- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-04 07:26:28
თამუნა მჭედლიშვილი
საქართველოს განათლების სისტემაში რომ დიდი ხანია, სერიოზული ხარვეზები და კრიზისია, საზოგადოებისთვის არახალია, მაგრამ დღეს რაც ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სისტემაში ხდება, სწავლების ხარისხის, ინფრასტრუქტურის, მოსწავლის უსაფრთხოების, მასწავლებლის მიზერული ჯამაგირისა და ხელისუფლებას დამორჩილებული და დამოკიდებული, სუსისგან გამწვანებული დირექტორების მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ სული კოლაფსის მაჩვენებელია.
სულ ორიოდე დღის წინ „გამარჯვების პლატფორმამ“ _ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ენმ“-ს წარმომადგენლებმა, სკოლების ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, განათლების სამინისტროს შენობასთან, აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო პლაკატები და, სიმბოლურად, აგურები მიიტანეს. მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში საქართველოს განათლების მინისტრის გამოსვლას, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებას დედაქალაქში მხოლოდ 10-12 საჯარო სკოლა გამოაკლდება სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო.
„ქრონიკა+“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ნანა ტოხვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა საპროტესტო აქციის მიზეზებსა და განათლების სისტემაში არსებული რიგი ჩავარდნების შესახებ:
_ ქალბატონო ნანა, რა იყო თქვენი საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ჩატარების მიზეზი განათლების სამინისტროს შენობასთან და რა დატვირთვა ჰქონდა სიმბოლურად მიტანილ ორ ცალ აგურს?
_ „გამარჯვების პლატფორმა“, ანუ „სატრატეგია აღმაშენებელი“ და „ენმ“, ერთად, კიდევ ერთხელ, ამ საკითხის შესახსენებლად შევიკრიბეთ განათლების სამინისტროსთან ყოფილი დირექტორებისა და მშობლების თანხლებით, რათა შეგვეხსენებინა ის პრობლემა, რაც შეეხო 20 000-ზე მეტ ბავშვსა და საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ სკოლას, ასევე, თბილისის მასშტაბით, ათეულობით სკოლას. როგორც განვაცხადე წინა ჯერზეც, 15-მდე ლოკაცია თავად შემოვიარე და ჩემი თვალით მაქვს ნანახი ადგილები, სადაც მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს და შეჩერებულია დაგვიანებული და გაჭიანურებული რემონტის გამო. სამწუხაროდ, განათლების მინისტრი იტყუება, როცა ამბობს, რომ დედაქალაქში მხოლოდ 10-12 სკოლაა რეაბილიტაციის რეჟიმში. სიმართლე არის 15 სკოლა. განათლების სამინისტრო ინფორმაციას ნაწილობრივ მალავს. ამას იმით ხსნის, რომ ეს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გადაცდომა იყო, თუმცა არცერთი კომპანია ამის გამო დაჯარიმებული ან დასჯილი არავის გვინახავს, ისჯებიან მხოლოდ ბავშვები და მშობლები. ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების პარალელურად, სამწუხაროდ, ასევე განათლების ხარისხი დგას ეჭვქვეშ, სავალდებულო ხდება ამ მოსწავლეების შეკედლება, 20 000-ზე მეტი მოსწავლე გადანაწილებულია მიმდებარე სკოლებში, სადაც სამ და ოთხ ცვლაში უწევთ სკოლებს სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს კი, ობიექტური მიზეზით, 30-წუთიანი გაკვეთილების ჩატარებას ან ონლაინ სწავლებასაც კი ნიშნავს. არის სკოლები, სადაც, წარმოიდგინეთ, 2020 წლის მერე, პანდემიის შემდეგაც კი, ბავშვები არ დაბრუნებულან საკლასო ოთახებში და დღემდე აგრძელებენ ონლაინ სწავლებას. სასწავლო დანაკარგების აღმოსაფხვრელადაც სამინისტროს არაფერი გაუკეთებია, ენდერით გათვალისწინებული პირობების დროულად შესრულებაც კი არ მოუთხოვია ამ კომპანიებისთვის, რადგან მათი უმრავლესობა არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია, რომლებსაც მილიონობით ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული და აი, ამ მილიონიანი ბიუჯეტის კონტროლი და მონიტორინგი აბსოლუტურად მიშვებულია.
