- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:14:06
მიხეილ ხაჩიძე
მანანა გოგოლაძე ესპანეთში 26 წლის წინათ ჩავიდა, ჰყავს 4 შვილი და უკვე 19 წელია, ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს. ის ესპანეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის პარტიის ერთადერთი ქართველი წევრია.
„ქრონიკა+“-მა მანანა გოგოლაძესთან ინტერვიუ ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან კურორტ ბენიდორმში ჩაწერა.
მანანა გოგოლაძე ბორჯომში დაიბადა და გაიზარდა. თბილისში ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში „საქართველოს რესპუბლიკაში“ ჟურნალისტად მუშაობდა.
ესპანეთში მეუღლესთან ერთად 1995 წელს ჩავიდა მურსიის ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. 1 წელი მურსიაში გაატარა, მას შემდეგ კი ალიკანტეში დაიდო ბინა.
ქალბატონი მანანა გვიყვება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება თეატრალურში სურდა, თუმცა ოჯახმა ამის ნებართვა არ მისცა.
„ოჯახმა გადამიწყვიტა, ფილოლოგიურზე უნდა ჩააბაროო და მეც დავთანხმდი. კი დავამთავრე ფილოლოგიური, მაგრამ ვიცოდი, ჩემგან მასწავლებელი არ დადგებოდა, ეს საქმე არ იყო ჩემი. ხალხთან კომუნიკაცია უფრო მიზიდავდა და ჟურნალისტიკაში, კერძოდ, ბეჭდურ მედიაში წავედი. ჩემი მასალები „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდებოდა. ძალიან მომწონდა ეს საქმე, თუმცა მერე ესპანეთში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 1995 წელს მეუღლესთან ერთად წამოვედი აქ. ძალიან გამიჭირდა თავიდან. ესპანური ენა არ ვიცოდი, დამხმარეც არავინ მყავდა. დიდი განსაცდელი და გასაჭირი გამოვიარე. თუმცა თავიდანვე მიზანდასახული ვიყავი და ყველაფერი დალაგდა, აეწყო და მოწესრიგდა“, _ იხსენებს ქალბატონი მანანა ჩვენთან საუბრისას.
ერთხელ, როდესაც „წითელ ჯვარში“ საბუთისთვის მივიდა, თარჯიმნობა სთხოვეს. მოეწონათ მის მიერ შესრულებული საქმე და 2 თვე დამხმარედ ამუშავეს, შემდეგ „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით კურსები გაიარა და 2 წლის თავზე ოფიციალურ თარჯიმნად დასაქმდა. მოგვიანებით, ალიკანტეს უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და მას შემდეგ გოგოლაძე თარჯიმანია იურიდიული განხრით.
„ჩეჩნეთის ომის დროს ბევრი რუსულენოვანი ლტოლვილი ჩამოვიდა ალიკანტეში. ერთხელ, როდესაც „წითელ ჯვარში“ საბუთისთვის მივედი, რადგან ესპანურსაც ვფლობდი და რუსულსაც, თარჯიმნობა მთხოვეს. პროფესიონალი თარჯიმანი არ ვიყავი, მაგრამ 2 თვე დამხმარედ მამუშავეს, შემდეგ „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით გავიარე კურსები და 2 წლის თავზე „წითელ ჯვარში“ ოფიციალურად თარჯიმნად ამიყვანეს“, _ იხსენებს გოგოლაძე.
მანანა გოგოლაძე 19 წელია, ესპანეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელია. აქვთ ანსამბლი, მართავენ ღონისძიებებს, ქართველ ბავშვებს ასწავლიან წერა-კითხვას, ქართულ ლიტერატურასა და კულტურას, სამშბოლოს სიყვარულს.
„2001 წელს თანამშრომლებმა მირჩიეს, ქართველების დახმარების ასოციაცია შემექმნა. თავიდან მიზანი ქართველების დახმარება-დაკვალიანება იყო, წლების შემდეგ კი ალიკანტეში ქართული სკოლა დავაარსეთ. გვაქვს ქართული ანსამბლი „იბერია“, სადაც 15 წლამდე ბავშვებს ვასწავლით ქართულ ენასა და ისტორიას. ბავშვები მთელი ესპანეთის მასშტაბით დადიან და ფესტივალებში მონაწილეობენ. ფართისთვის და სხვა საჭიროებისთვის ადგილობრივი მთავრობა აქტიურად გვეხმარეობა. პარალელურ რეჟიმში ესპანეთის ფოლკლორულ ფედერაციაში ვარ გაწევრიანებული“, _ გვიყვება ის.
პოლიტიკაში და თანაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის სოციალისტურ პარტიაში სრულიად შემთხვევით მოხვდა. ამბობს, რომ პოლიტიკოსობა მისი მიზანი და სურვილი არასდროს ყოფილა.
„გავიცანი ესპანელი ქალბატონი, რომელიც ქართული დიასპორის საკითხებში მეხმარებოდა. მისი ქმარი პარლამენტში სამი მოწვევის დეპუტატია და მითხრა: უნდა გაგაცნო, პედრო შენნაირ მოძრავ და აქტიურ ადამიანებზე გიჟდებაო. ასე გავიცანი პედრო სანჩესი, რომლის რეკომენდაციითაც გავხდი სოციალისტური პარტიის წევრი. პოლიტიკაში წასვლა ამ კაცმა გადამაწყვეტინა, მანამდე პოლიტიკოსობა არც მიფიქრია. ჩემი აქტიურობა რომ დაინახეს, პარტიის აღმასრულებელ კომიტეტში გადამიყვანეს, შემდეგ კი კანდიდატად წარმადგინეს. სოციალისტური პარტია გავიდა და ქალაქის თვითმმართველობაში მოვხვდი.
ეს შესაძლებლობას მაძლევს, მშობლიურ ქვეყანას პოპულარიზაცია გავუწიო ესპანეთში. ამ გამარჯვებით ჩემს ცხოვრებაში დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ამაყი ვარ, რომ ესპანელების პოლიტიკურ სიაში ქართული სახელი და გვარი წერია. ესპანელი ხალხის სიყვარულსა და ნდობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ, ჩემს თანაგუნდელებს კი ძალიან უხარიათ, რომ ქართველი ჰყავთ პარტიაში“, _ აცხადებს ის.