- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-09-18 10:07:09
გიგა გელხვიიძე
თბილისს მეტსახელად ბეტონის ჯუნგლებს რომ უწოდებენ, ეს უკვე არახალია და ამ სახელს თავისი ახსნაც აქვს. აღნიშნულის აღქმა ადამიანს ქუჩაში გასეირნებითაც კი შეუძლია. თბილისში აშენებენ ყველგან, თუნდაც ყველაზე პატარა მიწის ფართობზეც კი და არავინ კითხულობს, რამდენად სწორი ქმედებაა ეს, მთავარია, ააშენონ. თუმცა რა უნდა მოსთხოვო კერძო პირის, როდესაც თითოეული აგურისა თუ ბლოკის ერთმანეთზე დადება ხელისუფლების, კონკრეტულად კი ქალაქის მერიისა და მისი თავკაცის, კახა კალაძის მიერ არის ნებადართული.
დედაქალაქში ყველაზე მეტად მიმზიდველი ძველი თბილისის უბანია, _ ადგილი, საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება და ქალაქის შექმნის ისტორია შენს თვალწინ ცოცხლდება.
დღეს სწორედ ძველ თბილისში, ბეთლემის ქ. 2/6-ის ვიწრო ჩიხში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე მოგიყვებით, რომელიც გარდა იმისა, რომ ისტორიული უბნის იერსახეს ამახინჯებს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს.
ბეთლემის ქუჩის 2/6-ში მცხოვრებმა მარიეტა კლდიაშვილმა „ქრონიკა+“-ს რამდენიმე ხნის წინ მიმართა და დახმარება სთხოვა, გამომდინარე იქიდან, რომ სამართლის პოვნა სხვა გზით მისთვის და მისი ოჯახისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა. კლდიაშვილი გვიყვება, რომ მშენებლობა, რომელიც მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით მიმდინარეობს, დაუშვებელია, რადგანაც მათი სახლიდან აღარ ჩანს ხედი თბილისზე, რითაც ბეთლემის ქუჩა გამოირჩეოდა. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოებმა უკვე დააზიანა მათი სახლის კედლებიც.
_ ქალბატონო მარიეტა, პირველ რიგში რომ გვითხრათ, როდის დაიწყო მშენებლობა?
_ ეს მშენებლობა დაიწყო წელიწად-ნახევრის წინ. ზუსტად ერთი წელი გახდება მას შემდეგ, რაც ეს საქმე სასამართლოში გვაქვს. ჩვენი სახლი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მთლიანად გადაჰყურებს თბილისს, რაც ძველ უბანში არის მთავარი. იქ, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, არაფერი ყოფილა ამ დრომდე, ვიწრო, მიტოვებული ნაკვეთი იყო. სადღაც წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს მიწის გასუფთავება და შემდგომ უკვე მშენებლობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფუნდამენტიც კი არ ჩაუყრიათ, უბრალოდ, ამ მოსწორებულ მიწაზე დაიწყეს მშენებლობა.
_ როდესაც მიმართეთ შესაბამის უწყებებს, რა გამოხმაურება იყო მათგან?
_ მას შემდეგ, რაც მივმართეთ პროკურატურას ამ საქმეზე, ავიყვანეთ ადვოკატიც, არანაირი რეაგირება და ყურადღება არ ყოფილა. ასევე მოვიპოვეთ გეოლოგიური დასკვნაც, რომელიც საფუძვლად უდევს აღნიშნულ მშენებლობას და გასაოცარია, რომ გეოლოგიური დასკვნის ავტორი, იოსებ მეტრეველი, აცხადებს, რომ მას მსგავსი დასკვნა არ დაუწერია. ამის ნოტარიულად დადასტურებული საბუთებიც კი გვაქვს, რაც წარვადგინეთ პროკურატურაში, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს, რადგანაც პიროვნებას, ვინც ამ სახლს აშენებს, საკმაოდ დიდი ზურგი აქვს.
_ ვინ არიან ეს პიროვნებები, რომ დააკონკრეტოთ?
_ ნინო მიშველიძეა პიროვნება, ვისზედაც მიწაა გაფორმებული, მისი მეუღლე არის დიმიტრი მიშველიძე. სწორედ დიმიტრი მიშველიძის მფლობელობაში არის ქალაქში არსებული ე. წ. ბიოტუალეტები.
_ რა ტიპის ზიანი მოგადგათ პირადად თქვენ ამ მშენებლობით?
_ აღნიშნული მშენებლობა, პირველ რიგში, პრობლემას გვიქმნის იმით, რომ სრულად ფარავს ხედს ჩვენი სახლიდან. პირველი სართული არის ჩვენი, რომელსაც უკვე მშენებლობა გასცდა და არანაირი ღირებულება აღარ დარჩა სახლში. იყვნენ მსურველები, რომლებსაც სურდათ, რომ სახლი შეეძინათ, თუმცა როდესაც მოვიდნენ და ნახეს, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა, გვითხრეს, _ აქ მთავარი არის ხედი, რომელსაც მშენებლობა ფარავსო. ამიტომაც აღარ შეიძინეს. მშენებლობის დაწყებიდან მალევე ჩვენს სახლში, კონკრეტულად კი სამზარეულოს კედელზე, გაჩნდა ბზარები, ასევე გვაქვს ეზო და ამ ეზოშიც მიწა ნელ-ნელა ჯდება. კარგად მოგეხსენებათ, რა მოხდა შოვში და არავინ იცის, რა მოხდება აქ ხვალ. ტერიტორია არის კლდე და ამ კლდეზე შენდება ეს სახლიც. არავინ იცის, საიდან და რა გზით ხორციელდება მისი მშენებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ გეოლოგის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე დასაშვებად იქნებოდა ცნობილი მშენებლობა, არავის გააჩნია.
_ კიდევ არიან სხვა მოსახლეები, რომლებსაც ეს მშენებლობა პრობლემას უქმნის?
_ ფაქტობრივად, ჩვენ ვართ აქ ძირითადი მცხოვრებლები, რადგანაც მეორე სართულზე ვინც ცხოვრობს, ისინი აქ არ არიან და აცხადებენ, რომ მათ ხელს არ უშლის. სხვა შენობებში კი სასტუმრო-რესტორნებია განთავსებული.
_ რამდენი სული ცხოვრობთ ოჯახში?
_ შვიდსულიანი ოჯახი ვართ. ექვსი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი.
_ რამდენადაც ვიცით, მიმართეთ ქალაქის მერიასაც, რა გიპასუხეს?
_ მერიიდან ბოლოს პასუხად მოგვივიდა ის, რომ აქვთ 45-დღიანი გაფრთხილება, თუმცა ეს 45 დღე უკვე გავიდა და არაფერი შეცვლილა. გასულ კვირას ვიყავით კვლავ მერიაში, რათა კიდევ ერთხელ მოგვეკითხა დეტალურად, თუ რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გვითხრეს, რომ მშენებლობა ჩვეულებრივ გაგრძელდება, თუმცა პროექტში ცვლილებები შევა. ამ ცვლილების შესახებ კი პასუხს წერილობით მოგვაწვდიან.
გარდა ამისა, როდესაც გაყალბების ამბავი (გეოლოგის დასკვნა) გავიგეთ და ამის შესახებ მერიაში დავწერეთ განცხადება, იყო 6 ივლისი. 30 დღე აქვს ვადა და ამ 30 დღის შემდგომ უნდა მოსულიყო პასუხი, თუმცა ორი თვის თავზე განაცხადი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
_ როგორი ტიპის პროექტით მიმდინარეობს მშენებლობა?
_ იყო სამსართულიანი პროექტი (ორი სართული და ტერასა), მერიაში შეტანილი პირველი განცხადების შემდგომ დაგვიკმაყოფილეს ის, რომ ტერასა მოიხსნა პროექტიდან, თუმცა არ კეთდება დახურული სახურავი და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ დაადგან ტერასა ზემოდან. ამ შემთხვევაში ტერასა მეორეხარისხოვანია, რადგანაც რაც ძირითადი იყო ჩვენთან, ის უკვე დაიფარა. ამჟამად არის ორსართულიანი, მაგრამ იმდენად ვიწრო ადგილია, აქ მშენებლობის უფლება არავისთვის უნდა მიეცათ. ფონდმა რომ დაანგრია ჩვენი სახლი, მაშინ, როდესაც აქ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ეს ადგილი საერთოდ გაუქმდა და ახლა უცნობია, საიდან მიიღეს ნებართვა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყების.
_ თუ შეხვდით ამ ადამიანებს და თუ ესაუბრეთ მათ?
_ აქეთ მოდიან კიდევ და გვემუქრებიან. დიმიტრი მიშველიძე თავად იმყოფებოდა აქ და ჩემს მამამთილს (ჰაიკ მარტიროსიანი) დაემუქრა და განუცხადა, რომ რასაც უნდოდა, იმას ააშენებდა და მას ვერავინ ხელს ვერ შეუშლიდა. გარდა ამისა, ეზოში გვყავს რამდენიმე ძაღლი და როდესაც მისი მეუღლე მოვიდა, მე ვიყავი სახლში და მეკითხება, რომ ეს ძაღლების სახლი დიდხანს უნდა გქონდეთ კიდევ ამ ეზოშიო? რაზედაც ვუპასუხე, რომ ეს იყო ჩემი კუთვნილი ეზო და მეყოლებოდა იმდენი ძაღლი, რამდენსაც მოვისურვებდი. უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ძაღლი, რომელიც გვყავს ეზოში, არის შესაბამისი საბუთების მქონე. პასუხად კი მივიღე, რომ ასე არ არის და ვნახავთ, რამდენ ხანს და როგორ გვეყოლება ძაღლები. ასე გვემუქრებიან. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი მეუღლის ოჯახის წევრები არიან ეთნიკურად სომხები და ამასაც ხაზს უსვამენ! არ დავკონკრეტდები, რა საუბარიც იყო ამ მხრივ.
_ ამის შემდგომ არ გქონიათ კონტაქტი მათთან?
_ არა, ახლა, ძირითადად, აღარც ჩნდებიან და მხოლოდ მუშები დადიან ობიექტზე.
მარიეტა კლდიაშვილის სიტყვები რომ სიმართლეს შეესაბამება, ამას ადასტურებს გეოლოგიური დასკვნაც, სადაც გარკვევით წერია, რომ მოცემულ ტერიტორიაზე მშენებლობა გამართლებული არ არის და ის გარკვეული რისკების შემცველია. აღნიშნულ დასკვნას და მიშველიძეების ოჯახის მიერ თავდაპირველი გეოლოგიური დასკვნის შესახებ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მკითხველისთვის მეტი სიცხადის შესაძენად, მასალას თან ვურთავთ.