QronikaPlus
 „არც ერთ ქვეყანაში გეოლოგს არ უწევს კამათი სუმოისტთან და სამბოისტთან ფერდის სტაბილურობაზე“

 „არც ერთ ქვეყანაში გეოლოგს არ უწევს კამათი სუმოისტთან და სამბოისტთან ფერდის სტაბილურობაზე“

2023-09-20 14:51:05

თამარ სანაძე

საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. ცოტა ხნის წინათ რაჭაში მეწყერმა ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ახლა კი გურიაში მოსულმა მეწყერმა სამი ადამიანი იმსხვერპლა.

რამ განაპირობა მეწყრული პროცესების ამ მასშტაბით განვითარება? იყო თუ არა შესაძლებელი მომხდარი სტიქიური უბედურებების თავიდან აცილება? რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ, რომ მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მოხდეს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ვრცლად ესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე:

_ ქალბატონო თეა, ცოტა ხნის წინათ რაჭაში სტიქიამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ახლა გურიასა და აჭარაში მოხდა სტიქიური უბედურება, დაიღუპა სამი ადამიანი. რა ტიპის სტიქია იყო ეს, _ ღვარცოფი, მეწყერი თუ კიდევ სხვა რამ? რატომ გახშირდა სტიქიური უბედურებები ჩვენს ქვეყანაში?

_ ბუნებრივი სტიქიები რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია, ცხადია. სტიქია დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან, ეს არის მეწყრული პროცესები, რაც გურიაშია. სწორედ მეწყრული პროცესები განვითარდა გურიაში, ეს დაკავშირებულია პირდაპირ უხვ ნალექთან.

ჩვენ ვიცით, რომ გურია მეწყრული ზონაა, ამ რეგიონის ბევრი სოფელი მეწყერსაშიშია. გურიიდან ძალიან ბევრი ფოტო გამომიგზავნეს, ფაქტობრივად, თიხაა და მოგეხსენებათ, მეწყრის კუთხით თიხა ძალიან მოწყვლადია, როდესაც ბევრი წყალია, ნალექის რაოდენობა გადააჭარბებს სრულ მაჩვენებელს, ასე ხდება. ასე რომ, გენეზისი ამის არის ბევრი წვიმა. რაც შეეხება, მაგალითად, შოვს, აქ ბევრი წვიმა, უხვი ნალექი არ იყო სტიქიის მაპროვოცირებელი ფაქტორი, არამედ გლობალური დათბობის შედეგად მყინვარული დნობა გახლდათ სტიქიის განმაპირობებელი და ერთი კონკრეტული მნდინარის ადიდება. რაჭაში რომ  მოსულიყო უხვი ნალექი, ბევრი მდინარე ადიდდებოდა, ეს იყო ერთი კონკრეტული მდინარე _ ბუბა ადიდდა. მოგეხსენებათ, ეს არის მყინვარული მდინარე და მისი იწვევს ღვარცოფს. ეს არის სტიქია, რომელიც ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებსა და გლობალურ დათბობას უკავშირდება. ცნობილია, რომ გლობალური დათბობის ციკლი, ფაზა არის მსოფლიოში და შედეგად არეული გვაქვს კლიმატური პირობები. ბევრ ლოკაციაზე მსოფლიოში მსგავსი რამ მოხდა, იგივე წყალდიდობები და ა. შ. აი, ასეთი ვითარებაა. მთავარი საკითხი აქ არის ამ ყოველივეს პრევენცია. მთავარია, რომ ქალაქები, სოფლები, დასახლებული პუნქტები მზად იყოს მსგავსი ნალექის ან მსგავსი სტიქიური პრობლემების გასამკლავებლად. ეს არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურბანული განაშენიანების სწორი წარმართვა. რას ნიშნავს ეს? _ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია მორფოლოგიური დიზაინი. არ იცვლება გარემო, მინიმალური ჩარევები ხდება. გარემოს აქვს ბუნებრივი სტაბილურობა და როდესაც ბუნებრივი სტაბილურობიდან გამოგყავთ იგი, თქვენ, ფაქტობრივად, პროვოცირებას უწევთ სტიქიურ უბედურებებს. ეს არის მნიშვნელოვანი. რაჭის შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო მდინარის ჭალაში მოძრაობა, ეს მინიმალური უნდა იყოს. მდინარეების ახლოს არ შეიძლება, ღვარცოფსა და მეწყერს დავახვედროთ სახლი და მძინარე ადამიანი. აუცილებელია, მოსახლეობა მოსცილდეს მდინარის ჭალებს.

მაინც წინასწარ უნდა გვქონდეს განსაზღვრული, უზრუნველყოფილი შეტყობინების სისტემები იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ უსაფრთხოდ. თუკი ვინმე მიდის ექსკურსიაზე ან თუნდაც კემპინგი სურს, უნდა იცოდეს, სად წავიდეს, რა ლოკაციაზე უნდა გაჩერდეს, კარვით სად დარჩეს, სად დადგეს, ღამით სად გაჩერდეს. ეს მიმართულებაა, მე ხომ არ ვიგონებ ამას. ეს არის აუცილებელი. განვითარებულ ქვეყანაში ზუსტად ასეა, რაზედაც მე გესაუბრეთ, ვცხოვრობდი იქ და ვიცი, რა და როგორ არის. არც ისეთი უსაფრთხო ქვეყნებია ისინიც, ძალიან საშიშია გეოლოგიური კუთხით, ძალიან რთული ქვეყნებია, მაგრამ ადამიანის უსაფრთხოება არის დაცული. შენ ეკითხები მეცნიერს, გეოლოგს, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე, სად წახვიდე, რომ შენთვის უსაფრთხო იყოს. არსად უწევს კამათი ჩვენი პროფესიის ადამიანს სუმოისტთან და სამბოისტთან საკრებულოში. მეკამათება მოჭიდავე სამბოისტი ფერდის სტაბილურობაზე, ეს ვის გაუგია? წარმოიდგინეთ, ქალაქის მართვის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნულნი არიან სამბოისტები და მოჭიდავეები. ამათთან საუბარი არ შეიძლება, მოგისევენ ტროლებსა და ბოტებს და ვიღაც გეკამათება გეოლოგიურ ანა-ბანაზე. წინ დაუდებ უამრავ სურათს, რომ, აი, ეს ხდება, ეს საშიშროება გველის და ის ამბობს, გიმტკიცებს, რომ შენ ტყუილს ამბობ. ისინი ამ ტროლების მეშვეობით ადამიანების განწყობასა და ემოციებზე მოქმედებენ. თუნდაც წარადგენ სოციალურ ქსელში ფოტომასალას, უამრავი ტროლი წერს ერთსა და იმავეს: „ტყუილია, ტყულიაო“... უამრავი ბოტი რომ დაწერს ამას, 25-ე კადრივით არის.

უმნიშვნელოვანესია პროფესიონალთა მეტი ჩართულობა, რომლებიც ამ პრობლემებსა და ამგვარ საკითხებში არიან გარკვეულნი. სამბოს ფედერაციის ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილი სამბოისტი, მეუბნება, რომ ვტყუი. ის ახლა არის ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარი. იმან რა უნდა გააკეთოს გეოლოგიური კუთხით?!

_ თქვენ ისაუბრეთ სტიქიური უბედურებების პრევენციაზე, რა უნდა გაკეთდეს, რომ სტიქიური უბედურებები ავიცილოთ თავიდან და ამას არ ეწირებოდნენ ადამიანები, ბავშვები? სტიქიის ზონაში მყოფმა გურიის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „5 წლის წინათ ახლობლებმა მიმართეს მთავრობას, დაგვეხმარეთ, სახლი მეწყერსაშიშ ზონაშიაო. კაცი გარდაიცვალა ნერვიულობით 6 თვის წინ და ახლა მისი ცოლი და შვილი ლამის დაიღუპნენ. ბეწვზე გამოასწრეს. წუხელ, წვიმისას მოხდა ეს ყველაფერი. ქალბატონმა, ვისი სახლიც დაანგრია მეწყერმა, სადაც საწოლი დგას, ხმა გავიგეო, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, ინგრეოდა სახლი, შვილს ხელი მოვკიდე და გამოვიქეცითო“.

