QronikaPlus
„რუსეთს აწყობს, რომ ამ ომში ბევრი ჩეჩენი მოკვდეს“

„რუსეთს აწყობს, რომ ამ ომში ბევრი ჩეჩენი მოკვდეს“

2023-02-27 09:12:59

ირინა მაკარიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან, პარტიის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მოძრაობა „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

_ ვისურვებდი, ყველამ დატოვოს პარლამენტი. სხვა შემთხვევაში, არ მგონია, რომ ქუჩის პროტესტს შედეგი ჰქონდეს. არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დატოვოს პარლამენტი და „ქართული ოცნება“ მარტო დარჩეს. თუმცა ჩანს, რომ ეს არ იქნება ადვილად მისაღწევი, რადგან სხვა პარტიებს სხვა სურვილები და მიზნები ამოძრავებთ.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს ერთობა, რადგან ძალა ერთობაშია! ამასთან, არ უნდა მომხდარიყო ოპოზიციიდან განცალკევება, თუმცა ამასობაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია შუაზე გაიყო. როცა ამ სურათს ვუყურებ, მახსენდება ბიძინა ივანიშვილის ის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ თუ ჩვენ ვერაფერი გავუკეთეთ გარედან „ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინ მას შიგნიდან დავშლითო. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე მხარე „ქოცებსა“ და ბიძინა ივანიშვილს არ გაურიგდებოდა, მაგრამ ფაქტია, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ძლიერი პარტია, დასუსტებულია. არის ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ლიდერები, რომლებიც აღმოჩნდნენ სხვადასხვა მხარეს, შეძლებენ და პარტიას ისევ გააერთიანებენ.
რაღაც შიდა დაპირიპირება ძმებს შორისაც ხდება, მაგრამ იმის უნარიც უნდა ჰქონდეთ, რომ აქედან გამოვიდნენ. თუ შენ გაქვს იმის ამბიციები, რომ ამ დიდი პარტიის ლიდერი იყო, მაშინ იმის ძალაც უნდა შეგწევდეს, რომ ეს პარტია გააერთიანო. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ არ ვარგებულა არც ერთი და არც მეორე მხარე.
_ ბატონო მალხაზ, თქვენ ბრძანეთ, რომ პარლამენტი უნდა დატოვონ. ამ აზრის მოწინააღმდეგეები არგუმენტად ასახელებენ, რომ ასეთ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს საარჩევნო კომისიებიდან გამოსვლაც, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აღარ ექნება. ამის შესახებ რას იტყვით?
_ არჩევნებს ვერც ისე და ვერც ასე ვერ მოიგებენ, გამორიცხულია არჩევნების გზით ამ ხელისუფლების გაშვება. ბოლო სამივე არჩევნები იყო სუფთად მოგებული. დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან, გაგრძელებული საპარლამენტო და დამთავრებული ადგილობრივი არჩევნებით. ეს იყო სუფთად მოგებული, მაგრამ რას მიაღწიეს? შეძლეს შედეგების დაცვა? ვერ შეძლეს, რადგან ქუჩაში არ იყო მწვავე პროტესტი. ქუჩაში რომ ყოფილიყო მწვავე პროტესტი, იმ შედეგს მიაღწევდენ. შიგნით იქნები თუ გარეთ იქნები, სულერთია, არჩევნებს მაინც გააყალბებენ. არჩევნებს ისინი ატარებენ. ვინც არჩევნებს ატარებს, ის იგებს. ამათ შემთხვევაში ასეა, ამათ არც დემოკრატია აინტერესებთ და არც ევროპისა და ამერიკის აზრი, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, ამიტომ არის საჭირო ქუჩა და დიდი პროტესტი.
