- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-07-19 07:58:05
გიორგი საკარული
უამრავი ლექსის ავტორი, ნანა ცინცაძე, თანამედროვე პოეზიაში და არა მარტო ამ სფეროში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას მოწმობს სოციალურ ქსელ Yოუტუბე-ში ატვირთული მისი ვიდეოებიც, რომელთაც 27 მილიონი ნახვა აქვს. სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა, ურთიერთობა, _ ესაა ის ყველაფერი, რასაც პოეტი თავის შემოქმედებაში აერთიანებს.
სულ ახლახან ნანა ცინცაძემ 100 ლექსი ერთ წიგნში გააერთიანა, ასევე დაწერა რომანი რომელზედაც პოეტმა 5 წელი იმუშავა. წიგნი სულ მალე იხილავს დღის სინათლეს. იგი აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ გმირზე მოგვითხრობს და რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი.
„ქრონიკა+“ ნანა ცინცაძეს ესაუბრება:
_ დიდი ხანია, არ გამომიცია ახალი წიგნი არც პოეზიაში და არც პროზაში. კოვიდის პერიოდი დაემთხვა და ცოტა ჩემი გეგმები გადაიწია. ის, რომ „ფეისბუქზე“ დამედო და მეთქვა, ჩემი ახალი წიგნი გამოიცა, რიგით 97-ეო, ასე არ მინდოდა. ვფიქრობ, წიგნს თავისი დანიშნულება აქვს და მით უმეტეს დღეს, როცა მეორე პლანზე გადავიდა. ახლა, როდესაც ჩაცხრა ვნებათა ღელვა, გადავწყვიტე, ახალი წიგნები დამეწერა.
_ იმ ორი წიგნის შესახებ გვესაუბრეთ, რომელიც სულ ახლახან დაწერეთ.
_ პოეზიაში გავაკეთე 100 ლექსი, ციკლია ასეთი _ 100 ლექსია შესული: ლექსების წერის ყველა პერიოდი, ეს იყო ადრეული ასაკი თუ დღემდე, 2023 წლით დათარიღებული ლექსები. არ შემიძლია არ აღვნიშნო წიგნის რედაქტორი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანია, ეს გახლავთ როსტომ ჩხეიძე, _ საოცარი განათლებისა და დიაპაზონის პიროვნება. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და თქვენი საშუალებით მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.
მეორე წიგნს რაც შეეხება, მას ჰქვია „დაე“... დაე, მოხდეს რაც მოსახდენია, ხშირად გვითქვამს. ასეა ჩვენი ცხოვრება.
_ რაზეა წიგნი?
_ ეს წიგნი ეძღვნება აფხაზეთის დაკარგვის 30 წლისთავს, ომის თემაზეა და მისი მთავარი გმირი გახლავთ რეალური პიროვნება, ზურაბ ძამუნაშვილი, რომელიც ჩემი პაციენტი იყო. ყველაფერი რეალურია. მე მთხრობელად, გმირად გამოყვანილი მყავს არა ქალი, არამედ მამაკაცი, ექიმი, რა თქმა უნდა, დანარჩენი კი არის ტანკში აფეთქებული 4 ბიჭის ისტორია... მისტიკაა. ეს გამოიწვია ჩემში ზურას, მისი ოჯახის, შვილების მიმართ დამოკიდებულებამ და თავად ზურას პიროვნებამ. ის იყო საოცარი ადამიანი, ზურა იყო ბიჭი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა სამშობლო და სწამდა, რომ ის ემსახურებოდა საქმეს, რომლის გარეშეც მის ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ძამუნაშვილების ოჯახში 3 ბიჭია, მისი სახელი მიენიჭა იმ სკოლას, სადაც ის სწავლობდა.
ზურა ომის შემდეგ დაკარგული იყო ათეულობით წლის განმავლობაში. ამ რომანის წერა 5 წლის წინათ დავიწყე. დავურეკე ძმას და უცებ ვიგებ, რომ ზურას ნეშტი იპოვეს და ჩამოასვენეს... ეს მოხდა 2 წლის წინათ, როცა აფხაზეთიდან ბიჭების ნეშტები ჩამოასვენეს. იმდენად ემოციური იყო ეს ჩემთვის, რომ წერა ვერ გავაგრძელე. შარშან დავიწყე ამ რომანზე მუშაობა. ძალიან რთულია ეს პროცესი, ამაში ხომ შენს სულსა და არსებას დებ.
რომანის შემთხვევაში მეყოლება სამხედრო რედაქტორი, რადგან ზუსტად გადმოვცე ფაქტები, როგორ ტარდებოდა მემორანდუმი და ა. შ. ყველაფერი ეს იქნება ისტორიული თარიღებით. შესაბამისად, იმდენი ნიუანსია, რომ აუცილებელია, წიგნს ჰყავდეს სამხედრო რედაქტორი... აქ არის ფანტასტიკა, მისტიკა, აქ არიან გამოგონილი გმირებიც, მაგრამ ფაბულა აგებულია რეალურ ამბავზე, რეალურ გმირზე _ ზურა ძამუნაშვილზე.
_ ალბათ, ოჯახი ამაყობს...
_ რა თქმა უნდა, როდესაც მის დედას და შვილებს ვუთხარი ეს ყველაფერი, უნდა გენახათ, როგორი ემოცია და სითბო გამოხატეს. ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება, დაბადება და ყველაფერი. ცხოვრება ღირს თუნდაც იმ სიყვარულისთვის, რომელსაც დამსახურებულად ვიღებთ. ასე რომ, წელს მექნება ამ ორი წიგნის პრეზენტაცია.
_ ქალბატონო ნანა, გარდა სიყვარულისა და პიროვნების მიმართ პირადი დამოკიდებულებისა, რა იყო ის, რამაც განაპირობა, რომ ერთ კონკრეტულ გმირსა და მის ცხოვრებაზე დაგეწერათ რომანი?
_ როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ზურას ნეშტი ჩამოასვენეს, წიგნზე მუშაობა შევწყვიტე. არასოდეს მშორდებოდა ზურაზე ფიქრი, რომელიც ბევრი რამით სანიმუშო იყო, ჩემი უმცროსი ძმა იყო თითქოს. ის პატრიოტი გახლდათ, არც ერთ დაჯგუფებაში არ შედიოდა. ის იყო სწორედ იმ ტანკის მეთაური, რომელიც აფეთქდა. ბუდერიანს ეძახდნენ, _ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გენერლის გვარს. ხშირად მეუბნებოდა, რომ პოეზია უყვარდა. ზურასთვის ვისწავლე „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“. მე არ ვიცნობდი მამამისს, ბატონ დურმიშხანს. როდესაც პალატაში შევედი, დავიწყე პირდაპირ: მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მერე დავინახე მამამისი და, ალბათ, ამ კაცმა იფიქრა, ჩემი შვილის ექიმს აკლიაო. ჩვენ შორის სულიერი, ადამიანური კავშირები იყო. აფხაზეთის ომი კი ისეთი რაღაცაა, რომ თუ შენში არსებობს მარცვალი და გიყვარს სამშობლო, ამ თემას ვერ იშორებ. მე კი რეალური მასალა მქონდა დასაწერად.
_ 100 ლექსი ერთ წიგნში...
_ დიახ, 100 ლექსი გავაერთიანე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა თემას: სიყვარულს, სამშობლოს, ასევე შევიტანე რამდენიმე ვერლიბრი, სონეტები, არის ტკივილი...
ადამიანური კუთხით ვითვალისწინებ თათია მეტრეველის აზრს, რომლის აიქიუც საკმაოდ მაღალ დონეზეა. ჩვენ ვარჩევთ ლექსებს, ის პირველი მკითხველია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ყველაფერში და მისი მადლიერი ვარ.
ასევე მაინტერესებდა კაცის აზრი, მინდოდა გამეგო, რანაირად იკითხება ჩემი ლექსი და როგორ აღიქმება მამაკაცისგან? მე მყავს გონიერი მეგობარი, ექიმი მერაბ ხაბეიშვილი. მასთან მიმქონდა ეს ნაწერი, რომ მას წაეკითხა და გარკვეული შენიშვნები მოეცა. იმ შენიშვნებს ვითვალისწინებ, რომელიც მნიშვნელოვანია.
_ უამრავი ლექსის ავტორი ხართ, რომელსაც ქართული ესტრადის თითქმის ყველა მომღერალი მღერის. როგორ ფიქრობთ, როგორც მწერალმა, პოეტმა, ხელოვანმა, ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულმა ადამიანმა, ბოლომდე თქვით თქვენი სათქმელი?
_ ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს, ძალიან სასაცილო სიტუაციაა დღეს. ყველაფერი კლანებადაა დაყოფილი: თითოეული მათგანი ირგებს სხვადასხვა ჯილდოს. ეს საკითხი წყდება სხვაგან. არის ის, ვინც წერს და არის ძალიან კარგი მკითხველი, რომელიც შეიძლება ყველაფერზე მეტი იყოს თავისი ინტელექტით, შეფასებით... მიუხედავად იმისა, რომ არც პრემია მაკლია და არც სხვა რამ, ვამბობ, რომ საუკეთესო შემფასებელი ხალხია. თუ შენი შემოქმედება არ აიტაცეს და არ შეიყვარეს, არაფერს აქვს აზრი, ამას პრემია ვერ განსაზღვრავს, ამას საზღვრავს დრო.
_ რაზე გწყდებათ გული?
