- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-07-02 18:47:43
თამუნა მჭედლიშვილი
მასწავლებლის პროფესია მეტად კვალიფიციური და უმაღლესი განათლების მქონე კადრების შერჩევას მოითხოვდა და მოითხოვს. მასწავლებელი მაღალ სტატუსს მხოლოდ თავისუფლებასა და ავტონომიაში იღებს სამუშაო პროცესის დროს.
„ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა“ და „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ დეკლარირებულია, რომ განათლების სისტემის მიზანი არის თავისუფალი და ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდა, მაგრამ როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი ადამიანის აღზრდა ყველაზე არათავისუფალ რეგულირებულ სისტემაში? _ ეს გაუგებარია. როგორ უნდა აღიზარდოს განსხვავებულად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, როცა თავად სისტემა ებრძვის განსხვავებულობასა და კრიტიკულობას? ქვეყანაში კანონდარღვევად მიიჩნევა, ერთი მხრივ, საკუთარი შვილისთვის უკეთესი განათლების მიცემის სურვილი, ხოლო, მეორე მხრივ, _ საკუთარი ხარჯებით უკეთესი სკოლის შექმნის მცდელობა. ნებისმიერი სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა კონკურენციაა. კონკურენცია ყოველთვის და ყველა სფეროში იწვევს ხარისხის გაუმჯობესებასა და ფასების კლებას. გამონაკლისი არც განათლების სისტემა უნდა იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, ის თითქმის სრულიად დაცლილია კონკურენციისგან. ცხადი გახდა არსებული სასკოლო განათლების სისტემის სრული უძლურება. შექმნილ გამოწვევებზე არაადეკვატური რეაგირება დანაშაულის ტოლფასია _ როცა სისტემის კრიზისი სახეზეა და ძველი თამაშის წესები ვერ პასუხობს შეცვლილ გარემოს!
კრიზისის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტი გახლავთ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია კერზაიას შემთხვევა, რომლის სიცოცხლეც განათლების სამინისტროსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად ნეიტრალური სკოლის დირექტორების წინააღმდეგ დაგეგმილმა სადამსჯელო ღონისძიებამ შეიწირა!
შეგახსენებთ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 1022 სკოლაში დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო.
დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს მოიცავდა – ტესტირებასა და გასაუბრებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, წესით, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა უნდა წარმოადგენდეს. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, კერძოდ, სამინისტრომ დირექტორობისა და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც, 2022 წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი მოამზადა. ახალი სტანდარტი ორიენტირებულია სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციების გაძლიერებაზე. დოკუმენტში, დირექტორის ფუნქცია-მოვალეობასთან ერთად, განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე ტიპის სკოლის ლიდერი უნდა აკმაყოფილებდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების რამდენიმე თვის წინ დანიშნული მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობა და იმ გამოწვევებს, რაც სისტემაში რჩება, სჭირდება მყისიერი გადაჭრა: „დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს. მიღებული უკუკავშირის შედეგად, მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ… ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის. ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის, ღირსებისა და პოპულარიზაციის ასამაღლებლად“.
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლება, მისი მინისტრობისას, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდება და უახლოეს პერიოდში სამინისტრო წარადგენს იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ აპირებს უწყება ამ დარგის გარდაქმნას.
მინისტრ ამილახვარის სიტყვებით, მნიშვნელოვანია, „უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ ბუნდოვანია, გააღო თუ არა ფართოდ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში მინისტრმა ამილახვარმა, ფაქტი ფაქტად რჩება _ სისტემაში კრიზისია!
სწორედ განათლების სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებსა და ხარვეზებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ფილოლოგი, ფილოსოფია-სოციოლოგიის სპეციალისტი, 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების ექსპერტი, მარიამ რამინაშვილი:
_ ქალბატონო მარიამ, რას დაარქმევდით დღეს არსებულ მდგომარეობას საქართველოს განათლების სისტემაში, _ სად ვართ?
_ სამწუხაროა, _ დღესაც ვერ ვიტყვით, რომ სისტემაში მიმდინარე პროცესები თანმიმდევრულია და შედეგები წინასწარ გააზრებულია ან იმ ფინანსური დანახარჯის ადეკვატურია, რაც გადის ბიუჯეტიდან. სისტემა კვლავ ხელის ცეცებით დგამს ნაბიჯებს და დასანანია, რომ მათი უმრავლესობა უშედეგოა.
_ განათლების ახალმა მინისტრმა მოსვლისას პირობა დადო, რომ მიიღებდა სწრაფ გადაწყვეტილებებს ყველა პრობლემაზე საპასუხოდ. რა გააკეთა ან რას აკეთებს რეალურად მინისტრი გიორგი ამილახვარი?
_ ჯერეჯერობით ერთადერთი მყისიერი გადაწყვეტილება სტატუსის ამაღლების მსურველებს შეეხოთ _ გადაიდო გამოცდაც და შეჩერდა გამოცდის გარეშე მიღების წესიც. სამწუხაროა, რომ მასწავლებლისთვის ბუნდოვანია კარიერული წინსვლის შესაძლებლობა _ ეს აისახება ხარისხზეც. მყისიერ რეაქციას საჭიროებდა მოქმედი კონკურსების წესებიც, მაგალითად, თუნდაც, სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. თუმცა იგი არათუ გასწორდა, მეტიც _ დამატებითი გასაუბრებით დამძიმდა კიდეც და უფრო ადვილი გახდა სასურველი კადრების შესარჩევად.
_ დღევანდელ საჯარო სკოლას ჰყავს თუ არა თანამედროვე ტიპის, ევროპული სტანდარტის დირექტორი-ლიდერი?
_ იქამდე, ვიდრე სკოლის დირექტორების შერჩევა არ იქნება გამჭვირვალე პროცესი, სადაც აირჩევა ობიექტურად ამ სტატუსის მისაღებად მოტივირებული ახალგაზრდა კადრი, ყოველთვის გვექნება პრობლემა ამ კუთხით. დღეს სკოლას, უმრავლეს შემთხვევაში, მართავს სისტემის მიერ პოლიტიკური გემოვნებით შერჩეული ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, შემრჩევის ორიენტაციის შესაბამისად, ევროპული სტანდარტის ხარისხთან შეუსაბამოა.
_ დირექტორთა სერტიფიცირება _ ეს დროში გაწელილი მითია თუ რეალობა? როგორც მახსოვს, საქართველოს განათლების სამინისტროს 2022 წლის შემოდგომაზე ჰქონდა დაგეგმილი კონკურსის ჩატარება, მაგრამ გადაიდო…
_ დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, ფაქტობრივად, იყო ფორმალობა და პოლიტიკური ნიშნით შერჩევისთვის ერთი ბარიერი _ კომპეტენტური კადრები არათუ დირექტორად აერჩიათ, დირექტორის სერტიფიკატიც კი არ მიეცათ, რომ მომავალში წინააღმდეგობის ნებისმიერი ფორმიდან გაეთავისუფლებინათ თავი. ამ გასაუბრებით სასამართლოში საქმის გაგრძელების შესაძლებლობაც გაქრა, რადგან აზრს მოკლებული ხდება ყველა პროტესტი, იმდენად აცდენილია დროში, სიმართლის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
_ „ქართულმა ოცნებამ“ მოსვლისთანავე გაათავისუფლა პროფესიონალი კადრი (ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორებს ვგულისხმობ) და საკუთარი პარტიის აქტივისტებით ჩაანაცვლა ისინი. თქვენ ერთ-ერთი განთავისუფლებულთაგანი იყავით.
მარიამ რამინაშვილის ფეისბუქსტატუსი: „ამ საცოდავ მასწავლებლებს ჯერ ხომ გამოცდები დაუნიშნეს, მერე ხომ იმ გამოცდაზეც ანერვიულეს, მერე ხომ 1 წელი ალოდინეს, მერე პორტფოლიოს წარდგენა მოითხოვეს და ახლა ისიც დაამატეს, გაგანია ზაფხულში სკოლაში უნდა ისხდეთ და ისე უნდა დაგკითხოთ, ეს გასაცოდავებული წამყვან/მენტორობა რომ მოგაშავოთო და ხომ კაცმა არ იცის ან რა კრიტერიუმებით აფასებენ, ან ვინც აფასებსმ ის ვინ აირჩია? და ამ ფონზე ეს ერთი ზარით აკადემიკოსობა ბურკის თეორიაზე
ესაა ჩვენი ყოფის სატირაც, დრამაც და ტრაგედიაც!
ასე საშინლად არ ვყოფილვარ კარგა ხანია!
სისტემიდან რომ გამიშვეს, ძალიან ვინერვიულე, რადგან ყველაზე მეტად რისი კეთებაც მიყვარდა, მივხვდი, რომ ამიკრძალეს; ყველაზე კარგად რისი კეთებაც შემეძლო, იმას ჩამომაშორეს. კიდევ შემეშინდა, უბრალოდ, თავი ხომ უნდა მერჩინა? მერე გამახსენდა, რომ საუკეთესო მასწავლებლის გამოცდა მქონდა ჩაბარებული, (1000-ლარიანს რომ ეძახდნენ) და მაშინ დავმშვიდდი. ხოდა, ახლა რომ გამოცდა დადეს, მაგიტომაც ჩავაბარე. ამასობაში, მენტორობის ასაკიც დადგა“.
_ კი, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან _ დღემდე გრძელდება ყველა იმ პროფესიონალი კადრის შევიწროება, რომელიც არ იზიარებს მთავრობის პოლიტიკას და, მეტიც, უბრალოდ, არ გულშემატკივრობს აღტკინებით ხელისუფლებას. ეს მიდგომა შეეხო როგორც სკოლის დირექტორებს, ასევე რესურსცენტრებსა და საგანმანათლებლო სსიპებში დასაქმებულ არაერთ კვალიფიციურ, დიდი ინსტიტუციური მეხსიერების მატარებელ კადრს. რა თქმა უნდა, ასეთმა ცვლილებამ შეაფერხა წარმატებისკენ სვლა და ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახა შედეგზე. სამწუხარო რეალობაა, ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი პრაქტიკა არ შეიცვლება და საერთოდ, ია კერზაიას ამბის შემდეგ ყველა დარწმუნდა, რომ სისტემას აქვს მიდგომა, წავიდეს ყველაფერზე, ოღონდაც მიაღწიოს მიზანს.
_ საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დღეს ჯერ კიდევ ცხელი და აქტუალური თემაა. წელს, სისტემისგან ბავშვის პირადი მონაცემის ვერმოძებნის ან ვერწაკითხვის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. ამ ხარვეზის გამო მშობლებმა შვილები ვერცერთ საჯარო სკოლაში ვერ დაარეგისტრირეს. ზედმეტია საუბარი სასურველ საჯარო სკოლაზე… ეს რეგისტრაციის სისტემის გაუმართაობაა თუ „შემთხვევითობა“?
_ სისტემის ყველა რგოლი მორგებულია ნეპოტისტურ რეალობას _ ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ეტაპიც კი უმძიმეს ფაქტადაა ქცეული. ვგულისხმობ პირველკლასელთა რეგისტრაციას. წლევანდელი წელი „ახალი მიდგომით“ იყო დასამახსოვრებელი: მოთხოვნად სკოლებში, რომლებიც, სამწუხაროდ, აღარცაა ბევრი, რატომღაც, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში აბსოლუტურად გამართული მონაცემების რეესტრთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, ხარვეზი ოყო, თუმცა როგორც კი სასურველ სკოლებში ადგილები შეივსო, „ხარვეზიც“ გამოსწორდა. შეუძლებელია, ეს შემთხვევითი ყოფილიყო. ფაქტია, ამ მიდგომის უნიკალობა _ ყველა თანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდეს _ ჩანაცვლდა საბჭოური ნაცნობ-ახლობლური პრაქტიკით. თავად ფაქტის გარდა, ფართო სურათში, ეს მენტალიტეტის პრობლემაა და უფრო მძიმე აღსაქმელია.
_ როგორი განათლების სისტემას ისურვებდით საქართველოში და როგორი განათლების სისტემა გადაარჩენს მომავალ თაობას?
_ განათლების სისტემამ რომ მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, ზუსტად რომ ჰქონდეს გააზრებული თავისი მომავალი, აუცილებელია მას მართავდეს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ასევე ზუსტად ესმის ის პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი გადაუდებელი საქმეები, რომელიც დღეს სჭირდება სისტემას. მათ უნდა შექმნან გარემო, რომელშიც მომავალი თაობები აღიზრდებიან: მომავალზე ორიენტირებულები, კონკურენტუნარიანები, რომლებსაც ზუსტად ექნებათ გააზრებული საკუთარი თვითრეალიზაციის შეასძლებლობები. ვისურვებდი, განათლების სისტემას ჰყავდეს ადამიანთა ის ჯგუფი სათავეში, რომელმაც ყველაზე კარგად თავად იცის, რა სჭირდება დღეს განათლების სისტემას. სისტემას კი სჭირდება განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კომპეტენტური და განათლების სისტემაზე გულშემატკივარი ადამიანების ჯგუფი.