- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-07-02 18:45:30
გიორგი საკარული
ახალგაზრდების უმეტესობა თუკი მაღალი მწვერვალებისკენ და კარიერული წინსვლისკენ მიისწრაფის, 26 წლის ლუკა ორჯონიკიძის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ბავშვობიდან მორწმუნე ოჯახში გაიზარდა, მისი ბიძა დეკანოზია, დედა ეკლესიური ქალბატონია, ოჯახურმა გარემომ კი, როგორც ჩანს, ლუკაზე დიდი გავლენა იქონია… იყო სტიქაროსანი, სკოლის დამთავრების შემდეგ კი დიდხანს არ უფიქრია, თუ რა გზა აერჩია, _ ის მონასტერში წავიდა.
ლუკა ბავშვობიდან ხატავს, წერს და აკეთებს სხვადასხვა საინტერესო ნივთს, ეს ყველაფერი კი მისი შემოსავლის წყაროა. ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთადერთი კერპი ჰყავდა, მომღერალი ემი უაინჰაუსი, რომლის სიყვარულმაც დააწყებინა პორტრეტების ხატვა. ემის ასამდე პორტრეტი დღეს თაროზე აქვს შემოდებული, ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა დღის სინათლე. თუ რატომ, ამაზე ის ინტერვიუში გვიყვება.
მორიდებულია და დიდად არ უყვარს საკუთარ ნიჭზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა მისი ცხოვრების ისტორია გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ლუკასნაირი ადამიანები საზოგადოებას წარუდგინო, რათა მათ მეტ წარმატებას მიაღწიონ. არ შეიძლება დაიმალოს ის, რაც ბუნებამ და ღმერთმა დაბადებიდან გიბოძა, შესაბამისად, „ქრონიკა+“ ტრადიციულად გაგაცნობთ ადამიანს, რომლის შესახებაც ლაპარაკს მალე მთელი საქართველო დაიწყებს.
როგორია შიომღვიმის მამათა მონასტერში გატარებული 6 წელიწადი? რატომ მიიღო სკოლადამთავრებულმა ბიჭმა მონასტერში წასვლის გადაწყვეტილება? რატომ დაუბრუნდა ისევ საერო ცხოვრებას? რატომ დაიწყო ლეგენდარული ქართველი მსახიობების ხატვა? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თვითნასწავლი მხატვარი, ლუკა ორჯონიკიძე:
_ სკოლის დამთავრების შემდეგ შიომღვიმის მამათა მონასტერში წავედი. მამა თეოდორე გიგნაძის მრევლში ვიყავი, ასევე დედაჩემის ძმა არის მღვდელი, დეკანოზი დავით მაისურაძე, რომელიც აგარაში მსახურობს და მისი რჩევით წავედი შიომღვიმის მამათა მონასტერში. თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, სიმართლე გითხრათ, ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით. ამას ვერავინ ახსნის, თუ რატომ მიდიან მონასტერში, ეს ყველაფერი გულიდან მოდის, ძალიან უცნაური გრძნობაა.
_ უცნაურია თუნდაც ის, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამთავრებს სკოლას, რომელსაც შეუძლია ჩააბაროს უნივერსიტეტში, გახდეს სტუდენტი, შეიძინოს ახალი სამეგობრო, ჰყავდეს შეყვარებული, ჰქონდეს კარიერა და დატკბეს ცხოვრების მრავალფეროვნებით, უცებ მიდის მონასტერში და ამ ყველაფერზე უარს ამბობს. რატომ?
_ არ ვიცი, ბავშვობიდან სულ ეკლესიაში დავდიოდი, ბიძაჩემი, როგორც გითხარით, დეკანოზია, მეც სტიქაროსანი გახლდით, დედაც ძალიან მორწმუნეა და, ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მონასტერში წავედი. შევეჩვიე ამ ცხოვრებას, ყოველთვის მაინტერესებდა სასულიერო პირების მოღვაწეობა, ვუსმენდი მათ ინტერვიუებს და, ერთ მშვენიერ დღეს, ავდექი და უცებ ვთქვი, _ მე მონასტერში მივდივარ-მეთქი. იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის ეს სიტყვები, რომ გაუკვირდათ, თუმცა ჩემს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი სცა და დიდი მადლობელი ვარ მშობლების. ისე წავედი მონასტერში, რომ წარმოდგენა არ მქონდა იქაურ ცხოვრებაზე. პირველად წავედი ერთი თვით, მერე ცოტა ხნით დავბრუნდი სახლში, მაგრამ იმდენად მომეწონა სამონასტრო ცხოვრება, რომ ისევ წავედი და 6 წელი გავატარე იქ. შემოსილი მორჩილი ვიყავი.
_ თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ მშობლებს გაუკვირდათ ჩემი გადაწყვეტილებაო. რატომ?
_ არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ საეკლესიო ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემგან არ მოელოდნენ, რომ მონასტერში წავიდოდი. ბავშვობიდან ჩაკეტილი ვიყავი.
_ მონასტერში წასვლის დღიდან, ფაქტობრივად, თქვენ უარი თქვით ყველაფერზე და ამასობაში გავიდა წლები. არ ინანეთ ეს გადაწყვეტილება?
_ არ მინანია და, სხვათა შორის, დღემდე სულ კარგად და ტკბილად მახსენდება იქ გატარებული ყოველი დღე. ეს იყო ოქროს 6 წელიწადი, რომელიც ცხოვრებაში ოდესმე გამიტარებია და, ალბათ, კიდევ გავატარებ მომავალშიც.
_ ამბობენ, რომ ძალიან რთულია სამონასტრო ცხოვრება. არ გაგიჭირდათ?
_ რა თქმა უნდა, რთულია იქაური რეჟიმით ცხოვრება, ყოველდღე გამთენიას 4 საათზე ადგომა, მაგრამ იქ ძლიერდები, ღმერთი ძალიან დიდ ძალას გაძლევს. მე ვიყავი მზარეული, რომელსაც არ ეხებოდა შუაღამისას ადგომა, თუმცა საღამოს ლოცვებს ყოველთვის ვესწრებოდი. მონასტერში საოცარი სულიერი ბრძოლებია, შემოტევა, მაგრამ ღმერთი გაძლებინებს.
_ ბრძოლები ახსენეთ და ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ იქ ყოფნის დროს?
_ ცოტ-ცოტა ყველას უჭირს, მაგრამ ღმერთი ამას ძალიან გატანინებს. უფალი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს, რამდენის ატანაც არ შეგიძლია.
_ 6 წლის შემდეგ დაუბრუნდით საერო ცხოვრებას. რატომ?
_ ამაზეც არ მაქვს პასუხი, ესეც ბუნებრივად მოხდა. ამ წუთას ვგრძნობ, რომ აქ მინდა, ერში… ღმერთის ნებაა ყველაფერი.
_ როგორც ვიცი, ძალიან კარგად ხატავთ. მონასტერში დაიწყეთ ხატწერა თუ იქამდეც ხატავდით?
_ ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მონასტერშიც ვხატავდი. სერიოზულად ხატვა დავიწყე 12-13 წლის ასაკიდან. ჩემი საყვარელი მომღერალი იყო ემი უაინჰაუსი, რის გამოც სინამდვილეში ხატვა დავიწყე.
_ ცოტა უცნაური სტილისა და ჟანრის მომღერალი შეგყვარებიათ, ეპატაჟური, თავისუფალი ცხოვრების სტილით დაკავებული ქალბატონი…
_ დიახ, დიახ, ეპატაჟური მომღერალი იყო, მაგრამ ძალიან მიყვარდა მისი მუსიკა, შემოქმედება და მისი 100 პორტრეტი მაქვს დახატული. მთელ ღამეებს ვათენებდი, რომ მისი სახე შემექმნა.
_ ასივე პორტრეტი შენახული გაქვთ?
_ შენახული მაქვს, მაგრამ არსად ვაჩენ.
_ რატომ?
_ არ ვიცი, ხატწერა რომ დავიწყე, შემდეგ არ იყო ლამაზი, მათ გვერდით გამომედო ან გამომეჩინა.
_ ამ მომღერალზე რომ მიყვებოდეს ვინმე ემო, პანკი ან ცოტა სხვა ცხოვრების სტილის მიმდევარი, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ თქვენ რა მოგწონდათ მასში?
_ ხმა მომწონდა. ძალიან სპეციფიკური ხმის ტემბრი ჰქონდა, შესრულების სტილი, მანერა. სამწუხაროდ, დღეს აღარ არის. მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ემის ბიოგრაფიული წიგნიც კი გავაკეთე, ქერქის ფირფიტებზე ამოვწვი მისი სიმღერები და შენახული მაქვს. დღემდე არ გამომიჩენია.
_ 100 პორტრეტი დახატეთ, იცით თითქმის მისი ყველა სიმღერა, გაკეთებული გაქვთ წიგნი, რომელსაც დღის სინათლე ჯერ არ უნახავს. არ აპირებთ, რომ გამოფენა გააკეთოთ და მას მიუძღვნათ ეს ყველაფერი?
_ სხვათა შორის, მაგაზე მიფიქრია, მაგრამ იცით, რა არის? მისი ფოტოების ხატვის დროს მე განვვითარდი, თავიდან თითქოს ბავშვური გამომდიოდა, მაგრამ მერე უფრო სერიოზულში გადაიზარდა და პროფესიონალის დონეზე შევასრულე ყველა ნახატი. მოკლედ, განვითარება ვპოვე მის პორტრეტებში და ეს ჩანს კიდეც. ამ ყველაფერს ფანქარში ვასრულებდი, შემდეგ დავიწყე ზეთებით, აკვარელით, გუაშით ხატვა. ტილოზე ვხატავდი შეკვეთებს და აქედან ერთგვარი შემოსავალი მქონდა, რისთვისაც მადლობა უფალს.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი მოწოდება საერო ცხოვრებაში უფრო არის, ვიდრე _ მონასტერში?
_ არ ვიცი, ამას ასე ვერ ვიტყვი. ყველაფერი უფლის ნებაა, სად ვიქნები და როგორ. ძალიან მიყვარს ასევე კულინარია, კარგი მზარეული ვარ და მინდა, რომ ამას გავყვე. ბავშვობაში ტორტიც კი გამომიცხვია, შემდეგ ამის გაფორმება მიყვარდა და მონასტერშიც ტრაპეზარი ვიყავი.
_ ხატვის ნიჭი დედისგან გაქვთ?
_ დიახ, დედაჩემი მხატვარია, აკადემია დაამთავრა და ძალიან ნიჭიერია. ის არის დღემდე ჩემი მასწავლებელი. არავის აზრს ისე არ ვითვალისწინებ ცხოვრებაში, როგორც დედისას. მის შენიშვნებს ყოველთვის ვიღებდი და ვიღებ.
_ ძირითადად პორტრეტებს ხატავთ?
_ პორტრეტისტი ვარ. არ მიყვარს ნატურმორტების, პეიზაჟების ხატვა. ძალიან მიყვარს თვალების ხატვა, სადაც ადამიანის მთელი პიროვნება და ცხოვრება ჩანს.
_ და დაიწყეთ ლეგენდარული ქართველი მსახიობების ხატვა…
_ დიახ. ბავშვობიდან მიყვარდა ქართული კინო, თეატრი, ქართველი გენიოსი მსახიობები და მონასტრიდან რომ დავბრუნდი, მათი პორტრეტების შექმნა დავიწყე. პირველად დავხატე სესილია თაყაიშვილის პორტრეტი, რადგან ის არის ჩემი ადამიანი-მუზა, ბებიაც და ყველაფერი. მას შემდეგ ვხატავ უკვე სხვადასხვა გენიოსი მსახიობის პორტრეტს.
_ რამდენი პორტრეტი გაქვთ დახატული?
_ ამჟამად 14 პორტრეტი მაქვს დახატული და მინდა, რომ ძალიან ბევრი შევქმნა.
_ პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავთ?
_ აქამდე ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დროა, მოაწყო გამოფენაო. სოციალურ ქსელში ჩემს ნახატებს დიდი მოწონება აქვს, რაც ძალიან მაბედნიერებს. მინდა, რომ თუ გამოფენას მოვაწყობ, მხოლოდ მარჯანიშვილის ან რუსთაველის თეატრში, რადგან ჩემი ნახატები თემატურად თეატრს შეესაბამება და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვა.
_ ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?
_ ძალიან მიყვარს ფრიდა კალო _ მხატვარი, რომელიც თავის ტრაგიკულ ცხოვრებას აღწერდა თავის ნახატებში. ტრაგიკულ პორტრეტებს ხატავდა უფრო და, ზოგადად, მეც ძალიან მიყვარს ნახატში დრამატული სცენები.
_ რატომ?
_ არ ვიცი, უფრო დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. ქართველი მხატვრებიდან ძალიან მიყვარს რუსუდან ფეტვიაშვილი. გარდა ამისა, დაწერილი მაქვს წიგნი, რომელიც ჯერ არ გამომიქვეყნებია.
_ წიგნი რაზეა?
_ წიგნი არის ბიჭზე. მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს ბიჭი წერს დღიურს. იმედია, ოდესმე გავბედავ და გამოვცემ ამ წიგნს. ძალიან ცხოვრებისეული რომანია. დაწერილი მაქვს არაერთი ლექსი, მოთხრობა თუ ზღაპარი.
_ ძალიან კარგი, ამ ყველაფერს მზის შუქი და გარეთ გამოტანა სჭირდება. წარმატებებს გისურვებთ.
_ დიდი მადლობა.
_ დაბოლოს, აპირებთ მონასტერში დაბრუნებას?
_ სურვილი მაქვს, თუმცა წინასწარ არ ვიცი, რას გავაკეთებ.