- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-05-01 16:42:24
გიორგი საკარული
„ზოგადად, ხატვის ნიჭი არ მაქვს, მაგრამ როცა ადამიანს თვალებით ხატავ, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება. როცა ფურცელზე ხატავ, იყენებ ფუნჯს, კალამს ან ფანქარს, მაგრამ შენს წარმოდგენაში ადამიანის დახატვა სულ სხვაა, იქვე ფიქრობ, რა როგორ მოუხდება, როგორ აღიქვამ კონკრეტული სახის მოტივს. მაგალითად, ზოგიერთი შეიძლება 20 წლის ასაკში დაბერდეს. აქ გენეტიკური თემაც ერთვება და არასწორი მოვლის ფაქტორიც. ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს გარეგნობაზე, განსაკუთრებით _ ქალზე“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან დერმატო-კოსმეტოლოგი, ინგა ურუშაძე, რომელსაც 21-წლიანი გამოცდილება აქვს და მის ხელში არაერთ პაციენტს გაუვლია.
ქალბატონებმა, რომლებსაც სურდათ, რომ გარეგნობა რადიკალურად შეეცვალათ და სასურველი შედეგებისთვის მიეღწიათ, ეს შეძლეს, თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნება ბუნებრივი მეთოდებითაც კი შესაძლებელია. თუ როგორ, ამას ქვემორე ინტერვიუდან შეიტყობთ.
გახსოვდეთ! _ ადამიანის სახის კანი არა მხოლოდ სილამაზეა, არამედ ის შეიძლება მიგვანიშნებდეს შინაგანი ორგანოების პრობლემებზეც.
გაითვალისწინეთ! _ ყველა ადამიანს ინდივიდუალური მოვლისა და მკურნალობის კურსი სჭირდება მისი სახის კანის თავისებურებიდან გამომდინარე.
ინგა ურუშაძე:
_ კანი ურთულესი და მოცულობით ყველაზე დიდი ორგანოა. მასზე აისახება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, სხვადასხვა ორგანოს პრობლემა, ასევე სისხლძარღვების პრობლემა. უყურებ ადამიანს და ხვდები, რა სჭირს, რა სჭირდება მას. თუ შინაგანად რაღაც დარღვეულია ორგანიზმში, რა თქმა უნდა, კანს მარტო ვერაფერს უზამ. ეს არის კომპლექსურად სამკურნალო. შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსი, განსაკუთრებით მოზარდებში, გარდატეხის ასაკი იწვევს ხოლმე გამონაყარს აკნეს სახით. რა თქმა უნდა, აქ ერთვება ჰიგიენა, არასწორი ცხოვრების წესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვება. როცა კვება დარღვეულია, ეს იმწამსვე აისახება სახეზე, კანი მაშინვე იწყებს დაბერებას.
_ ასევე გასათვალისწინებელია ის დიეტები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ისე ვიწყებთ, რომ არ ვიცით, რამდენად მორგებულია იგი ჩვენზე. ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
_ დიახ. არასწორი დიეტა და, ზოგადად, დიეტები, საშინლად მოქმედებს ორგანიზმზე. დამღუპველია კვების არასწორი რეჟიმი, უძილობა, სტრესული მდგომარეობა, დეპრესია. როგორც ვთქვი, ეს პრობლემები განსაკუთრებით უფრო გამოხატულია მოზარდებში. ისინი საფუძველს უყრიან ისეთ დაავადებებს, როგორიც არის დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, კანის დაბინძურება. მნიშვნელოვანია კანის დაცვა. ზოგიერთი ამბობს, საბავშვო კრემს ვისვამ და მშვენივრად გამოვიყურებიო. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან საბავშვო კრემი კარგია, თავის როლს ასრულებს, მაგრამ ხანგრძლივი და ღრმა ეფექტი არ გააჩნია.
სახის კანი უნდა გამოირჩეოდეს ფერით, ხარისხით, სიბრჭყვიალით. ზოგიერთი კანის ტიპი მიდრეკილია ნაოჭებისკენ, ძალიან გამოფიტული და გამომშრალია. ასაკთან ერთად ნელ-ნელა უფრო იცვლება, _ კოლაგენ-ელასტინის, ჰიალურონის პრობლემა მოდის.
_ გარდა იმისა, რომ უნდა ვიკვებოთ სწორად, კიდევ რა უნდა დავიცვათ ან როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი აისახოს ჩვენს გარეგნობაზე?
