- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-07-19 10:08:18
ელისო კილაძე
ამბავი, ალბათ, უნდა დავიწყო იმით, რომ ის შვიდი თვე, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე გავატარე, სერიოზული გამოცდილება იყო. ამ ხნის განმავლობაში იმჟამინდელი გუბერნატორისა და მერის მისაღებში არაერთი ის ადამიანი მინახავს, რომელიც დღეს რეჟიმის მსხვერპლად აცხადებს თავს. ისინი ითხოვდნენ ბიზნესებს, ტენდერებს, პრივილეგიებს, უბრალოდ, უნდოდათ, ხელისუფლების გვერდით გამოჩენილიყვნენ და ერთგულება დაემტკიცებინათ. ცოტანი ნამდვილად არ იყვნენ. ვინც იმ წლებში ქუთაისის მერიაში მუშაობდა, დამემოწმება, რომ პირი, რომელზედაც ახლა ვწერ, გამორჩეულად ამაზრზენად იქცეოდა, _ მას ნახავდით ყველგან: მერის მისაღებში, თანაშემწეების ოთახში, გუბერნატორის მისაღებში, ღონისძიებებზე თანამდებობის პირების ზურგსუკან და ჩრდილში; ერთხელ გუბერნატორის მისაღებში კაკო ბობოხიძეს ფეხსაცმელზე შეხსნილი თასმის შეკვრაც კი შესთავაზა.
მოკლედ, ეს პირი კახა აბზიანიძეა, _ როცა სჭირდება _ ბიზნესმენი, როცა სჭირდება _ კრიმინალი და როცა სჭირდება _ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კახა აბზიანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხურვალე მხარდამჭერიდან „ოცნების“ საარჩევნო შტაბის „ტიტუშკად“ გადაიქცა. ის იდგა „ნაცებთან“ და ოპოზიციურ მედიასთან ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც აგრესია და ფიზიკური დაპირისპირება სჭირდებოდათ, ასრულებდა ყველაზე ბინძურ დავალებებს და ითავსებდა ფეისბუქტროლის ფუნქციას. პირველად მისი გვარი საჯაროდ გამოჩნდა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, MDF-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიის“, GDS-ის, „რუსთავი 2-ისა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე.
8-9 ოქტომბერს, არჩევნების გაშუქების პროცესში, ქუთაისსა და თბილისში ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ორი ინცინდენტი დაფიქსირდა.
„ტვ იბერიის“, GDS-ის, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უცნობმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს კი მიკროფონი წაართვეს. ამავე დროს, მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მოძალადეები ჰომოფობიური სიტყვებით მიმართავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს.
რეგიონულ გამოცემა Kutaisi Today-ს ინფორმაციით, ამ დავალებას ხელმძღვანელობდა იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, გიორგი ჭიღვარია, რომელიც, ამავე დროს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი იყო; ასევე საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ლევან გოგელაშვილი; მათთან ერთად ახალგაზრდების დაპირისპირებას ხელმძღვანელობდნენ კახაბერ აბზიანიძე, გოჩა ავალიანი, გიორგი სვანიძე და გია ჯინჭარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
მეორე ინცინდენტი მოხდა 9 ოქტომბერს, დაახლოებით, 01:30 წუთზე პასტერის ქუჩაზე, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთის“ ოფისთან, სადაც რედაქციის ცნობით, 20-მდე ახალგაზრდა იყო შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთში პოლიტიკურ ნიადაგზე ჩხუბობდნენ. „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი აღნიშნულ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდა, რა დროსაც ახალგაზრდებმა მას გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც რეპორტიორს ტელეფონის კვების ბლოკი დაუჯდა, ახალგაზრდებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოფისამდე გაჰყვნენ. რეპორტიორმა რედაქციაში შესვლა მოასწრო.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ მოკვლევა დაიწყო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით.
სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლა ისჯება ჯარიმითაც და თვისუფლების აღკვეთითაც, თუმცა არც ერთ შემთხვევაში თავდამსხმელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კახა აბზიანიძეს სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი მფარველობდა, ის იყო მისი და დიტო სამხარაძის დავალებების უპირობო შემსრულებელი, მათი დავალებით ავრცელებდა უამრავ სიბინძურეს ჩემ წინააღმდეგაც.
ადგილობრივი ძალადობის მასშტაბს აბზიანიძე უკვე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ გასცდა. ბევრს ახსოვს 2021 წლის 26 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან მოწყობილი „რეჟიმის მსხვერპლთა“ აქცია, სადაც, ძირითადად, რეგიონიდან ჩამოყვანილი „მეტადონშიკები“ მონაწილეობდნენ. ამ აქციაზე ორგანიზატორებს შორის კახა აბზიანიძე გამოჩნდა. ქუთაისის კოლონა სწორედ მან მიიყვანა ციხესთან. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები ეწეოდნენ ქურდული სამყაროს პოპულარიზაციას, პირდაპირ აგინებდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და წინა ხელისუფლების მაღალჩნოსნებს. ეს იყო კრიმინალების დემარში რუსთავის ციხესთან.
„ჟოროვიჩი“, ანუ კახა აბზიანიძე, რუსთავის ციხესთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სწორედ „კანონიერი ქურდების“ სახელით იყო. ის ქუთაისელი „კანონიერი ქურდის“, „რამაშკას“ ძმისშვილი და ასევე „კანონიერი ქურდის“, ბესო აბზიანიძის ბიძაშვილია.
სოსო გოგაშვილთან ერთად მას აქტიურად მფარველობდა სუსის უფროსის კიდევ ერთი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე. გოგაშვილისა და ტაბატაძის სუსიდან წასვლის შემდეგ ის, ფაქტობრივად, „კრიშის“ გარეშე დარჩა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს აბზიანიძე რამდენიმე შპს-ს მფლობელი იყო, მათ შორის, შპს „რადო ოილისა“ და შპს „ბორანის“, ამავე პერიოდში კი მან რამდენიმე მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება შეიძინა. ის ფლობდა ასევე წილებს კომპანიებში „სპექტრი“ და „ნოკა“. მისი შვილის სახელზეა რეგისტრირებული შპს „სობრანო“.
„ტიტუშკად“ მუშაობის დროს, 2015 წელს, მან დააფუძნა შპს „სკაიფორტი“ და სამშენებლო ბიზნესში სცადა ბედი.
აქედან იწყება სწორედ ისტორია, რომელიც „ქრონიკა+“-ს ქუთაისლებმა უამბეს.
რუსთაველისა და გორის ქუჩების კვეთაზე, ბარათაშვილის ქუჩის კუთხეში, კომპანიამ 1569 კვ. მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა და მასზე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. მოგვიანებით, 2021 წლის მაისში კი აბზიანიძეს მადა კიდევ უფრო გაეზარდა, ათსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული დაშენება და მშენებლობის ნებართვა ითხოვა და როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირმა, მიიღო კიდეც. შესაბამისს ბრძანებას ხელს აწერს სააგენტო „ქუთაისის“ არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსი, რუსუდან ჩინჩალაძე. ბრძანება 2021 წლის მაისითაა დათარიღებული, ნებართვის ვადა 24 თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადა უკვე გასულია და სანებართვო პირობების დარღვევისთვის აბზიანიძე უნდა დაეჯარიმებინათ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2015 წლიდან მშენებლობა პროექტის დარღვევით მიმდინარეობს, კომპანიას აქვს საგადასახო დავალიანება, ასევე იმ მოსახლეობის ბინის ქირის დავალიანება, რომელიც აღნიშნული მიწიდან აყარა, ქირით გაიყვანა და საცხოვრებელ ფართს ამ დრომდე ელოდება. კომპანიას არ ჰყავს ბუღალტერი და, ფაქტობრივად, არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, დარღვეულია პროექტის შესაბამისობა, არ აქვს გაკეთებული განშლა და დაგეგმარება; გაყიდული აქვს აღურიცხავი ფართები და ხშირად _ ერთი და იგივე ფართი რამდენჯერმე, შპს „სკაიფორტს“ ადევს საგადასახადო გირავნობა და ყადაღა, რის გამოც უკვე გაყიდულ ფართებს მფლობელები ვერ იფორმებენ; აქვს სამშენებლო მასალების მიმწოდებელი კომპანიების დავალიანება და 2015 წელს დაწყებული და 2021 წელს დაკორექტირებული (დაშენების უფლებით) მშენებლობა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადით და მიზეზით შეჩერებულია. არავინ იცის, როგორია მშენებლობის სეისმური მდგრადობა და გამოიყენება თუ არა ხარისხიანი სამშენებლო მასალები.
მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელმა სამშენებლო ნებართვა რომ მიიღოს, მას საკმაოდ მკაცრი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა უწვეს: უნდა დადგინდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საპროექტო დოკუმენტაციის კონსტრუქციულ ნაწილში განსაზღვრულია არმატურის ზომები და ბეტონის მარკაც კი კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია, რომ სამშენებლო კომპანიამ მუდმივად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ადგილობრივი მერია, რა ეტაპზეა სამუშაოები და როგორ მიმდინარეობს იგი. ამავე დროს, მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, შეამოწმოს, არის თუ არა მშენებლობის დროს გამოყენებული იმ ხარისხის სამშენებლო მასალები, რომელიც პროექტით იყო გათვალისწინებული?
რუსთაველის ქუჩაზე დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობაზე მსგავსი არაფერი ხდება, არც მერია რეაგირებს აღნიშნულ დარღვევებზე.
რას უყვებიან „ქრონიკა+“-ს მობინადრეები, რომლებიც წლებია, სამშენებლო ფართს ელოდებიან:
_ როცა აბზიანიძეს სჭირდება, მეანაბრეებს „კანონიერი ქურდების“ სახელით აშინებს და ეუბნება, რომ თუ ჭკუით არ იქნებიან, იმ ფართსაც დაკარგავენ, რაც ხელშეკრულებით აქვთ მიღებული. ამის გამო, ბევრი მობინადრე ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს და ელოდება დროს, როცა აბზიანიძე მშენებლობას დაასრულებს. მაგრამ უფრო ხშირად „ოცნებასთან“ დაახლოებული პირი სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილის სახელს ახსენებს, აშინებს არა მხოლოდ მობინადრეებს, არამედ ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლებსაც. ამბობს, რომ მშენებლობის არაოფიციალური მოწილე ლაშა ჭელიძეა, რომელიც მისი და გრიგოლ ლილუაშვილის საერთო ნათესავია, ასევე ამბობს, რომ ქუთაისში პოლიციის უფროსები მისი რეკომენდაციით ინიშნება, ამიტომაც ყურებზე ხახვს ვერავინ დააჭრის.
როგორც ჩანს, ადგილობრივ ჩინოვნიკებში სუსის უფროსის გვარის ხსენება გადამოწმების გარეშე ჭრის, თან აბზიანიძე მისი და ლაშა ჭელიძის ფოტოებს დააფრიალებს, ფინანსური პოლიცია და პროკურატურა კი ინფორმაციის სუსში გადამოწმებას, როგორც ჩანს, ვერ ბედავს, ამიტომ აბზიანიძისთვის ლილუაშვილის გვარის ხსენება ნამდვილად გამოდგა დროის მოგების საშუალება. მონაშენეები „ქრონიკაა+“-ს ეუბნებიან, რომ მათ აუდიო ჩანაწერებიც აქვთ, როცა კახა აბზიანიძე ლილუაშვილის სახელით აშინებს და ემუქრება ადგილობრივებს და უახლოეს პერიოდში „ქრონიკა+“-ს მიაწვდიან კიდეც.
ჩვენი მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მასალის გაცნობის შემდეგ სუსის უფროსი თავად გაარკვევს, რატომ იყენებს აბზიანიძე მის სახელს და, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურასაც გამოძიების დასაწყებად ხელ-ფეხი გაეხსნება. გამოსაძიებელი კი რუსთავლის გამზირზე რვა წლის დაუმთავრებელი საცხოვრებელი ბინის მშენებლობაში ნამდვილად ბევრია.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და ახალ დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.