QronikaPlus
დიტმარ პიხლერი: „რუსეთი დღეს არის დეზინფორმაციის მთავარი ექსპორტიორი და მსოფლიოში წამყვანი „პროპაგანდისტული ძალა“

დიტმარ პიხლერი: „რუსეთი დღეს არის დეზინფორმაციის მთავარი ექსპორტიორი და მსოფლიოში წამყვანი „პროპაგანდისტული ძალა“

2023-05-15 14:04:45

მიხეილ ხაჩიძე

ქართველმა ტროლებმა ბოლო პერიოდში ევროპის მასშტაბით ძალიან გაითქვეს სახელი. ჯერ იყო და მთავრობასთან დაახლოებული ბოტები ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ამხილა, ახლა კი სოციალურმა ქსელებმა მთავრობის ტროლებისა და ბოტების გვერდები წაშალეს. ეგ კი არ, ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ტიკ-ტოკიც კი ტროლიზმისა და ფეიკნიუსების გავრცელების გამო დაბლოკეს. კიდევ ერთი გვერდი გააუქმეს, რომელიც მთავრობის პიარს ეწეოდა. არადა, ღარიბაშვილის ტიკ-ტოკი ცოტა ხნის წინ დიდი ზარზეიმით გახსნეს. პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია ინფორმაციას ინფორმაციაზე ავრცელებდა, აქაოდა, პრემიერი ტიკ-ტოკზეც იქნებაო.

რა ვითარებაა საქართველოში დეზინფორმაციის, ტროლების, ბოტებისა თუ რუსული ნარატივის კუთხით? როგორაა საქართველოს იმიჯი შელახული დასავლეთში, თუნდაც ბოლოს დღეებში ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატორების სამიტზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ?

ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ცნობილ ავსტრიელ ექსპერტსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სპეციალისტ დიტმარ პიხლერს ესაუბრა.

ცოტა რამ პიხლერის შესახებ

დიტმარ პიხლერი სპეციალიზებულია რუსული დეზინფორმაციის საკითხებში და 2009 წლიდან მოგზაურობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. 2022 წლის დეკემბერში, უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ, ის მეორედ იმყოფებოდა საქართველოში, რათა წაეკითხა ლექცია ჟურნალისტებისთვის დეზინფორმაციის თემაზე. ავსტრიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მხოლოდ რამდენიმე ექსპერტი მუშაობს, მათ შორის გახლავთ დიტმარ პიხლერიც, რომელიც ბოლო პერიოდში ევროპაში საქართველოს დიდ პოპულარიზაციას უწევს.

_ ბატონო დიტმარ, რამდენად ჰგვანან ქართველი ტროლები რუსებს?
_ ტროლები ყოველთვის მრავალმხრივი და ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფია სოციალურ მედიაში. ჩემი პირადი დაკვირვებით, ზოგიერთი ქართული ტროლი ცოტა უფრო „დახვეწილია“, ვიდრე რუსი ტროლები, ეს სუბიექტური შთაბეჭდილებაა. უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეს ტროლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ „უცხოური აგენტების“ კანონის გარშემო მასობრივი საპროტესტო აქციების დროს.
_ რა ტიპის დეზინფორმაცია გხვდებათ საქართველოდან? შეგიძლიათ რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანოთ?
_ ჩვენ უნდა განვასხვავოთ დეზინფორმაცია საქართველოში და დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ, ანუ რას გვეუბნებიან საქართველოს შესახებ, ვთქვათ, დასავლეთში.
მაგალითვისთვის, თავად საქართველოში ტროლები მასშტაბურად ავრცელებენ მითებს იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი „ტრადიციული ღირებულებების“ მტერია. ევროკავშირი კონსერვატიული ხალხისთვის ნეგატიურად არის წარმოდგენილი.
თუმცა უნდა განვმარტო, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ ნეგატიურ გავლენას არ ახდენს კანდიდატი ქვეყნების ადგილობრივ კულტურულ იდენტობაზე, როგორც ეს ჩანს თუნდაც კათოლიკური პოლონეთის მაგალითზე. პირიქით, ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს და ეხმარება კონკრეტულ ჯგუფებს პოზიტურ კონტექსტებში.
რასაკვირველია, ევროკავშირს აქვს გარკვეული სტანდარტები თავისი წევრი ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებებისა და ზოგადად სოციალური პოლიტიკის კუთხით, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ზოგადად ტრადიციულ ღირებულებებს უწოდებენ.
ასეთ ნეგატიურ მითებს ავრცელებენ მემარჯვენე პოპულისტები და ევროკავშირის მტრები ევროკავშირში, როგორც ეს იყო ჩPAჩ-ის უნგრეთის კონფერენციაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა.
კიდევ ერთი ნარატივი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას რეალურად მხოლოდ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი ექნება საქართველოზე და რომ უკეთესია რუსეთთან პარტნიორობის ძიება.
დასავლეთში კი განსაკუთრებით რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული „კლასიკა“ საქართველოს შესახებ არის საქართველოში „ბიოიარაღის ლაბორატორიების“ ისტორია.
_ როგორ ფიქრობთ, ჰყავს თუ არა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ტროლები? ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ისაუბრა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მასზე ტროლების მასობრივი თავდასხმის შემდეგ.
_ ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზებული ტროლების ქარხნები დღეს კომერციულადაც მუშაობენ, როგორც სააგენტოები და, შესაბამისად, ასევე შეიძლება ისინი „დაჯავშნონ“ პატარა სახელმწიფოებმა, რათა მათი „მობილიზება“ მოხდეს ოპონენტების წინააღმდეგ, თუნდაც დეზინფორმაციით.
კონკრეტულად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ ჰყავთ ტროლების ქარხნები, რომელთა სამიზნეც ოპოზიციაა.
_ როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისა და ყალბი ამბებისგან?
_ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ასევე ვაღიარებთ დეზინფორმაციას საინფორმაციო ომის კონტექსტში, როგორც საფრთხეს ჩვენი დემოკრატიებისთვის, როგორც მთავრობებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. განათლება და მედიაკომპეტენცია დეზინფორმაციისგან დაცვის მნიშვნელოვანი ძირითადი პირობაა.
ჟურნალისტებს შეუძლიათ იმოქმედონ ფაქტების შემმოწმებელ ექსპერტებთან ერთად. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტების შემოწმება იყოს გამჭვირვალე, ანუ მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ მოვიქცეთ პროპაგანდისტულ არხებთან: დემოკრატიების სიძლიერე გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ეს ასევე მათი სისუსტეა ყალბი ამბების გავრცელებისას. ავტორიტარული რეჟიმების პროპაგანდისტული არხები, რომლებიც მხოლოდ ზიანის მიყენების მიზნით არსებობენ, უნდა შეფასდეს შესაბამისად. მაგრამ აშკარა, პროპაგანდისტული არხები მაინც აისბერგის მწვერვალია. ყალბი ამბები და აგიტაციური ნარატივები ჩვენს მოქალაქეებს მრავალი გზით მიეწოდება. ამიტომ ვიმეორებ, განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი აგიტაცია-პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველა მოქალაქეს შეუძლია რამე გააკეთოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ამოცანა. ჩვენ უნდა გავაჟღეროთ ეს მესიჯი.
_ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ავსტრიაში? რამდენადაც ვიცი, ავსტრიაში ბევრი რუსი და პუტინისტია, რომლებიც ასევე ფართო მასშტაბით ავრცელებენ რუსულ ნარატივს. პარალელს გაავლებდით?
_ მემარჯვენე პოპულისტური პლატფორმა ავსტრიაში წლების განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან. არის პრორუსული ნარატივები მემარცხენე მხარეშიც, ზოგ შემთხვევაში საბჭოთა სიმპათიების გამოვლენა.
საქართველოსთან პარალელი რომ გავავლო, რა თქმა უნდა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ის ძირითადად სოლიდარულია უკრაინის ან გმობს რუსეთის აგრესიულ ომს, მაგრამ… ამას მოჰყვება ხოლმე რუსული ნარატივების სერია „ნატოს საფრთხის შესახებ“ ან უკრაინის დემონიზაცია ან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე მითითება.
განსხვავება ისაა, რომ საქართველოში პრორუსული პოზიციები მყისიერად განიხილება ხოლმე, ასევე არის დიდი გარჩევები ექსპერტების მიერ, ასეთი პოზიციები მხედველობის მიღმა არ რჩება ხოლმე.
ავსტრიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე ელიტა, შედარებით გულგრილია მსგავსი საკითხების მიმართ, რის გამოც პრორუსული ნარატივები, რაც არ უნდა დახვეწილად იყოს გადმოცემული ისინი, ხშირად შეუმჩნეველი რჩება ხოლმე.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი საქართველოსთვის?
_ მჯერა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დიდ როლს თამაშობს საქართველოს მომავლისთვის. ევროკავშირი არის არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსი, არამედ დამოუკიდებლობის გარანტი, როგორც ისტორიამ აჩვენა. მე ვხედავ როგორც საქართველოში მცხოვრებ ქართველებში, ასევე დიასპორასთან დისკუსიებში, რომ დემოკრატიული სტაბილურობა, კეთილდღეობა და საქართველოს ევროპული მომავალი არის მათი დიდი სურვილი და ოცნება.
_ რას მოუტანს ევროკავშირი საქართველოს?
_ ევროკავშირის მიზანი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მოტანაა. ერთი მხრივ, ეს მოიცავს დახმარებას რეფორმების პროცესში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს საკუთარი იდენტობის დათმობას. ტყუილად არ არის 2000 წლიდან ევროკავშირის დევიზი: „ერთიანი მრავალფეროვნება“.
ევროკავშირს შეუძლია ბევრი რჩევის მიცემა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ ასევე სურს ისწავლოს საქართველოსგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან არსებულ გამოცდილებას.
_ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი _ როგორ აფასებთ ამ ქვეყნის ლიდერს, მის პოლიტიკასა და რეჟიმს?
_ რუსეთი ვერასოდეს გამოიყენებს თავის ეკონომიკურ შესაძლებლობებს (ნედლეულს) ხალხის საკეთილდღეოდ, რადგან ქვეყანაში ტოტალური კორუფცია ყვავის და დემოკრატიის პრიციპებს მისი პოლიტიკური კულტურა გვერდს უვლის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იმპერიალისტური პოლიტიკა ასე დამკვიდრდა, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის სათავეში მოსვლის შემდეგ.
როდესაც საშინაო პოლიტიკური ვითარება რთულდებოდა, ომებს მიმართავდნენ, ამ ომებს ყოველთვის თან ახლდა დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რაშიც რუსები, ასე თუ ისე, კარგად არიან გაწვრთნილები. დღეს კი მათი რეალური სახე ყველამ დაინახა. უნდა აღინიშნოს დნესტრისპირეთი, ჩეჩნეთი, საქართველო, უკრაინა, ასევე სირია.
მოსკოვი საკუთარ თავს ისევ აღიქვამს წარმოსახვითი საბჭოთა კავშირის ან რუსეთის იმპერიის „ბატონად“. რუსეთი დღეს არის დეზინფორმაციის მთავარი ექსპორტიორი და მსოფლიოში წამყვანი „პროპაგანდისტული ძალა“.
რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა არა მხოლოდ ყოფილი „КГБ“-ს აგენტებისგან არის წარმოდგენილი, არამედ მას შეუძლია საბჭოთა კავშირის ჯერ კიდევ ეფექტიანი პროპაგანდის ნარატივებიც კი მოირგოს.
დასავლეთში ვინც უკრაინას მხარს არ უჭერს, ჯერ კიდევ ნატოს წინააღმდეგ 1980-იან წლებში გამოდიოდა. დასავლეთში მრავალი წლის განმავლობაში თითქმის არავინ იცოდა რუსული პროპაგანდის შესახებ.
ის, რაც ხდება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით, უწყინარ შემთხვევებში სასაცილოა, მაგრამ უფრო რთულ შემთხვევაში ეს ძალიან საშიშია, რადგან ომის პროპაგანდასა და გენოციდურ რიტორიკას სადამდეც მივყავართ, ნათელია.
_ საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ, ვიცი, ტრენინგებსაც ატარებთ დეზინფორმაციის საკითხებზე. გეგმავთ ვიზიტს უახლოეს მომავალში?
_ ჯერ არ არის განსაზღვრული თარიღი, მაგრამ უკვე მოუთმენლად ველოდები საქართველოში მომავალ ვიზიტს, რომელიც, იმედია, მალე იქნება.

გაზიარება