- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-09-18 11:50:21
გიორგი საკარული
საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება, დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ისინი შიმშილობენ. მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება. ხანდაზმულები ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, ყოველი მეოთხე მოქალაქე სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართვავს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება და მისი ენით რომ ვთქვათ, დუღს.
გადადუღებული ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ხალხისგან იცლება. ათობით ოჯახი, ყოველდღე ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს და არსებობის გასაგრძელებლად ევროპაში მიემგზავრება.
ჯერ კიდევ 2021 წელს ემიგრანტების რიცხვი, 2020 წელთან შედარებით, 34.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, საქართველო გასულ წელს 99 974-მა ადამიანმა დატოვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
საქსტატის მიხედვით:
საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის, 80.5% საქართველოს მოქალაქე იყო. იმიგრანტების რაოდენობამ კი 179 778 ადამიანი შეადგინა და, მათ შორის, საქართველოს მოქალქეების წილი მხოლოდ 30.3%-ია. საქსტატის მიხედვით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოს 100 802 მოქალაქე წავიდა. იმიგრანტების რაოდენობა კი 54 405 იყო. შესაბამისად, გასულ წელს მინიმუმ 6 თვით საცხოვრებლად საქართველოს 46 000-ზე მეტი მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
გზა, რომელსაც ქართველები ემიგრაციაში გადიან ძალიან მძიმეა. პირად საუბრებში მოქალაქეები ისეთ ისტორიებს იხსენებენ, რომ რეჟისორი ერთ დიდ სერიალს გადაიღებდა.
„ქრონიკა+“-მა ჩაწერა ის ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს საკუთარი სამშობლო, წავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ცდილობენ თავის დამკვიდრებას.
წარმატებულმა ჟურნალისტმა და მოდელმა, თიკო ნატროშვილმა, 2017 წელს საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. უკვე 7 წელია, რაც ემიგრაციაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი წასვლა უცხო ქვეყანაში შვილის, პატარა კახის ჯანმრთელობის მდგომრეობამ განაპირობა. საქართველოში არ არსებობდა კახისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარებები და ეს იყო ქვეყნის დატოვების ძირითდი მიზეზი.
თიკო ნატროშვილი, ჟურნალისტი, მოდელი, ემიგრანტი გერმანიაში:
_ ძალიან მძიმე თემაა ეს ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, მაგრამ როცა ამაზე ვსაუბრობ, რატომღაც, პოლიტიკურ სარჩულს აკერებს ყველა, მაგრამ აუცილებელია პრობლემებზე ვილაპარაკოთ _ სხვანაირად არ გვარდება.
მართალია, ადგილზე დაკვირვება და იმის განცდა რომ ხალხს ძალიან გაუჭირდა, ისე რომ ზოგს საერთოდ ხორცი და შოკოლადი სანატრელი გაუხდა, რთულია, მაგრამ ეს თემა ყველასთვის არის აქტუალური. ბევრი მეგობარი მყავს, რომელსაც ეკონომიკურად საერთოდ არ უჭირს, სამაგიეროდ, ისინი არაჯანსაღ გარემოზე საუბრობენ, რომ საქართველოში აღარ ღირს ცხოვრება. ზოგს შემოსავალი არ აქვს, ზოგს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს და უსაფრთოების განცდა აქვთ დაკარგული, ზოგს _ განათლებასთან დაკავშირებული უპერსპექტივობა აწუხებს. მოკლედ, სადაც გავიხედე, ყველგან გაქცევაზე მელპარაკებიან. არადა, მათ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს პარტიული ინტერესი, მათ, უბრალოდ, ნორმალურ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, ისევე როგორც მე. ყველა მეუბნება, როცა წახვედი, ხომ არ იყო კარგი გარემო, ახლა 10-ჯერ, 20-ჯერ უარესი მდგომარეობააო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოსმენა და გადახარშვა ძალიან რთულია. სულ ვფიქრობ, ბავშვები რომ წამოიზრდებიან და სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, საქართველოში გავაგრძელო ცხოვრება, მაგრამ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სახელმწიფოდ დავრჩეთ. დავეთანხმები ყველას, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ევროპასთან ინტეგრაცია.
