- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:05:17
გიორგი საკარული
ბავშვობიდან ცეკვავს, სხვა პროფესიაზე არც არასდროს უფიქრია. მისი მიზანი და ოცნება „სუხიშვილებში“ მოხვედრა იყო, რაც აისრულა კიდეც. მას იმ ეპოქაში მოუწია ცეკვა, რომელსაც ნინო რამიშვილი ჰქვია. ანსამბლის ყველა მნიშვნელოვან პროექტში მიიღო მონაწილეობა და წარმატებით განვლო „სუხიშვილებში“ მოღვაწეობის წლები. სცენა 20 წლის შემდეგ დატოვა, რაც მისთვის არცთუ ისეთი ადვილი აღმოჩნდა.
განვლილ 20 წელზე, გასტროლებზე, ანსამბლზე, მაყურებელსა და ბევრ საინტერესო თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ანსამბლ „სუხიშვილების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ცეკვის აკადემია „სუხიშვილების“ ფილიალის დირექტორი და ცეკვის მულტიფუნქციურ სივრცე „დარბის“ დამფუძნებელი, პუსკა გამსახურდია:
_ სცენაზე გატარებული 20 წელი. როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
_ ეს ოცი წელი უშუალოდ „სუხიშვილებს“ უკავშირდება. ოცწლიანი სტაჟი არ არის პატარა ამბავი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ანსაბლში ვცეკვავდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი ოცნება ახდა. ადამიანს როცა ოცნებები უსრულდება, ეს არის საოცარი ბედნიერება. პირველი დღიდან ბოლომდე იქ გატარებული თითქმის ყველა დღე მახსოვს. მართლა საოცარ, ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი, თავის პლუს-მინუსებით, რა თქმა უნდა. იქაც ჩქეფს ცხოვრება, არ არის ყველაფერი ლამაზ ფერებში, მაგრამ ყველა დეტალით, ყველა მინიშნებით, ყველა პლუსით ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებად შემიძლია მივიჩნიო.
_ „ან „სუხიშვილები“, ან _ არაფერი“…
_ ჰო, მე ასე ვიყავი ბავშვობიდან. ძალიან პატარა ასაკიდან ვცეკვავდი და ყოველთვის, რაც ჩემი თავი მახსოვს, დამტკიცებით შემიძლია ვთქვა, რომ ვფიქრობდი, _ ან „სუხიშვილები“, ან _ არაფერი. ამით, რასაკვირველია, სხვა ანსამბლებს არ ვაკნინებ, ეს, უბრალოდ, ჩემი ოცნება იყო. ყველაფერთან ერთად, ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი ამ ანსამბლში. აქ მოხვედრა ერთია, თუმცა დარჩენაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორ მიგიღებს კოლექტივი. ხელმძღვალობამ შეიძლება მიგიღოს, მაგრამ ანსაბლი რაღაც ცოცხალი ორგანიზმია, ასი კაცია, უნდა შეეგუო, შეგეგუონ, რენტგენში გატარებენ ყველა შენი თვისებით. კოლექტიური მუშაობა კიდევ სხვა არის და რაღაცნაირად მეც ძალიან წრფელი გულით მივედი და ისინიც ასევე დამხვდნენ.
_ რთული იყო თუ არა ანსამბლში თავის დამკვიდრება? რამდენიმე მოცეკვავე ხართ გამოკვეთილი, რომელიც სულ ახსოვს ხალხს.
_ აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ იქ ვინც მიდის, მართლა ყველა საუკეთესოა. მე და ის მოცეკვავეები, რომლებიც უფრო ვჩანვართ, არაფრით ვართ გამონაკლისები, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა იმაშიც, რომ ჩემს პერიოდში დაიწყო უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა ახალი ცეკვებისა და ახალი პროექტის დადგმა. ერთ-ერთი ვიყავი იმ ოთხი გოგოდან, ამიტომ უფრო ვჩანდი, თორემ მართლა გულწრფელად ვამბობ, _ ის, რომ ვიღაცა ნაკლებად ჩანდა, არაფრით იყო ჩემზე ნაკლები. უბრალოდ, რაღაც მოცემულობაში მე მოვხვდი სწორ ადგილას სწორ დროს, ამიტომ გამართლებაც აუცილებელია.
