- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-20 07:09:16
თამუნა მჭედლიშვილი
სართველოში ზღვის სეზონია, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მზიანი ამინდების პროგნოზია, მაგრამ... ჩვენი მოქალაქეები, ერთგვარი შიშისა თუ დეზინფორმაციის, თუ გნებავთ, ჭორის ფაქტორის გამო, თავს იკავებენ დასასვენებლად საქართველოს ზღვის კურორტებზე წასვლისგან. მოსახლეობა გაურკვევლობაშია. უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებულმა ინფორმაციებმა დააბნია ხალხი და მათში ერთგვარი უნდობლობა გამოიწვია შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებამ.
აქვს თუ არა შფოთვის საფუძველი საქარველოს მოსახლეობას და რა რეალური მოცემულობაა დღეს შავი ზღვის აუზში ეკოლოგიური თვალსაზრისით? „ქრონიკა+“ ამ საკითხის გარშემო სასაუბროდ დაუკავშირდა გარემოს დამცველსა და ეკოლოგ კახა გუჩმანიძეს:
_ ბატონო კახა, როგორი საერთო სურათი გვაქვს დღეს შავი ზღვის აუზზე? კახოვკის ჰესის აფეთქების ფონზე, ეკოლოგიური თვალსაზრისით, მდგომარეობა როგორია?
_ კახოვკის ჰესი, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რომლის კონდიცირებასა და გამაგრილებელ სისტემებს უზრუნველყოფდა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური. მოგეხსენებათ, მისი ერთი ნაწილი იყო ოკუპანტების მხარეს და დაინაღმა. საერთოდ, ყველანი ვთანმხდებით, რომ ის ტერაქტი, რომელიც განხორციელდა კახოვკის ჰესზე, იყო ჰუმანიტარული კატასტროფა და საკმაოდ დიდი მასშტაბის ეკოციდი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა შავი ზღვის ბიომასას.
_ რა გამოიწვია ამ ჰესის აფეთქებამ?
_ დნეპრი ძალიან დიდი მდინარეა და უკრაინული მხარის თქმით, ჰესის ტურბინებში იყო ნავთოპროდუქტები, _ 150 ტონაზე მეტი, ჰიპოთეტურ დონეზე. სავარაუდოდ, ის მოხვდა მდინარე დნეპრში, იქიდან კი _ შავ ზღვაში. მდინარეში ასევე შევიდა დიდი რაოდენობით ორგანული ნარჩენი: ცხოველთა გვამები, ადამიანთა გვამები, სასოფლო-სამეურნეო გადანარეცხები... ესენია: პესტიციდები, ჰერბიციდები და სხვადსხვა ტიპის ქიმიური ნარჩენი... რა თქმა უნდა, საბრძოლო მასალაც, რომელიც საბოოლოდ მოხვდა შავ ზღვაში. ამ ფაქტმა გამოიღო ის უარყოფითი შედეგი, რისი დასტურიც აფეთქებიდან რამდენიმე დღეში დაფიქსირდა, კერძოდ, ოდესის სანაპირო ზოლზე არსებული ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელი სისუფთავით არც მანამდე გამოირჩეოდა, კატასტროფულია. გახშირდა ეუტროფიკაცია, ანუ შეწონილი ნაწილაკები აღმოჩნდა 2-ჯერ მეტი დასაშვებ ზღვარზე, ხოლო მარილიანობა დასაშვებ ზღვარზე 3-ჯერ ნაკლები. იქთიოლ ფაუნა განადგურდა, დაიღუპა უამრავი თევზი იმავე დღეს, რის გამოც, დროთა განმავლობაში, უარყოფით შედეგებს იგრძნობს უკრაინა და მისი მიმდებარე ქვეყნები.
_ როგორია, კერძოდ, საქართველოს შავი ზღვის ეკომდგომარეობა? როდის მოაღწევს ჩვენს სანპირო ზოლზე კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურება და როგორ აისახება ეს საქართველოს შავი ზღვის საბანაო წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე?
_ ეს ყველაფერი უნდა ჩამოიტანოს დინებამ. დავიწყოთ თავიდან: შავი ზღვის ზედაპირული დინებები, როგორ მოგეხსენებათ, წარმოიქმნება ქერჩის სრუტეში და შემდგომ მასზე გავლენას ახდენს ქარის მიმართულებები, ზოგადად, სანაპირო ზოლის მორფოლოგია. ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, სადაც ჩაედინება მდ. დნეპრი, ერთ-ერთი მთავარი ადგილია ამ ზედაპირული დინებების წარმოქმნისა. მისი დომინანტური მიმართულება არის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, რაც ნიშნავს შემდგომს: ციკლური ზედაპირული დინება ჯერ გაივლის რუმინეთს, ბულგარეთს, აღმოსავლეთ ვარნას, შემდეგ კი მიმართულებას აიღებს ბოსფორის მიმართულებით. ბოსფორიდან იხრება აღმოსავლეთისკენ და ანატოლიის დაბლობისკენ მოემართება. შემოდის ჩრდილო- დასავლეთისკენ, ანუ საქართველოს ზოლისკენ. საკმაოდ დიდი მანძილია გასავლელი. ეს ციკლონური წრე იყოფა ორ ნაწილად _ ერთი უერთდება ანატოლიის დინებას, მეორე კი _ ყირიმთან შეერთდება და, შესაბამისად, წარმოიქმნება ორი ციკლონური წრე. აქედან გამომდინარე, ამ გეოგრაფიის წყლის ზედაპირული მოდული დინებების გათვალისწინებით, დამაბინძურებლები, რომელთაც შესაძლოა შემოაღწიონ საქართველოში, უნდა გაიარონ, არაუმცირეს, 1700 კილომეტრისა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უკრაინა, ჯერ ისევ საომარ სიტუაციაშია და არ ვიცით ბოლომდე, კონკრეტულად რა დამაბინძურებლები და რა რაოდენობით შემოვა ზღვაში ან რა რაოდენობით შემოვა სამომავლოდ. თუმცა მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, ხაზს ვუსვამ, რომ უკანასკნელ პერიოდში გაჟღერებული და გააქტიურებული პროპაგანდა, უფრო სწორად, მოსახლეობის პანიკა, არის უსაფუძვლო! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლის დაბინძურების ალბათობა კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული დამაბინძურებლებით, არის მინიმუმზე მინიმალური! რადგან, ზოგადად, ზღვასაც გააჩნია თვითფილტრაციის უნარი, ამას დავუმატოთ მისი მიკროორგანიზმები, რომლებიც ამ დამაბინძურებლებს გადაამუშავებს. მეორე, ეს დინება პირდაპირ არ მოძრაობს და მას თავისი სიჩქარე აქვს, _ თუ რამე დამაბინძურებელი შემოვა, სადღაც შეიძლება შემოდგომისთვის ველოდოთ. ჰიპოთეტურ დონეზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დამაბინძურებლები ვერანაირად ჩამოაღწევენ საქართველოს აკვატორიამდე, ანდა თუკი ჩამოაღწევენ, ეს მასალა იქნება იმდენად მინიმალური, რომ ზღვის საბანაო წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
_ როგორი სურათია იქთიოლ ფაუნასთან მიმართებით, თამამად შეგვიძლია მივირთვათ თევზი?
_ რაც შეეხება იქთიოლ ფაუნას, სარეწაო მასალებს, რომელიც ფორმირდება ჩრდილო-დასავლეთით, რა თქმა უნდა, ზიანი მიადგა მას, უკრაინისთვის ცალსახად ცუდი შედეგები მოჰყვა. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გახდება საჭირო. რაც შეეხება საქართველოში დომინინანტურ მარაგებს, ის ფორმირების ლოკალიტეტიდან გამომდინარე, მიგრაციის სფეციფიკიდან, სიჩქარიდან გამომდინარე, თუ სად ფორმირდება ეს სახეობები, ძირითადი ფორმირების ადგილია სამხრეთ-აღმოსავლეთი ღია ზღვა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ალბათობა, რომ იქთიოლ ფაუნაში შევიდეს დამაბინძურებლები და ეს ყველაფერი მოხვდეს ჩვენს კვებით ჯაჭვში, ვფიქრობ, საკმაოზე მინიმალურია და საგანგაშო სიტუაცია ამ მხრივაც არ არსებობს.
მეცნიერების, ეკოლოგებისა და გარემოს დამცველების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ზედაპირული დინებების სიჩქარისა და მიმართულებების გათვალისწინებით, იქთიოლ ფაუნისა და სარეწერო მარაგების ჩამოყალიბების ლოკალიტეტისა და მიგრაციის გათვალისწინებით, ჩვენს სანაპირო და სარეწაო ზოლს, ასევე მარაგებს, საფრთხე არ ემუქრება. თუ დაემუქრება, იქნება იმდენად მინიმალური, რომ ვერ იმოქმედებს ვერც ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე და ვერც სარეწაო მარაგებზე. შანსი ჩვენი აკვატორიის დაბინძურებისა არის მინიმალური. ეს კი გვაძლევს საფუძველს, რომ მშვიდად ვიყოთ. აქვე, ჩემი მოწოდება იქნება, რომ გახშირდეს და გააქტიურდეს კონტაქტი რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის სახელმწიფო ორგანოებთან ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ისინი მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ზღვის წყლის კონტროლ- მონიტორინგს და ასევე იქთიო ფაუნის მონიტორინგსაც...
