- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-09-18 09:58:24
გიგა გელხვიიძე
სამი გარდაცვლილი, ათობით დაზარალებული მოსახლე, განადგურებული ინფრასტრუქტურა, სავარგულები _ ასეთია ვითარება გურიაში სტიქიის შემდეგ, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბერს განვითარდა.
ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე მასშტაბური სტიქია მოხდა, რომლის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მოსახლეობას უდიდესი ზარალი მიადგა, თუმცა სტიქიის ასეთი მასშტაბებისთვის ხელის შემწყობ ფაქტორებზე სახელისუფლებო ფლანგი ან დუმილს ამჯობინებს, ან უბრალოდ ყველაფერს ბუნებას აბრალებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული საკითხებით ინტერესდებიან, ქვეყნის მტრებსა და პროვოკატორებს უწოდებს, _ ადამიანების უბედურებით ქულებს იწერენო.
გურიაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, სოციალურ ქსელ „facebook“-ში გურიის მკვიდრმა, სამოქალაქო აქტივისტმა ირმა გორდელაძემ, რამდენიმე საინტერესო ფოტო განათავსა, სადაც მდინარეებში არსებული კარიერებიდან ქვა-ღორღის მოპოვება არის ასახული. ფოტოებს კი თან დაურთო ინფორმაცია, რომლითაც გორდელაძე ამბობს, რომ გურიის მდინარეების ის მდგომარეობა, რომელმაც 8 სექტემბრის კატასტროფული მოვლენები გამოიწვია, სწორედ კარიერების დამსახურებაა.
„სამწუხაროდ, მდინარე სუფსა გადაირია და დაარტყა სანაპირო სოფლებს, მეწყრული მოვლენებია, დატბორილია ეზოები და მსხვერპლიც არის.
გარემოზე უდიერი დამოკიდებულება სავალალოდ გვიბრუნდება.
ყველაზე დაჩაგრული მდინარე სუფსაა, სადაც წლებია, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვა-ღორღის ვანდალური მოპოვება-ტაციობა მიმდინარეობს, მდინარის სანაპირო ზოლი იავარქმნილია, მოსაჭიდი ნატანი არ დაუტოვეს მდინარეს, არ არსებობს ჯებირები, არ მიმდინარეობს საჭირო ლოკაციებზე მდინარის გასწორხაზოვნება, არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი... და სუფსამ დააბრუნა უკან ადამიანთა სიბრიყვე.
წლებია, ვცდილობთ მდინარეების გადარჩენას. ამავეს გაიმეორებს მდინარე ნატანებიც, რომელსაც დიდი ხანია, აოხრებენ.
5 წლის წინათ 56 კარიერი იყო გურიის მდინარეებზე, აქედან ნახევარზე მეტი შევაჩერეთ გარემოსდამცველებმა, ადგილობრივი მედიისა და მოსახლეობის დახმარებით, მაგრამ უკონტროლოდ წიაღის მოპოვება კვლავ გრძელდება, ხოლო მინერალური რესურსების სააგენტო საჯარო დოკუმენტაციებს არ გვაწვდის, ზედამხედველობის დეპარტამენტი კი მკვდარზე გვირგვინია...
კორუფციას გადავაყოლეთ ქვეყანა“, _ წერს გორდელაძე.
ვინაიდან ირმა გორდელაძე წლებია, გარემოსდამცველ საკითხებზე მუშაობს და გურიის რეგიონის პრობლემები მას ძალიან კარგად მოეხსენება, გაზეთმა „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, მასთან ინტერვიუ ჩაეწერა და უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელმაც სამი ადამიანის (მათ შორის, ორის არასრულწლოვნის) სიცოცხლე იმსხვერპლა:
_ ქალბატონო ირმა, თქვენ რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობთ გარემოსდამცველ საკითხებზე, _ რა ხდება გურიის რეგიონში?
_ მე წარმოვადგენ გარემოსდამცველ ორგანიზაცია „ეკოს“ და აქტიურად ვმუშაობ ჰესებისა და კარიერული წიაღისეულის მოპოვების საკითხებზე. ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ვინმეს ავუკრძალოთ საქმიანობა ან რამე მსგავსი, არამედ ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ამ მოპოვებით სამუშაოებს გაეწიოს შესაბამისი მონიტორინგი. მაგალითად, სამუშაოების წარმოების ლიცენზია გასცა წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მდინარე სუფსაზე. სადაც ახლა მეწყერი ჩამოწვა, სილაური-ბაილეთის მონაკვეთზე, იქ მიჯრით იყო შვიდი კარიერი, სადაც სრული განუკითხაობა ხდებოდა. დავუშვათ, მათ უნდა მოეპოვებინათ 500 000 კუბი მოცულობის წიაღისეული, რამდენს მოიპოვებდნენ, რა რაოდენობის ნატანი იყო იქ, იმ ლოკაციაზე, ამას არავინ ამოწმებს. ამ ყველაფერს რეალურად სჭირდება სპეციალური გეოლოგიური კვლევა. ტალახამდე ჩადიოდნენ, უამრავი მასალა არსებობს ამაზე.
_ რა უნდა გაითვალისწინონ კარიერული მოპოვებების დროს, რასაც დღეს ვერ ვხედავთ?
_ როდესაც სხვადასხვა წიაღისეულს კარიერულად მოიპოვებენ, უნდა განისაზღვროს შემდეგი რამ:
პირველი, რამდენი მოიპოვება და როგორ. თქვენ რომ ნახოთ, სუფსის სანაპირო რა მდგომარეობაშია, გაოგნდებით, ფაქტობრივად, აღარ არსებობს სანაპირო, რადგანაც ყველაფერი არის დაჭაობებული, იქვეა საცხოვრებელი სახლებიც და ეს ქმნის უკვე რიგ საშიშროებებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსახლეობას ჭები დაუშრა, რადგანაც მიწისქვეშა არხები დაზიანდა. ძალიან ღრმად ჩადიან წიაღისეულის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, აკეთებენ ჯებირებს, რომლის მეშვეობითაც მდინარეს მორე მხარეს აგდებენ, ამოიღებენ ამ ქვა-ღორღს, შემდეგ ისევ გადმოაგდებენ აქეთ და მოკლედ რომ გითხრათ, ტრაექტორიას უცვლიან მდინარეს. ამ ყველაფრის შესწავლა ხუთი წელია, რაც დავიწყე, ისიც იმიტომ, რომ ჩვენს სოფელში არსებულ მდინარეზე ანალოგიურად მოიპოვებდენ ქვა-ღორღს, ხუთი კარიერი იყო გახსნილი, რომელიც შემდგომ გავაუქმებინე, ამის მერე კი უკვე დამაინტერესა, რა ხდებოდა ზოგადად გურიის ტერიტორიაზე.
_ რა დადგინდა შესწავლის შედეგად, რა ხდება?
_ წარმოუდგენელი რამ ხდება, აღმოჩნდა, რომ გურიაში სანაპირო ზოლი არ არსებობს და ამას არავინ აკონტროლებს.
_ გარემოსდამცველი უწყებები ხომ უნდა ახორციელებდნენ გარკვეული სახის მონიტორინგს?