_ ნინო რამიშვილთანაც მოგიწიათ მუშაობა?..
_ ნინო რამიშვილთან მუშაობა მომიწია ძალიან ცოტა ხნით, რადგან მას უკვე ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს, როცა მე მივედი ანსამბლში, თუმცა ილიკოს მიერ გაკეთებული პირველი ცეკვა „ზეკარი“ ნინო რამიშვილმა ჩაიბარა რასაკვირველია, და მეც ვმონაწილეობდი ამ ცეკვაში. ეს კიდევ ცალკე ეპოქა და ისტორიაა, ცალკე სასწაულია. ასეთი გენიოსები, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადებიან.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თუ შენი საქმე ფანატიკურად არ გიყვარს, გამორიცხულია, „სუხიშვილებში“ გაძლოო…
_ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დავიწყოთ იქიდან, რომ ნინო რამიშვილიდან მოყოლებული, გაგრძელებული თენგიზ სუხიშვილით, ინგა თევზაძით (მისი მეუღლე), ილიკო სუხიშვილით, ნინო სუხიშვილით _ მათ თავინთი საქმე უყვართ ფანატიკურად. ყველაფერს გადადებენ საქმის გამო და იგივეს გთხოვენ შენც. და მე ვეთანხმები მათ. თუ უბრალოდ გიყვრას ცეკვა, მხოლოდ გასტროლზე სიარული, სცენაზე გამოჩენა და პოპულარულობა გინდა, ამით ვერ გაქაჩავ ანსამბლში, მართლა ფანატიკურად უნდა გიყვარდეს და ყველა სხვა საქმე უნდა გადადო. როგორც ჯარისკაცი, ისე ხარ ამ ანსამბლში, რადგან რა დროს, როდის გამოგიძახებენ, არ იცი. შეიძლება, ღამე დაგირეკონ, ყველა საქმე უნდა გადადო და მიხვიდე. თუ უპირობოდ არ გიყვარს, ვერ გაძლებ, ისეთი რეჟიმია.
_ ასეთი რეჟიმი ხელოვანი ადამინისთვის და, მით უმეტეს, ქალისთვის, რამდენად რთულია?
_ როგორც გარედან ჩანს, ისე ვარდისფერი ფერებით არ არის, ძალიან რთულია, თუმცა ჩემს შემთხვევაში, ჯერ ერთი, ჩემი მეუღლე იყო ყოფილი მოცეკვავე და აქედან ხელშეწყობა მქონდა, მაგრამ მარტო მეუღლეზეც არ არის დამოკიდებული ჩემი წარმატება. ჩემი მშობლები, მეუღლის მშობლები, მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარებოდნენ. ეს არის მთავარი, _ თუ ოჯახი გვერდით არ გიდგას, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებ. 3-4 დღე რომ წახვალ გასტროლზე, მარტო ძიძასთან, რომელზედაც ვგიჟდები, მაინც ვერ დატოვებ ბავშვს. შენს ფუნქციებს ითავსებს დედა, დედამთილი, მამა, მამამთილი. ოთხივე წევრი ჩემს ოჯახში ჩართული იყო ჩემს საკეთილდღეოდ.
_ რომელ გასტროლს გაიხსენებდით?
_ ჩემდა სამწუხაროდ, არ დამითვლია, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ერთხელ დავიწყე და აღარ მეყო ნერვები, შევწყვიტე ქვეყნების თვლა. იტალიაში მართლა ვერ დავითვალე, რამდენჯერ ვარ ნამყოფი, ამერია. ამიტომ ასე არ ვიცი, თუმცა თითქმის ხუთივე კონტინენტზე ვარ ნამყოფი. ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ ძალიან ბევრში ვარ ნამყოფი. ქვეყნების მიხედვით ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ავსტრალია და იაპონია, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდი. პროფესიული თვალსაზრისით ძალიან კარგად მახსოვს, ნიუ-იორკში ბალანჩინის იუბილეზე როცა მიგვიწვიეს ანსამბლი და წარვსდექით მაყურებლის წინაშე. ამერიკის ტურნეები სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ეს იყო უშუალოდ ბალანჩინის ტურნე, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ცოტა ცივი, თავშეკავებული ხალხია, არ გვიგრძნია მსგავსი რამ, პირიქით, რაღაცნაირად ძალიან გათამამებულები ვართ მაყურებლისგან. ეს ცოტა გულცივი მაყურებელიც კი ფეხების ბრაგუნით და ემოციური აპლოდისმენტებით გვაჯილდოებდა.
ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც თბილისის კონცერტებია. ჯერ ერთი, ქართვველი მაყურებელი ძალიან კრიტიკულია, თითქმის პროფესიონალის თვალი აქვს, თანაც ამდენი ანსამბლია. „სუხიშვილები“ წელიწადში რამდენჯერმე მართავს კონცერტებს და გარდა ამისა, მაყურებელი პირადად იცნობს მოცეკვავეებს. აბსოლუტურად შეუძლიათ შედარება, წინა კონცერტი უკეთესი იყო თუ _ ახლა. რამდენადაც კრიტიკულები არიან, ასევე არიან გულმხურვალე მაყურებლები. ვერ ავხსნი, რის გამო, მაგრამ ჩემს პერიოდში და მანამდეც ვისაც უცეკვია, ყველას გვაქვს ერთი განცდა, _ თბილისის კონცერტები არის ყველაზე საპასუხისმგებლო.
_ სცენასთან დამშვიდობება გაგიჭირდათ? როდის დგება მოცეკვავისთვის ეს წამი?
_ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ჩემს შემთხვევაში, მესამე შვილი გავაჩინე და უკვე მივდიოდი ცეკვის საპენსიო ასაკისკენ. ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ძალიან ვნერვიულობდი. ეს არ არის მარტო სამსახურისთვის თავის დანებება, მთელი შენი ცხოვრება უნდა შეცვალო, აბსოლუტურად უნდა გადმოაბრუნო. ჩემი შვილები, გოგოები, უკვე მოზრდილ ასაკში იყვნენ და მეუბნებოდნენ, არ დაანებოო, მაგრამ ოჯახური პირობების გამო და თვითონაც ვიგრძენი, რომ უნდა დამენებებინა თავი, _ ნებისმიერ დროს, 10 წლის მერე დავანებებდი თუ 10 წლით ადრე, იგივენაირად გამიჭირდებოდა. ერთი პატარა შეღავათი ის მაქვს, რომ შორს არ წავსულვარ, იქვე გადავინაცვლე, ვარ „სუხიშვილების“ აკადემიაშიც, მაქვს ჩემი კერძო სტუდიაც, ოღონდ პედაგოგის ამპლუაში ვმოღვაწეობ, ისევ ცეკვასთან და ისევ „სუხიშვილებთან“ მაქვს შეხება და ამით ვახდენ კომპენსირებას.
_ დიდ სცენასთან გამომშვიდობებისას დეპრესია ხომ არ გქონიათ?
_ არა, ზოგადად, არ ვარ დეპრესიული. მოცემულობას ვიღებ. მაგრამ მივხვდი, _ როცა წამოვედი ანსამბლიდან, ერთი წლის განმავლობაში არცერთ კონცერტს არ დავსწრებივარ. ალბათ, ქვეცნობიერად გავურბოდი იმ სევდას თუ ტკივილს. მერე მივედი ჩვეულებრივად. მაყურებლის ამპლუაში ყოფნა კიდევ უფრო სხვა თავგადასავალია.
_ რა განსხვავებებს პოულობთ ძველ და ახალ თაობებს შორის? რამდენად შეინარჩუნა „სუხიშვილებმა“ თავისი ნიშა?
_ ყველა თაობაში სხვადასხვა ხელწერაა, საშემსრულებლო მანერა სხვა არის, მაგრამ ამ ანსამბლს განსაკუთრებულობა აქვს. დაარსების დღიდან _ დღემდე თავის ნიშას ინარჩუნებს, თავისი სტილი აქვს. შეიძლება, ახლა ინდივიდუალიზმი მეტია, მაგრამ ის საერთო ხელწერა არსად დაკარგულა, რითაც ეს ანსამბლი დგას მაღალ ტალღაზე.
_ რა განასხვავებს „სუხიშვილებს“ სხვა ანსამბლებისგან?
_ რთულია საუბარი, კოლეგიალობასაც დავიცავ. ჩემთვის „სუხიშვილები“ სხვა დონეა, მაღალი რანგის ხელოვნებაა, უმაღლესი, შემიძლია ვთქვა, მსოფლიო სტანდარტების და არა მარტო საქართველოში. თავისი თვითმყოფადი კოსტიუმები, დადგმა, მუსიკა, თავად ილიკო და გენეტიკა, რაც მთავარია.
_ ცეკვის სტუდიაზე რას გვეტყვით? პედაგოგის რანგში მოღვაწეობა როგორ გაგრძელდა?
_ სახელი არ აქვს, „პუსკას სტუდია“, _ ასე იცნობს ხალხი. საკმაოდ წარმატებულად გაგრძელდა. რამდენიმე ადგილას ვარ: „სუხიშვილების“ აკადემიაშიც ვმუშაობ უშუალოდ და ჩემს კერძო სტუდიაშიც. მგონი, ვართმევ თავს, მოსწავლეები კმაყოფილები არიან, მშობლებიც, შესაბამისად, ჩემს გამოცდილებას გადავცემ ბავშვებს.
_ გყავთ პროფესიონალი და მოყვარული ჯგუფებიც, როგორი თაობა მოდის?
_ არაჩვეულებრივი თაობა მოდის, კიდევ უფრო კარგი.
_ დღევანდელი გადმოსახედიდან, იმ წლებზე გწყდებათ გული? რამე უნდა გაგეკეთებინათ, რაც ვერ შეძელით?
_ არ მწყდება გული, რაღაცნაირად სწორად მინდა გაიგოს მკითხველმა, _ როცა ანსამბლში მივედი, სრულფასოვნად ვიმუშავე, მომეცა ამის საშუალება ჩემი სტილით, მანერით, პროფესინალიზმით და კიდევ ერთხელ ვამბობ, _ გამიმართლა კიდევაც ამ ყველაფერში. ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული მოოცეკვავე და ჩემი შემოქმედების ზენიტში დავასრულე მოღვაწეობა. მერჩივნა, აქ დამესრულებინა, ვიდრე ქვემოთ-ქვემოთ წამოვსულიყავი. ამიტომ გული არ მწყდება, უბრალოდ, დასანანი ის არის ყველა მოცეკვავისთვის, რომ მაინც ხანმოკლე პროფესიაა. მალე გარბის წლები. იქ ისეთი ტემპია _ გასტროლი, თბილისი _ ერთი ადამიანის ორმაგ ცხოვრებას უდრის. რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობთ, სულ ტემპია, სულ რაღაც ხდება, ეს ძალიან დამღლელია. მერე ფიქრობ, როდის დამთავრდება გასტროლი, კონცერტი, მაგრამ როგორც კი დამთავრდება, სანამ ახალი დაიწყება, უკვე მოთხოვნა გიჩნდება.
_ დროის უქონლობის გამო საკუთარ თავთან არ გქონიათ ხოლმე პროტესტი, როცა მეგობარს ვერ ნახულობ და ა. შ.?
_ რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები დღემდე მსაყვედურობენ, შენ ჩვენთვის არ გცალია, სულ ცეკვავო. ეჭვიანობენ ანსამბლის მეგობრებზე. ზუსტად ამას ვამბობ, რომ თუ ფანატიკურად არ გიყვარს, ამ რაღაცებს ვერ დათმობ. არ არსებობს შენს გემოზე დაგეგმო ან არდადეგები, ან ბავშვთან, ოჯახთან ერთად წახვიდე დასასვენებლად, ან გოგოებთან ერთად დაჯდე კაფეში _ არა, ყველა დანარჩენს უთავსებ ანსამბლის რეჟიმს.
_ როგორ ახერხებთ ფორმაში ყოფნას? კონტროლის რა მექანიზმი გაქვთ?
_ ყველას ჩვევაში გადაგვდის მოცეკვავის რეჟიმით ცოვრება. პირველ რიგში, ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვაკონტროლებ წონას. ყოველთვის ვაკონტროლებდი _ ანსამბლშიც და ახლაც. არიან გოგოები, რამდენიც არ უნდა მიირთვან, პრობლემა არ აქვთ. მე სულ ვებრძოდი 2-3 კილოს. არ გავაკონტროლებდი და ნინო სუხიშვილს თვალებში აქვს სასწორი, გრამებით გეტყოდა, რამდენი მოიმატე.
_ სცენაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია?
_ რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაყურებელს პატივი უნდა სცე, როცა სცენაზე დგახარ და გარდა ამისა, ორმაგი წონით ცეკვა ძალიან რთულია, ორმაგ ენერგიას ხარჯავ და ვიზუალურ მხარეს რომ თავი დაანებო, რაღაც სტანდარტებიც არსებობს ჩევენთან. ფიზიკურად ძალიან რთულია ორმაგი წონით ცეკვა.
_ კვების რეჟიმი როგორი გაქვთ?
_ განსაკუთრებული არაფერი. თუ მომატებული ვარ და სწრაფად მინდა დავიკლო, რაღაც ექსპრესდიეტებს ვაკეთებ, თუ არადა, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო, მაგრამ ხან გამომდის, ხან _ არა. საათობრივი კვება ძალიან რთულია.
_ მოგზაურობის დროს რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? თუ გქონიათ ფრენის შიში და ა. შ?
_ ფრენის შიში თავიდან საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ერთ-ერთი გასტროლის დროს მოვყევით ძალიან საშიშ ტურბულენტურ ზონაში. სხვა დროსაც ვყოფილვართ ტურბულენტურ ზონაში, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. ვენიდან მოვფრინავდით და სტიუარდესებსაც შეეშინდათ. მოკლედ, ძალინ საშიში სიტუაცია იყო, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმის მერე დამრჩა შიში, მაგრამ, ჯერ ერთი, საკმაოდ თავშეკავებული ვარ, ყოველთთვის შემიძლია თავის ხელში აყვანა და არ ვვარდები პანიკაში. შინაგანად ვნერვიულობ, მაგრამ რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, _ ზუსტად ვიცი, ანსამბლთან ერთად როცა ვარ, არაფერი მოხდება.
_ მოგზაურობის დროს რა ნივთებია აუცილებელი, რაც სულ თან დაგაქვთ?
_ ალბათ უფრო პირადი მოხმარების.
_ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ.
_ არ ვიქნები ორიგინალური და ასე მგონია, იტალია ჩემი მეორე სამშობლოა, იმდენად მიყვარს და იმდენად მომწონს მისი თითოეული ქუჩა, უბანი. ასევე საბერძნეთი. ევროპა ძალიან მიყვარს, ამერიკაც, ყველას თავისი ხიბლი აქვს.
_ რას ისურვებდით?
_ სტაბილურობას, რაც ჩვენს ქვეყანას აკლია. ყველაზე მეტად რაც მიჭირს მე და ჩემ ირგვლივაც ადამიანებს, არის უიმედობა. ეჭვი გეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი რაღაცნაირად იკუმშება და ეს არ მომწონს. მინდა, რომ იყოს სტაბილურობა და ყველას ჰქონდეს სამსახური. ძალიან გაჭირვებაშია ქვეყანა.
_ გიფიქრიათ საქართველოს დატოვებაზე და საზღვარგარეთ მუშაობის დაწყებაზე?
_ რაღაც წამს ყველას გაუვლია ეს აზრად, მაგრამ იცით, რატომ არ მიფიქრია? _ ასეთი მარტივი არ არის სხვაგან წასვლა და ცხოვრება. ბევრ ემიგრანტს ვიცნობ და ძალიან რთულ გზას გადიან…