_ ეს ჩვენ რას მოგვცემს?
_ გვეცოდინება, რა მდგომარეობა იქნება მეზობელ ქვეყნებში. დღეის მდგომარეობით არ შეიმჩნევა ბულგარეთში რაიმე სახის დამაბინძურებლების არსებობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავაგრძელოთ დაკვირვება, რა მოხდება უახლოეს თვეებში. ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურ ინტერაქციაში ხელისუფლებასთან. სწორედ მათი დაკვირვების ანალიზი იქნება ხიდი და წინაპირობა იმისა, რომ ვიყოთ თუ არა დამშვიდებულები მომავალში _ სიფრთხილეს თავი არ სტკივა... მოგეხსენებათ, ადგილობრივი გარემოს დაცვის სამმართველო ახორციელებს მონიტორინგს _ 10 დღეში ერთხელ ხდება შემოწმება, რამდენია ზღვაში მარილიანობა, ნიტრატი, ჟანგბადის ხარისხიანობა, ამონიუმი, ფოსფატი, რკინა, სპილენძი, ნიკელი, ტყვია, მანგანუმი და ნახშირწყლები...
_ იზოტოპების შემცველობა თუ მოწმდება?
_ იზოტოპების თაობის კვლევას ახორციელებს ბულგარეთი, მათ ამის შესახებ გამოაქვეყნეს კვლევა და რადიაქტიური ნარჩენები შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში არ დაფიქსირდა. ალბათობა იმისა, რომ რადიაქტიური სამარხებიდან ნარჩენები მოხვდა ზღვაში, მცირეა და ეს ინფორმაცია გაეროს ატომური სააგენტოს მხრიდანაც არ დაფიქსირებულა.
_ არის შანსი იმისა, რომ ინფორმაცია დამალონ და გაასაიდუმლოონ რადიაქტიური სამარხების ნარჩენების შავ ზღვაში ჩადინება?
_ გაეროს ატომურ სააგენტოს ეს საკითხი მუდმივ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. როგორც გარემოს დაცვის სააგენტომ და მსოფლიო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, სპეციალისტები ახორციელებენ მუდმივ კონტროლს და რაიმე ტიპის შეფერხება ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა. ისინი გვარწმუნებენ, რომ რამე ტიპის შეფერხება რომც აღიწეროს, სამოქმედო გეგმა აქვთ შემუშავებული. ამიტომ რისკები მინიმალურია. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სატელიტიდანაც აკვირდებიან შავი ზღვის აუზს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომელიმე ქვეყნის მხრიდან მსგავსი ტიპის დაბინძურების დამალვის ფაქტის ალბათობა მინიმუმზეა დაყვანილი. დღეს არ არის საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა ჩამოფარებული, რომ რამე დაიმალოს ჩერნობილის ფაქტის მსგავსად, ამას გამოვრიცხავ.
_ მოსახლეობა ნერვიულობს, საკითხის გარშემო ინფორმაცია არაერთგვაროვანია... არადა, ზღვის სეზონია...
_ მესმის, რადგან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მოთხოვნა, ჩემი რჩევაა სახელმწიფო ორგანოების მიმართ, ნაცვლად 10 დღისა, თუ ყოველდღიურ რეჟიმში ვერ მოხერხდება, 5 დღეში ერთხელ მაინც გაკონტროლდეს ზღვის საბანაო წყალი კონტროლი, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ინტერაქცია მოსახლეობასთან. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ დღეებში და რომელ ლოკაციაზე დაირღვა დადგენილი ნორმები. მოგეხსენებათ, ასოცირების ხელშეკრულებას შევუერთდით, რომელსაც აქვს ზღვის საბანაო წყლის დადგენილი მეთოდური მითითებები. ის ზუსტად განსაზღვრავს, დირექტიულ დონეზე, თუ როგორ უნდა იდენტიფიცირდეს დაბინძურებული ლოკაციები და როგორ უნდა გაკონტროლდეს ზღვის საბანაო წყალის. აქედან გამომდინარე, თუ ეს მითითებები მაქსიმალურად იქნება დაცული, რეალურად გვეცოდინება შავი ზღვის აკვატორიის მდგომარეობა.