_ როდესაც გამოვიძახებდით გარემოს დაცვის ზედამხედველობას, ის ამოწმებდა, მოზომილ კონტურში მუშაობდნენ თუ არა, თორემ იქ რას მუშაობენ და რას აზიანებენ, ამას არავინ ამოწმებს. წლების წინათ ქვა-ღორღის მოპოვებულ ლიცენზიას ახლდა გარემოზე ზემოქმედებს შეფასება, ანუ კონკრეტული კარიერი, როგორ მოიპოვებს წიაღისეულს, რა გავლენას ახდენს გარემოზე, მდინარეზე, სანაპიროზე. ეს საერთოდ ამოიღეს კანონმდებლობიდან, ამიტომაც არის სიტუაცია უკონტროლო. რაც შეეხება კორუფციას, ეს კიდევ ცალკე თემაა. 56 კარიერი დაგვხვდა ჩვენ 5 წლის წინათ გურიის სამ რეგიონში, აქედან 38 იყო ოზურგეთში, დაახლოებით 20 თუ 25 კარიერი დავხურეთ მედიის დახმარებით, ჟურნალისტების ჩართულობით და იქ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ახლა ეს ყველაფერი ხდება, გეტყვით, რა მდგომარეობაც იყო. მდინარე სუფსა და ნატანები არის დიდი მდინარები და მათ ჩამოაქვს საკმაოდ ბევრი ოდენობის ნატანი, რომლითაც ასაზრდოებს შავი ზღვის სანაპიროს. ურეკი-გრიგოლეთის სანაპირო ზოლს ეს მდინარები ასაზრდოებს და წლების განმავლობაში ამ უკონტროლო მოპოვებით, სიღრმეში რომ ჩადიან, მდინარის დინამიკა შეიცვალა. მდინარეს ნატანი ხომ უნდა დაუტოვო, რომ ის ჩაეჭიდოს, ეს ნატანი აღარ იყო. არის ადგილები, სადაც კარიერები არ არის, იქ კი პირიქით, ჭარბი ნატანია და ამის გამო უკვე მდინარეს გვერდებიდან უწევს შემოვლა, რომ გაიაროს. ანუ რა უნდა ხდებოდეს, იცით? სადაც საჭიროა ,ადგილები უნდა იყოს შესწავლილი და სადაც ჭარბი ნატანია და ურტყამს მოსახლეობას, აზიანებს სახნავ-სათესს, სავარგულებს, იმ ადგილებზე ჯებირებია გასაკეთებელი, უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა ის ჭარბი ნატანი ფრთხილად, გარემოს დაცვითი და წყლის სარგებლობის კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა გაკეთდეს ისე, რომ მსგავსი კატასტროფები თავიდან ავიცილოთ.
_ რა მდგომარეობაა გურიის სხვა მუნიციპალიტეტებში?
_ ოზურგეთის ზემოთ არის ჩოხატაური. პარალელურად, მდინარე სუფსაზე, ჩოხატაურში მიმდინარეობდა უკონტროლო-ვანდალური მოპოვებები, გუბაზეული-სუფსის შესართავამდე და ესეც არის განმაპირობებელი შემდგომში შესაძლო კატასტროფების. ახლა გავცდეთ ჩოხატაურს, არის ლანჩხუთი. აცანასა და სხვა ადგილებში, საიდანაც ეს ღვარცოფი წამოვიდა, არის მსგავსი მდგომარეობა. ე. ი. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ცდებოდა საზღვრებს წიაღის მოპოვება და მასზე მონიტორინგი არ ხორციელდებოდა, არ იყო გარემოს დამცველი უწყების შეფასება. სანაპირო ზოლზე, სადაც, ასე ვთქვათ, სუფსა ურტყამს მოსახლეობას, ნაპირსამაგრი სამუშაოები არ არის შესრულებული, საშიში ღვარცოფული და მეწყრული საშიშროების შემცველი ადგილები არ არის გამაგრებული და რა გვრჩება? ვიღაცები ფულს აკეთებენ და ეს პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. გარდა ამისა, პრობლემები მოყვა გზების სამშენებლო სამუშაოებსაც, სუფსა-გრიგოლეთის ავტობანი რომ გაკეთდა, ამის გამო ძალიან დაზიანდა მდინარე სუფსა, 2 000 000 კუბის ოდენობის ქვა-ღორღი არის ამოღებული კომპანიის მხრიდან და ეს გახლავთ ზღვის დონიდან 20-კილომეტრიანი ზოლი. საქართველოს კანონმდებლობით, სამი წლის წინ, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, შეიცვალა ეს კანონმდებლობა ერთ კვირაში და 20-კილომეტრიან ზოლში დაუშვეს კარიერული მოპოვება, რაც არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი ამარაგებს ზღვის სანაპირო ზოლს, რომელსაც დაეწო ეროზია და ამის დასამალად ხელისუფლებამ ქვა-ღორღი დაყარა სანაპიროზე. იმ ნაწილში, სადაც ნატანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უნდა მოემარაგებინა სანაპირო ზოლი, ქვა-ღორღს ხელოვნურად იღებდნენ და ყრიდნენ გრიგოლეთის სანაპიროზე, ამის მასალებიც უამრავი არსებობს. ეს ხდებოდა იმის ნაცვლად, რომ ეცლიათ ამ მდინარეებისთვის და ის თავად ჩაიტანდა მას ზღვაში. ამ უკონტროლო მოქმედებებით არ გვაქვს ნაპირსამაგრები, არ გვაქვს ჯებირები. იქ, სადაც მდინარეს ჭარბი ნატანი აქვს, არ არის აღებული და მდინარე მიდის ზიგზაგებით. კარიერული მოპოვების შედეგად მდინარეს დაუკარგეს ტრაექტორია, წაართვეს მას ნატანი, რომელიც სჭირდება დინამიკის შესანარჩუნებლად და ამას მოჰყვა ის, რომ წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და ასეთი შედეგები მივიღეთ. მდინარე ყოველთვის დიდდებოდა და დიდდება, მაგრამ მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.
_ ვინაიდან ეს მდინარეები არის საშიში, რადგანაც შესაძლებელია განვითარდეს ღვარცოფული პროცესები, უნდა იყოს თუ არა მუდმივი მონიტორინგის სისტემები მათ ტერიტორიაზე?
_ 72 000 000 რომ იყო გამოყოფილი მდინარე სუფსაზე და ნატანებზე, მე ვესწრებოდი ამ პროექტის პრეზენტაციას და უნდა დადგმულიყო წინასწარი შეტყობინების სისტემები, საჭიროებისამებრ უნდა ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები. სადაც ასეთი მთის მდინარე გაქვს, რომელსაც ახასიათებს ღვარცოფული ქმედებები, მასში ასეთი ჩარევა, გარემოზე ზემოქმედება რომ არ არის გათვალისწინებული, იძლევა ასეთ შედეგებს.
წლების წინათ, როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, ხან გვაშინებდნენ და ხან რას გვიპირისპირებდნენ.
_ ანუ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება წირავს ადამიანებს?..
_ კი ბატონო, ანუ საკითხი როგორ დგას, იცით? შენ რომ გასცემ ამ ლიცენზიას, ეს შენი ლიცენზიანტი როგორ მოიპოვებს? ჯერ უნდა აიღონ ჰუმუსური ფენა (ნეშომპალა, _ რედ.), მერე უნდა გასწორდეს სანაპიროები, რაც აღარ აქვს რეალურად მდინარეებს და ეს რომ მოვითხოვეთ, რატომ არ ამოწმებთ-მეთქი, გვიპასუხეს, რომ ამდენი სახსრები არ გაგვაჩნიაო.
გარემოს დაცვის დეპარტამენტი გამოძახებაზე მოდის, მაგრამ უფუნქციოა. ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მილიონი შემთხვევა გვქონდა ასეთი, რომ დავრეკავდით, მოვიდოდნენ, თუმცა დაურეკავდნენ შემდგომ ზემოდან და წავიდოდნენ.
ზედამხედველობისთვის ჩვენ თავად გვიწევდა მისი ფუნქცია-მოვალეობის ახსნა. ამ უწყებას კანონმდებლობაში უწერია და აქვს იმის უფლება, რომ გამოითხოვოს კომპანიისგან დოკუმენტაცია, შეადგინოს სამუშაო გეგმა, რამდენი კუბი უნდა მოიპოს კომპანიამ ეს უნდა იყოს გაწერილი, როგორ მიმდინარეობს პროცესი, მოხსნა თუ არა ჰუმუსური ფენა და დაასაწოყობა. მთელი მონიტორინგის უფლება აქვთ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ერთადერთი, რასაც ამოწმებენ, ეს არის მოზომილი კონტური, სადაც კომპანიას აქვს მუშაობის უფლება. თუ მოზომილ კონტურში მუშაობენ, არაფერს ამბობენ, ხოლო თუ გასცდნენ მას, აჯარიმებენ 5 00 ლარით და მითხარით, რა არის 5000 ლარი ჯარიმა, როდესაც დღეში სამი ტრაილერი გადის?!
ეს არის უკონტროლო, მონიტორინგის გარეშე, ქვა-ღორღის მოპოვებით გამოწვეული მდგომარეობა. ღვარცოფული მოვარდნების საშიშროების მდინარეებზე, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოს არის, ჯებირები უნდა აშენდეს და სადაც საჭიროა, მდინარეს ნატანი უნდა ამოვაცალოთ, რომ განტოტება არ მოხდეს და მოსახლეობას არ შეუტიოს ადიდების შემთხვევაში. იქ არის დატოვებული ნატანი, სხვაგან კი ამოღებულია, ანუ, ფაქტობრივად, მდინარეები არის უპატრონოდ მიტოვებული.
2021-2022 წლებში, ზუსტად იმ ლოკაციებზე, სადაც ეს ამბები ხდებოდა, მთელი ომი გვქონდა ამაზე და მაშინ ვთქვი, რომ სუფსა ამას აუცილებლად დააბრუნებდა და ის, რაც ხდება ლანჩხუთში, ეს ქვა-ღორღის უკანონო მოპოვების შედეგია-მეთქი. ანუ დიდი წვიმების გამოისობით უფსა კვლავ ადიდდება და ვიცით, რომ გლობალური დათბობაა და ამ პროცესებს ეწყობა ხელი თავისთავად. თუ არ დაწესდა მონიტორინგი, ეს მდინარეები არ შევისწავლეთ, არ შემოწმდა ყველა კარიერი, არ შემოწმდა სანაპირო ზოლი და არ ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, კვლავ უნდა ველოდეთ მსგავსს კატასტროფას.
_ რამდენად საჯაროა დღეს კარიერული მოპოვების შესახებ არსებული ინფორმაცია? ვგულისხმობ ახალ კარიერებს და კომპანიებს, რომლებიც ამ რეგიონში ოპერირებენ.
_ ადრე საჯარო იყო, რაც შეეხება ახლანდელ გარემოებას, გეტყვით, რომ მინერალური რესურსების სააგენტო, მარტიდან აღარ იძლევა საჯარო ინფორმაციას. მაგალითად მოვთხოვე ახალ კურიერებთან დაკავშირებით რეესტრი, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ მოუციათ. ანუ გარემოსდამცველი ინსტანციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან და გაუგებარ სიტუაციაში გვტოვებენ.
ირმა გორდელაძესთან ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვიძიეთ, რომლითაც მკითხველს უფრო ცხადად აღქმის საშუალება გვინდა მივცეთ იმ საფრთხეებისა და ზიანის, რომელიც კონკრეტული წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდგომ ადგება მოსახლეობას:
„ქვიშა-ხრეშის მოპოვების გამო კალაპოტის ჩაჭრით გამოწვეული შედეგები შესაძლოა, მდინარის ნაპირებსაც გასცდეს. მდინარის დაღრმავების გამო მდინარის ნაპირები და წყალგამტარი ქანები დაბლა იწევს; შესაბამისად, შესაძლოა, დაბლა დაიწიოს მიწისქვეშა წყლების დონემაც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მიწისქვეშა წყლების ხარჯზე.
ჩქერიდან ქვიშა-ხრეშის მოხსნას (ე. წ. სკალპირებას) შესაძლოა, მოყვეს ჩქერის არეალის ეროზია, კალაპოტის გაფართოება და ეროზიის გავრცელება ქვედა დინებაში. ჩქერიდან მსხვილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშის მოხსნის გამო ეროზიას განიცდის ქვედა ფენებში განლაგებული წვრილმარცვლოვანი ნატანით ფორმირებული ქანები, რაც საბოლოოდ, ჩხერის დაკარგვასა და კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდას იწვევს. კალაპოტი კიდევ უფრო გაფართოვდება, თუ მოპოვების გამო, გაიზრდება მდინარის ნაპირის არასტაბილურობა და ნაპირი ჩამოიშლება. დროთა განმავლობაში კალაპოტის გაზრდილმა გამტარუნარიანობამ შესაძლოა, კონკრეტულ მონაკვეთზე შეამციროს წყლის ნაკადის სიჩქარე და გააძლიეროს დალექვის პროცესი. ამას, თავის მხრივ, შესაძლოა, მოჰყვეს ეროზიის გაძლიერება ქვედა დინებაში, ვინაიდან ნატანი დაილექება ზემოთ და საკმარისი რაოდენობა ვეღარ ჩააღწევს ქვედა დინებაში.
