- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-30 11:09:22
თამუნა მჭედლიშვილი
ქვეყანაში ადამიანთა უფლებები, ზოგადად, დაუცველია, მაგრამ განსაკუთრებულად მისახედია მოხუცი, უმწეო და ბავშვი, კიდევ სოციალურად დაუცველი უფასო სასადილოს ბენეფიციარები.
სიღარიბე განაჩენი არ არის. სიღარიბისთვის ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ _ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ამ გაუბედურებულ ხალხს ლუკმა გამოგლიჯოს პირიდან. როგორ იცავს ამ ადამიანების უფლებებს სახელმწიფო?
ალბათ, გახსოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში, უფასო სასადილოს საკვებ ქილას კახა კალაძემ თითი რომ ჰკრა და ტრიბუნიდან გადააგდო: „საკვების გარდა ყველაფერი იყო იმ ქილაში. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, ეს იყო უბრალოდ შოუ, რომლის მოწყობაც სცადა ამ კონკრეტულმა ადამიანმა“, _ თავხედური ჟესტი ასე ახსნა მაშინ კალაძემ.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა ხდება დღეს, რამდენი უფასო სასადილო და ბენეფიციარი ჰყავს თბილისს? როგორ არის დაბალანსებული მენიუ? რამდენი ლარი უჯდება მერიას ერთი ბენეფიციარის გამოკვება დღეში? გათვალისწინებულია თუ არა მათი ასაკი, რელიგიური მრწამსი, ალერგიულიობა ამა თუ იმ საკვების მიმართ და შშმ პრების მომსახურებისთვის რა საშეღავათო სერვისებია შექმნილი?
„ქრონიკა+“-ის მოკვლევა
დედაქალაქის მასშტაბით, სულ 62 უფასო სასადილოა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს 42 866 ბენეფიციარი. სადილში შედის წვნიანი, ბოსტნეული, მთავარი კერძი. ყველა დღის მენიუ წინასწარ არის შედგენილი. ერთი ბენეფიციარის სადილზე (პროდუქტები, მომზადება, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები) გასულ წელს თბილისის მერია დაახლოებით 1 ლარსა და 32 თეთრს ხარჯავდა. წელს 1 ლარსა და 70 თეთრს ხარჯავს. მთლიანობაში, შარშან უფასო სასადილოების პროექტი თბილისის ბიუჯეტს 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, წელს კი _ 26 მილიონი ლარი!
„ქრონიკა+“-მა მოიძია, თუ რა ცვლილება იგეგმებოდა, სულ რაღაც, ერთი წლის წინათ თბილისის მერიაში უფასო სასადილობის პოლიტიკაში და გავარკვიეთ, რომ თბილისის მერია უფასო სასადილოების ალტერნატიულ პროექტზე სერიოზულად მუშაობდა და ბენეფიციარებისთვის მზა კერძების ნაცვლად, პროდუქტის დარიგების საკითხს განიხილავდა. გახსოვთ, პანდემიიდან გამომდინარე, მერიამ საბავშვო ბაღებში მზა პროდუქციის დარიგება დაიწყო. რატომღაც, ანალოგიური მიდგომა სურდათ, უფასო სასადილოების მიმართაც განეხორციელებინათ. როგორც ჩანს, შიდა მოკვლევების მიხედვით, რომელიც თბილისის მერიამ ჩაატარა, ახალი პროექტი, საკმაოდ „ძვირი სიამოვნება“ დაუჯდებოდათ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალი მიმართულება არარენტაბელური იქნებოდა, შესაბამისად, ახალ ალტერნატიულ პროექტზე საუბარი მომენტალურად შეწყვიტეს.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენელს, მკვლევარ სალომე კვირიკაშვილს, რომელსაც უფასო სასადილოებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ვესაუბრეთ:
_ სალომე, რამდენი ბენეფიციარი ჰყავს დედაქალაქს დღეს, რომლებიც უფასო სასადილოთი სარგებლობენ?
_ 2023 წლის მონაცემებით, თბილისში სულ 42 188 ბენეფიციარია აღრიცხული. საინტერესოა ფაქტი, რომ მომლოდინეთა სიაში, რეგიონებისგან განსხვავებით, არ არის არცერთი ადამიანი დაფიქსირებული თბილისში. ზოგადად, არსებობს ძირითადი სიები. მომლოდინეთა სიებში არიან ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ გახდნენ ბენეფიციარები, ისინი მომლოდინეთა სასტატუსით ელოდებიან ძირითად სიაში გადაადგილებას. თბილისში ეს პრობლემა არ გვაქვს.
_ რამდენი ლარია წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი უფასო სასადილოებისთვის?
_ საერთო ჯამში, 2023 წელს, უფასო სასადილოებისთვის, გამოიყო 26 მლნ. ლარი და დაიხარჯა ტენდერების მეშვეობით, რათა განხორციელებულიყო ბენეფიციარების კვებითი მომსახურება. თბილისში 10 რაიონია, ათივე რაიონი ინდივიდუალურად აცხადებს ტენდერს. ტენდერში მონაწილეობენ გარკვეული კომპანიები, იმარჯვებენ, აფორმებენ ხელშეკრულებას და მთელი წლის მანძილზე უზრუნველყოფენ რაიონების მიხედვით უფასო სასადილოების კვებით მომსახურებას. მხოლოდ ამ მიმართულებითაა საერთო პოლიტიკა. გამგეობები, თითქმის ყველა, 1 ლარსა და 70 თეთრს ხარჯავს დღეში ბენეფიციარზე. მაგალითად, წინა წლებში 1 ლარი და 30 თეთრი იყო განსაზღვრული, ეს თანხა გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, ინფლაციის გათვალისწინებით მოხდა. როგორც იცით, გასულ წელს დიდი ინფლაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყანაში.
_ რა შედის ერთ ლარსა და სამოცდაათ თეთრში, მხოლოდ საკვები, თუ?
_ ამ თანხაში არ იგულისხმება მხოლოდ კვება და სურსათი, არამედ, _ მომსახურებაც. მაგალითად, კომპანია, რომელიც იღებს და უნდა გამოკვებოს 1,70 თეთრად ერთი ადამიანი, აქ იგულისხმება რომ ეს 1 ლარი და 70 თეთრი არის მისი მოგებაც გაწეული ხარჯის პროდუქციაზე. მას ასევე სჭირდება მომსახურებისთვის გარკვეული პერსონალი: მზარეული, დამლაგებელი და ა. შ. ანუ ყველაფერს „ჰყოფნის“ ეს 1 ლარი და 70 თეთრი, რაც კიდევ უფრო წარმოუდგენელს ხდის ამ პროცესს…
_ როგორია მენიუ, გათვალისწინებული თუ არის ბენეფიციარის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ალერგიული ფონი; რელიგიური მრწამსი, თუნდაც დღიური კალორაჟი?
_ მენიუ არის ყველაზე პრობლემური საკითხი. უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მენიუ თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ უმნიშვნელოდ. გარკვეული საკვები აღარ გვხდება და ამოღებულია მენიუდან, რაც ადრე იყო. თუმცა ძირითადი მენიუს შემდაგენლობა სრულიად უცვლელია 5 წლის მანძილზე და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა თავად შემადგენლობა და ის, რომ არ არის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნებოდა თვითონ ბენეფიციარის ასაკი, საჭიროებები, მათ შორის, ალერგიული კუთხითაც… არიან ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ აქვთ ალერგიული გამოვლინებები. ისევე, როგორც არ არის გათვალისწინებული რელიგიური მრწამსი ან უბრალოდ ვეგეტარიანელია ბენეფიციარი. მენიუ არც ბავშვის კვებისთვისაა შესაბამისი…
_ საკვების კალორიულობა თუ არის დაბალანსებული?
_ სამწუხაროდ, არა. საკვებში კალორია აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული და დაბალანსებული. ვიცით, რომ არსებობს შიმშილის გლობალური ინდექსი. სხვათა შორის, საქართველოს მცირედი გაუმჯობესება გვაქვს ამ კუთხით: მაგალითად, 2022 წელს 121 ქვეყნიდან 22-ე ადგილზე ვიყავით, რაც წინა წელთან მიმართებით გაუმჯობესებული ადგილია, თუმცა შიმშილის ინდექსს აქვს 4 ნიშანი, რომლითაც განისაზღვრება კალორიები. ჩვენ ასეთი კალორაჟების განსაზღვრა არ გვაქვს. ყოფილი სახალხო დამცველი თავის ანგარიშში პირდაპირ ამბობდა, რომ მენიუში კვების არანაირი საჭიროებები განსაზღვრული არ არის. იგი მხოლოდ თბილისზე არ საუბრობდა… ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ქვეყანაში შემოიტანოს და წარმოადგინოს სტანდარტები, რათა შემდგომ იხელმძღვანელოს ამ სტანდარტებით. უფასო სასადილოების მართვის დროს რის მიხედვით და რის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ?
_ კვირაში რამდენჯერ მიეწოდება ბენეფიციარს ხორცპროდუქტი, როგორია მენიუს შემადგენლობა ამ კუთხით?
_ ხორცს რაც შეეხება, ფასების მატების პარალელურად შემცირებული რაოდენობაა და კვირაში მხოლოდ ორი დღე არის გამოყოფილი, როდესაც ბენეფიციარებს შეუძლიათ მიირთვან ხორცპროდუქტი. ძირითადად, მენიუ ბოსტნეულისგან შედგება. სამწუხაროდ, მენიუს ვერც ამ ნაწილში ვიტყვით, რომ დიდი არჩევანი აქვს ბენეფიციარს ან ვიტამინებით, შესაბამისი კალორიებითაა დაბალანსებული შეთავაზებული ულუფა. ვიცით, რომ ბენეფიციარი არის ყველაზე მოწყვლადი ფენა. ეს ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, მინიმალური საარსებო პირობები არ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ არიან ბენეფიციარები. სახალხო დამცველს თავის ანგარიშში ეწერა იმ ფაქტების შესახებ, როდესაც ბენეფიციარებს ხშირად კუთვნილი საკვები არ გაჰქონდათ სასადილოდან. ერთადერთი, რაც გაჰქონდათ, იყო და დღესაც არის პური! ეს რამდენიმე გარემოებით შეიძლება აიხსნას: ერთი, ეს არის თავად მენიუს შემადგენლობა, არ არის საკმარისი საკვების შემადგენლობა არავისთვის, და მეორე: გემოვნური თვისებები, თავად საკვების ხარისხი. ორივე ძალიან პრობლემურია და ცხადყოფს იმას, რომ დიახ, ბენეფიციარები საკვებს ვერ იღებენ!
_ თუ ბენეფიციარი შშმ პირია, ანდა ფიზიკურად ვერ მიდის უფასო სასადილომდე, რა ხდება მაშინ, ვის აქვს მიტანის სერვისის ვალდებულება, არსებობს კი საერთოდ?
_ რამდენადაც ვიცი, ოჯახის წევრს შეუძლია გატანა. ყოველ შემთხვევაში, პანდემიის დროს ასეთი რეგულაცია მოქმედებდა…
_ კალაძის, როგორც მერის, უფასო სასადილოების საკითხისადმი დამოკიდებულება როგორია, თქვენ როგორ შეაფასებთ?
_ თუ მხოლოდ ფაქტებსა და სტატისტიკას გადავხედავთ ან ანგარიშებს, 5 წლის დაკვირვებამაც აჩვენა, რომ თბილისის მერისთვის უფასო სასადილო პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მომლოდინეთა სიაში არცერთი ადამიანი არ გვყავს დედაქალაქში და ვისაც სურს, ამასთანავე სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომ ბენეფიციარი გახდეს, სამწუხაროდ, მათი მდგომარეობა წლიდან წლამდე არანაირად არ უმჯობესდება. ეს კი ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშვნელოვანია. ბენეფიციართა უფლებები ილახება, რადგან ისინი ვერ იღებენ ისეთ საკვებს, რომელიც მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მომსახურება ცალკე პრობლემაა… ეს პრობლემები უბრალოდ არ გვარდება. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ანგარიშს სათანადო ყურადღება არ დაეთმო მერიის ხელმძღვანელობის მხრიდან…
_ რას გვეტყვით ტენდერების შესახებ? რა დარღვევები იკვეთება ამ კუთხით?
_ ტენდერები კიდევ ერთი საკითხია, რომელიც უფასო სასადილოების პოლიტიკაში პრობლემურია. 5 წლის განმავლობაში ათივე რაიონი ცალ-ცალკე აცხადებს ტენდერს. ბაზარზე სულ ოთხი კომპანიაა და სულ ეს ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ ტენდერებში. პრობლემა ის არის, რომ გადანაწილებული აქვთ და უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს. ამ ოთხი კომპანიიდან სამი დაჯარიმებულია წარსულში სანიტარიული მდგომარეობის, შესაბამისი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო. მაგალითად, „ნილი“ ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტიური შემომწირველი აღმოჩნდა, შემოწმების შედეგად დაჯარიმდა. ეს კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის საკვებს ვერ აწვდიდა ბენეფიციარებს. ჩვენ ვიცით, რომ მოცულობა ისედაც მცირეა და შენ რომ კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ხორცსა და საკვებ პროდუქტებს აწვდი ბენეფიციარს, რა ჰქვია ამას?
_ რამდენად დაცულია საკვები პროდუქტები შენახვის თვალსაზრისით უფასო სასადილოებში? კონტროლდება თუ არა ტემპერატურა, საკვების ვადა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები?
_ ამ ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციებს წვდომა არ გვაქვს. სახალხო დამცველმა შეამოწმა თავის დროზე და დაფიქსირდა შემთხვევა კომპაია „ელფის“ მხრიდან, კერძოდ: სასადილოს რეცხვა-დეზინფექცია არ მიმდინარეობდა დადგენილი სტანდარტით, ამიტომ, კანონის შესაბამისად, კომპანიას დროებით შეუჩერდა საწარმო საქმიანობის უფლება მანამ, სანამ პრობლემა არ აღმოფხვრა.
_ თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები ან სიახლეები უფასო სასადილოების მიმართულებით?
_ 2023 წელში ცვლლილებებს არ ველოდებით. 2024 წლის დაგეგმვა როგორც კი დაიწყება, შეიძლება გაითვალისწინონ და გაზარდონ თანხები. ვნახოთ, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. თანხა რომ ძალიან დაბალია, ცალსახაა. სხვათა შორის, რეგიონებში, სხვა ქალაქებში, უფრო მეტი ლარი იხარჯება, ვიდრე თბილისი ხარჯავს ერთ ადამიანზე უფასო სასადილოებში. ბორჯომში, მაგალითად, 2 ლარი და 47 თეთრია გამოყოფილი ერთი ადამიანის გამოსაკვებად, ქუთაისში _ 2 ლარი და 50 თეთრი. მოგეხსენებათ, თბილისის ბიუჯეტი ყველაზე მეტია საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, არადა, რეგიონებს შორის ყველაზე ნაკლებს იმეტებს ბენეფიციარებისთვის!
აქვე გეტყვით, რახან რეგიონები ვახსენე, საქართველოში არსებობს მთელი რიგი რაიონები, სადაც მოქალაქეებს შვიდივე დღეს არ კვებავენ. კვლევისას, როცა შესყიდვებს ვნახულობდით, გაგვიკვირდა, _ ჭიათურის, ცაგერის, კასპის მერია ბენეფიციარებს მხოლოდ 5 დღის განმავლობაში კვებავდა, არც სადღესასწაულო დღეებში იღებენ ამ რაიონებში ბენეფიციარები თავიანთ წილ ულუფას.
_ ეს როგორ, _ შაბათ-კვირას მოქალაქეებს საკვების მიღება არ სჭირდებათ ან დღესასწაულებზე?
_ სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერეთ, გამგეობებმა მოგვწერეს, რომ ორმხრივი შეთანხმების საგანი იყო ხუთდღიანი რეჟიმი. ბენეფიციარებმა და მიმწოდებელმა კომპანიებმა გაიარეს ეს საკითხი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები „დათანხმდნენ“ იმაზე, რომ მხოლოდ 5 ხუთი დღის განმავლობაში მიეღოთ საკვები, თქვეს, რომ შაბათ-კვირას დავისვენებთ საკვებისგანო?! ეს იმის ბრალია, რომ, ზოდგადად, ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოების პოლიტიკა, რაც სხვადასხვა რაიონსა და რეგიონში სვდსხვანაირად აისახება.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა ვაკის რაიონის გამგეობას და უფასო სასადილოების საკითხის ირგვლივ კონკრეტული კითხვებით მიმართა:
_ რამდენი უფასო სასადილო და ბენეფიციარი ჰყავს ვაკის რაიონს დღეს აღრიცხვაზე?
_ ვაკის რაიონის მასშტაბით სამი უფასო სასადილო ფუნქციონირებს. ამ სასადილოებით ყოველდღიურად 1600 ბენეფიციარი სარგებლობს ძირითადი სიიდან, ხოლო 160 მოქალაქე _ დამატებითი სიიდან.
_ იგეგმება თუ არა საკვებზე გამოყოფილი დღიური ბიუჯეტის გაზრდა ახლო მომავალში?
_ ბიუჯეტის დამტკიცება და ასევე მისი კორექტირება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის, მთავრობისა და საკრებულოს ჩართულობით არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით ხდება და ვრცელდება ერთიანად ათივე რაიონის უფასო სასადილოებზე. მიმდინარე ბიუჯეტი დამტკიცებულია 2023 წლის ბოლომდე.
_ ვაკის რაიონის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც ფიზიკურად ვერ გადაადგილდებიან, გათვალიწინებული არის თუ არა საკვების მიტანის სერვისი ბინაზე?
_ უფასო სასადილოების მომსახურება განკუთვნილია სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. აღრიცხვაზე არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა ქულა 200 000-ს არ აღემატება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სიაში იყვნენ ასევე შშმ სოციალურად დაუცველი პირებიც. ამ შემთხვევაში, აუცილებელია გამგეობაში მინდობილი პირის მიერ განაცხადის ჩაბარება. საკვებს სასადილოდან მინდობილი პირი გაიტანს.
აღსანიშნავია, რომ საკვების სახლში მიტანა პანდემიის პერიოდში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ამ დროს ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი ბენეფიციარების ნაწილისთვის. გამგეობის თანამშრომლების, ასევე მოხალისეების დახმარებით, სადილს ამ ბენეფიციარებს სახლში ვაწვდიდით.
_ არის თუ არა რელიგიური მრწამსის მიხედვით შედგენილი და გათვალისწინებული ბენეფიციარების მენიუ?
_ მენიუს რაც შეეხება, ათივე რაიონში, მერის ბრძანებით, ერთი და იგივე მრავალფეროვანი მენიუა და ის შედგენილია აუცილებელი კალორაჟის გათვალისწინებით. გამგეობის მიერ მენიუს შეცვლა დაუშვებელია.
_ როგორი პერიოდულობით და რომელი სამსახური ამოწმებს უფასო სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას?
_ უფასო სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. გეგმური შემოწმება ყოველი 6 თვის განმავლობაში ხდება; დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია კი, მინიმუმ, თვეში ერთხელ ხორციელდება. ასევე გამგეობაში შექმნილია ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც კვირაში მინიმუმ ორჯერ ამოწმებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასა და მომსახურების ხარისხს.
_ თქვენი, გამგეობის უშუალო ფუნქცია რაში გამოიხატება უფასო სასადილოებთან მიმართებით?
_ როგორც მოგახსენეთ, ძირითადი საკითხები, რაც ბენეფიციარებთან და კვებასთან არის დაკავშირებული, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის, მთავრობისა და საკრებულოს მიერ არის დადგენილი და განსაზღვრული. რაც შეეხება გამგეობას, ის პასუხისმგებელია შესრულების ხარისხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალის მოვალეობების პირნათლად შესრულებაზე, ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, საკვების ვარგისიანობაზე, რაც მაქსიმალურად კონტროლდება და სრულდება.