- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:16:48
მიხეილ ხაჩიძე
ძლიერი მიწისძვრები, როგორიც ახლა თურქეთსა და სირიაში მოხდა, ათიათასობით ადამიანის სიკვდილს იწვეევს. წარსულში ასეთმა კატასტროფებმა მთელი ქალაქები გაანადგურა.
„ქრონიკა+“-მა მსოფლიოს დამანგრეველი მიწისძვრების ისტორიას გადახედა. გთავაზობთ აპოკალიფსური ნგრევების დაიჯესტს.
სრული მასშტაბები ჯერ უცნობია, მაგრამ უკვე ნათელია: მიწისძვრის კატასტროფამ საქართველოს მეზობელ თურქეთსა და სირიაში უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია, რაც კაცობრიობას დიდი ხნის განმავლობაში არ განუცდია. გასულ ორშაბათს, 7,8 და 7,5 მაგნიტუდის ბიძგების შემდეგ, კვირის საღამოს მონაცემებით, 26 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ექსპერტების აზრით, აღნიშნული რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. დაზიანების ემპირიულ მოდელებზე დაფუძნებული სწრაფი პროგნოზები ყველაზე ცუდ შემთხვევაში 67.000-მდე დაღუპულს პროგნოზირებს. ამის შესახებ კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკური ინსტიტუტის (KIთ) პროფესორმა, ანდრეას შაფერმა განმარტა.
მონაცემები გამოითვლება, სხვა საკითხებთან ერთად, ისტორიული შედარებებიდან, სამშენებლო ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის შესახებ არსებული ცნობებით, ასევე ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა დროის მონაკვეთი, როცა სტიქია მოხდა და სხვა მსგავსი ნიუანსები. KIთ-ის თანახმად, თურქეთ-სირიის სასაზღვრო ზონაში მომხდარი მიწისძვრები, ალბათ, 1900 წლის შემდეგ მსოფლიოში 20 ყველაზე მომაკვდინებელს შორისაა. მას შემდეგ კი 100 ყველაზე მომაკვდინებელი მიწისძვრიდან 11 სწორედ ჩვენს სამხრეთის მეზობელ თურქეთში მოხდა.
მსოფლიოს გამანადგურებელი მიწისძვრების ისტორია
პორტუგალია, 1755 წლის ნოემბერი: დედაქალაქი ლისაბონი მიწისძვრებმა შეაზანზარა. ბიძგებს ცუნამის რამდენიმე ტალღა მოჰყვა. ლისაბონი განადგურდა. მაშინ ქალაქის დაახლოებით 275.000 მოსახლიდან 60.000-ზე მეტი დაიღუპა. მიწისძვრა ევროპის დიდ ნაწილში იგრძნობოდა. ცუნამმა ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ესპანეთსა და მაროკოს. ამჟამად ვარაუდობენ, რომ ამ მიწისძვრის სიმძლავრე, რიხტერის შკალით, 9 მაგნიტუდას შეადგენდა;
აშშ, 1906 წლის აპრილი: კალიფორნიის ქალაქი სან-ფრანცისკო სასტიკმა რყევებმა გააღვიძა, შეიძლება ითქვას, ადამიანები ბიძგებმა სწოლებიდან გადმოყარა. რიხტერის შკალით 8,2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ხანძარმა, რომელიც სტიქიურ უბედურებას დაერთო და რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა, ქალაქი გაანადგურა. დაიღუპა 3.000-ზე მეტი ადამიანი და დაინგრა 25.000-მდე შენობა. დაახლოებით 400.000 მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა.
იაპონია, 1923 წლის სექტემბერი: დიდი კანტის მიწისძვრამ გაანადგურა ქალაქები ტოკიო, იოკოჰამა და მიმდებარე რეგიონები. მიწისძვრისა და ხანძრის მსხვერპლი დაახლოებით 140.000 ადამიანია. იოკოჰამაში შენობების 90% პროცენტი და ტოკიოში შენობების 40% დაიწვა. მიწისძვრა 7.9-დან 8.2 მაგნიტუდამდე იყო;
ჩინეთი, 1976 წლის ივლისი: შუაღამისას მიწა ირყევა ქალაქ ტანგშანის ქვეშ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციაში. ბიძგების სიმძლავრე 8.2 მაგნიტუდაა. მეტროპოლია თითქმის მთლიანად განადგურდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, ციფრები 250.000-დან 700.000-მდე მერყეობს.
