- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-20 07:25:37
თამუნა მჭედლიშვილი
„სულაკაურის გამომცემლობა“ ის გამომცემლობაა, რომელმაც პირველმა გააფერადა ჩვენი ბავშვების შავბნელი ყოფა, აღარაფერს ვამბობთ იმ საქმიანობაზე, რომლითაც დღემდე ჩვენს ახალგაზრდებს ანებივრებს უახლესი ლიტერატურით. ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური რიტორიკა გაააქტიურა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის სხვადასხვა ადამიანსა თუ დაწესებულებას თავს დაესხა. ერთ-ერთი მათგანი „სულაკაურის გამომცემლობა“ აღმოჩნდა, რომელიც ე. წ. ლგბტქ პროპაგანდაში თვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა, რომ, თურმე, „სულაკაურის გამომცემლობაზე“ „აღშფოთებულია საზოგადოება“!
პროპაგანდა აგებულია მე-17 საუკუნის მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, რვა წლის წინათ გამოსცა და დღეს ქსელში საერთოდ აღარ არის, რადგან წიგნი სრულად ამოყიდულია. პრემიერ-მინისტრის დადანაშაულებას ფეხდაფეხ მოჰყვა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაც: „საპატრიარქო მოუწოდებს პარლამენტს, კანონმა დაარეგულიროს ლგბტ პროპაგანდა“. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, „დასარეგულირებელ“ კანონს მიიღებენ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საპატრიარქოში არსებული კონკრეტული ჯგუფის გავლენა ვრცელდება ხელისუფლების ყველა შტოზე. ხელისუფლება და ეს გავლენიანი ჯგუფი კი ერთად გეგმავს, როგორ გახლიჩონ საზოგადოება!
რამდენიმე დღის წინ ორი პროვოკატორი დაქირავებული ქალი მიუვარდა „სულაკაურის გამომცემლობას“ სალანძღავი სიტყვებით, _ რატომ გვირყვნით ბავშვებს?
მე-17 საუკუნის ფრანგი მეზღაპრე, შარლ პერო, ყველას გაგვიგია, მის უსაყვარლეს ზღაპრებზე მსოფლიო ბავშვების თაობები გაიზარდა: „ცეროდენა“, „წითელქუდა“, „ჩექმებიანი კატა“... სხვათა შორის, შარლ პერო საბჭოთა კავშირის დროსაც ძალიან პოპულარული იყო და მისი უამრავი წიგნი გამოდიოდა ქართულ ენაზეც. მათ შორის იყო ერთ-ერთი ზღაპარი, სახელწოდებით „ვირისტყავა“, სწორედ ამ ზღაპარს გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. ზღაპარს, რომელიც მოგვითხრობს მეფეზე, რომელსაც ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავდა, მაგრამ იგი ერთ მშვენიერ დღეს მოუკვდა. მეფემ ისე განიცადა, რომ ჭკუიდან შეიშალა, მერე თავისი ქალიშვილი ვერ იცნო, შეუყვარდა და მასზე გადაწყვიტა დაქორწინება. ზღაპარი იმაზეა, თუ როგორ ცდილობს გოგონა, თავი დააღწიოს ამ ამბავს.
„აღშფოთებულებში“ პრემიერმა ღარიბაშვილმა, ალბათ, სწორედ ის ორი პროვოკატორი ქალი იგულისხმა, სულაკაურის გამომცემლობის წინ რომ ყვიროდა, _ თქვენ თვითონ ჩაუწვინეთ თქვენი შვილები ქმრებს ლოგინშიო. მადლობა ღმერთს, ერის ჯანსაღი ნაწილი ადეკვატურად რეაგირებს ქვეყანაში განვითარებულ წინასწარ დაგეგმილ თუ დაუგეგმავ მოვლენებზე. „სულაკაურის გამომცემლობას“ სოლიდარობა გამოუცხადა მწერალთა სახლმა, საქართველოს პენცენტრმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც პრორუსული ძალების მიერ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე შეშფოთება გამოთქვეს.
„მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის გამომცემლობის“ წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.
ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტქ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.
მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია, საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.
მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას, ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი მათი წაუკითხაობაა“.
„საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს „სულაკაურის გამომცემლობას“ _ სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ბავშვებს უცხო ღირებულებებს თავს ახვევენ. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა. ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთსა და მის მსახურებს“.