_ თუ არჩევნები არა, მაშინ რა გზა რჩება? გვაქვს ბელარუსის მაგალითი, სადაც ვერც არჩევნებით და ვერც ქუჩით შეძლეს ხელისუფლების შეცვლა…
_ ქუჩით შეძლებენ… ბელარუსში ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ლუკაშენკოს პუტინი ედგა ზურგში, საქართველოში ამდენი ვერ გაუვათ, აქ ამერიკა უყურებს, ევროპაც. ამავდროულად, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, საქართველოს მოსახლეობის 85% არის ევროპული განვითარების მომხრე. მხოლოდ 15 თუ 20 პროცენტია, ვინც რუსეთს უჭერს მხარს. რუსეთის დასაყრდენი იყო ის თაობა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა, რომელსაც ჩვენ „წითელ ინტელიგენციას“ ვეძახით. ბიძინა ივანიშვილმა 5-ათასლარიანი კონვერტებით მოისყიდა ეს ხალხი. ამათ ებღაუჭებოდა პუტინი. სანამ ეს თაობა იქნებოდა, მას შეეძლო გაექაჩა საქართველო თავისკენ. ეს იყო ბოლო მომენტი მისთვის, ეს თაობა ნელ-ნელა მიდის და წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც ევროპულ ღირებულებებს უყურებს და უნდა თავისუფლება, დემოკრატია და არა ბინძური, გარყვნილი რუსეთი და მათი აულები და კიშლაკები.
_ ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენს ოჯახს თავს დატეხილმა ტრაგედიამ და უსამართლობამ გაიძულათ, პოლიტიკას აქტიურად დაკავშირებოდით. თქვენ არჩევნებშიც მონაწილეობდით „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. როგორ მოხდა ამ პარტიასთან თქვენი დაკავშირება?
_ როდესაც მივხვდი, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გარეშე „ქართული ოცნება“ ფეხქვეშ გამთელავდა, მე მათთან მივედი. ისიც კი შევთავაზე, ეს უსამართლობა, რაც მოხდა ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, დიდი დანაშაულია და ამ საქმით ჩვენ უნდა დავაზიანოთ ხელისუფლება-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ მივაღწევდი. ამიტომაც აღმოვჩნი ამ ადამიანების გვერდით. შემდეგში ისე მოხდა, რომ 2021 წელს ახმეტის რაიონში საკრებულოს არჩევნებში ჩავერთე. პანკისის ხეობაში 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ არჩევნებს 92%-ით იგებდა. თემირლანის საქმის შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი მიზანი იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ პანკისის ხეობაში არჩევნები წაეგო. ადგილობრივი არჩევნები რომ მოვიდა, პანკისის ხეობაში კენჭს იყრიდა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა პარტია არ ყოფილა, იყო „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ მას სათვალავშიც არ ვაგდებ, იქ, ისევე როგორც „ქოცებთან“, არ მივიდოდი. დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. მთელ ხეობაში რამდენიმე ადამიანს ვთხოვე, რომ ეყარათ კენჭი. ერთი ჩემი მეგობარი დავაყენე 7 სოფელში კანდიდატად, აქ იყო 5 უბანი და 3 უბანი მთლიანად მოვიგეთ.
ჩემი კანდიდატუტრა დავაყენე დუისში. სხვა ვერ მოვძებნე, რომ დამეყენებინა კანდიდატად, ამიტომ იძულებული ვიყავი, თვითონ დავმდგარიყავი. გვახსოვს ყველას, ლაფანყურის ხეობის ინციდენტი რომ მოხდა, შვიდივე დაღუპული ახალგაზრდა დუისიდან იყო, ამიტომ ეს ძალიან რთულ უბანს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელი მეორე ტურში გადასვლა. ჩემი ძირითადი მიზანი იყო პანკისის ხეობის მოგება. ეს ასეც მოხდა, მთლიანობაში პანკისის ხეობა მოვიგეთ 400 ხმის სხვაობით. ეს იყო 2021 წლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის პირველი შედეგი.
სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია რომ ყოფილიყო, იმ პარტიას დავუდგებოდი გვერდით. იყო ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ და აქ დავაყენე ჩემი კანდიდატურა. თუმცა არც შტაბი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და არც _ აქტივისტი, ყველაფერი მე დავალაგე.
_ ახლა არის ადგილზე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაცია?
_ როგორც ორგანიზაცია არ არსებობს, მაგრამ არსებობს ის გარკვეული ნაწილი მოსახლეობის, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგია. წარმოიდგინეთ, რა დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა: გურჯაანი, თელავი, ახმეტა, სუს-ის ძველი და ახალი თანამშრომლები, ფულის რესურსები, ყველაფერი გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ. მიუხედავად გაყალბებისა, მაინც მოვიგეთ ეს არჩევნები. პოლიტიკაში ჩემი წასვლის მიზანი ეს იყო.
_ კიდევ რომ დადგეს ამის საჭიროება, თქვენ ისევ დაუდგებით „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდით არჩევნებში და როგორ ფიქრობთ, გექნებათ ისევ მხარდაჭერა?
_ არჩევნებში ჩემი მხარდამჭერები დღეს უკვე მეუბნებიან, მაგრძნობინებენ, _ აჰა, ვახა, ჩვენ კი ვუჭერდით მხარს, მაგრამ ისინი თვითონ შიგნით დაერივნენ ერთმანეთს, რას იტყვი, რას ფიქრობ ამაზეო? მე ვეუბნები, _ ეს ხდება, ისინი მორიგდებიან, შეთანხმდებიან, პარტია გაძლიერდება. ეს პარტია თუ არა, სხვა ბევრი ოპოზიციური პარტიაა, მთავარია, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებამდე თუ მივიდა საქმე, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს. მანამდე თუ აგორდა ჩვენთვის მისაღები დიდი პროტესტი, მეტად უნდა ვიყოთ ჩართულები ამ ბრძოლაში, რომ გავაცილოთ ეს ხელისუფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქნება, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, თუ „ლელოდან“.
ასევე მე დავაფუძნე მოძრაობა „სამართლიანობისთვის“. ამ მოძრაობის გააქტიურება მინდა. ვაპირებ, რომ ეს მოძრაობა დავაკომპლექტო იმ ხალხით, ვინც მართლა პრინციპულია, ღირსეულია, შეუპოვარია სამართლიანობისთვის. შემდეგში ამ ხალხთან ერთად ჩავერთვები ბრძოლაში.
_ თქვენი ძირითადი დასაყრდენი პანკისელები იქნებიან?
_ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან იქნებიან ადამიანები ამ ორგანიზაციაში. პანკისში ახალგაზრდები უმეტესად ისლამის მიმდევრები არიან და პოლიტიკაში ჩართულობას რაღაც აკრძალულ თემასავით უყურებენ. იმათ ურჩევნიათ, ჩრდილში იდგნენ და ისე მომეხმარონ. ისე არ არის, რომ საქართველოს ბედი არ აინტერესებდეთ, თუმცა ქისტები პოლიტიკით დაინტერესებულები და პოლიტიკაში ჩართულები ისე არ არიან, როგორც ქართველები. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ არც ერთი ხელისუფლების დროს, 250 წლის განმავლობაში, პანკისელი ქისტი რამე სერიოზულ თანამდებობაზე არ ყოფილა. ისინი ფიქრობენ, რომ რამდენადაც უნდა ვიყო ჩართული პოლიტიკაში ან განათლება მივიღო, ეს ჩემთვის მაინც მიუღწეველია, ამიტომ აქ არის უიმედობის განცდა.
_ ბატონო მალხაზ, თქვენ საკმაოდ პროგრესული და აქტიური ადამიანი ხართ, საკმაო ავტორიტეტიც გაქვთ თქვენს მხარეში. რა გზა გამოიარეთ იმ პერიოდამდე, ვიდრე იმ ტრაგიკული ფაქტის გამო ფართო საზოგადოება გაგიცნობდათ?
_ ომის პერიოდამდე, 1999 წლამდე, რუსეთში ვცხოვრობდი. ჩეჩნეთში ჩემი ყოფნის დროს ვიყავი ჩართული საერთაშორისო უფლებების დაცვის კომიტეტში, იურიდიულ საკითხებში, წოდებით ლეიტენანტი ვარ. ომის შემდეგ მომიწია იქიდან ოჯახის გადმოყვანა და დაბრუნება ხეობაში… ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, როდესაც გვარის უფროსად დამნიშნეს, შემდეგ როდესაც ჩამოყალიბდა უხუცესთა საბჭო, უხუცესთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავი. ხეობაში სხვა თანამდებობა არ ყოფილა არასდროს. თბილისში ხალხს არ ვიცნობდი ისე კარგად, შემდეგ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო…
_ რაც შეეხება თემირლანის საქმეზე სტრასბურგის გადაწვეტილებას, მაშინ საუბრობდით, რომ უნდა მომხდარიყო საქმის ხელახალი გამოძიება. რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე?
_ რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავი, შეიძლება, როგორიც გინდა, ისეთი პასუხი არ დაიდოსო, ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მოვიდა პასუხი. შეიძლება, ჩემი ქალიშვილისა და მეუღლისთვის სხვა შედეგი უფრო მისაღები ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის მისაღებია ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახალ გამოძიებას.
მნიშვნელოვანია, რომ საქმე არ უნდა გამოიძიოს იმ სტრუქტურამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ამ შემთხვევაში სუს-ზეა საუბარი. საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. თუ ასე არ მოხდება და გამოძიება არ დაიწყება 3 თვეში, შემდეგ საქმეში ჩაერთვება ევროპის მინისტრთა კომიტეტი და ისინი მოსთხოვენ პასუხს. ველოდებით, მოქმედი ხელისუფლება რას გამოიძიებს და რა პასუხს გვეტყვის.
_ რას იტყვით უკრაინაში რუსეთის ომზე? ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.
_ უკრაინაში რუსეთის ომს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს და ამ ბოროტი, სისხლიანი იმპერიის დანაშაულებით არის გაოგნებული. ვინც რა უნდა თქვას დღეს „ქართულ ოცნებაში“, კობახიძე იქნება ეს, კალაძე თუ ღარიბაშვილი, მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ რუსებს უკრაინაში ომის მოგება არ უწერიათ. მაგრამ მათ უნდა ისაუბრონ ამაზე, რადგან იციან, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ომის წაგება მათთვის ატომური ბომბის დაცემა იქნება. ახლა რუსეთის ზურგს რომ ხედავენ, ამით ძალიან ძლიერები და ამაყები არიან და ზემოდან გვიყურებენ.
ჩემს პოსტში დავწერე, რომ ვისაც ჰქონდა წვდომა საიდუმლო მასალებთან, ესმოდა რუსეთი რა არის და უკრაინა რა არის, ეს იყო ჯოხარ დუდაევი. მან უსაფუძვლოდ არ თქვა ეს სიტყვები, რომ რუსეთის მზე ჩაესვენება, როდესაც ამოვა უკრაინის მზე. მან ისიც თქვა, რომ რუსეთი დაესხმებოდა თავს საქართველოს, მან ისიც იცოდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს დაიწყებდა და ამ ომს წააგებდა. მხოლოდ დუდაევის სიტყვებზე დაყრდნობით არ ვამბობ, ცხადია, ფაქტები გვიჩვენებს, რომ რუსეთის საქმე წასულია. მათ ეგონათ, რომ უკრაინას 3 დღეში აიღებდნენ და უკან დაბრუნდებობდნენ, მაგრამ წელიწადია უკვე და უკრაინის დამარცხება ვერ შეძლეს.
_ რას იტყვით ჩეჩნების, მათ შორის, კადიროველების მონაწილეობის შესახებ ამ ომში?
_ კადიროვის რაზმთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ ჩეჩნეთი ერთ-ერთია, საიდანაც ყველაზე მეტ მებრძოლს უშვებენ ომში და ყველაზე მეტ მებრძოლს კლავენ. ესეც რუსეთს აწყობს, რომ ჩეჩენი მოკვდეს. მაგრამ არის მეორე მხარე, სადაც იბრძვის ჩეჩნების რამდენიმე ბატალიონი, ასევე ევროპიდან შემოსული იჩქერიელების ძალიან მაგარი, ახლად შექმნილიო ბატალიონი, რომელშიც უკვე 3700 მებრძოლი ირიცხება. არიან სერიოზული ძალები, რომლებიც მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ მტერს, შეიარაღებულები არიან თანამედროვე უახლესი იარაღით. ამას რუსეთი გაუძლებს კი არა, მალე ჩაიძირება მთლიანად და ჩაესვენება მათი მზე, როგორც ჯოხარ დუდაევმა თქვა. მან კი არ იწინასწარმეტყველა, ყველაფერი დასაბუთებით თქვა. რაც თქვა, ის ყველაფერი ასრულდა. ვითარება გვაჩვენებს, რომ ახლაც ასეა და მისი ნათქვამი გამართლდება.

გაზიარება