ჩემი შვილები ევროპაში იზრდებიან, აქ ცხოვრობენ, მეგობრები ჰყავთ და დამიჯერეთ, არავინ გვართმევს ქართველობას. პირიქით, ყველა პატივს სცემს ჩვენს რელიგიასა და ტრადიციებს. ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ცდილობენ ეთნიკური წარმოშობის ან რელიგიის, კანის ფერის, ტრადიციის ან საკუთარი იდენტობის გამო საზოგადოებისგან გარიყონ ან თითი გაიშვირონ მათკენ. სულ რომ ადამიანები შინაგანად არ იყვნენ ასეთი დამოკიდებულებით, მათ კანონი არ აძლევთ იმის საშუალებას, მოიქცნენ ასე, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არაა. ელემენტარულად, შედარებისთვის მოვიყვან, აქ თუ ოჯახიდან ხმა გავა, დიახ, ეს არის მეზობლის, მეგობრის, გამვლელის საქმე და ისინი აუცილებლად იღებენ შესაბამის ზომებს, რომ ვინმე არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ჩემი შვილი მე-2 კლასიდან მარტო დადის სკოლაში, სკოლასთან გზაჯვარედინზე პოლიცია მორიგეობს, განსაკუთრებული მობილიზებაა და იცავს ბავშვებს, ეხმარებიან გადასასვლელზე _ აი, ეს არის ჩემთვის ევროპა და მინდა, რომ ჩემი ქვეყანაც ასეთი მოწესრიგებული იყოს. მგონი, არ არის ბევრი, რასაც ჩვენ, ადამიანები, ვითხოვთ და იმედია, ეს ასე მოხდება, ყოველშემთხვევაში, მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. უბრძოლველად არაფერი ხდება, ხშირად ამბობენ, „30 წელია ვიბრძვი“. შეიძლება ეს დრო სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ამას ნამდვილად მივაღწევთ.
_ როცა შენ წახვედი, მას შემდეგ უფრო გაუარესდა საქართველოში ყოფნა და არსებობა, როგორია ევროპიდან დანახული დღევანდელი საქართველო? ყოველდღიურად ძალიან ბევრი ტოვებს ქვეყანას. რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში აპირებენ თავის დამკვიდრებას, ჩაბარებას ან მუშაობას?
_ აქაც ძალიან კარგად ჩანს საქართველოს ყოფა. ერთ სოციალურ ჯგუფში ვარ გაწევრიანებული, დღე არ გგავა, რომ უმძიმესი პოსტი ან კომენტარი არ შემხვდეს, უამრავი ადამიანია დეპორტის მოლოდინში, შიშის შემცველი კითხვები და პოსტები მხვდება ხოლმე. ხშრად მწერენ, რომ ბავშვებით მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს, რომ შემთხვევით დილის 5 საათზე სადეპორტოდან არ დაადგნენ. სულ ვფიქრობ ხოლმე, წარმოიდგინე, რა დონემდე იყო საქართველოში კუთხეში მიმწყვდეული, რომ ამ ყოფაზე, სტრესისთვის გაწირა ადამიანმა თავი.
თუმცა ზოგმა არც იცის, რატომ მოდის, სახლიც დაუგირავებიათ და 2-3 თვეში უკან გაბრუნებულან. რჩევის სახით რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ გერმანია არის ყველაზე მკაცრი ქვეყანა _ თუ ადამიანს რეალური მიზეზი არ აქვს, არ ვურჩევ ჩამოსვლს, მით უმეტს ჩაბარებისთვის. არ ვურჩევ გაიარონ ამხელა სტრესი. ჩამოსვლამდე კარგად უნდა გაეცნონ კანონებს. ეკონომიკურად მიჭირს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოგცენ ცხოვრების უფლება. არის სამუშაო, სასწავლო ვიზები, რომლებიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, წამოვიდნენ და ლეგალურად იცხოვრონ და ამხელა სტრესი არ მიაყენონ საკუთარ თავს. ძნელია, ხავსჩაკიდებულ ადამიანს უთხრა, რომ არ გამოგივა, მაგრამ ეს იქნება ჩემი მოკრძალებული რჩევა.
_ საქართველოში იყავი წარმატებული ადამიანი, საკუთარი პროფესიით მუშაობდი, იყავი ჟურნალისტი და მოდელი. არ იყო რთული იმდროინდელი გადასახედიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, ყველაფრის მიტოვება და სრულიად უცხო ქვეყანაში წასვლა?
_ იმ მომენტში ჩემთვის მთავრი იყო, ჩემს შვილს დავხმარებოდი და არ ვფიქრობდი არაფერზე. აქ მოვხდი ისეთ გარემოში, სადაც არავინ და არაფერი ვიყავი, საქართველოში კი მქონდა ჩემი საქმე და ეს ყველაფერი დავტოვე. ამის გაცნობიერება დროთა განმავლობაში დავიწყე. განვიცდიდი შინაგან ემოციურ დანაკლისს საკუთარ თავთან მიმართებით, მაგრამ მთავარი მიზანი იყო, ჩემს შვილს დავხმარებოდი. ალბათ, ადამიანისთვის იმაზე დიდი წარმატება არაფერია, როცა მიაღწევ საკუთარ შვილთან კონკრეტულ მიზანს, მით უმეტეს, როცა ეს არის ერთგვარი დახმარება და მით უფრო, როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას.
ხშირად მეკითხებიან ხოლმე, მენატრება თუ არა ის გარემო და კი, რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ ვცდილობ, უკან არასოდეს მოვიხედო და გავიხედო წინ. შეიძლება წინ იმაზე საინტერესო რაღაცები აკეთოს ადამიანმა, ვიდრე მანამდე. ადამიანი თუ მოინდომებს, ყოველთვის შეუძლია ნულიდან დაიწყოს და მიაღწიოს გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე. ამიტომ სინანულის განცდა, რატომ დავტოვე სამშობლო, იქ მინდა დაბრუნება, სადაც ვიყავი _ მსგავსი დამოკიდებულება არც ჩემი თავის მიმართ არ მაქვს და, რა თქმა უნდა, არც ჩემი ოჯახის მიმართ. პირიქით, რაც გავაკეთე, ძალიან კარგია და სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი. ხშირად ვიმეორებ, რა კარგია, რომ წამოვედი. ისევ კახისთან მიმართებით ვიტყვი, _ მედიკამენტი, რომელსაც დღეში 3-ჯერ იღებს, საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს. ჩვენ აქ ჩამოსვლის მერე მივხვდით ამას, _ თურმე კახის წამალი სჭირდება და საქართველოში საერთოდ არ არის და ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ, საქართველოს დატოვებაზე სინანული არ მაქვს, თუმცა ნოსტალგია მაქვს.
_ ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?
_ ჩვენ 2 შვილით წამოვედით, მესამე აქ დაიბადა. ეს იყო ის გარემო, სადაც ვერ ფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე და, შესაბამისად, ლავირების საშუალებაც არ გაქვს. ლუკა გერმანიაში დაიბადა და ყველაზე მეტად მშობლის სირთულეები აქ განვიცადე, იმიტომ რომ საქართველოში დამხმარეები სულ მყავდა: ბებიები, ძიძები, ბაღი და ა. შ. აქ კი სულ მარტო დვრჩი. სიმართლე გითხრა, ჩემი დედამთილი ჩამოდის ხოლმე ზამთრის პერიოდში და ყველაზე დიდი შვება ზუსტად ეს პერიოდია. მაგრამ დანარჩენი, თუკი რამე პრობლემებია ცხოვრებასთან, ბავშვებთან და ყოველდღიურობასთან დაკავშირებული, ჩემი მოსაგვარებელია. საერთოდ არავინ მყავს დამხმარე, ჩემი ქმარიც კი, რომელიც დილიდან საღამომდე სამსახურშია და დაღლილი ბრუნდება. ფაქტობრივად, მარტო ჩემს თავზე მაქვს აღებული ყველაფერი. როცა გინდა, რომ ვიღაცა გვერდით დაგიდგეს, ასეთი არავინ მყავს.
