QronikaPlus
„ხელი შეუწყვეთ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას“

„ხელი შეუწყვეთ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას“

2023-06-17 17:50:19

თამარ სანაძე

სხვადასხვა კულტურაში მიიჩნევა, რომ ჩვენი ორგანიზმი სავსეა ენერგეტიკული კვანძებით – ჩაკრებით, მაგრამ არის 7 ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი ჩაკრა. ლიტოთერაპევტები და ეზოთერიკოსები აცხადებენ, რომ ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ პრობლემებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

მიიჩნევა, რომ ჩაკრების მოქმედება, უმეტეს შემთხვევაში, სამ საფეხურად იყოფა. არსებობს დაბალანსებული, ზეაქტიური და დასუსტებული მდგომარეობა. სამივე საფეხურს ადამიანზე განსხვავებული მოქმედება აქვს, რა თქმა უნდა, მიზანი დაბალანსებული მდგომარეობაა. ზოგადი ცნობით, ჩაკრების დაბალანსების რამდენიმე მეთოდი არსებობს.

გაზეთ „ქრონიკა+“-თან ნეიროგრაფიკოსმა, ფსიქოკონსულტანტმა თეა ჩიქოვანმა შვიდ მთავარ ჩაკრასა და ადამიანის ცხოვრებაში მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა:
_ ქალბატონო თეა, ბოლო დროს თითქმის ყველა სივრცეში, სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქართულ სერიალებში ხშირად ვხვდებით ინფორმაციებს ჩაკრებზე. რას არის ჩაკრა და რა მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ცხოვრებაში?
_ ჩაკრები არის ენერგეტიკული ცენტრები. ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს ენერგეტიკული ცენტრები, რომლებიც განლაგებულია ჩვენს სხეულში. ჩაკრები უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას. ჩაკრების ბალანსირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ. ადამიანში პირველადი ენერგია შედის გარედან, კოსმოსიდან, რომელიც გაივლის მეშვიდე ჩაკრას, გაივლის სხვა ჩაკრებში და შემდგომ მიედინება დედამიწისკენ. ჩვენი ენერგია ტრანსფორმირდება და გამოივლის პირველ ჩაკრას და მიდის კოსმოსში. ჩაკრებს აქვთ ჩარხისებური მოძრაობა. ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ეს პროცესი მიმდინარეობს სხეულში დაახლოებით ხერხემლიდან 4 სანტიმეტრის პროექციაზე. რა თქმა უნდა, თვალით ამ პროცესების შემჩნევა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, ტექნიკები, რომლითაც ადამიანები ამ ყველაფერს ხედავენ.
_ რა არის დამოკიდებული ჩაკრებზე და რომელი ჩაკრა რას ნიშნავს?
_ პირველი ჩაკრა არის მულადჰარა. ამ ჩაკრის პროექცია არის ხერხემლის ბოლოში, ანუ კუდუსუნთან. ეს ჩაკრა წითელი ფერისაა, შეესაბამება ნოტი დო, კვირის დღეებიდან კი ორშაბათი. ის პასუხს აგებს ადამიანის მთელ ორგანიზმზე, ჯანმრთელობაზე. ამას ფუძის ჩაკრასაც ეძახიან. ადამიანმა ზოგადად რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი და რომ იარსებოს, ამისთვის პირველი ჩაკრა უნდა იყოს დაბალანსებული და ნორმალურად ფუნქციონირებადი.
მეორე ჩაკრა მდებარეობს ხერხემალთან 4 სმ-ით წინ. სწორედ ამ პროექციაზეა განთავსებული სექსუალური ჩაკრა, ამას სანსკრიტზე სვადიშტანა ჩაკრას ეძახიან. მას შეესაბამება ნარინჯისფერი და კვირის დღეებიდან სამშაბათი. თუმცა ამ ჩაკრას კიდევ ბევრი შესაბამისობა აქვს ამ სამყაროში. ის პასუხისმგებელია საპირისპირო სქესთან კავშირსა და ურთიერთობაზე, ასევე სექსუალურ, ვერბალურ ურთიერთობებზე, ამბიციებზე, სურვილებზე, გეგმების დასახვაზე, შესრულებაზე, ძალისხმევაზე, ამ ჩაკრაზე ძალიან ბერი რამეა დამოკიდებული.
მესამე ჩაკრა არის მანიპურა ჩაკრა, იგივე მზისფერი, ყვითელი ჩაკრაა, ცნობილია მზისწნულის სახელწოდებით. კვირის დღეებიდან ოთხშაბათი შეესაბამება. ის პასუხისმგებელია ჩვენს ემოციებზე. ფაქტობრივად, ჩვენს მზისწნულში მოთავსებულია ჩვენი ემოციების სკივრი. მასში ბინადრობენ ჩვენი შიშები, თვითშეფასება, ყველაფერი მასშია, რაც ბავშვობიდან გამოგვიცდია და რის მიმართაც რა ეპიზოდში გვქონია განცდები, აბსოლუტურად ყველაფერი მასში ილექება, მახსოვრდება.
მეოთხე _ ეს არის ანაჰატა ჩაკრა, იგივე გულის ჩაკრა, იგი მწვანე ფერისაა. სიყვარულის ჩაკრაა. ხუთშაბათი დღე შეესაბამება და კიდევ სხვა მრავალი რამ.
შემდეგ მოდის მეხუთე ვიშუთჰა ჩაკრა _ ეს არის ყელის ჩაკრა. ლურჯი ფერი და პარასკევი დღე შეესაბამება და პასუხისმგებელია ჩვენს თვითგამოხატვაზე, თუ როგორ გადმოვცემთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას სოციუმში. ეს ჩაკრა მოიცავს ჩვენსა და სოციუმს შორის დამოკიდებულებას.
მეექვსე ჩაკრა მოთავსებულია თვალებს შორის პროექციაზე.
ტვინის ორ ნახევარ სფეროს შორის მდებარეობს გირჩისებური ჯირკვალი და ამ ჯირკვლის პროექციაზე სწორედ ვიშუთჰა ჩაკრაა. ის არის იასამნისფერი და პასუხისმგებელია ინტუიციაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე, მოვლენების სწორად აღქმაზე, შეცნობაზე.
მეშვიდეა საჰასრარა ჩაკრა _ ეს არის თეთრი ფერის ჩაკრა, ადამიანის ყიფლიბანდზეა მოთავსებული. ეს ის ადგილია, საიდანაც სწორედ კოსმიური ენერგია მოედინება და მიწიდან ამომავალი ენერგია გადის ჩვენგან, ადამიანებისგან. ის ჩვენსა და ღმერთს შორის ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. აქტიურდება ლოცვის, მედიტაციებისა და ყველა სულიერი პრაქტიკის დროს.
_ ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ჩაკრები წყობიდან გამოდის, აისახება ეს ადამიანზე?
_ რა თქმა უნდა, განვიხილოთ პირველი ჩაკრა და ვისაუბროთ, რა ხდება მაშინ, როდესაც მულათხარა ჩაკრა წყობიდან გამოდის. როდესაც ფუძის ჩაკრა წყობიდან გამოდის, ადამიანი, პირდაპირი გაგებით ავადმყოფობს, იმიტომ რომ ეს ჩაკრა პასუხისმგებელია ადამიანის მზის ქვეშ ყოფნაზე, რომ იარსებოს, ისუნთქოს და ა. შ., ამას გააგებს სწორედ ეს ჩაკრა და ამიტომაც, როდესაც წყობიდან გამოდის ფუძის ჩაკრა, ეს აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასეთ დროს ავადდება ფეხები, კუდუსუნის პროექცია, თითები. ეს ყველაფერი ადამიანის სხეულზე სწორედ ამ სახით გამოიხატება.
ამის შემდგომ არის შვადისტანა ჩაკრა და როდესაც იგი გამოდის წყობიდან, ყველა სექსუალური პრობლემა იჩენს თავს. ადამიანს ექმნება შარდსასქესო პრობლემები ფიზიკურ დონეზე. ახასიათებს ამბიციების დაქვეითება, სურვილების, მიზნების დაუსახველობა, ზოგადი სისუსტე.
როდესაც ემოციური ჩაკრა წყობიდან გამოდის, ადამიანს აქვს შიშები, შფოთვები. ამ ჩაკრის წყობიდან გამოსვლისას თავს იჩენს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. როდესაც ანახატა, გულის ჩაკრა გამოდის წყობიდან ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემებია სიყვარულში. როგორც საკუთარი თავის, ასევე საერთოდ სიცოცხლის სიყვარულში და საერთოდ ადამიანების მიმართ სიყვარულზე უკვე ზედმეტია საუბარი. როდესაც ვიშუთხა ჩაკრის პრობლემა აქვს ადამიანს, ის საკუთარ სათქმელს ვერ გადმოსცემს, ვერ გამოხატავს, ამიტომ სოციუმი სხვაგვარად, არასწორად იგებს მის სათქმელს. ხომ გაგიგიათ, როდესაც ადამიანები ამბობენ ხოლმე, მე ეს ვთქვი და იმან სულ სხვანაირად გაიგო და სხვანაირად მიიტანა ამბავიო? ეს სინამდვილეში იმ ამბის მიმტანის ბრალი კი არ არის, ჩვენი ყელის ჩაკრის დაქვეითებული მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ ვერ გამოვხატეთ აზრი ისე, რომ სწორად მიგვეწვდინა ადრესატამდე.
ვიშუდჰა ჩაკრის პრობლემისას ფიზიკურ დონეზე გვექმნება ყელის, კბილების, ყურის პრობლემა, ხელებსა და შესაძლოა, ბეჭებზეც გადავიდეს პრობლემა.
შემდეგია აჯინა ჩაკრა და როდესაც მესამე თვალის ჩაკრა გამოდის წყობიდან, ასეთ დროს ვერ აღვიქვამთ მოვლენებს ადეკვატურად, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ფიზიკურ დონეზე თვალებსა და შუბლის ტერიტორიას მთლიანად მოიცავს ეს ჩაკრა. სახასრარა ჩაკრა არის ბოლო ჩაკრა, რომლითაც კოსმოსს ვუკავშირდებით და ამის ნაკლებობა ნიშნავს იმას, რომ არასწორად აღვიქვამთ სამყაროს მოწყობას. ამ ჩაკრის პრობლემა ფიზიკურად გამოიხატება იმით, რომ ადამიანს შეიძლება დაეწყოს თმის ცვენა, ეს არის თავის ზედა ნაწილთან დაკავშირებული.
რაც შეეხება ჩაკრების ზოგად მუშაობას, ყველა ჩაკრა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ დაბალანსებული. თუკი რომელიმე ჩაკრა მუშაობს რომელიმეზე ნაკლებად, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ზოგადი ფუნქციონირება ქვეითდება. ამიტომ ჯობია, ყველა ჩაკრა იყოს პროცენტულ დონეზე დაბალანსებული, ვიდრე რომელიმე ჩაკრა ჰიპერაქტიური იყოს და რომელიღაცა _ დაქვეითებული. ეს ძალიან ცუდია და ამ დროს ადამიანები დისკომფორტს განიცდიან, თითქმის ფსიქიკურ აშლილობამდე მიდიან.
_ როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ დისბალანსს?
_ ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს, რომ ეს ყოველივე დალაგდეს. მაგალითისთვის, მულათჰარა ჩაკრა შეიძლება მოვაწესრიგოთ იმით, რომ ვივარჯიშოთ, გამოვიმუშაოთ ენერგია, ცვხოვრების ხალისი შევიძინოთ, კუნთები გავიმაგროთ, სისხლის მიმოქცევა და ზოგადად ჯანმრთელობა რომ გვქონდეს წესრიგში. სექსუალური ჩაკრის პრობლემები შეგვიძლია გამოვასწოროთ და დავარეგულიროთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობით. ასე თავისუფლად შევძლებთ პრობლემების მოგვარებას. მანიპურა ჩაკრას დავარეგულირებთ სხვადასხვა ტექნიკით. ძალიან ბევრი ტექნიკაა, რომ მოვიხსნათ შიშები, შფოთვები, ავიმაღლოთ თვითშეფასება, მივმართოთ სულიერ პრაქტიკებს და ა. შ. ვიშუთხა ჩაკრას დავარეგულირებთ სიმღერით, ხმების გამოცემითაც შეგვიძლია დავარეგულიროთ ამ ჩაკრის პრობლემები. მესამე თვალს, იგივე აჯინა ჩაკრას, მედიტაციებით დავარეგულებით, საჰასრარა ჩაკრას ლოცვით და მედიტაციით.
_ როგორ უნდა შესრულდეს მედიტაცია სწორად?
_ მედიტაციებს რაც შეეხება, თითოეულ ჩაკრაზე არსებობს სხვადასხვა მედიტაცია, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ საერთო, სიყვარულის მედიტაცია გავაკეთოთ ხშირად და ეს სიყვარულის მედიტაცია, სიყვარულის ჩაკრა, ცენტრალური ჩაკრა, მთლიანად განფენს სწორ ენერგიას ყველა ჩაკრაში. ცალ-ცალკე რომ არ ვაკეთოთ მედიტაციები, სიყვარულის მედიტაციას აქვს იმის უნარები და ფუნქცია, მოიცვას ყველა ჩაკრა, რადგან სიყვარულის ჩაკრა არის ცენტრალური ჩაკრა და სიყვარული არის ცენტრი ყველა შეგრძნებისა. ყველაფრის ცენტრი არის სიყვარული.
პირველ რიგში, მედიტაციას ვაკეთებთ გონების სრული მობილიზებით, მთლიანად ვკონცენტრირდებით იმაზე, რის მედიტაციასაც ვაკეთებთ. თუ ვაკეთებთ სიყვარულის მედიტაციას, მთლიანად კონცენტრირებულები ვართ სიყვარულზე. რამდენიმე მედიტაციის შემდეგ უკვე ადამიანი ეჩვევა მედიტაციების სწორად კეთებას, დღეში 10 წუთი რომ მივუძღვნათ მედიტაციის გაკეთებას მუდმივად, 99-პროცენტიანი გარანტია გვექნება იმისა, რომ ყველა ჩაკრა მოწესრიგდება.
_ დაბოლოს, რას გვირჩევდით, რომ თავი მეტად ბედნიერად, ჰარმონიულად და დაბალანსებულად ვიგრძნოთ? რას მივაქციოთ ყურადღება?
_ მეტად მიაქციეთ ყურადღება არა მხოლოდ იმ ფიზიკურ სხეულს, რომელშიც იმყოფებით, არამედ მენტალურ სხეულსაც და უფრო გაიფართოვეთ ამ მხრივ ცოდნა, რათა ხელი შეუწყოთ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ესენი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.

გაზიარება