ქალბატონო თეა, ადამიანები ამბობენ, რომ ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს მათ განცხადებეზე, როგორ შეიძლება ამ ხალხის დაცვა, სახელმწიფო რაზეა პასუხისმგებელი, წყალდიდობას ხომ არ უნდა ეწირებოდნენ ადამიანები? რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას?

_ მე დამიკავშირდა ჩემი ოჯახის ახლობელი, გურული, ჩამიგდო ფოტოები, მითხრა, რამე მიშველეო. მაჩვენა ეს სახლი, რომელიც დამეწყრილია, ახლა აღარაფერი ეშველება ამ სახლს. მან მითხრა, აქ მეწყერს რა უნდა, აქ არავის, არც ერთ ჩემს წინაპარს მეწყერი არ უნახავს, რაღა ახლა წამოვიდა ეს მეწყერიო? ასე არ არის ბუნებრივი ციკლი. მთას რომ ვხედავთ, მთათა წარმოშობის პროცესი ისეთი რამ არის, მილიონობით წლების განმავლობაშია ჩამოყალიბებული და სულ ზევით ზევით რომ მიდიოდეს, ხომ ვიქნებით, პირობითად, ძალიან მაღლა, ხუმრობით ვიტყვი, მთვარემდე ასულები. მიდის ეროზია, მიდის მთების გამოფიტვა და, შესაბამისად, გამოფიტული და ეროზირებული მასალა ჩამოდის ქვევით, გადააქვს მდინარეებში, ზღვაში და ხდება სანაპიროს შენება და ა. შ. ეს არის ბუნებრივი ციკლი. როცა იქნება და როდესაც იქნება, ეს ქვათა ცვენის სახით მეწყრული ზონები და ფერდები თუ გარკვეულ სტაბილიზაციაში არ არის, ყოველთვისაა საფრთხის მატარებელი. მაგალითად, ასეთი ფერდებია ლისი და მთაწმინდა, მეწყრულებია ორივე. რაც შეეხება გურიის მოსახლეობას, ამას და ამგვარ ზონებს სჭირდება გეოლოგი. გეოლოგები აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე, ეს არის ხალხი, რომელიც ამ საქმის სპეციალისტები არიან. ინჟინრები არიან და ესენი აუცილებელია, მუნიციპალურ დონეზე მუშაობდნენ, აკვირდებოდნენ ყველაფერს. ზოგიერთი საქმე მეც არ ვიცი, ჩემი მიმართულება მაქვს. საინჟინრო გეოლოგია სულ სხვა დარგია და სპეციალისტები აღარაა, ქვეყანას ამ დარგის სპეციალისტები არ ჰყავს. ხუთი გეოლოგია დარჩენილი და ყველგან მათ დაატარებენ. ლაპარაკითაც ბოლომდე არ ალაპარაკებენ, არც უსმენენ და ა. შ.