_ კორუფციის ნიშნებს ხედავთ?
_ ცხადია, კორუფციის ნიშნები იკვეთება. არის კონკრეტული კომპანიები, მაგალითად, ყველაზე გახმაურებული და დადასტურებული, ირაკლი ზარქუას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის სიძის, რომელმაც 30-მილიონიანი ტენდერი მოიგო სწორედ სკოლების რეაბილიტაციისთვის და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. ამიტომაც არის, რომ განათლების სამინისტრო თვალს ხუჭავს და აბსოლუტურად გულგრილად ეკიდება ამ ბავშვების განათლების მიღმა დარჩენის საკითხს და არ ითვალისწინებს მშობლების ძალიან დიდ მოთხოვნას, რომ როგორღაც დასრულდეს მშენებლობა და დაბრუნდნენ ბავშვები თავიანთ სკოლებში.
_ გაქვთ თუ არა გეგმა და სქემა დამუშავებული, რომელსაც ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის დროს განახორციელებთ ამ მიმართულებით?
_ ერთი საკითხია პრობლემის იდენტიფიცირება და ამის გამოაშკარავება და ხმამაღლა შეხსენება და, მეორე საკითხია, რა უნდა გაკეთებულიყო… ვიცით, რომ ერთი მილიარდი ლარი გამოყოფილია სკოლების ინფრასტრუქტურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მათი ჯიბის ფული, როგორც უნდათ, ისე რომ განკარგონ. როდესაც პროცესი იგეგმება, იგი აბსოლუტურად რაციონალურობას მოკლებულია, რომ, მაგალითად, ნაძალადევის რაიონში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაანგრიეს 5-6 სკოლა. ერთსა და იმავე რაიონში ეს გაუმართლებელია! ამას გულგრილობაც აღარ ჰქვია, დანაშაულია, როდესაც თბილისის ერთ კონკრეტულ რაიონში, ერთდროულად და პარალელურ რეჟიმში, ანგრევენ 5-6 საჯარო სკოლას. აქ საუბარია არა მცირეკონტინგენტიან სკოლებზე, არამედ ათასობით ბავშვი რომ დადიოდა. ამ სკოლების 4-5 წლით გადადებული რემონტით განათლების სამინისტრო არ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული კომპანიაზე, რომელიც დაისაჯა ამისთვის ან არ შეასრულა ვადები, ნამდვილად არაფერი გვსმენია, იმიტომ, რომ არც არსებობს ასეთი. რატომ?! _ ეს კომპანიები, რომლებმაც ტენდერი მოიგეს, „ქართული ოცნების“ გარემოცვიდან არიან და ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში იდებენ ამ მილიონებს, საბოლოო ჯამში კი ბავშვები რჩებიან სკოლის შენობების გარეშე. ერთი კარგი, რაც მოჰყვა ამ ჩვენს პერფორმანსსა და აქციას, პოლიტიკურ დღის წესრიგში თემის დაბრუნებას, აგურების მიტანიდან ორი დღის შემდეგ, განათლების სამინისტრომ კეთილი ინება და მინისტრი გამოვიდა კაბინეტიდან, ჩემი მოწოდებისამებრ, მობრძანდა პარლამენტში, რათა დამატებითი სახსრები მოეთხოვა ბიუჯეტიდან, სულ _ 34 მლნ. ლარი, რომ სკოლების რეაბილიტაციის ჩავარდნილი გეგმა როგორღაც აღმოიფხვრას. სწორედ ამისთვის გამოითხოვეს დამატებითი თანხები პარლამენტიდან, უფრო სწორად, მოითხოვეს თანხების დადასტურება საკანონმდებლო ორგანოდან, იმიტომ რომ მათ იციან, _ იმ გაწერილი გეგმის ფარგლებს დიდი ხანია, ასცდნენ. ტენდერებით შეჭმულ მილიონებს, ცხადია, არავინ დააბრუნებს „ქართული ოცნების“ პირობებში, ამიტომ ისევ დამატებითი სახსრების მოძიება უწევთ მათ, რადგან ეს პრობლემა აღმოიფხვრას და კიდევ ოთხი წელი არ დაგვჭირდეს ლოდინი სკოლების ასაშენებლად.
_ რა პოზიციები აქვთ ასეთი სკოლების დირექტორებს? რატომ თავად დირექტორები არ აპროტესტებენ სკოლების ხელოვნურად გაწელილი რეაბილიტაციის პროცესს? საჯარო სკოლების დირექტორების უმეტესი ნაწილი ხომ წინა ხელისუფლების დროსაც დირექტორების თანამდებობებს იკავებდა? ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების ნავიდან გადმობარგდნენ „ქართული ოცნების“ ნავში იმ მიზეზით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შანტაჟის ძალით აიძულებდა მათ „ემუშავათ“ მმართველი ძალის ინტერესებიდან გამომდინარე…
_ სამწუხაროდ, ეს მავნე ტრადიცია, სადაც ხელისუფლებისადმი მორჩილება დირექტორებს საკუთარ ვალდებულებად მიაჩნიათ, არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. რაც შეეხება დირექტორებს, ამ ეტაპზე, უკვე 2020 წლიდან, პრაქტიკულად, საქართველოში არცერთი დირექტორი არ არის პოსტზე, სკოლას არ ხელმძღვანელობენ დირექტორები, რადგან მათ გაუვიდათ სასერტიფიკატო ვადა და, შესაბამისად, ყველა არის მოვალეობის შემსრულებელი. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან 2020 წლის ანონსის შემდეგ, სამი წლის დაგვიანებით, და ძალიან ბევრი ჩვენი მცდელობის, ბრიფინგისა თუ სტატიის მიძღვნის შემდეგ, წელს, დაინიშნა დირექტორტთა გამოცდა, რომელიც, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალედ და ისევ პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ჩატარდა, ვინაიდან 165 კანდიდატი პირდაპირ დაბლოკეს გასაუბრების ეტაპიდან, თანაც საკმაოდ მაღალქულიანი კანდიდატები. ვინც მიიღო სერტიფიკატი (დირექტორობის 1409 მსურველი), ამ ადამინების ნახევარხზე მეტი საერთოდ არ დარეგისტრირდა არცერთ სკოლაში დირექტორობის მსურველად. ე. ი. მათთვის პოლიტიკური წნეხი და კონიუნქტურა იმდენად დიდია, ამ ადამიანებს სურვილიც არ აქვთ, პრეტენზია განაცხადონ და უკვე სერტიფიცირებულმა დირექტორებმა უხელმძღვანელონ სკოლებს. ამიტომ, სამწუხაროდ, 1692 სკოლაში, 2074 საჯარო სკოლიდან, არჩევნები არ ჩატარდება და ჩვენ არ გავეყოლება კვალიფიციური დირექტორი, რომელიც შეირჩევა სასკოლო საზოგადოებისა და სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლების მხოლოდ 18%-ში გვყავს რამდენიმე კანდიდატი წარდგენილი და დარეგისტრირებული. გაურკვეველია ვადები, როდის მოხერხდება ამდენწლიანი ჩავარდნის შემდეგ დირექტორების არჩევა. აქაც ფეხს ითრევს „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მძლავრად დაამკვიდრა „ოცნებამ“ _ დირექტორები მათთვის არიან საარჩევნოდ ხმების მობილიზების ინსტრუმენტი და არა საგანმანათლებლო ლიდერები, რომლებმაც სასწავლო პროცესი უნდა გამართონ და ბავშვების ხარისხიან განათლებაზე უნდა იზრუნონ. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, დირექტორების შერჩევა, ცხადია, კიდევ უფრო გადაიწევს და მიუახლოვდება 2024 წელს, ანუ საარჩევნო პერიოდს დაამთხვევენ და რაც უფრო სამწუხაროა, გარდა პროცესის გაჭიანურებისა და უმიზეზოდ გადავადებისა, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურ მიზეზებს, მათ არ ექნებათ საშუალება, დამოუკიდებლად მართონ სკოლა და იგი იყოს იმ პირველადი ფუნქციის შემსრულებელი, რაც მას აკისრია.
_ სულ რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, განცხადება გააკეთა მაღალ კლასებში ე. წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის შესახებ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე აირჩევს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით. ეს სიახლე ამომრჩევლისთვის გამოგონილი ხიბლია, თუ რეალური პერსპექტივა?
_ მეც მოვისმინე მინისტრის მომავალ დროში დამაიმედებელი ტონით გაკეთებული განცხადებები. სამწუხაროდ, უკვე საკმაო გამოცდილება შეიძინეს საზოგადოებამაც და განათლების სფეროს წარმომადგენლებმაც, რომ „ქართული ცნების“ მეორე ვადით ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, პრაქტიკულად, არცერთი პოზიტიური, განათლებასა და ხარისხზე ორიენტირებული ნაბიჯი არ გადადგმულა. იდეა, ცხადია, კარგია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების პროგრამაში იყო მომავლის პროფესიების დანერგვა და მაღალანაზღაურებადი პროფესიების სასკოლო ეტაპზევე შეძენა, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ მივეჩვიეთ, რომ მხოლოდ დაპირებები გაიცემა და რეალური ხელშესახები შედეგი არცერთი მიმართულებით არ გვაქვს. ცხადია, იდეის გაფუჭება მათი პროფესიაა უკვე, ამიტომ მოლოდინი ნაკლებად მაქვს, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათი ხელისუფლების პირობებში გადაიდგმება, _ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.
_ რას იტყვით კერძო სკოლების შესახებ წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ? კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები. ასევე
უფლება ეძლევათ თავად განსაზღვრონ კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები, გაუქმდება მათთვის დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულობა; მოიხსნა შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული განმსაზღვრელი ასაკობრივი შეზღუდვაც… სამწუხაროდ, კერძო სკოლებში მაღალი სწავლის საფასურზე არავინ საუბრობს.
_ ეს შეღავათები, რაც კერძო სკოლებისთვის, ერთი შეხედვით, გაიწერა, ლოგიკურია და აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან კერძო სკოლები სახელმწიფოსთვის მოიაზრება, როგორც კერძო ბიზნესი, თუმცა, გარკვეული დათქმით, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმიდან სავალდებულო პუნქტები რჩებათ შესასრულებლად. ეს რაც შეეხება სწავლების ძირითად კომპონენტებს, მაგრამ ის, თუ რომელი სახელმძღვანელოთი ასწავლის კერძო სკოლა, დაიმატებს თუ არა რაიმე სხვა რესურსს, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს, ეს ისედაც ასე ხდებოდა აქამდე ამ სეგმენტში. ამაში განსაკუთრებული არაფერია და ეს შეზღუდვა არც მანამდე ჰქონდათ კერძო სკოლებს. რაც შეეხება მასწავლებლების სქემას _ ეს გაუქმდა, მათთვის აღარ არის სავალდებულო, მაგალითად, აიყვანოს სტატუსიანი მასწავლებელი, რაც, ცხადია, აქამდეც სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა იყო. რჩება პრობლემა, მასწავლებლის ანაზღაურება. როგორც წესი, ძალიან ბევრი პრეტენზია მესმის, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ კოლოსალური თანხებია გადასახდელი კერძო სკოლებში მშობლებისგან. სამაგიეროდ, მასწავლებლების ანაზღაურება არის ძალიან დაბალი. ამიტომ გარკვეული რეგულაციები უნდა დარჩენილიყო და უნდა ეფიქრა განათლების სამინისტროს. ცხადია, ამაზე არ უფიქრია, უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ პასუხისმგებლობა მოიშოროს თავიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ კერძო სკოლის მასწავლებელიც ჩვენი მოქალაქეა და იგივე მონდომებითა და ენთუზიაზმით ზრუნავს ჩვენი შვილების განათლებაზე, როგორც საჯარო სკოლის მასწავლებელი. მაგალითად, 2 წლის წინათ მქონდა ინიციატივა შეტანილი თბილისის საკრებულოში, გავმართე რამდენიმე შეხვედრა ბატონ ტყემალაძესთან თხოვნით და მოთხოვნით, რომ კერძო სკოლის 6500 მასწავლებელს თბილისში მისცემოდა საშუალება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის მიეღოთ უფასო მგზავრობის შეღავათები, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათთვის ეს საკითხი არც მნიშვნელოვანი და არც საყურადღებო, მით უმეტეს, არც დადებითად გადასაჭრელი არ აღმოჩნდა. ამიტომ რაც მეტ პასუხისმგებლობას ჩამოიშორებენ ეს ადამიანები, ამაზე არიან ორიენტირებული. სამწუხაროდ, არც მოსწავლის, არც მასწავლებლის და არც მშობლის ინტერესები განათლების სისტემისთვის არ არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ფასებსა და მათ რეგულირებას, ჩვენი კანონმდებლობით, სახელმწიფო ვერ ჩაერევა კერძო სკოლის მენეჯმენტში, რადგან შპს-ებში, რომელთაც იურიდიული და სამართლებრივი სტატუსი აქვთ, აქ სტანდარტებს თავად ადგენს ბიზნესის მფლობელი და არა სახელმწიფო. თუმცა არჩევანი რომ იყოს საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებს შორის და განათლების ხარისხით, დისციპლინით, ინფრასტრუქტურით, ბავშვის უსაფრთხოებით ახლოს რომ იყოს საჯარო სკოლა კერძო სკოლებთან, საქართველოში ბევრ ოჯახს ნამდვილად არ ულხინს, რომ 10 000-15 000 ლარი ყოველწლიურად გადაიხადოს კერძო სკოლებში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საჯარო სკოლა გახდეს სასურველი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს _ საჯარო სკოლა გახდეს კონკურენტუნარიანი, უსაფრთხო და ბავშვზე ორიენტირებული!
_ რატომ რჩება დღემდე პრობლემად თბილისის პოპულარულ და პრესტიჟულ საჯარო სკოლებში პირველკლასელების რეგისტრაცია? რატომ ვერ ხედავს და ვერ კითხულობს ბავშვების პირად ნომრებს სისტემა?
_ მესმის… როცა პირველკლასელების რეგისტრაცია მიმდინარეობს, რატომღაც, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩემს რეგისტრაციას უფრო სწრაფი შედეგი ექნება, ვიდრე მათსას… ვჯდები იმ მშობლებთან ერთად, რათა მოვასწროთ დარეგისტრირება პირველკლასელის ჩვენთვის სასურველ საჯარო სკოლაში. ეს არის სისტემის გაჭედვა. მიუხედავად იმისა, რომ ათობით აიტი სპეციალისტი ჰყავს განათლების სამინისტროს ხელშეკრულებით აყვანილი, ეს პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. რაც შეეხება ქართული საზოგადოების, ასე ვთქვათ, მიდრეკილებას, პრესტიჟულ სკოლაში მოახვედრონ შვილი _ ეს არახალია. თუმცა თუ მშობელს გარანტია ექნება, რომ ისეთივე სასურველი და ხარისხიანი სწავლის საშუალება ექნება თავის შვილს ნებისმიერ სხვა საჯარო სკოლაში, მგონია, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა გადაილახება.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის მიტოვებული დანარჩენი არაპოპულარული საჯარო სკოლები, იმიტომ, რომ, „ქართული ოცნების“ არცერთი მაღალჩინოსნის შვილი არ დადის საჯარო სკოლაში. არც აღელვებთ და არც აინტერესებთ, რა ხდება საჯარო სკოლებში. უპრიანი იქნებოდა, მათ მორალური ვალდებულება ჰქონდეთ, ატარონ შვილები საჯარო სკოლებში. რადგან მორალი ვერ შველის, კარგი იქნებოდა, საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირებულიყო ეს საკითხი. კეთილი ინებონ საჯარო მოხელეებმა, ნდობა გამოუცხადონ იმ სისტემას, რომლის ხელმძღვანელებიც თვითონვე არიან.