„ქრონიკა+“ დაუკავშირდა „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქალბატონ თინა მამულაშვილს. რედაქცია, პირველ რიგში, სოლიდარობას უცხადებს გამომცემლობას და ცრუ ბრალდებების გასაბათილებლად „სიმართლისა და სინათლის მოსაფენად“ ესაუბრება:
_ ქალბატონო თინა, სამწუხაროა, მოისმინო ბრალდებები, რასაც არაფერი საერთო აქვს თქვენს გამომცემლობასთან, მაგრამ... სულ ახლახან გაირკვა, რომ თქვენ მიერ შედგენილ და გამოცემულ სახელმძღვანელოებს გრიფი დაედო. ხომ არ გახდა ეს ფაქტი გამომცემლობის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური კამპანიის ერთ-ერთი მიზეზი? ვინმეს ბიზნესინტერესები ხომ არ გადაკვეთეთ? რასთან გაქვს საქმე, გაარკვიეთ?
_ ძალიან არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და ამიტომ მგონია, რომ კავშირი არ აქვს სახელმძრვანელოებს ამ მართლაც ბინძურ კამპანიასთან, თუმცა ზოგიერთმა გამოთქვა ეს ვარაუდი, სხვათა შორის. ეს წიგნები კი ექვსი და რვა წლის წინათ გამოიცა, სამ წელზე მეტია, აღარ არის ქსელში. ჩვენ თავიდანვე გაგვიჩნდა ეჭვი _ მიზანმიმართულად ხომ არ ააგორეს ჩვენ მიმართ ეს კამპანია, რადგან ძალიან უცნაური იყო, წიგნები ხომ აღარ იყიდება, რა მოთხოვნაზეა საუბარი? რა უნდათ მაშინ, როცა აღარ არის აქტუალური თითქოს?.. მაგრამ შემდეგ, როდესაც გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და საპატრიარქომაც გაავრცელა მიმართვა, გამოიკვეთა, რომ ამზადებდნენ საზოგადოებრივ აზრს, რათა „დაარეგულირონ ეს თემა“. ანუ გეგონება, ჩვენს ქვეყანაში სხვა არსებითი პრობლემა არაფერია... ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში: ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ ბავშვებს, განათლების პრობლემა, წერა-კითხვის, სხვა თუ არაფერი, _ ყველა საერთაშორისო კვლევით, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა ამ მხრივ; კვების პრობლემა დგას ბავშვებში, _ სკოლაში საუზმესა და სადილს ვერ ყიდულობენ... ამიტომაც მათი სწავლის შედეგი არის კატასტროფული ამ თვალსაზრისით. ხშირად მასწავლებელი აჭმევს მოსწავლეს, გული რომ არ წაუვიდეს... და უცებ, წინა პლანზე მოდის თემა, რომელიც არც აქტუალურია და თავისთავადაც აბსურდია! პროპაგანდით როგორ შეიძლება ორიენტაციის შეცვლა, ეს გამორიცხულია და დამტკიცებულია მსოფლიოში. შესაბამისად, მერე დალაგდა ფაზლის ნაწილებივით, ვითომ საზოგადოების აზრის მობილიზება მოახდინეს ამით და ვითომ საზოგადოება ძალიან წუხს ამ საკითხებზე. ცხადია, ადამიანს რომ არასწორ ინფორმაციას მიაწვდი, იგი შეწუხდება. მეც რომ არ ვიცოდე, რაზეა საუბარი, მეც გავბრაზდებოდი და აღვშფოთდებოდი. როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი? სინამდვილეში, შარლ პეროს დახვრეტას როცა ითხოვს ხალხი, რა საზოგადოებრივ აზრზე ვლაპარაკობთ, წარმოუდგენელია!
ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან. თუ პრემიერი საუბრობს დარეგულირებაზე, და არა მარტო პრემიერი, ხომ არ გულიხმობს ეს იმ კანონის შემოტანას, რომელიც, თავის დროზე, კიდევ ერთმა დეპუტატმა გააჟღერა და ეს კანონი, ფაქტობრივად, ცენზურას დააწესებს საქართველოში? თუ გახსოვთ, ფრიდონ ინჯიამ გააჟღერა 2 მაისს პირველად პარლამენტში, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი...
_ ფიქრობთ, ხელისუფლება და საპატრიარქო გამიზნულად, სინქრონში ცდილობს ხალხის სახელით და მოთხოვნით ცენზურის დაკანონებას ქვეყანაში?
_ დიახ, გამოდის, რომ მათ უნდათ, მოამზადონ საზოგადოებრივი აზრი, ვითომ საზოგადოება ითხოვს ამ კანონს, სინამდვილეში კი ისინი არიან მართულები და ავრცელებენ დეზინფორმაციას. შესაბამისად, საზოგადოების ის ნაწილი აღშფოთდება, ვინც არ იცის, რა ზღაპარზეა საუბარი. სოციალურ ქსელში კომენტარი შემხვდა: „შარლ პერო „ნაცია“ და უნდა დაიხვრიტოსო“, _ წარმოგიდგენიათ, ავტორზე ამბობენ ამას!
_ რამდენიმე დღის წინ ორი ახალგაზრდა ქალბატონი რომ მოგივარდათ გამომცემლობაში, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, გაირკვა?
_ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ, პოლიცია გამოვიძახეთ, ერთ-ერთი აღმოჩნდა ხატია ჯანაშია. პოლიციამ თქვა, რომ იცნობდნენ, _ მათვე დაუწვამთ საკრებულოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დროშები... ეს ქალები აფილირებულები არიან „ალტ-ინფოსთან“ და გაირკვა, რომ არანაირი დედები არ არიან...
_ ე. ი., პროვოკაციის კვალი ხელისუფლებისკენ მიდის...
_ სამი წელია, ეს წიგნები აღარსადაა ქსელში, არ იყიდება. ფიზიკურად მაღაზიაში ვერ იყიდის ადამიანი. ჯერ ეს ერთი და რომც იყიდებოდეს, რა პრობლემაა? ზღაპარია! რა ლგბტ ნიშნებს უნდა შეიცავდეს მე-17 საუკუნის ზღაპარი? მაგრამ, რეალურად, თემა დასჭირდათ საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად, მოძებნეს და გამოამზეურეს ახლა. მთავარი ჩვენზე შეტევა არ არის, საგანგაშო ის გახლავთ, რომ თუ შემოიტანეს კანონი ცენზურის შესახებ, რაც შემოღებულია რუსეთში ათი წლის წინ, რამაც გამომცემლობებს, პრესას, ტელევიზიებს, კინოს, ყველა სფეროს შეუქმნა პრობლემა, ჩვენც იგივე მოგველის. ხომ ვიცით და გამოვიარეთ, რა იყო ცენზურა თავის დროზე? ცენზურის ეპოქაში ვცხოვრობდით საბჭოთა ეპოქაში _ ხალხი ხელნაწერ წიგნებს კითხულობდა და ავრცელებდა... მანდ გვინდა დაბრუნება?! ძალიან მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც რამე ტიპის გამომცემლობასთან, მედიასთან არის დაკავშირებული _ არანაირი ცენზურის დაწესება საქართველოში არ შეიძლება! ეს იქნება ამ ქვეყნისთვის დამღუპველი! იმ ქვეყნისთვის, რომლის ერთადერთი მყარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ესეც თუ აღარ გვექნება, მაშინ რაღა ქვეყანა ვიქნებით?!
_ გეთანხმებით და სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ცენზურის დაუშვებლობაზე იყო გამოხმაურება თქვენი გამომცემლობის მისამართით. გაკეთდა არაერთი განცხადება სოლიდარობის შესახებ მწერალთა კავშირისა და საქართველოს პენცენტრის მხრიდან საჯაროდ...
_ ძალიან დიდი მადლობა მინდა პირადად გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელიც გამოგვეხმაურა. მათთვის ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ჩვენს საქმიანობას და ვინც იცის, რომ 24 წელია, ვშრომობთ და ნულიდან ავაწყვეთ გამომცემლობა, გავაკეთეთ ამდენი რაღაცა ქვეყნისთვის. ორი წიგნი რომ ამოგვიჩიჩქნეს, წელიწადში 500 წიგნს გამოვცემთ! ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ იტყუებიან, ვითომ სახელმძღვანელოებშია ეს ზღაპარი შეტანილი. ამით ხალხი შეჰყავთ შეცდომაში.
_ სახელმძღვანელოში არ ყოფილა შეტანილი ეს კონკრეტული ზღაპარი?
_ არა, ეს იყო პატარა სერია, ცალკე წიგნებად იყო გამოცემული. არანაირ სახელმძღვანელოში არ ყოფილა შესული და ესეც აღშფოთებას იწვევს. არა, ბატონო! სახელმძღვანელოს ნაწილი არასოდეს ყოფილა ზრაპარი „ვირისტყავა“.
_ ე. ი., მავანთ ბოდიში აქვთ მოსახდელი ცრუ ბრალდებისთვის...
_ არანაირი ბიდიში, ბოდიშს არავინ მოგვიხდის. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, იმიტომ რომ ეს კანონი, რომელიც ძალიან წარმატებით მიიღეს რუსეთში, ჩვენთანაც არ დაამკვიდრონ. ამ კანონის დამკვიდრება ნიშნავს იმ ორგანიზაციებისთვის პირდაპირი ცენზურის დაწესებას, რომლებიც თავისუფლად ოპერირებენ. ეს დაუშვებელია. რა შუაში ვართ საერთოდ? თვითონ ეს ფორმულირება რუსეთშია მოგონილი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის კითხვის პრომოუშენი, კითხვის პროპაგანდა, განათლების პროპაგანდა და არა ლგბტქ-ს პროპაგანდა.
_ საბავშვო ბაღებიც იყო ნახსენები, თითქოს სქესის განსაზღვრის მიმართულებით პატარა ბავშვებზე ახდენენ ზეწოლას და გავლენასო...
