- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-05-27 15:40:15
„ქრონიკა+“-მა 24 წლის ალეხო პინარისთან ინტერვიუ ჩაწერა
მიხეილ ხაჩიძე
ახალგაზრდა ბიჭი ქართულ ენას სწავლობს, იცის უკვე ქართულად კითხვა, ბევრი ქართული სიტყვა და საწყის ეტაპზე ქართულად კომუნიკაციაც შეუძლია. ის აქტიურია სოციალური ქსლის ქართულ ჯგუფებში. ხშირად დებს პოსტებს და ურთიერთობაში შედის ქართველ მომხმარებელთან. მისი ოცნებაა საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენი სამშობლოს დათვალიერება.
როგორც 24 წლის არგენტინელი გვიყვება, რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი, თვითმკვლელობაზეც კი უფიქრია. არგენტინა კრიმინალურ და კორუფციულ კატაკლიზმებშია, რაც მოსახლეობას ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთ დაბრკოლებას უქმნის.
„ჩემი პირადი ცხოვრება რთულია, ბედნიერი ბავშვობა არ მქონია, თვითმკვლელობაზეც კი ხშირად მიფიქრია, მაგრამ წიგნების კითხვა და იმის გაგება, რომ ბედნიერება ტკივილის მიღმა არსებობს, ძალიან დამეხმარა. ვცხოვრობ ქალაქში, სადაც მკვლელობები და მაფიური საქმის გარჩევები ყოველდღე ხდება. მიჭირს იმის დაჯერება, რომ 11 წლის ბავშვები იარაღს იყენებენ და უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. აქ ცხოვრება რთული და მძიმეა, ქვეყანა 50 წელზე მეტია, ღრმა კრიზისშია, არგენტინა ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ _ კორუმპირებული და ყოველთვის სამოქალაქო ომის ზღვარზე“, _ გვიყვება საქართველოზე შეყვარებული ბიჭი შორეული არგენტინიდან.
გთავაზობთ ინტერვიუს შორეულ კონტინენტზე მცხოვრებ ალეხო პინარისთან:
_ ალეხო, მოგვიყევით თქვენ შესახებ, სადაური ხართ, სად ცხოვრობთ?
_ არგენტინელი ვარ, ვცხოვრობ ქალაქ როსარიოში, ეს ის ქალაქია, სადაც ყველასთვის ცნობილი მესი დაიბადა. ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი.
_ რას საქმიანობთ ახლა, _ სწავლობთ თუ უკვე მორჩით სწავლას?
_ ახლა ვმუშაობ საწარმოო ქარხანაში. ზოგადად სულ სწავლის პროცესში ვარ. ბევრ რამეს ვსწავლობდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ფარმაცევტულზე ვსწავლობ. მიზიდავს ეს მიმართულება, მაინტერესებს და ბევრ ცოდნას ვიღებ.
_ საიდან გაიგეთ საქართველოს შესახებ და როდის?
_ პატარა რომ ვიყავი, გეოგრაფიის წიგნი წავიკითხე, იმ დროს საქართველოს სხვა დროშა ჰქონდა. ცნობისმოყვარეობა აღძრა ჩემში საქართველომ. მომეწონა ეს ქვეყანა და დამაინტერესა. მის მთებზეც კი ვოცნებობდი. შემდეგ უკვე 2008 წლის აგვისტოს ომი მახსოვს, საქართველო ომში იყო რუს ოკუპანტებთან. მახსოვს, ყოველ ღამე ველოდი საინფორმაციო გადაცემას, რათა მენახა, კარგად იყო თუ არა საქართველო _ ქვეყანა, რომელიც ასე შორიდან მიყვარდა და მიყვარს.
_ რატომ გაინტერესებთ საქართველო, რატომ შეგიყვარდათ ასე ძალიან?
_ ყოველთვის ვამბობდი, რომ სიყვარულს ახსნა არ აქვს, პასუხს ვერ გაგცემთ ამ შეკითხვაზე. სერიოზულად აქეთ ჩაგეკითხებით: რატომ არ უნდა მიყვარდეს საქართველო?!
_ მაშინ ასე შეგეკითხებით: რა მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში?
_ ყველაფერი, მათ შორის, კარგიც და ცუდიც, მისი ლანდშაფტიდან დაწყებული, დამთავრებული ბრძოლისა და წინააღმდეგობის ხანგრძლივი ისტორიით. ბევრს ვკითხულობ ისტორიულ ფაქტებსაც. ზოგადად, გეოგრაფიულ ცნობებსაც ვეცნობი. ბევრი რამ ვიცი თქვენს ლამაზ ქვეყანაზე. მგონია, რომ სამოთხე სწორედ საქართველოშია.
_ ვიცი, რომ ენასაც სწავლობ და ცოტას ქართულად ლაპარაკობ, ასეა?
_ დამოუკიდებლად ვსწავლობ, მიჭირს, მაგრამ სწავლის დრო, როგორც წესი, არ მაქვს. ვისურვებდი, ერთ დღესაც კარგად ვილაპარაკო თქვენს ენაზე.
_ გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას?
_ კი, ძალიან მინდა. ჩემს ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და ძნელია გადარჩენა. შეუძლებელია, იბრძოლო და რამეს მიაღწიო. მომავალში საქართველოში ცხოვრება მინდა. ემიგრაცია რთულია და სიამოვნებისთვის მარტო მოგზაურობაც რთულია, როცა გიწევს თავის გადარჩენა ან მედიკამენტების შეძენა. მთელი ამ ქაოსის მიუხედავად, ოცნებების მჯერა, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, რომ ერთ დღეს შევძლებ არა მარტო ვესტუმრო საქართველოს, არამედ მშვიდად ვიცხოვრო და ბედნიერი ოჯახი მქონდეს იქ. ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ მინდა, ვიყო ბედნიერი. ჩემი ბედნიერების დიდ ნაწილს ვხედავ საქართველოში, სადაც უბრალოდ მინდა ჩავიდე და მშვიდად ვიყო.
_ ქართველი მეგობრებიც ხომ არ გყავთ?
_ ბევრს ველაპარაკები, ოღონდ მხოლოდ საქართველოზე. იმედია, ერთ დღეს ბევრი მეგობარი მეყოლება საქართველოდან.
_ როგორც შევნიშნე, სოციალურ ქსელებში აქტიური ხარ, ქართულ პოსტებსაც კი აქვეყნებ.
_ ფეისბუქი მხოლოდ მე მაქვს, სახლში რომ ვბრუნდები, მიყვარს საქართველოს შესახებ კითხვა და კიდევ ბევრი რამის სწავლა. კი ვაქტიურობ, რაღაცებსაც ვწერ ხოლმე.
_ გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ…
_ მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, მაგრამ ბედნიერება ყველაფერში არ არის, ზოგიერთ და-ძმასთან დიდი შეხება არ მაქვს, მამას დიდად ვერ ვხედავ. ყველაზე წმინდა რაც გვყავს, ესენი არიან დედაჩემი, ბებია და ჩემი 5 ძმისშვილი. ბიძები მყავს, მაგრამ ისინი ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით ცხოვრობენ. მოკლედ, ბედნიერები ვართ, მაგრამ ამქვეყნად იდეალური ოჯახი არ არსებობს.
_ რას ამბობენ შენი მეგობრები და ოჯახი საქართველოს სიყვარულზე?
_ სინამდვილეში, არგენტინის საზოგადოება ძალიან უცოდინარია, მათ მხოლოდ სომხეთი იციან (აქ დიდი სომხური თემია) და მეტი არაფერი. ზოგჯერ რთულია საქართველოს შესახებ რამის ახსნა.