ინდონეზია და ინდოეთის ოკეანის სანაპიროები, 2004 წლის დეკემბერი: 9.1 მაგნიტუდის (სხვა წყაროების მიხედვით: 9.0) მიწისძვრა კუნძულ სუმატრის მახლობლად, შობის დღესასწაულის კუნძულზე მოხდა. მან ცუნამის მასიური ტალღა გამოიწვია. სტიქიამ სიკვდილი და განადგურება მოიტანა ინდოეთის ოკეანის სანაპიროებზე. დაახლოებით 230.000 ადამიანი დაიღუპება, მათ შორის, 500-ზე მეტი გერმანელი. მხოლოდ ინდონეზიაში 170.000 ადამიანი დაიღუპა. შრი-ლანკის ჰაკედუვას მახლობლად სანაპიროზე ხალხი დღეების განმავლობაში ეძებდა ცუნამის მსხვერპლებს;
ჩინეთი, 2008 წლის მაისი: 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ (სხვა წყაროების მიხედვით: 7.9) დაახლოებით 90.000 ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია სიჩუანში, სხვა რეგიონებში კი დაახლოებით 4.45 მილიონი მცხოვრები დააზიანა. მილიონობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა. დაღუპულთა შორის იყო ათასობით მოსწავლე, რომელთა სკოლებმა ვერ გაუძლეს ბიძგებს გაუმართავი მშენებლობის გამო. სტიქია სწორედ სასწავლო პროცესის დროს მოხდა;
ჰაიტი, 2010 წლის იანვარი: დამანგრეველი ძალა მხოლოდ მის მაგნიტუდაზე არ არის დამოკიდებული, გადამწყვეტია მშენებლობის ხარისხი. ამგვარად, 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრამ, რომელიც 2010 წელს დაატყდა თავს ჰაიტის, დაანგრია მისი დედაქალაქი პორტ-ო-პრენსი და 300.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მან ასევე გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა. გაეროს მონაცემებით, სულ მცირე, 1,5 მილიონი ჰაიტელი უსახლკაროდ დარჩა.
დღემდე ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ყველაზე ღარიბი ქვეყანა აგრძელებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში თავის გადარჩენას, რომელსაც ბუნებრივი კატასტროფები მხოლოდ ამძიმებს. ბოლო ძლიერი მიწისძვრა იქ 2021 წელს მოხდა.
ლათინურ ამერიკაში წარსულში კიდევ ერთმა მიწისძვრამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ანკაშში დაახლოებით 66.000 ადამიანი დაიღუპა, პერუში 1970 წელს მომხდარი ძლიერი ბიძგების შედეგად;
იაპონია, 2011 წლის მარტი: იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ერთ საათზე ნაკლებ დროში მოჰყვა მოქცევის ტალღა 20 მეტრამდე სიმაღლის ტალღებით, რომელმაც წაიღო ყველაფერი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტოჰოკუს რეგიონის სანაპიროზე წყალმა ასევე შეაღწია ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურამდე, სადაც სამი რეაქტორი დადნა _ ეს არის ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა 1986 წლის ჩერნობილის შემდეგ. ხელისუფლებამ განაცხადა სამმაგი კატასტროფის შემდეგ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. სტიქიას 18.500 ადამიანი ემსხვერპლა; რადიაციის გამო ფუკუშიმას პრეფექტურაში 165.000-ზე მეტ ადამიანს სახლების დატოვება მოუწია.
მსოფლიოს რუკის დათვალიერება ცხადყოფს, რომ აზიაში, კონკრეტულად სპარსეთის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონცენტრირებულია მე-20 საუკუნის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მიწისძვრა: მაგალითად, აშხაბადში, თურქმენეთში, რომელიც 1948 წელს საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 100.000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასევე 8 მაგნიტუდამდე მიწისძვრები განსაკუთრებით დამანგრეველი იყო ირანსა (50.000 ადამიანი დაიღუპა 1990 წელს) და პაკისტანში. ამ უკანასკნელში 1935 წელს მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კვეტა, მსხვერპლთა რაოდენობა 30.000-დან 60.000-მდე ავიდა; 2005 წელს კი ქაშმირში დაახლოებით 86 000 ადამიანი დაიღუპა.
დაბოლოს, ამ ტიპის უბედურება არც ევროპისთვისაა უცხო:
1908 წელს მიწისძვრამ სიცილიასა და კალაბრიას შორის, სამხრეთ იტალიაში, გაანადგურა ქალაქები მესინა და რეჯიო. 7.2 მაგნიტუდის ბიძგმა გამოიწვია ცუნამი, რომელიც დაარტყდა როგორც მატერიკს, ასევე მის უახლოეს კუნძულს. ქალაქებისა და პორტების განადგურების გარდა, ვარაუდობენ, რომ 70.000-დან 100.000-მდე ადამიანი დაიღუპა.
ისტორიული პერსპექტივა აჩვენებს, რომ დიდი მასშტაბები არ ნიშნავს უფრო დიდ ნგრევას. 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა 1960 წელს ვალდივიაში, ჩილეში ან 1964 წელს აშშ-ში ალასკაში, ნაკლები დაღუპვა გამოიწვია. მიზეზი კი იყო სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ბიძგების ადგილი, მოსახლეობის რაოდენობა, შენობების კონსტრუქცია, განლაგება და ტიპი. მაშინ 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებს ჩილეში, სულ მცირე, 1600 ადამიანი შეეწირა, ხოლო ალასკაში _ 100-ზე მეტი.