- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-05-27 15:42:12
ფრონტის წინა ხაზი - ბახმუტი
მიხეილ ხაჩიძე
უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღიდან უამრავი ქართველი მეომარი იბრძვის. ისინი უკრაინელების მხარდამხარ ჩვენს საერთო მტერს, ოკუპანტსა და ტერორისტ რუსეთს ანადგურებენ. ერთ-ერთი ასეთი გმირია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ახალგაზრდა მამაკაცი უკრაინაში კრემლის მანიაკის ჯარების წინააღმდეგ უკვე წელიწადი და სამი თვეა, იბრძვის. ის სნაიპერია და დადასტურებულად 39 ოკუპანტი ჰყავს მოკლული, თუმცა დაუდასტურებელად მის ანგარიშზე ათობით მტერია.
ჩვენი რესპონდენტი უკვე რამდენიმე თვეა, ბახმუტის წინა ხაზებზეა, მანამდე სხვა ცხელ წერტილებში იბრძოდა. ახლა ის პირდაპირ შეტაკებებშია ვაგნერელებთან. დაძაბული ვითარების მიუხედავად, მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. პროცესი საომარმა მოქმედებებმა არაერთგზის გაგვაწყვეტინა, ყოველ წუთს ისმის სროლისა და შეტაკებების ხმები. მიუხედავად ამისა, „ქრონიკა+“-მა შეძლო და ქართველი სნაიპერის ისტორია მოისმინა:
„რუსეთის მიმართ ბავშვობიდანვე გამიჩნდა აგრესია. მახსოვს, რამდენი უბედურების მომტანია ეს ქვეყანა ჩვენი და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. კარგად მახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომიც. შემოიჭრა რუსეთი და, ფაქტობრივად, გაგვანადგურა. არ მესმის, როგორ შეიძლება, მტერი გიყვარდეს?! მტერი უნდა განადგურეს!“ _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას ქართველი სნაიპერი.
_ მოგვიყევი, როგორ მოხვდი უკრაინაში?
_ როდესაც უკრაინაში ოფიციალურად გამოცხადდა ომი, მე ვიყავი ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში. ძალიან სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავრთულიყავი საომარ მოქმედებებში. წამოვედი ჩემი მანქანით და ჩამოვედი პირდაპირ, 28 თებერვალს შევედი უკრაინის საზღვარზე, მინდოდა მეომა. სწრაფადვე ჩავირიცხე ქართულ ლეგიონში, შევუერთდი მის ქვედანაყოფს, მოვემზადე სათანადოდ, მიუხედავად იმისა, რომ მე საქართველოში 4 წელი მქონდა ნამსახურები, აქაც მივიღე ცოდნა, გავიარე ტრენინგები და ჩავერთე პროცესებში. აქ არიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ ამერიკელები, ინგლისელები, კანადელები. ბევრი ხალხი გავიცანი, ვინც უკრაინის დასაცავად ჩამოვიდა.
_ ვიცი, რომ ცხელ წერტილში ხარ, ბახმუტში. რა ვითარებაა ახლა ფრონტის ხაზზე? რა მდგომარეობაა მანდ? ბოლო მონაცემები რომ გვითხრა.
_ უკვე წელიწადი და სამი თვეა, უკრაინაში ვარ და არ გამოვსულვარ თითქმის არცერთი ცხელი წერტილიდან. ყოველთვის მიწევდა ცხელ ზონაში ბრძოლა, ძალიან დამღლელია, ძალიან საშიშია, ძალიან ცუდი რამეები ხდება _ უდანაშაულო ხალხი ეწირება პუტინის ომს. ბოლო 2 თვეა, ვიმყოფები ქალაქ ბახმუტში, სადაც არის ყველაზე ცხელი წერტილი და მიდის სასტიკი შეტაკებები.
ყველა სანტიმეტრზე, ყველა მეტრზე ბრძოლებია: დასახლებულ პუნქტებში, ტყეებში, მდელოზე, მინდვრებში. ისვრიან ყველა იარაღიდან, რაც კი რუსეთის შეიარაღებაშია. რაკეტები, დრონები, ავიაცია, ტანკი, მძიმე თუ მსუბუქი ტექნიკა ისვრის უკრაინელების პოზიციების მიმართულებით. არის მძიმე ბრძოლები, დანაკარგები, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინა ფეხზე დგას და დავიბრუნებთ ყველაფერს! ყოველდღიურად ვგეგმავთ, როგორ გავყაროთ რუსები უკრანიდან _ ვუპასუხებთ კონტრშეტევით და გადავალთ იმათ პოზიციებზე.
_ ამას წინათ ჩავწერე ახმედ ახმედოვი, იმამ შამილის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც ასევე ბახმუტშია, ცხელ წერტილებში. მან მითხრა, რომ ქართველები უმაგრესად იბრძვიან. როგორია ქართველების შემართება, მოტივაცია, ამის შესახებ შენც რომ მოგვიყვე.
_ ნამდვილად, ძალიან მაგრად იბრძვიან ქართველები. ჩავატარეთ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია, რომლის შედეგადაც პატარ-პატარა ტერიტორია დავიბრუნეთ. ქართველები იბრძვიან ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მთლიანობისთვის, ესაა ჩვენი იდეა და ამას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავამარცხებთ პუტინს უკრაინის მიწაზე. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საწინდარი. ასე ვფიქრობთ ჩვენ.
_ ოჯახი თუ გყავს საქართველოში, მეუღლე, შვილები?
_ მყავს მეუღლე და 2 შვილი. ჩვენი ყველა კონტაქტი, დარეკვა მთავრდება დიდი ნერვიულობით და ხშირ შემთხვევაში ტირილით.
_ ალბათ განიცდიან შენზე და ნერვიულობენ. როგორ უდგებიან ამ საკითხს?
_ განიცდიან, ნერვიულობენ, ტირიან, მაგრამ ვეღარ მიბედავენ ან აღარ მიბედავენ, რომ მითხრან, დაანებე ომს თავი და ჩამოდიო. იციან ჩემი პრინციპები, იციან ჩემი იდეა, რომ საქართველოს სჭირდება აქ, უკრაინის მიწაზე რუსეთის დამარცხება, რათა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს და მომავალ თაობას ჩავაბაროთ გამთლიანებული საქართველო. გვჯერა, რომ დამარცხდება რუსეთი და ჩვენს ქვეყანასაც ეშველება.
_ რა სჭირდება უკრაინას მასშტაბური კონტრშეტევისთვის? რა სახის იარაღი აკლია?
_ უკრაინამ ბევრი დახმარება მიიღო, კიდევ ელოდებიან უამრავ დახმარებას, რათა გავაკეთოთ წარმატებული კონტრშეტევები ტერიტორიების დასაბრუნებლად. ვფიქრობ, დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება კონტრშეტევები. არის პატარ-პატარა შეტევები, მაგრამ ოფიციალურად ვვარაუდობ, რომ 2 კვირაში დაიწყება წარმატებული სვლები.
_ ვაგნერელებთან თუ გქონია პირდაპირი კვეთა, დაპირისპირება, რას იტყვი მათზე? როგორც აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ თქვა, ვაგნერელები ვირთხებივით არიან ბახმუტთანო.
_ „ვაგნერის“ დაჯგუფებას ბოლო 2 თვეა, ვებრძვი. ვებრძვი 10-დან 700-800 მეტრამდე, ყველგან არიან, ყველგან გვაქვს კონტაქტები პირდაპირი და არაპირდაპირი. ძალიან არასტაბილური ხალხია, პლანის კაიფში, წამლის კაიფში, მთვრალები, პირდაპირ მოდიან, არ აინტერესებთ, სად მოკვდებიან, როგორ მოკვდებიან და ა. შ. ჩვენ შემართებით და მედგრად ვებრძვით, ერთი მხრიდან 6 კმ-თი და მეორე მხრიდან 3 კმ-თი უკან ჩავაჩოჩეთ ვაგნერელები ბახმუტში. ბოლო 2 კვირაში უკრაინამ 9 კილომეტრამდე ტერიტორია დაიბრუნა.
_ უკრაინის გამარჯვება, ავტომატურად, საქართველოს გამარჯვებაა ამ ომში. როგორ ფიქრობ, მალე დადგება ეს დრო?
_ რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვება ავტომატურად საქართველოს გამარჯვება იქნება _ როდესაც ჩვენ საერთო მტერს ვებრძვით, რუსეთი ჩვენი პირადი მტერიცაა. მისი დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს მთლიანობა აღდგება. ესაა ჩვენი ყველაზე დიდი იდეა, რისიც გვჯერა და გვწამს. მჯერა, რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება.
_ რას ფიქრობ რუსეთთან ფრენების აღდგენასა და უვიზო რეჟიმზე? ეს ჩვენთვის საფრთხის შემცველია?
_ ეს არ არის ჩვენთვის კარგი, როცა ვამბობთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, აქ სხვა რამეზე და კარგ რამეზე შეუძლებელია იფიქროს ჯანსაღმა ადამიანმა.
_ უკრაინელ სამხედროებთან თუ გაქვს ურთიერთობა, რას ამბობენ, თქვენ რომ გხედავენ და თქვენს ასეთ დიდ მხარდაჭერას რომ ხედავენ, არ არიან აღფრთოვანებულები?
_ უკრაინელებთან მაქვს მეგობრული, ძმაკაცური ურთიერთობა. თითქმის 99 პროცენტი, ვინც გამიცვნია, ყველა ძალიან მაგარია. მებრძოლი არ არის ის, ვინც ქვეყნიდან გაიქცა ომის დაწყებისას, მათზე გაბრაზებულები არიან. ქართველებზე ძალიან კარგი წარმოდგენა აქვთ, იციან, რომ ეს არის ჩვენი საერთო მტერი, მისი დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა. ქართველები ყოველთვის გვერდში უდგანან და აკეთებენ ორ იმდენს, რასაც უკრაინელი. მადლობებს არ იშურებენ, გვაქვს დიდებული ურთიერთობა. ფასდება ჩვენი აქ ყოფნა. ხუმრობით ამბობენ, რომ როცა ქართველები ჩვენ გვერდით არიან, ყველანაირი შიში გვიქრებაო. ასე გამიგია უკრაინელებისგან ჩვენზე. ეძლევათ მოტივაცია, იბრძვიან, ვომობთ ერთად, გვერდიგვერდ, მხარდამხარ საერთო მტრის წინააღმდეგ.
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! გამარჯვება ჩვენს მეომრებს, ქართველ გმირებს უკრაინაში!