ბავშვები ნელ-ნელა წამოიზარდნენ და რაღაცებიც უკან მოვიტოვეთ. აქ ჩამოსვლის პირველი სამი წელი იყო ძალიან რთული, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ნელ-ნელა გადავლახეთ. უკვე პატარასაც სკოლის ასაკი უწევს და, შესაბამისად, მალე ჩემი თავისთვისაც დამრჩება დრო. გარდა ოჯახისა, ჩემს თავსაც დავუთმე გარკვეული დრო განვითარებასთან, სწავლასთან მიმართებით. ახლა ერთადერთი, რაზეც ვარ შეფერხებული, არის სამსხური, იმიტომ რომ ლუკა ბაღის მოსწავლეა და ბაღი ცოტა არასტაბილურია გერმნიაში. შეიძლება, კონკრეტულ კვირაში მთხოვონ ბავშვის 2 საათით ადრე გამოყვანა და ა. შ. _ ეს ყველაფერი კი არასტაბილური გარემოა იმისთვის, რომ ადამიანმა იმუშაოს. ემიგრაციის დასაწყისში მეგონა, რომ ჯოჯოხეთში ვიყავი, სირთულეები, როცა არავინ და არაფერი ხარ, არასოდეს დამთავრდებოდა, თუმცა ნელ-ნელ თავის დამკვიდრება შევძელი და ახლა ვცხოვრობ დაახლოებით ისე, როგორც თბილისში ვცხოვრობდი.
გარემოსაც ძალიან კარგად შევეთვისეთ, ბავშვებიც კარგად სწავლობენ და, ასე ვთქვათ, გავითავისეთ აქაურობა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე ვართ ჩართულები, როდის თენდება და ღამდება, ვერ ვგრძნობთ, რაღაც ავტომატურ რეჟიმში ვცხოვრობთ. დროც სწრაფად გადის და არ იწელება. ის მდგომარეობა, რომ აქ ცხოვრების დღეებს ვითვლიდე, ასეთი რამ არ ხდება, ძალიან კარგად შევეგუეთ და შევეჩვიეთ გარემოს.
ვერ წარმოიდგინეთ, ისე შევეჩვიეთ აქ ცხოვრებას, იმაზეც კი მიფიქრია, იმ რეჟიმს, ჩვევებსა და იმას, რაც საქართველოში მქონდა, შეიძლება გადაჩვეული ვიყო. შედარება ჯერ არ მომიხდენია ჩემს თავში, თუმცა იმაზე მიფიქრია, ახლა რომ საქართველოში დამსვა, შეიძლება ვერ მივხვდე, რა უნდა გავაკეთო მეორე დღეს, იმიტომ რომ უკვე აქაური ცხოვრების კალაპოტში ვზივართ.
_ საქართველოში დაბრუნებას აპირებ?
_ კი, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. ვერ ნახავ ქართველს, რომელიც საქართველოში დაბრუნებას არ აპირებდეს. ალბათ, 99% ფიქრობს, რომ დაბრუნდება. ახლა ჩემს შვილებს ვჭირდები, მაგრამ როცა წამოიზრდებიან, სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ და თავიანთ გზას იპოვიან, მერე უფრო ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე, ყოველ შემთხვევაში, 7 წელია, აზრი არ შემიცვლია და წლების შემდეგ რა იქნება, ვნახოთ.
ნიუ-იორკი დაარსებიდანვე ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. ცოტა ხნის წინათ ჩატარებული კვლევის თანახმად, თავად ემიგრანტებს უდიდესი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ნიუ-იორკი სწორედ ისეთი მიმზიდველი იყოს, როგორიც არის.
„ქრონიკა+“ ნიუ-იორკში წასულ ქართველს, ჩვენს კოლეგას, ჟურნალისტ იაგო ნაცვლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დატოვა ოჯახი, მეგობრები და საყვარელი საქმე, _ საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა.
იაგო ნაცვლიშვილი, ჟურნალისტი, ემიგრანტი ამერიკაში:
_ ჯერ კიდევ სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ ვფიქრობდი ემიგრაციაში წასვლაზე, მაგრამ სხვა რაღაცებმა გადაძალა ეს ჩემი მოტივები და საბოლოოდ გადავწყვიტე, ჯერ განათლება მიმეღო, შემდეგ კი დავსაქმებულიყავი ამ ქვეყანაში. ვხედავდი რაღაც პერსპექტივას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნელი ტემპით მიდიოდა ყველაფერი, უკმაყოფილო ვიყავი ყველა ხელიუფლების მიმართ, თუმცა როგორც ვთქვი, პერსპექტივას ვხედავდი.
ბოლოს უკვე რატომაც გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, ეს იყო ეკონომიკური მდგომრეობა და მეორე, _ საქართველო მიექანება რუსეთისკენ, უფსკრულისკენ. პრობლემას მარტო იმაში ვერ ვხედავ, რომ მტერს უახლოვდება შენი ქვენის მმართველი, პრობლემაა ხალხის აზროვნება, ხალხი რომ სწორად ფიქრობდეს, ყველა ხელისუფლებას შეცვლის. ვხედავდი იმ უკიდურეს ზომებს ბოლო პერიოდში, რაც რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ, თუნდაც ის, რომ ავტობუსში უკვე ჩაცმულობის გამო დასდევენ ერთმანეთს, ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არ გამკვირვებია, ეს ხდებოდა ყველა ქუჩაში, უბანში. უბრალოდ, სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ეს ყველაფერი. ის, რომ ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო დასდევენ, ეს იყო ბოლო წვეთი ჩემთვის და მე ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში. ვთქვი, რომ ვერ ვიცხოვრებ ქვეყანაში, სადაც მიუღებელია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი, სადაც მიუღებელია განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანი, სადაც ლევან ბერძენიშვილს იმის გამო დასდევენ, რომ მან გამოთქვა ვიღაცისთვის მიუღებელი აზრი, ეს იყო შოკი ჩემთვის და მე ვთქვი, რომ არა, მე აქ ვერ ვიცხოვრებ!
_ იაგო, წლების მანძილზე ჟურნალისტად მუშაობდი. ალბათ, შენთვის განსაკუთრებულად რთული იქნებოდა სრულიად უცხო ქვეყანაში წასვლა, სადაც საყვარელ საქმეს ვერ აკეთებ.
_ დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა ჩემი პროფესიის მიტოვება, დღესაც მაწვება ხოლმე ნოსტალგია. ნიუ-იორკში რომ ჩამოვედი, ვნახე რამდენიმე ტურისტული ადგილი, მაგრამ ვამბობდი, რომ „ნიუ-იორკ თაიმსი“ არ მინახავს. ყოველ ჯერზე, როცა დავგეგმე, რაღაც საქმე გამოჩნდა და გადაიდო. შემთხვევით გავხედე „ნიუ-იორკ თაიმსს“ და მომაწვა სენტიმენტები, ლამის, ტირილი დავიწყე ქუჩაში.
_ რა არის შენთვის ამერიკა, ქვეყანა, რომელიც შენი მეორე სახლი გახდა?
_ სხვა ქართველებისგან განსხვავებით, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკაში მარტო ფული კეთდება და სხვა არაფერი, მე ასე არ ვფიქრობ. ამერიკა არის ძალიან მაგარი ქვეყანა ყველა მიმართულებით: აქვს რაღაც მინუსები, რაზეც სამუშაოა, რეფორმებია საჭირო ამ ქვეყანაშიც, ახლოდან უფრო სხვანაირად აღიქვამ ყველაფერს. იცით, ამერიკას ყველაზე მაგარი რა აქვს? ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სფერო იპოვოს, ყველასთვის მოიძებნება აქ სივრცე და რაც არ უნდა გააკეთო, ან ჩაიცვა, ეს არავის უკვირს.
_ რა სირთულეებს წააწყდი ამერიკაში ჩასვლის დღიდან?
_ ყველაზე დიდი სირთულეა, როცა ტოვებ შენს ოჯახს, მეგობრებს და ნულიდან იწყებ ყველაფერს, უფრო სწორად, მინუსებიდან. ძალიან გამიჭირდა სამსახურის შოვნა. თითქმის 5 თვე სამსახურის გარეშე ვიყავი, ყველგან, სადაც მივდიოდი, ოფიციალურ საბუთს მთხოვდნენ, სამუშაო ვიზას.
_ ახლაც უმუშევარი ხარ?
_ დავიწყე მუშაობა, თუმცა დროებითია, თავი რომ გავიტანო.
_ როგორი იყო საქართველოდან დანახული ამერიკა და მანდ რა რეალობა დაგხვდა?
_ საქართველოდან რაღაცები უკეთესი წარმომედგინა. მაგალითად, ვერ ვიფიქრებდი, ასეთ საშინელ გზას თუ ვნახავდი ნიუ-იორკის ქუჩებში, ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მეტროს, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა სადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნებოდა, ასე არ არის. ბიუროკრატიაა. მაგალითად, საქართველოში თუ რაღაც დოკუმენტს ორ დღეში გააკეთებ, ამერიკაში ამას სჭირდება 2 კვირა. საუბრის დასაწყისში იმიტომ ვთქვი, რომ ამ ქვეყანასაც სჭირდება რეფორმები. როდესაც სამსახურს ვერ ვპოულობდი, დამეწყო დეპრესია, მაგრამ ერთი წუთითაც კი არ მინანია აქ ჩამოსვლა. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლია, შენი თავი იპოვო. თუ იშრომებ, აუცილებლად დაგიფასდება და დარწმუნებული ვარ, რომ დამიფასდება. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ერთ ან ორ თვეში, მაგრამ ყველაფერი გამოვა.
_ დაბოლოს, რა რჩევებს მისცემდი იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ ემიგრაციაში წასვლას?
_ არ მიყვარს რჩევების მიცემა. ყველა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ერთი ანიმაციური ფილმია: თაგვები მიდიან ამერიკაში და იქ კატები არ არიან. არ უნდა ჩათვალო, რომ ამერიკაში კატები არ არიან. მე ვიცოდი, რომ აშშ-ში კატები იყვნენ, მაგრამ ასეთ დიდ კატებს არ ველოდი. ერთხელ სტატუსიც კი დავდე სოციალურ ქსელში და ბევრმა ვერ გაიგო, რა კატებიო, აი, ამას ვგულისხმობდი.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საფრანგეთში მცხოვრებ კიდევ ერთ ემიგრანტს, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად წავიდა და უცხო ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა.
ნანა ბიბლაია, ემიგრანტი საფრანგეთიდან:
_ ქვეყნის დატოვებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი, რამდენჯერმე გადავიფიქრე კიდეც. ძალიან რთულია, დატოვო საყვარელი საქმე, ადამიანები და ის გარემო, რომელიც შენია. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი, რადგან ამ ქვეყენაში ცხოვრება დღითი დღე რთულდებოდა და დაუცველობის შეგრძნება მიმძაფრდებოდა. მქონდა საკუთარი ბიზნესი და ვცხოვრობდი ზუგდიდში, თითქმის იდეალური ცხოვრება მქონდა. საყვარელი ადამიანები გვერდით მედგნენ და, ერთი შეხედვით, უპრობლემო გარემოში ვიყავი.
_ როდის მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაგეტოვებინათ?