_ შოკში ჩავვარდი, ეს რომ მოვისმინე... საზღვარგარეთ ხდება ბაღებშიო... და მე ნამყოფი ვარ იქაურ საბავშვო ბაღებში, ნანახიც მაქვს, რა საყვარელი გარემოა შექმნილი. იქ რომ ვნახე ბავშვებისთვის გარემო, ისეთი სხვაგან არსად მინახავს. რას ეყრდნობა ეს ინფორმაცია? მე შემიძლია ჩვენს გამომცემლობაზე ვისაუბრო. ჩვენი მისია არის, ფაქტობრივად, წერა-კითხვის გავრცელება საქართველოში, არა იმ სახით, როგორც იყო მე-19 საუკუნეში, მაგრამ კითხვის პრომოუშენი _ დიახ! ამაზე დღე და ღამე ვზრუნავთ, ათას პროგრამას ვქმნით, რომ ბავშვს კითხვა შევაყვაროთ. აი, ეს არის ჩვენი მიზანი.
_ და როგორი აქტუალურია თქვენი მიზანი გაჯეტების ეპოქაში, რამდენი ბავშვია დმოკიდებული, მიჯაჭვული ახალ ტექნოლოგიაზე დღეს...
_ გაჯეტებს ვერ ავუკრძალავთ... მაგრამ ბავშვს თუ თავიდანვე არ შეაყვარე კითხვა, მაშინ ეს ზღაპრები რას ემსახურება?.. ჩვენი წიგნები რას ემსახურება? _ კითხვები რომ გაუჩნდეთ ბავშვებს, გაიფართოონ ჰორიზონტი, განუვითარდეთ ემპათია სხვების მიმართ... აბა, სხვანაირად როგორ ხდება? მარტო გაჯეტებით ეს ვერ მოხერხდება. კითხვის გარდა ამას რომელი საშუალება გააკეთებს? მთელი სული და გული გვაქვს ჩადებული. ჩვენი არსი და მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა შეიყვაროს კითხვა. ამ ქვეყანაში იყოს მკითხველი და განათლებული თაობა. ეს არის ძალიან მკაფიო მისია ჩვენი, რომლისთვისაც არასოდეს გადაგვიხვევია 24 წლის განმავლობაში!
_ ხომ არ აპირებთ, საჯაროდ უპასუხოთ პრემიერს ან განმარტება გააკეთოთ საპატრიარქოსთვის? _ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჟურნალისტებს, ავტორებს, საზოგადოებას, ორგანიზაციებს, კოლეგებს გამოხატული სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენი პასუხი და სათქმელი ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ცენზურის შემოღება ამ ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი, ეს არ უნდა დავუშვათ! საზოგადოების ჯანსაღმა წარმომადგენლებმა თუ ეს გაიგეს, რომ ამხელა მხარდაჭერა გაგვიკეთეს, ტყუილად არ გვიშრომია!. თუ მათ ჰყავთ ვინმე, ვინც თვალს ადევნებს სოციალურ ქსელებს, დაინახავდა, რამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საზოგადოებამ და ჩვენმა მკითხველებმა და თუ რამის პროპაგანდას ვეწევით, ეს არის განათლებისა და კითხვის პროპაგანდა! ეს არის ჩემი გამომცემლობის მისია! ჩვენთან მუშაობენ წიგნის მკითხველები, ადამიანები, რომლებსაც წიგნები უყვართ, _ ისე ვერ იმუშავებენ ამ სფეროში. ეს სფერო ხომ ურთულესია და ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება... 24 წელი ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენეთ ეს ყველაფერი, შესაბამისად, თაობები გაიზარდნენ ჩვენს წიგნებზე. მე ბედნიერი ვარ ამით. იცით, ბავშვმა, როდესაც ჩვენი მაღაზიის გახსნას შეესწრო შემთხვევით ქუჩაში, მითხრა, მე თქვენი წიგნებით გავიზარდეო. ამით მივხვდი, რომ ჩემი მისია შესრულებული მაქვს, _ ამოწურული არა, მაგრამ თუნდაც ერთმა ბავშვმა რომ მითხრა ეს, რაც მიზნად დავისახე, ე. ი., მომიხერხებია, ერთ კონკრეტულ ბავშვს, რომელიც ქუჩაში მოდის, შევაყვარე წიგნი და თან მე მას არც ვიცნობდი! ფეისბუქზე გვწერენ მასწავლებლები, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვა ჩვენი გამოცემული ლიტერატურით შეიყვარეს _ ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერებაა, რომ ყველა სალანძღავ სიტყვას გადაწონის. მზად ვარ, გავაგრძელო ისევ ის საქმიანობა, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი, თან უფრო მეტი შემართებით. გამომცემლობის სახელით გეტყვით, რა თქმა უნდა, ამ გზის გავლა ჩვენი ერთგული მკითხველის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ.