- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-05-15 14:06:08
ირინა მაკარიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 127,1%-ით მოიმატა. გადმორიცხული თანხების ნახევარზე მეტი, 51%, რუსეთიდან გზავნილებს უჭირავს. ამ გზავნილებმა მხოლოდ ერთ თვეში 224 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8,3-ჯერ მეტია.
როგორ აისახება გზავნილების მოჭარბებული ზრდა ფასებზე? რა კავშირი აქვს რუსეთის ომს დოლარის გაუფასურებასთან? რატომ მიდიან ადამიანები ქვეყნიდან? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება აკადემიკოსი ლადო პაპავა:
_ სტანდარტულად, რუსეთიდან გზავნილების წილი მუდამ მაღალი იყო. ის ყოველთვის არ აღირიცხებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ხდებოდა ფულის ინდივიდუალურად გამოტანება. ახლა კი საბანკო გადარიცხვებმა გახადა მისი მოცულობა თვალსაჩინო. ეროვნული ბანკი საკმაოდ სანდო სტატისტიკას აქვეყნებს. ამ ინფორმაციის თანახმად, იყო პერიოდები, როდესაც რუსეთიდან გზავნილები საერთო გზავნილების 60%-ს შეადგენდა. ამ გზავნილებმა იკლო, როდესაც რუსეთში კრიზისული სიტუაცია იყო. რაც შეეხება უახლოეს ინფორმაციას, ძალიან საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც იქ საქმიანობენ, გააქტიურდენ თანხების გადმოგზავნაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოდან წასულმა ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო და მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ მათ ხომ ნათესაობა არ შეუცვლიათ? ისინი ეხმარებიან თავიათ ახლობლებს, მშობლებს, შვილებს, დედმამიშვილებს…
უმეტესი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისა რუსეთში არის წასული 1990-იან და 2000-იან წლებში. ამის ზუსტი სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს. რუსეთში მასობრივად მიდიოდნენ მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსული ენა იცოდა, დღეს კი საქართველოში ახალგაზრდა თაობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცის რუსული. ჩვენგან ასევე საკმაოდ დიდი ნაწილი წასულია თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში. საბერძნეთსა და იტალიაში მიდიან, ძირითადად, მოხუცებული ადამიანების მომვლელებად, რუსეთში წასულები კი, როგორც წესი, იქ არიან ბიზნესში ჩართულები და, რა თქმა უნდა, სამრეწველო საწარმოებშიც მუშაობენ.
_ ფაქტია, ამ გზავნილების მოცულობის მკვეთრი ზრდა რუსეთის მოქალაქეების აქ საცხოვრებლად გადმოსვლას უკავშირდება. რამდენად არის ეს საკითხი საყურადღებო?
_ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან ადამიანებმა ბიზნესი საქართველოში გადმოიტანეს. ამას, რა თქმა უნდა, თან ახლდა შესაბამისი ფულადი გადმორიცხვებიც. დღევანდელი მდგომარეობით, რა ინფორმაციაც ვრცელდება, რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა საქართველო დატოვა, ზოგი წავიდა დასავლეთის ქვეყნებში, ზოგი კი რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც აქ აქვთ ბიზნესი. პრინციპში, ეს საფრთხის შემცველია, რადგანაც ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მტერია. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი და მცოცავ ანექსიას, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.
_ არა მხოლოდ რუსეთიდან, გზავნილების ზრდა მთლიანობაშიც ფიქსირდება. რა გავლენას ახდენს ეს ლარსის კურსსა და ეკონომიკაზე?
_ ლარის კურსი არის იმ თანაფარდობაში, რამდენიც არის ბრუნვაში ლარის მოცულობა და რამდენად უპირისპირდება მას დოლარი. იმ შემთხვევაში, როდესაც დოლარი შემოდის ქვეყანაში, ხოლო ლარის მოცულობა კი უცვლელია, მაშინ დოლარი ლართან მიმართებით უფასურდება. მთლად რუსეთიდან გზავნილებს ნუ დავაბრალებთ ამას, რადგანაც მსოფლიოში მიმდინარეობს დოლარის გაუფასურება, რაც დედოლარიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული. მთელ რიგ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში დოლარი უკვე აღარ გამოიყენება. ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა განაპირობა. მაგალითად, ჩინეთსა და რუსეთს შორის საერთაშორისო ვაჭრობაში ანგარიშსწორება იუანებში (ჩინური ფული) მიმდინარეობს. განსაკუთრებით, ენერგეტიკულ რესურსებს ყიდულობს ჩინეთი იუანებით. ინდოეთი ამზადებს რუპიას საერთაშორისო ვაჭრობაში გამოსაყენებლად. ბრაზილია და არგენტინა საუბრობენ ერთიანი ვალუტის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც გამოიყენებენ საგარეო ვაჭრობაში. საუბარია „ბრიკსის“ ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ფორმატის გაფართოებაზე და საგარეო ვაჭრობისთვის ერთობლივი ვალუტის შემოღებაზეც. ფაქტია, რომ დღეს დედოლარიზაცია ობიექტური პროცესია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ამერიკელ ეკონომისტებშიც არ არის ერთიანი შეფასება. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ამერიკული ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია. თუმცა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, პოლ კრუგმანი, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეტი, ფიქრობს, რომ დოლარის გამოყენების მასშტაბი მსოფლიოში რომც შემცირდეს, ეს აშშ-ისთვის სავალალო შედეგების მომტანი არ იქნება. ამ ვითარებაში სარწმუნო პროგნოზების, გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგანაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასრულდება რუსეთის ომი უკრაინაში და რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ მსოფლიო ძველ, გლობალურ რეჟიმს თუნდაც მიახლოებით დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ძველ გლობალურ რეჟიმს მსოფლიო სრულად ვერ დაუბრუნდება, რადგანაც მასში მოხდება გარკვეული ტრანსფორმაცია და მის ხასიათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
_ საქართველოში ფასები დოლარის კურსთან იყო დამოკიდებული. ახლა, როდესაც ლარი მყარდება დოლართან მიმართებით, ფასები არ მცირდება, ამაზე რას იტყვით?
_ ფასები როგორ არ მცირდება? როცა ინფლაციის ბოლო მაჩვენებელი გამოქვეყნდა ცოტა ხნის წინ, აჩვენა, რომ აპრილში წლიურმა ინფლაციამ მხოლოდ 2,7% შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასებმა დაიწყო შემცირება (მარტთან შედარებით ფასები 0,7%-თაც კი შემცირდა). სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, როდესაც იმპორტი ექსპორტს ორ-ნახევარჯერ აჭარბებს. ჩვენ რომ იმპორტული საქონელი შემოვიტანოთ, ის ხომ დოლარით უნა ვიყიდოთ? თუ მსოფლიოში მაღალი ინფლაციაა, და ეს ასეა, მაშინ ჩვენ შემოგვაქვს უკვე გაძვირებული საქონელი. ლარი დოლართან მიმართებით რომ არ მყარდებოდეს, მაშინ ინფლაცია ბევრად მაღალი იქნებოდა. ლარის გამყარება ინფლაციის პროცესს, გარკვეულწილად, აფერხებს. აუცილებელია, ჩვენ დავძლიოთ იმპორტდამოკიდებულება. აქ სანუგეშო ტენდენცია გამოიკვეთა, როცა პანდემიამდე იმპორტი ექსპორტს თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა, დღეს მხოლოდ 2,5-ჯერ აღემატება. ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვრჩებით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად, თუმცა სასიკეთო ტენდენცია გამოკვეთილია.
_ ძალიან კარგი, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ქვეყნიდან წასვლის სურვილი, რაც ბოლო კვლევებმა აჩვენა, ემიგრაცია იზრდება… რა შეიძლება იყოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?
_ სიღარიბე არახალია, ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან არის ჩვენი ქვეყნის სენი. სიღარიბე ისეთი ფენომენია, რომ, მაგალითად, სრულად ამერიკაშიც არ არის დაძლეული. ის, რომ მოსახლეობას საქართველოდან წასვლა უნდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამის შესაძლებლობა გაიზარდა. დღეს საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, _ როდესაც შესაძლებლობა არსებობს, ადამიანები ეძებენ უფრო მაღალ შემოსავალიან სამსახურს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, პოლონეთი იქნება, ბულგარეთი, თუ რუმინეთი, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ, მათი მოქალაქეები ცდილობდნენ, დასავლეთ ევროპაში დასაქმებულიყვნენ, რადგან იქ ბევრად მაღალი ხელფასებია. ამ ვითარებაში მიგრაციული ტენდენცია ჩვეულებრივია. რა თქმა უნდა, სჯობია, რომ ისინი საქართველოში დასაქმდნენ. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში განვითარდეს სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, უნდა გაფართოვდეს მოსახლეობის ეკონომიკურ ზრდაში ჩართულობა. გრძელვადიან პერიოდში კი აუცილებელია ეკონომიკის ისეთ მოდელზე გადასვლა, რომელიც მთელ მსოფლიოში აპრობირებულია და ეს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა, რაც საჭიროებს ძირეულ რეფორმებს მეცნიერებასა და განათლებაში.
_ ვინ უნდა გააკეთოს ეს ქვეყანაში და რა როლი აქვს ამ პროცესში ხელისუფლებას?
_ ეს, უწინარესად, მთავრობის პრეროგატივაა. მთავრობას აქვს საკმაოდ კარგი პროგრამა: „აწარმოე საქართველოში“. ჩემი აზრით, ამ პროგრამიდან თუ ამოვიღებთ ტურიზმის კომპონენტს, უკეთესი იქნება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება, ტურიზმის განვითარებისთვის ცალკე ფონდიც კი შეიქმნას, ხოლო „აწარმოე საქართველოში“ უნდა იყოს „აწარმოე“ და და არა „დაასვენე“ საქართველოში. ის ორიენტირებული უნდა იყოს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე.
_ ადამიანები ამბობენ, რომ პრობლემას წარმოადგენს ამ პროექტთან ხელმისაწვდომობა, ვინც არ არის ხელისუფლებასთან დაახლოებული…
_ მე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. მთავარია, მაქსიმალურად გაიზარდოს ამ პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.