_ ბევრ რამეზე. არასოდეს ვყოფილვარ კომუნისტი, მაგრამ მაშინ პოეტები, ხელოვანები უზრუნველყოფილნი იყვნენ ბევრი რამით. ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს... ბოლოს და ბოლოს, თუ არ იცის სახელმწიფომ ჩემი სახელი და გვარი, ეს მისი სირცხვილია. დროში დავრჩები თუ არა, ეს სხვა საქმეა. ნინო ჩხეიძესთან ვიყავი შოუში. ასეთი თემა იყო: „მილიონერი იუთუბერები“. სტუმარი ყველა გახლდათ მომღერალი, მხოლოდ მე ვიყავი პოეტი. 27 მილიონი ნახვა რომ გაქვს, კი უნდა იცოდე, ვინ არის შენს სახელმწიფოში ასეთი ადამიანი. ყველა თაობის პოეტი ვარ, რაც მე სიმღერებზე ლექსები დამიწერია...
საღამოს, რომელიც ნუნუ გაბუნიამ ჩაატარა თავისი ვარსკვლავის გახსნის დღეს, ჩემი სიმღერის სათაური ერქვა, მას ლიზა ბაგრატიონი ასრულებდა. საქართველოს გენიოსები ჰყავდა, ერთი ასეთი გახლდათ ნატო ბარათაშვილი და რომ არა იგი, ძალიან ბევრი რამ დააკლდებოდა ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, თბილისის საპატიო მოქალაქეობა, ალბათ, უნდა მეკუთვნოდეს... არ ვარ ადამიანი, რომ ვიღაცის კართან დადგეს და შეაწუხოს. პროვინციალიზმი ჩემთვის დაბადების ადგილი კი არ არის, ეს თვისებაა.
ხანდახან ისეთი ვიღაცები ინიშნებიან კულტურის სამინისტროში, რომ გაგეღიმება. მირჩევნია, კულტურის სფეროში ცოტა სხვანაირად იყოს საქმე. მინისტრს რომ შეხვდები, ელემენტალურად, ეტყვი, შენთან შეხვედრა მინდა და პირობას მოგცემს, როგორც კი თბილისში ჩავალთ იმ წუთში დაგირეკავთ, რადგან თქვენ იმსახურებთ ყველაფერსო, და დანაპირებს არ ასრულებს, ეს უპასუხისმგებლობაა. შენახული მაქვს მესიჯი, წელიწადზე მეტია, მას არც კი ახსოვს აღნიშნული დიალოგი. სიტყვები დარჩა სიტყვებად. ამიტომ ვცდილობ, თავად გავაკეთო ყველაფერი, არ შევაწუხო არავინ. ჩემი საავტორო ეგიდით იბეჭდება წიგნი. დიდი მადლობა გიგას და მის ჯგუფს, რომ ჩემთვის ამაზე უარი არ უთქვამთ.
_ რას ეტყოდით ჩვენი გაზეთის მეშვეობით კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს?
_ ვინმეს რამე რომ ვუთხრა, უნდა ვიცოდე, რომ გაიგებს. კულტურის მინისტრმა შეხვედრის დროს პირობა ვერ გაიგო და რა უნდა ვუთხრა? არაფერს ვეტყვი.
_ და ბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უამრავი ლექსის ავტორი ხართ, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ზეპირად იცის, რადგან მათ უსმენენ ყოველდღე რადიოში, ეკრანებზე, იუთუბში და ა. შ. მართალია, იმასაც ამბობენ, რომ ყველა ლექსი პოეტისთვის შვილივითაა, მაგრამ მაინც... რომელს გამოარჩევდით თქვენს შემოქმედებაში განსაკუთრებულად, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თუნდაც წარმატების კუთხით?
_ საერთოდ, ამბობენ, რომ ყველა შვილი ერთიაო, მაგრამ პირველ შვილს გამოარჩევენ და მეც გამოვარჩევ რამდენიმეს, იმ ერთეულებს, რომელიც პირველად შევქმენი. ესენი არიან: „არ მიყვარხარ“, რომელსაც ია ჩანტლაძე ასრულებს; „ალერსი მინდა“ _ კახა კუხიანიძე ასრულებს, ასევე ეკა კვალიაშვილის „დაასხი“, „საშობაო“, რომელსაც მთელი ესტრადა მღეროდა; შემდეგ მას მოჰყვა უამრავი ლექსი, თუნდაც „ალიონს ამოვყევი ღამიდან“, „თეთრი ქალი საოცნებო“, ასევე უსაყვარლესი მამუკა ონაშვილის სიმღერები და ა. შ. ძალიან ბევრი სიმღერაა, რომლის მოსმენის დროსაც ბედნიერი ხარ, გიხარია, გიყვარს, გრძნობ და ეს მომენტები არასდროს გტოვებს. ამ სიყვარულმა გამოიწვია ის, რომ მივფრინავ იტალიაში ემიგრანტებთან შესახვედრად.