ქვიშა-ხრეშის ჭალაში მშრალად (წყლის ნაკადის გარეთ) მოპოვებამ შესაძლოა, ასევე შეცვალოს მდინარის დინება. ასეთი მოპოვებისას, ხშირად, მდინარის მახლობლად ღრმა ორმოები რჩება. წყალდიდობისას ეს ორმოები შეიძლება დაიტბოროს; მათ შეიძლება განიცადონ ეროზია და ერთმანეთს დაუკავშირდნენ. შედეგად, წარმოიქმნება ალტერნატიული კალაპოტი, სადაც წყალი განაგრძობს დინებას წყალდიდობის დასრულების შემდეგაც. ასეთი უეცარი ცვლილებების გამო, გარდა იმისა, რომ წარმოიქმნება დამდგარი ტბები და ძლიერდება ეროზიის პროცესი, ხელი ეშლება თავად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესსაც. ქვიშა-ხრეშის ჭალაში მოპოვებამ, შეიძლება, ზეგავლენა იქონიოს ასევე მიწისქვეშა წყლების დონეზე და გამოიწვიოს წყალშემცველი შრეების დაბინძურება.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების მდინარეზე ზეგავლენის სხვა სახეებიდან, რომლებიც ცვლიან მდინარის ფიზიკურ მდგომარეობას, აღსანიშნავია მოპოვებისას, მდინარეში, ნალექით განზავებული მღვრიე ნაკადების წარმოქმნა. ეს ნაკადები გადაადგილდება მდინარის დინების მიმართულებით და დაილექება ისეთ ადგილებში, სადაც სხვა შემთხვევაში არ მოხვდებოდა.
მასალას აქვე ვურთავთ ქვიშა-ხრეშის სტანდარტების დარღვევით მოპოვების დროს, გარემოზე მოხდენილ ზეგავლენას.
ფაუნა: სხვადასხვა სახეობისთვის ჰაბიტატების განადგურება; თევზის პოპულაციების შემცირება; თევზის მიგრაციის შეზღუდვა; გამდინარე წყალში მცხოვრები სახეობების ჩანაცვლება მდორე წყალში მცხოვრები სახეობებით; ზოგიერთი ადგილობრივი სახეობის გაქრობა; ინვაზიური სახეობების გავრცელება; თევზის გამრავლების შეზღუდვა; კვების ჯაჭვის სტრუქტურაზე ზეგავლენა; წყალში ჟანგბადის შემცირება.
ფლორა: ბენთოსური ორგანიზმების კარგვა; მცენარეული საფრის მოხსნა; სანაპირო ჰაბიტატის განადგურება.
მიწა/ნიადაგი: მდინარის ფსკერის დეგრადაცია; მდინარის კალაპოტის ფერდობების ცვლილება; სანაპიროების ეროზია; სანაპირო ზონების შემცირებული შესაძლებლობა, გაუმკლავდეს შტორმებსა და ექსტრემალური ამინდის მოვლენების შედეგებს; ნიადაგის მდგომარეობის გაუარესება (სანაპირო ზონასა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე).
წყალი: ლანდშაფტის ცვლილება; მდინარის კალაპოტის ჩაჭრა; მდინარის კალაპოტის გაფართოება; კალაპოტის ეროზია და არასტაბილურობა; სამდინარო გზის დალამვა; წყლის სიმღვრივის ზრდა; წყლის ნაკადის ხასიათის ცვლილება; წყლის (მათ შორის, მიწისქვეშა წყლის) ხარისხის გაუარესება; მდინარის დელტაში მლაშე წყლის ღრმად შემოჭრა.
ჰაერი: მტვრით დაბინძურება.
სოციალური ზეგავლენა: ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზეგავლენა; დასაქმებულთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები; საკუთრებისთვის (სახლისთვის, მიწისთვის) ზიანის მიყენება; ინფრასტრუქტურისთვის (ხიდები, მილსადენები) ზიანის მიყენება; ექსტრემალური მოვლენების მიმართ მედეგობის შესუსტება; ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე ხელმისაწვდომობის შემცირება; შემოსავლების (მათ შორის, სოფლის მეურნეობიდან, თევზჭერიდან, ტურიზმიდან შემოსავლების) არასტაბილურობა.