ამიტომ ვამბობ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს გეოლოგიური სამსახური, რაც ჩვენთან არ არის. აღარაფერი აღარ არის. კიდევ ვიმეორებთუ მოუნდა მოჭიდავეს, სამბოისტს რაღაცა უნდა ააშენოს, თუ ვიღაც უფროსად დანიშნეს, მას ყველაფრის უფლება აქვს. ასე არ არის, არ ხდება ასე. არსებობს კანონები, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. მეც უფროსი ვარ რაღაც ორგანიზაციის, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ყველაფერს მე არ ვწყვეტ, იქ არის ხალხი, რომლის აზრსაც ვითვალისწინებთ. კი ბატონო, ვარ ხელმძღვანელი, ვარ ორიენტირი ამ სამსახურის, მაგრამ ყოველთვის  დელეგირებული უნდა იყოს ეს. ყველაფერი ერთ ადამიანს ვერ ეცოდინება. ასეთი შემთხვევა იქნებოდა აქაც, რაც თქვენ თქვით, მიაკითხეს გამგეობას და აუხსნეს თავიანთი მდგომარეობა, აღნიშნა ქალბატონმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქაც მოჭიდავე იქნებოდა დანიშნული ან ბალერონი თანამდებობაზე გამგეობაში. მეტი გაქანება პარტიული ჩვენ არ გვაქვს. რა უნდა გაიგოს ადამიანმა, რომელიც ამ საკითხში არ არის პროფესიონალი, მეწყერზე დგახარ თუ ცხოვრობ? ამიტომ ყველაფერი სისტემურად უნდა შეიცვალოს. ამ ქვეყანას ყოველთვის ეყოლება ეკომიგრანტები. ასეთი ქვეყანაა, მოგწონთ თუ არა, ასეა. მეც, ფაქტობრივად, ეკომიგრანტი გამხადეს, აღარ შეიძლება ბაგებში დარჩენა, გამოქცევა მინდა. ააშენეს კაკლები და როდის წამოვა, დამეცემა თავში, არ ვიცი. ასეთია ვითარება. ერთი თემაა, რომ გეოლოგიური მიმართულებით სპეციალისტები არ არიან და მეორეა ის, რომ არც არავის სურს ამ მიმართულებით სწავლა. არ არის ეს დარგი პრესტიჟული და აღარ აბარებენ, აღარ არიან სტუდენტები. საინჟინრო მიმართულებები გამქრალია საერთოდ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაღაც უნდა შეიცვალოს. აღარაფერს აქვს აზრი.

_ თუნდაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებას ეტყობა რამე, რომ რაღაც მიდგომები შეცვალა?

_ არა, არაფერი ეტყობათ. გამოდიან და ამბობენ, ქალბატონო თეა, ჩვენ მოგეხმარებით. მოხმარება ის კი არ არის, რომ მეწყერიდან ამოიყვანო. საერთოდ რაღაცის შეცვლა და გაგება არის ის, რომ რაღაც მოიმოქმედო, შეცვალო და მეწყერში არ მოაყოლო ადამიანი, ეს არის შეცვლა.  ყველაფერი შესაცვლელია, უკუღმა ხდება ყველაფერი.

_ როგორც ვიცით, თბილისი გეოლოგიურად ძალიან რთული ქალაქია. ჩვენ გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია. ცოტა ხნის წინ იყო წვიმა და ქალაქი დაიტბორა. ხომ არ გველის სერიოზული საფრთხე?

_ თბილისს სულ ექნება საშიშროება. როდესაც ვამბობ, სად რა საშიშროება და საფრთხე დგას, გამოდიან და ამბობენ, რომ მე ვტყუი. ძალიან მძიმე და რთული ქალაქია თბილისი გეოლოგიური კუთხით, ამიტომ თუნდაც მშენებლობების მხრივ რაღაცის შეცვლაა საჭირო. ხალხმა უნდა მოითხოვოს და აიძულოს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ აღარ დაიწყოს და გაგრძელდეს სახიფათო ზონებში მშენებლობები. კატასტროფა კატასტროფაზე ხდება და მაინც არ იშლიან თავისას. არანაირად არ აღიარებენ იმას, რომ არ შეიძლება, საშიშია მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობები, კორპუსების აშენება. ჩამოდის ღვარცოფი და ვაკე-საბურთალოს მაჟორიტარი, სამბოისტი მიმტკიცებს. არ არის გაბზარული კედელიო და არ არის წამოსული ღვარცოფიო. ამას ხომ ყველა ხედავს, როდესაც დავიწყე პრობლემებზე საუბარი, მითხრა, _ შენ ვინ დაგეთანხმა. რომ პრობლემა არისო? ამგვარი პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ კუთხით აუცილებელია ცვლილებები. ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს თავისი სპეციალისტი, რათა სტიქიური უბედურებების თავიდან ავიცილოთ.

გაზიარება