- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:45:55
გიორგი საკარული
„კახეთში 12 წლის მოზარდზე მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა _ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს…“;
„50 წლის კაცმა 14 წლის გოგონაზე სექსუალურად იძალადა _ შემზარავი ფაქტი კახეთში…“;
„მასწავლებელმა მოსწავლეზე იძალადა _ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო…“, _ ეს არის ის შოკისმომგვრელი ჩამონათვალი, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს და მხოლოდ ერთ რეგიონში მოხდა. ამის პარალელურად კიდევ რამდენი ჩვენთვის უცნობი დანაშაულებრივი ქმედება ხდებოდა ან ხდება, კაცმა არ იცის.
სექსუალური ძალადობა, შევიწროება, მუქარა, ამ ნიადაგზე შიში და დუმილი საქართველოში კვლავ აქტუალური საკითხია. საზოგადოების ნაწილი მაშინაც კი დუმს, როცა იცის, რომ მის გვერდით მოძალადე ცხოვრობს. ისმის კითხვა, _ რატომ? საქართველოში ყოველწლიურად ასობით არასრულწლოვანი ხდება სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. სამწუხაროდ, ხშირად დაზარალებული მიღებული ტრავმისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს.
გასულ წელს საქართველოში 29 მოზარდი გააუპატიურეს _ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 29 არასრულწლოვანი ცნეს დაზარალებულად გაუპატიურების საქმეზე.
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სსკ-ის 137-141 მუხლები) დაწყებულ საქმეებზე კი წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.
ეს მუხლები მოზარდებზე სხვადასხვა სახით სექსუალურ ძალადობას გულისხმობს, მათ შორის, გარყვნილ ქმედებას ან ნაადრევ ქორწინებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, 2022 წელს სულ ქვეყანაში სექსუალური ძალადობის 578 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გახსნილია – 402. ამ სახის დანაშაული 9.06%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. როგორი იქნება და რამდენად გაზრდილი სტატისტიკა 2023 წელს, ამას წლის ბოლოს შევიტყობთ.
იქამდე კი როგორ დავიცვათ ბავშვები მოძალადეებისგან? რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? სად უნდა ვეძებოთ რეალური მიზეზი? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის“ ფსიქოლოგი, მაია ჯიბუტი:
_ ქალბატონო მაია, როგორია შევიწროების ტიპები და როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ხასიათის შევიწროებისგან?
_ ბავშვზე შევიწროება სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს. ბავშვზე სექსუალური შევიწროებაა, როცა ბავშვს მოტყუებით ან იძულებით რთავენ ყველა იმ მედებაში, რომელსაც აქვს სექსუალური ელფერი. მაგალითად, როდესაც უფროსი იყენებს სექსუალური შინაარსის შენიშვნებს ან რეპლიკებს (მაგ.: ამდენს ნუ ჭამ, ტრაკი გაგისქელდება); როდესაც ბავშვს ეხებიან ინტიმურ ადგილებზე; რთავენ პორნოგრაფიული ხასიათის სურათების გადაღებაში (მნიშვნელობა არ აქვს, ეს ბავშვის ნებართვით ხდება თუ არა) ან მათთან ერთად იწყებენ ეროტიკული შინაარსის ფილმების ყურებას; ბავშვებს აჩვენებენ სასქესო ორგანოებს; როცა უფროსები ბავშვის თანდასწრებით იწყებენ საუბრებს სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით; როდესაც ხდება ინცესტი; როდესაც ბავშვებს აიძულებენ სხეულით ვაჭრობას.
_ როგორ გამოვიცნოთ საეჭვო სიმპტომები, თუ ბავშვი არ ლაპარაკობს ამ თემაზე?
_ ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, განსაკუთრებით თუ მოძალადე ოჯახის ახლობელია. რა თქმა უნდა, იგი გრძნობს, რომ რაღაც დამალულ ურთიერთობებშია ჩართული, რომ ეს ურთიერთობა სასირცხვილოა და ხშირდ თავი დამნაშავეც ჰგონია. ისეც ხდება, რომ ხშირად ბავშვს მოძალადე ემუქრება, არ გათქვას ეს საიდუმლო და აშინებს მას სხვადასხვა ქმედებით. ბავშვს ეშინია, რომ მას არ დაუჯერებენ და დამნაშავის სკამზე თავად აღმოჩნდება. რამდენადაც უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, შიშის გამო ბავშვმა შეიძლება თავად დაიცვას მოძალადე, რათა მთავარი საიდუმლო არ გამჟღავნდეს.
ყველაზე საყურადღებო სიმპტომები მშობლისთვის უნდა იყოს: ბავშვის უჩვეულო დუმილი და ჩაკეტილობა, მუდმივი უხასიათობა, საკვებზე უარის თქმა, ცუდი ძილი, სწავლაზე უარის თქმა, კონტაქტებზე უარის თქმა.
სექსუალური შვიწროება და ძალადობა იმდენად მძიმე ტრავმაა, რომ ის სადღაც მაინც ვლინდება. მაგალითად ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანია: ბავშვი იწყებს ხატვას, ნახატები არის უჩვეულო, იკითხება ადამიანის მძიმე ემოციური მდგომარეობა. ბავშვმა ასევე შეიძლება მოულოდნელად გამოავლინოს ამ საკითხში მისი ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა და ინტერესი.
პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს _ ბავშვს უნდა დაუჯეროს, დაამშვიდოს და არ დაადანაშაულოს!
ბავშვის მთავარი შიში ის არის, რომ თუ სიმართლეს იტყვის, დედ-მამა მას არ დაუჯერებს.
_ სოციალურ ქსელებში ბავშვების ჩართულობაზე რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს? რა გაითვალისწინონ მათ?
_ პირველ რიგში, მშობლებმა შვილებთან უნდა ააგონ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და შექმნან ისეთი საფუძველი, რომ შვილს ნებისმიერი გასაჭირის დროს მოუნდეს მშობელთან მისვლა და გულწრფელად საუბარი. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ზოგადად არ ექნება შვილების მიმართ განსჯითი დამოკიდებულება, მუდმივად კრიტიკის ქვეშ არ ეყოლება ისინი. ხშირად გაუმეორებენ ბავშვებს, თუ როგორ უყვართ ისინი და ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან ნებისმიერი განსაცდელის დროს, რომ ყოველთვის პირველ რიგში დაუჯერებენ მათ მიერვე გაზრდილ საკუთარ შვილებს. რატომ არის ეს მიდგომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი შვილების უსაფრთხო ცხოვრებისთვის? _ უფროსებმა კარგად უნდა გააცნობიერონ და გაიაზრონ, რომ ძალადობის შემთხვევებში მოძალადე მოქმედებს გარკვეული სტრატეგიით:
ბავშვს ხშირად ეუბნება, _ შენ უკვე დიდი ხარ. ჩვენ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქვთ დიდებს. დიდად ყოფნა კი ბავშვისთვის მაცდუნებელი და მომხიბვლელი რამაა.
ბავშვს ეუბნება, _ მე შენ მიყვარხარ. შენთან იმას ვაკეთებ, რასაც აკეთებენ ადამიანთან, რომელიც უყვართ. მე კი შენ გამოგარჩიე.
ბავშვს ართმევს პირობას, _ ეს იყოს ჩვენი საიდუმლო. საიდუმლო კი ბავშვისთვის იდუმალი თავგადასავლის ხიბლის მქონეა და ამ თამაშში ადვილად ერთვება.
აქედან გამომდინარე, მშობელს შვილთან საჭიროა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია, საუბარი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ყველა საკითხზე; პირადი სივრცის დაცვასა და სხვა ადამიანის მიერ ხელშეუხებლობაზე.
მშობლების საზრუნავი და ვალდებულებაა შვილის დარიგება შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ: არ გაუღოს კარი უცნობს; არ გამოართვას უცხოს საჩუქარი; არ გაჰყვეს უცნობს სადმე. თუ ლიფტთან დგას უცნობი, დაელოდოს, როდის ავა ის და შემდეგ ისარგებლოს ლიფტით. თუმცა ცხადია, უსაფრთხოების არც ეს წესებია სრული გარანტია, რომ ბავშვი დაცული იქნება.
აქვე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მოძალადე ხშირად არის ოჯახის ახლობელი, მეგობარი ან, სამწუხაროდ, ოჯახის წევრიც კი. ამიტომ მივმართავ დედებს, იყვნენ ყურადღებით, ვისთან ტოვებენ საკუთარ შვილებს, ვის ანდობენ მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, 100%-ით დარწმუნდნენ, რომ მათი შვილები არიან სანდო ადამიანების ხელში, მაშინ როცა თავად არ არიან სახლში.
სოციალური ქსელები, ვირტუალური სივრცე არის აბსოლუტურად დაუცველი და გაუკონტროლებელი სამყარო. ყველამ ვიცით, რომ ხშირია ამ სივრცეში კიბერბულინგის, სექსუალური შევიწროების ქმედებები, რაც ბავშვებსა და ახალგაზრდა ადამიანებში იწვევს ფსიქოლოგიურ ტრავმირებას. დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ყველას კარგად გვესმის, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი, არც მუდმივ კონტროლს მოაქვს კარგი შედეგი. სწორი გამოსავალი ამ შემთხვევაში შვილებთან უწყვეტი კომუნიკაციის რეჟიმია, როცა ბავშვი წინასწარ არის შეიარაღებული ინფორმაციით იმ სავალალო ქმედებებზე, რაც ხდება ინტერნეტსივრცეში და იცის, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დააპირებს მის დაბულინგებასა თუ დაშანტაჟებას. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი მის გვერდით იქნება და დაეხმარება მას ნებისმიერი რთული სიტუაციის მართვაში.
_ სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რეალურად რა შეიძლება განაპირობებდეს მოძალადის მიერ განხორციელებულ ამ ქცევას?
_ მოძალადის ფსიქოპორტრეტი ბოლომდე არ არის შესწავლილი. მოძალადის, დამნაშავის ქცევას შეიძლება განსაზღვრავდეს რამდენიმე ფაქტორი, თუმცა დარწმუნებით ამაზე საუბარი რთულია: ეს შეიძლება იყოს გენეტიკური მახასიათებლები, გარემო, სადაც აღიზარდა მოძალადე, იყო ეს ძალადობრივი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი? ისიც უნდა ითქვას, რომ მოძალადეების გარკვეული ნაწილი გაზრდილია საკამოდ მისაღებ და ნორმალურ გარემოში. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად ვსაუბრობთ ამ მხარეზე, რასაც აქვს თავისი არგუმენტაციაც. საბოლოო ჯამში, ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე, ბავშვზე მოძალადე უნდა დაისაჯოს. ცალსახად სექსუალური ძალადობა არის პათოლოგიური ქცევა და კრიმინალური ქმედება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით.