ჩანს, მშობლებს ამაზე არავინ ელაპარაკება. ახლა მივიღეთ ისეთი რეალობა, რომ ბავშვები უფრო გათვითცნობიერებულები არიან, ეწინააღმდეგებიან ამ მავნე ტრადიციას და მშობლებს კი ინფორმაცია არ აქვთ და გამოდიან ძალადობის თანამონაწილენი. აქ მანდატურის სამსახური, განათლების სამინისტრო, შსს, აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს ჩართული ინფორმირებით, გაფრთხილებით, რადგან შეიძლება წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რა სასჯელთან არის დაკავშირებული ასეთი ქმედება. ბოლო შემთხვევის დროსაც ვნახეთ, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას დედაც მოხვდა ციხეში, იმიტომ რომ აქტიურად მონაწილეობდა თავისი პატარა შვილის გათხოვებაში. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა.
_ მნიშვნელოვანია იმ პირების გადამზადება, რომლებიც სკოლაში მოღვაწეობენ. ეს იქნება დირექტორი, მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი, მანდატური თუ სხვა.
_ ნამდვილად. მარტო დამრიგებლისა და სამოქალაქო მასწავლებლის პასუხისმგებლობა არ არის, არამედ სკოლის, თემის, კოლექტივის, _ აბსოლუტურად ყველა უნდა ჩაერთოს ამ საკითხში. პატარა თემში კი ყველამ ყველაფერი იცის, რა ხდება და პედაგოგებს კიდევ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ, მათ თვალწინ ვითარდება პროცესები. ალბათ, უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეგულაციები სკოლის პედაგოგებისთვის, თუ რას აკეთებენ ისინი ასეთ დროს, მიმართავენ მანდატურს, პატრულს იძახებენ თუ რას. მათი პასუხისმგებლობაც გარკვეულწილად უნდა იყოს ხაზგასმული ასეთ დროს. გნებავთ, ოჯახური ძალადობის შემსწრე იყოს. არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც მშობლების მხრიდან შეიძლება ძალადობას განიცდიდნენ. ძალადობას არასდროს აქვს გამართლება და მნიშვნელოვანია, ამაში გარანტი იყოს სახელმწიფო, რომ სრული და სწრაფი რეაგირება მოხდეს. ეთნიკურ უმცირესობებში კიდევ ცალკე უნდა გადამზადდნენ პოლიციელები და პატრულის თანამშრომლები, იმიტომ რომ ისინიც იმ სოციუმის წევრები არიან და ხშირად მათთვისაც ეს არის ნორმაა, რასაც ისინი ხედავენ.
_ გარდა ამისა, ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა გაიაზრონ ის, თუ რა კონონი მოქმედებს იმ ქვეყანში, სადაც ისინი ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში, გამოსავალს სად ვხედავთ? _ ერთია, რომ დღევანდელობამ დაგვანახა, აუცილებელია სკოლებში ღებულობდნენ ელემენტარულ სექსუალურ განათლებას. მეორე, გადამზადდნენ პედაგოგები და მეტად ინფორმირებულები იყვნენ…
_ სხვათა შორის, ახლა განათლების სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი _ სკოლის სოციალური მუშაკი _ და სკოლაში ნებისმიერი პოზიციის ადამიანი უნდა იყოს გადამზადებული: თუ ასეთი რამ ხდება, აღმოაჩინოს დროულად. განსაკუთრებით ეს ეხება უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, სადაც კიდევ სხვანაირი კულტურული თუ რელიგიური გარემოა, ძალიან ძლიერია ეს ტრადიციები და სტერეოტიპული დამოკიდებულება რაღაც საკითხების მიმართ. სექსუალური განათლება უნდა დაინერგოს, რომლის ნაწილიც არის ადრეული ქორწინების პრევენცია, თუმცა სახელმწიფო არ აქტიურობს ამ კუთხით. თქვენს მედისაშუალებას გამოვიყენებ ამ შემთხვევაში და მინდა, მივმართო მათ, რომ ეს არ არის გადასადები საქმე და რაც უფრო ადრე დაიწყება ამ საკითხების დანერგვა და გააქტიურება სასკოლო თემის მხრივ, მით უფრო დაცულები იქნებიან ბავშვები საქართველოში.