_ წასვლაზე პირველად „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დავფიქრდი. მქონდა შეგრძნება, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ დამიცავდა, მეშინოდა, ჩემი შვილი არ გამხადრიყო შემდეგი მაკო გომური, ყველა აქციაზე შიშის ზარი მცემდა _ მეშინოდა, იგივე არ მომხდარიყო. ვხვდებოდი, რომ სიტყვის თავისუფლება ჰაერში ნასროლი სიტყვები იყო _ ხმის ამოღების საშუალება არ გვქონდა საზოგადოებას. ეს ემოციები პანდემიამ გამიმძაფრა, როცა სახლებში გამოგვკეტეს, დაგვიხურეს ბიზნესები ისე, რომ არც უკითხავთ, შეგვეძლო თუ არა არსებობა სამსახურების გარეშე. ხელისუფლების ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში არავინ ხარ. მძაფრად მახსოვს ის ემოციები, რაც პრემიერის ბრიფინგების შემდეგ მქონდა, თითქოს ყველაფერი მარტივი იყო. როცა სურდათ, მოგვცემდნენ მუშაობის უფლებას, როცა ვერ მართავდნენ სიტუაციას, ისევ დაგვამწყვდევნენ. ამ პერიოდში ჩემი ბიზნესი დახურული იყო.
_ რა ბიზნესი გქონდათ საქართველოში?
_ ქალაქ ზუგდიდში ბაგა-ბაღი მქონდა, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანი იყო და არ მიჭირდა ცხოვრება. მცირე ბიზნესი გასრისეს პანდემიის პერიოდში _ არანაირი დახმარება, თანათგრძნობა. არც ერთი შეხვედრა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, _ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. მოკლედ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და დაუცველობამ მიბიძგა, დამეტოვებინა სამშობლო, რომელიც უზომოდ მიყვარდა.
_ წარმოიდგენდით, რომ ოდესმე მოგიწევდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და სრულიად უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
_ ვერასდროს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 45 წლის ასაკში მსგავსი სტრესი არ მიმიღია. ვიცოდი, რომ ია-ვარდით მოფენილი გზა და უზრუნველი ცხოვრება არ დამხვდებოდა და წინ რთული გზა მქონდა გასავლელი, მაგრამ ასეთი რთული თუ იქნებოდა, ვერც ვიფიქრებდი. მყავდა მეგობრები და ნაცნობები საფრანგეთში, რომლებიც ზღაპრულად აღწერდნენ აქაურ ყოფას, გულწრფელი რომ ვიყო, გააზრებული მქონდა, ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც ამბობდნენ. ვარდისფერი სათვალე არასდროს მკეთებია, თუმცა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. ჩამოვედი საფრანგეთში, ნიცაში _ ვდგავარ ჩემს წლი-ნახევრის შვილთან და ოჯახთან ერთად და არ ვიცი, სად წავიდე. ერთმანეთს ვუყურებდით და სათქმელი არაფერი გვქონდა _ სად უნდა გაგვეთია ღამე, არ ვიცოდით. სულ ვამბობ, რომ ჩემმა პატარა შვილმა, კესანემ, ჯოჯოხეთი გამილამაზა და გადაგვარჩინა. რომ არა კესანე, მისი თვალები და ნუგეში, ვერ გადავრჩებოდით. დავდიოდით ქუჩებში, სადაც არავინ გიცნობს, არავინ გეხმარება, არავის აინტერსებს შენი ტკივილი, პრობლემა, არავინ არაფრად გაგდებს. გაქვს კითხვები, _ სად უნდა მიხვიდე, როგორ უნდა ჩაბარდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ყველამ იცის, არავინ გეუბნება, არავის ადარდებს და არ გითმობს 5 წუთს. მაშინვე შემოვუძახე ჩემს თავს, არ ვიცი, საიდან მოვიკრიბე ძალა, მაგრამ დავიწყე ბრძოლა. პირველი მიზანი საცხოვრებელი სახლი იყო. ვოცნებობდი, შვილისთვის სადილი გამეკითებინა და რბილ ლოგინში ჩამეწვინა. ეს ოცნება 16 დღეში ამიხდა, მანამდე კეთილმა ქართველმა შეგვიფარა. 16-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ გვქონდა სახლი, კესანეს თბილი სადილი და ლოგინი. მერე ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გაგვიმართლა და 16 დღე თავშესაფრის გარეშე ყოფნა არაფერია. ხალხს თვეობით უწევს ქუჩაში ყოფნა. მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ მიფიქრია დაბრუნებაზე, ეს ჩემი ხასიათის დამსახურებაა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „შენ გინდოდა და იბრძოლე“.
_ რა მოგცათ საფრანგეთმა?
_ მიუხედავად კრიზისული დღეებისა, მადლიერი ვარ ამ ქვეყნის. პირველ რიგში, დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა და კიდევ ერთხელ დამაჯერა სამყარომ, რომ თუ გულით გინდა, ყველაფერი გამოგივა და აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მაქვს დაცულობის შეგრძნება, ზუსტად ვიცი, რომ კანონი მიცავს, არ მეშინია ჩემი შვილის გასეირნების. ამ ქვეყანამ სილაღე დამიბრუნა, არ მეშინია დილის გათენების იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ჩემს ოჯახს ყველაფერი ექნება. ერთი წლის შემდეგ დავლაგდით და საბოლოოდ მიგვიღო ამ ქვეყანამ, ავიღეთ პოზიტივი, გვაქვს მუშაობის უფლება და ვცხოვრობთ მშვიდად ყოველდღიური, რუტინული პრობლემების გარეშე.
ძალიან პატრიოტი ვარ, ახლა იმაზე მეტად მიყვარს საქართველო, ვიდრე მიყვარდა, სხვანაირად გენატრება, უფრო მძაფრად განიცდი მიმდინარე მოვლენეს. 8-9 მარტის აქციებზე პირველად ვინატრე, რომ იქ ვყოფილიყავი და დამეცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები. ვკითხულობდი ყველა ნიუსს, ვუყურებდი ყველა პირდაპირ ეთერს და ვბრაზდებოდი, რომ წამოვედი. პირველად ვიგრძენი თავი დამნაშავედ, მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ჩემი პოზიციები დამეფიქსირებინა. ვერ ვიძინებდი, როგორც კი თვალს ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი, როგორ შლიდნენ აქციის მონაწილეებს რობოკოპები წყლის ჭავლით, როგორ უწვავდათ თვალებს წიწაკის სპრეი. სიამაყის შეგრძნებაც მქონდა, ვამაყობდი ამ თაობით და ქალით, რომელიც ევროკავშირის დროშას მთელი ძალით აფრიალებდა. აქციის დასასრულს ,როცა კანონი უკან გაიწვიეს, უბედნიერესი ვიყავი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ასევე მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანაში აუცილებლად დავბრუნდებოდი და აქ ყოფნა დროებითია. გავიაზრე, რომ სრულყოფილი ბედნიერებისთვის მჭირდება გვერდით საყვარელი ადამიანები და სამშობლოში ცხოვრება. სწორედ ამიტომ კი, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში რამდნიმე წელიწადში.
ნახევარ წელიწადზე მეტია, საქართველოს ათასობით მოქალაქე არალეგალურად კვეთს მექსიკა-ამერიკის საზღვარს და ამერიკელ მესაზღვრეებს ბარდება. არალეგალი მიგრანტების გზა ამერიკამდე რთული, ხანგრძლივი, სარისკო და ძვირია. ადამიანები, საშუალოდ, 15-დან 20 ათას დოლარამდე იხდიან იმისთვის, რომ მიაღწიონ ამერიკამდე. გარდა ამისა, ამ გზაზე, რომელიც ზოგისთვის თვეებიც კი იწელება, ისინი უძლებენ მექსიკის საემიგრაციო ციხეებს, შიმშილს, სიცივეს, გაურკვევლობას, შიშს.
ბოლო თვეების განმავლობაში საჯარო სამსახურების, პოლიციის, საბაჟო სამსახურისა და ბანკების ყოფილი თანამშრომლები ამ გზით მასობრივად მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შედარებით მაღალი თანამდებობები ეკავათ.
და მაინც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯიუტად კვლავ უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში შთამბეჭდავია. ამისთვის სტატისტიკაც დაიმოწმა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10.3%-ია. ამის საპირისპიროა რეალობა. დასკვნები თქვენზეა.