_ პირველ რიგში, მაინც მგონია, რომ აუცილებელია ძილის მოგვარება. უძილობა ფიტავს ორგანიზმს. ასევე მნიშვნელოვანია წყლის რეგულარულად სმა _ ბევრს არ უყვარს წყლის სმა, არადა, ეს დეჰიდრატაციას იწვევს. ბავშვებს განსაკუთრებით არ უყვართ ბოსტნეული, რაც ვიტამინების წყაროა. ასევე აუცილებელია ხილი. უნდა გადაანაწილო ხილისა და ბოსტნეულის მიღება. იმას არ ვამბობ, რომ არ ჭამო, არ იკვებო ცომეულით ან შენელებული ნახშირწყლებით, უბრალოდ, ყველაფერი უნდა მიიღო მცირე დოზით. უნდა იცოდეთ, რომ 6-7 საათის შემდეგ არ უნდა მიირთვათ მძიმე საკვები.
ჩვეულებრივად, როგორც დასაბანი გელი გინდა და სახის კანის გასუფთავება დილა-საღამოს, მაკიაჟის გაწმენდა, რომ მოიშორო მიკრობები, ბაქტერიები და ისე დაწვე, უფრო მსუბუქად არ იგრძნობ თავს? პატარა რუტინაა, მაგრამ მცირე დრო მაინც აუცილებლად უნდა დაუთმო საკუთარ თავს _ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ნიღბები გაიკეთო. ასევეა მსუბუქი და ჯანსაღი კვებაც _ უნდა გადაერთო ამაზე და ყოველდღიურობად აქციო იგი.
_ თქვენი რეკომენდაციით, რა ასაკიდანაა შესაძლებელი, რომ ქალმა ან მამაკაცმა დაიწყოს კრემების, სახის მკვებავის ან სხვა საშუალებების მოხმარება?
_ ზოგადად, ბავშვობიდან უნდა დაიწყო თავის მოვლა, თუნდაც საცხების მოხმარება, თუ ნიღბების გაკეთება. შემდეგ უკვე ჩვევაში გადადის, რომ ლამაზად გინდა გამოიყურებოდეს კანი. ხშირად ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ სახის მოვლას, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რამე პრობლემაა, კოსმეტოლოგმა და ექიმმა აუცილებლად ნახოს, შეაფასოს კანის მდგომარეობა. ის უკეთესად გირჩევს, რა უნდა გაუკეთო საკუთარ კანს, ვიდრე სკეპტიკურად შეხედო პრობლემას და წინააღმდეგობა გაუწიო შენს თავს, _ ეს არ მინდა, კრემს არ წავისვამ და ა. შ. ეს არის აბსურდი. კრემიც უნდა წაისვა და ნიღაბიც უნდა დაიდო ყველა ასაკში.
ხშირად დაბერების პროცესი უკვე შორს წასულია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა ჩავრთოთ გამაახალგაზრდავებელი მედიკამენტური საშუალებები, თუნდაც ჰიალურონის მჟავა, ანტიოქსიდანტები, ამინომჟავები, ვიტამინები, ინექციური პრეპარატები, რომლებიც ძალიან კარგია და არ არის მავნე.
_ ინექციების გაკეთება რა ასაკიდანაა რეკომენდებული?
_ რაც უფრო პატარა დაიწყებ, უკეთესია. როგორც წეღან ვახსენე, ხშირად ხდება ფოტოდაბერება, ანუ პატარა ასაკში როდესაც ჩნდება ნაოჭები, თუნდაც წვრილი ნაოჭი, მიმიკური და ა. შ. მიმიკური ნაოჭი ზოგს იმდენად აქტიური აქვს, რომ მაშინვე ჩაჭრის ხოლმე სახის კანს, ეს ხაზები იმდენად ღრმავდება, ეჩვევა კანი მათ და ჩაღრმავების გასწორება ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნაოჭის დამაგრება, რომ უფრო მეტად არ ჩაღრმავდეს, უფრო მეტად არ გამოიკვეთოს, ამიტომ 20 წლიდან შეიძლება, რაღაც პატარა ნაოჭი დაამაგრო ბოტოქსით.
_ ბოტოქსი და ფილერი, _ მათი მოხმარებაც ინდივიდუალურია?
_ თუ პატარა ასაკში შეიძლება გაიკეთონ „ე“ ვიტამინი, რომელზე დიდი საშინელებაც არ არსებობს, მაშინ რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი ისეთ კარგ პრეპარატზე, როგორიც არის ჰიალურონის მჟავა? ეს გახლავთ კონცენტრირებული, ტექნოლოგიურად სწორად დამზადებული პრეპარატი. უამრავი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ ჰიალურონის მჟავა იყოს რაც შეიძლება ბუნებრივი. აქედან გამომდინარე, როდესაც ამაზე ამბობენ უარს და „ე“ ვიტამინს იკეთებენ _ ეს არის არასწორი არჩევანი. ყოველთვის უნდა ავარჩიოთ კარგი ბრენდი, შესაბამისი პრეპარატი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტს.
არასოდეს უნდა მოატყუო პაციენტი. თუ მოატყუე, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. თუ შენ პაციენტთან არ ხარ გულახდილი და არ გაქვს სწორი მიდგომა, არა მხოლოდ პაციენტთან, ზოგადად, ადამიანებთან, ვერასოდეს მიიღებ კარგ შედეგს, ბუმერანგივით დაგიბრუნდება. კარგი შედეგის მისაღებად აუცილებელია კარგი პრეპარატის შერჩევა და მისი სწორად გაკეთება. არასწორ მიდგომას პაციენტი აუცილებლად დაინახავს. ჩვენ ძალიან ვენდობით კონკრეტულ კომპანიებს, რომელთაც შემოაქვთ ხარისხიანი პრეპარატები. ყველაფერი მათთან შეთანხმებულად ხდება. აქ მუშაობენ გამოცდილი, არაჩვეულებრივი გოგონები, კარგი დისტრიბუტორები. ასევე უცხოეთიდან ჩამოდიან პროფესიონალი სპიკერები, რომლებიც ატარებენ მასტერკლასებს, კონგრესებს, კონფერენციებს, სადაც იმ პრეპარატებზე საუბრობენ, რომლებიც არის სუფთა, ნამდვილი და არ გამოიწვევს ალერგიას.
_ დღეს ძალიან ბევრი ქალბატონი იმდენად დიდ ხიბლში შედის ამ ბოტოქსებით, რომ ხშირად ზომიერების გრძნობას კარგავს და არაბუნებრივად გამოიყურება. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები, რომ პაციენტს მოუთხვია იმაზე მეტი ინექციის შეშვება სახეზე, ვიდრე ეს მას ესაჭიროებოდა და როგორ გიპასუხიათ მათთვის?
_ ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია მსგავსი. რამდენიმე ადამიანი ამას გადავაჩვიე. ვეცადე, ამეხსნა, რომ მათთვის მთავარი დატვირთვა არ იყო ტუჩი, არამედ სხვა რაღაცები, რომლებიც უფრო ლამაზ ვიზუალს შექმნიდა. ზოგს ჰგონია, რომ რადგან ტუჩი დაბერილია, უკვე ლამაზი სახე აქვს, ასე არ არის. მაგალითად, შეიძლება ყვრიმალები აწიო, ლამაზი სახე შექმნა და საერთოდ არ იყოს საჭირო დატვირთული ტუჩი; ან შეიძლება ოვალის კორექცია გააკეთო და საერთოდ არ იყოს საჭირო ტუჩის გაკეთება. ან წარბების გადაჭარბებულად აწევა არ არის საჭირო. ყველაფერში უნდა იყოს ზომიერება. მაგრამ ზოგიერთს ჩვევაში გადასდის მუდამ რაღაცის კეთება და სახეს იფუჭებს.
ბევრი პრობლემაა ამ მხრივ. როცა ქალი ასაკში შედის, მთავარია, პატარა, წვრილი ნაოჭების გასწორება.
ხშირად გამიგია ცივი და ცხელი წყლის კომბინაცია _ ეს გამორიცხულია. ცივი წყალი ავიწროებს, ცხელი აფართოებს. ჩვენ არც გაფართოებული სისხლძარღვი გვჭირდება და არც _ შევიწროებული. არ არის ეს სწორი მიდგომა. სასურველია, ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყლით დაიბანოთ, გაისუფთავოთ ფორები. ხანდახან კანის სტრუქტურას არ მიხედავენ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ბოტოქსი უშველით, მაგრამ რანაირად, როცა აუცილებელია, რომ ჯერ კანის სტრუქტურა მოაგვარო!
ასევე მნიშვნელოვანია სისხლძარღვების პრობლემა, კაპილარები, რომლებიც ზედაპირზეა დაქსაქსული, ამას რას უშველი? როცა დამიანი ეწევა და თან გამოკვეთილი სისხლძარღვი აქვს, იმას კიდევ ცხელი და ცივი წყალი რად უნდა? მას უნდა თბილი წყალი, შესაბამისი ნიღაბი, ექიმის სწორი რჩევა, რა გაიკეთოს, რომ კანი რაც შეიძლება ახალგაზრდა იყოს. თუ კანი ახალგაზრდაა, ყველაფერი დაცულია, კოლაგენ-ელასტინიც აღდგება, ჰიალურონიც, ჰიდრობლასტებიც, ყველაფერი დაიწყებს ფუნქციონირებას, კაპილარებიც ჩადგება _ მხოლოდ სწორად უნდა იყოს მიმართული მკურნალობა.
_ ვისაც ყოველდღიურად მძიმე მაკიაჟის ტარება უწევს, ამ ადამიანებმა რა სიხშირით უნდა გაიწმინდონ სახე?
_ რაც არ უნდა სუფთად იყოს კანი, მიმაჩნია, რომ თვეში ერთხელ-ორჯერ მაინც უნდა მიხედოს ადამიანმა სახეს. პირველ რიგში კანი, მერე აუგმენტაცია, კორექცია და კონტურული პლასტიკა.
_ აქტიური თავის მოვლის პირობებში შეიძლება თუ არა, რომ შევეწინააღმდეგოთ გენეტიკურ კოდს?
_ ერთი მოსვლით ვერ ვუშველით. ამას სჭირდება აქტიური ხაზი, თორემ შეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგებით. ამ შემთხვევაში უფრო მეტად გვიწევს ხოლმე ბევრი სირთულის გადალახვა, მაგრამ თუ კარგი გენეტიკა გაქვს, ამას არაფერი სჯობს.
_ როგორ შეიძლება, რომ შევეწინააღმდეგოთ გენეტიკურ კოდს?
_ საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო ერთმანეთზე გადაგრეხილ ორ უწვრილეს ძაფშია დამალული და ეს გახლავთ დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინმჟავა, რომელიც ყველა უჯრედის ბირთვშია მოთავსებული.
დნმ-ი ძაფზე აცმულ მძივს ჩამოჰგავს, სადაც მძივის თითოეული ბურთულა ქრომოსომას წარმოადგენს. ქრომოსომებშია ჩაქსოვილი ასეულობით გენი. ნახევარი დედისეულია, ნახევარი კი _ მამისეული.
შეიძლება, 40 წლისაც საკმაოდ ნაკლები ასაკისას დავემსგავსოთ.
საჭიროა არა მარტო სახის მოვლის პროცედურები და ძვირადღირებული ნელსაცხებლები, არამედ ანტიასაკობრივ კვებას უნდა მოვაქციოთ ყურადღება…
მაგალითად:
გოგრის თესლი _ მდიდარია თუთიით, ორგანული მჟავებით და ებრძვის ნაოჭებს;
თევზის ცხიმი _ მდიდარია ომეგათი, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას;
კაკაო _ შავი შოკოლადი ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომელიც ორგანიზმის დაბერებას იწვევს. ეს არის ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი, სერატონინი;
ნუში _ მდიდარია ე ვიტამინით, რომელიც ანტიოქსიდანტია და ხელს უწყობს ლიბიდოს მომატებას. იგი უნდა მივირთვათ ყოველდღე 15-20 ცალი;
ოხრახუში _ ცე ვიტამინი;
ლიმონი _ ცე ვიტამინი;
ჯანჯაფილი _ ანტიბაქტერიული, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას;
ჭარხალი _ ფოლიუმის მჟავა;
კარაქი _ სასარგებლო ცხიმები.
ნატურალური კრემები კანს ჰმატებს სინაზეს, ატენიანებს მას, ასევე სახლის პირობებში დამზადებული ნიღბებიც ნაოჭების საწინააღმდეგოა.
გენეტიკური კოდის _ ნუკლეოტიდების _ თანმიმდევრობის მეშვეობით, აუცილებელია ცილები, ამინომჟავები.
ასევე საჭიროა პროცედურების ჩატარება, რადგან რაც შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს კანი.
მაგალითად: ბიოსტიმულაცია, ბიორევიტალიზაცია გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც მიმდინარეობს კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვირვება, დატენიანება, კანქვეშა ქსოვილების გაძლიერება. ამაზე პასუხისმგებელია ჰიალუმინის მჟავა, რომელიც უზრუნველყოფს ლამაზი, უნაოჭო და ჯანსაღი კანის შენარჩუნებას, _ კანი ხდება გლუვი, ელასტიური, დატენიანებული.
ხშირად პრობლემებს აგვარებს მეზოთერაპია, რომელიც გახლავთ კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მკურნალობის მეთოდი. სასარგებლოა ასევე ვიტამინების კოქტეილები ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით.
_ ინექციები თუ გაგიკეთებიათ საკუთარი ხელით სახეზე?
_ როგორ არა. ზოგადად, ეს არ არის სწორი. ყოველთვის მეორე პროფესიონალმა უნდა გაგიკეთოს, თავად რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, მაგრამ არის ისეთი პრეპარატები, რომლებიც არ ვიცი, როგორ შეიძლება კანზე დაჯდეს. სხვათა შორის, ისეთი კანი მაქვს, რომ მაშინვე რეაქცია აქვს, თუ პრეპარატი ცუდია და უხარისხო კომპონენტებისგან შედგება. ამიტომ აუცილებლად ვსინჯავ საკუთარ თავზე და მერე _ სხვაზე. სხვას ვერასდროს გავუკეთებ იმას, რაც თავად არ გამომიცდია.