QronikaPlus
თეა ჩიქოვანი: „ჩვენს ხელშია ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც სასწაულებს ახდენს“

თეა ჩიქოვანი: „ჩვენს ხელშია ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც სასწაულებს ახდენს“

2023-01-07 17:43:06

თამარ სანაძე

რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა შევცვალოთ ადამიანებმა ყოველდღიურობაში, რომ ჩვენი ცხოვრება განახლდეს და ყველაფერი დალაგდეს? ამ მხრივ ძალიან აქტუალურია ახალი წლის დასაწყისი. ამ პერიოდისთვის ყველა მონდომებით ვემზადებით, ფერების მიხედვით ვარჩევთ აქსესუარებს და ვითვალისწინებთ ასტროლოგების რჩევებს, თუ რა უნდა გვქონდეს ან რა არ უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე.

თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ ან თუნდაც საახალწლო ბაზრობებს ვეწვევით, მარტივად გავიგებთ, რა არის ახალი წლის აქტუალური და იღბლის მომტანი ფერები, ფიგურები და ა. შ.
გვჯერა, რომ თუ საახალწლო სუფრასა და კუთხეს ასტროლოგის რჩევების მიხედვით გავაწყობთ, წარმატებული, იღბლიანი და ბედნიერი წელი გვექნება.

ნეიროგრაფიკოსი, ფსიქო-კონსულტანტი თეა ჩიქოვანი გაზეთ „ქრონიკა+“-სთან იმ თემებსა და მოვლენებზე საუბრობს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ადამიანებისთვის, მათი მდგომარეობისა და ცხოვრების სასიკეთო ცვლილებებისთვის:

_ ქალბატონო თეა, გმადლობთ ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, გვითხარით, რა არის ნეიროგრაფიკა?
_ ნეიროგრაფიკა ეს არის ახალი მიმდინარეობა, ახალი ფსიქო მიმართულება, რომელიც კარგად მუშაობს ადამიანების ფსიქოემოციურ განწყობებზე, ასევე პრობლემებზე. ეს არის ფიგურებისა და ფერების საშუალებით თავის ტვინის ნეირონების განლაგების ხარჯზე გარე სამყაროში ჩვენი სასურველი შედეგების მიღება. ისევე როგორც ყველა სხვა თერაპია, ეს არის დამხმარე საშუალება და მთავარი აქაც არის სიყვარული.
_ რა უნდა შევცვალოთ, რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, რომ ვიყოთ უფრო მშვიდად, ბედნიერად, თავი ვიგრძნოთ კომფორტულად იმ გარემოში, სადაც ვართ? ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეშინია სიახლეების, ახალი დასაწყისების, რას ურჩევთ მათ?
_ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის ყველანაირი პროცესის დასაწყისს. ისევე, როგორც სასურველია, დილა დავიწყოთ პოზიტიური განწყობით, სიყვარულით, სიხარულით, სხვა ადამიანისთვის კეთილი სურვილებით, ასევეა წლის დასაწყისი: ყველამ, მთელმა კაცობრიობამ, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი აზროვნებით, მიდგომებით, ჩვენი განწყობებით შევცვალოთ ის ნეგატიური მუხტი, რაც აქამდე იყო სამყაროში. თუნდაც ამ ვირუსით, არსებული პოლიტიკური მდგომარეობებით, თუნდაც ეკოლოგიური ფონით, ჩვენ, ადამიანებს გვეკუთვნის ეს სამყარო და ბუნებამ მოგვცა იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ ჩვენთვის სასიკეთოდ. ჩვენვე წაგვადგება სამყაროსთვის გაკეთებული კეთილი საქმე. პირველ რიგში, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკულ საქმიანობას, თვითგანვითარებას იმ სფეროებში, რაც გვაინტერესებს, რითაც სხვა ადამიანებს ვემსახურებით. ზოგიერთი ვემსახურებით ხელოვნებით, ზოგი _ მედიცინით, ზოგიერთი პოლიტიკით, განათლების სფეროში მოღვაწეობით. ეს ყოველივე არის ადამიანის მსახურებისთვის შექმნილი. ჩვენ ყველანი უნდა განვვითარდეთ და გავძლიერდეთ საკუთარ სფეროებში. თუნდაც ეს განვითარება ითხოვდეს რადიკალურ ცვლილებებს, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ცვლილებების! უნდა გავძლიერდეთ, განვვითარდეთ და უნდა გავხადოთ სამყარო უკეთესი.
რაც შეეხება ურთიერთობებს, აქაც უნდა ვიყოთ დაკვირვებულები, მეტად ფხიზლები, მოსიყვარულეები იმისთვის, რომ ეს წელი ჩვენთვის გამოდგეს სიკეთის მომტანი და ბედნიერი, ასევე სხვებსაც მივანიჭოთ იგივე. ამ დროს ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ საკუთარ მისიას ვასრულებთ.
_ რა არის ადამიანის მისია?
_ ადამიანის მისია არის თავისი წილი სამყაროს ცვლილებებში ჩართვა. არ დაიზარონ, არაფრის შეეშინდეთ. ყოველთვის, როცა ვდგამთ სიკეთისკენ ნაბიჯებს, სამყაროც აუცილებლად ხელს გვიწყობს ამაში და ეს ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში. ძალიან კარგია ამისთვის სულიერი პრაქტიკების კეთება: ლოცვა, გაძლიერება გრძნობებში, სიკეთეში, სიყვარულში და ა. შ. ეს უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მომავალი წელი ბედნიერების მომტანი. თუკი ჩვენ ამ გზაზე შევფერხდებით და გავაგრძელებთ იმ ძველი ციკლით ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მომავალი წელიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც იყო გასული წელი. ჩვენს ხელშია ის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც სასწაულებს ახდენს.
_ თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მინიშნებები. აღნიშნავდით, რომ როცა რაღაც საქმეს იწყებ და გაქვს მუდმივად შეფერხებები, ხელი გეშლება მის განხორციელებაში, თითქოს ეს არ არის შენი; ხოლო ის, რაც შენია, ასეთ დროს ყველაფერი კარგად და თავისთავად ვითარდება. რას გვეტყვით ამ ფაქტორსა და მინიშნებების მნიშვნელობაზე ადამიანების ცხოვრებაში?
_ სამყაროს თითოეულ ადამიანზე აღებული აქვს პასუხისმგებლობა. თითოეულ ადამიანს ყოველ წამს აძლევს მინიშნებებს, საით წავიდეს, საით არის მისი გზა, სად ჰპოვებს ის სიმშვიდესა და ბედნიერებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანებს _ გადაღლილებს ყოველდღიურობით, დაძაბული ცხოვრების წესით, მატერიალური დოვლათის მოპოვების ფიქრში დაკარგულებს, ბევრი მინიშნება გვრჩება ყურადღების მიღმა. ამიტომ საჭიროა ახლა მაინც, ახალი წლის დასაწყისში, ვიყოთ ყურადღებიანები სამყაროს მიმართ და მოვუსმინოთ, რას გვეუბნება იგი. ყველაფერში შეიძლება დავინახოთ მინიშნება. მაგალითად, ახალი საქმე გვინდა წამოვიწყოთ, ჩვენ გვეძლევა ნიშნები, რამდენად არის ის ჩვენთვის ბედნიერების მომტანი, რამდენად არის ის სხვებისთვის ბედნიერების მომტანი, რამდენად არის ეს ჩვენი გზა, ჩვენ ხომ არ გვინდა, სხვის გზებზე სიარული? ჩვენთვის ხომ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ საკუთარი გზა. ამ მხრივ პატარ-პატარა მაგალითების მოყვანაც შეიძლება: გადავწყვიტე რაღაც საქმის წამოწყება ვინმესთვის სასიკეთოდ და ჩემ ირგვლივ ჩნდებიან საინტერესო ადამიანები, სწორედ იმაზე მესაუბრებიან, რაც ძალიან მაინტერესებს, თავსაც ბედნიერად ვგრძნობ. თუნდაც რომ გადავხედოთ ჩვენს განვლილ ცხოვრებას, ყველა გაიხსენებს მსგავსს ეპიზოდებს, როცა რაღაც გვაინტერესებდა, პასუხები გვქონდა მისაღები და რაღაც არხების მეშვეობით ჩვენს კითხვებზე პასუხი მივიღეთ, ინტერესი დავიკმაყოფილეთ. თუმცა ხომ არსებობს შემთხვევები, როცა ბევრი დაბრკოლება გვხვდება ამა თუ იმ საქმის წამოწყებისას, კონკრეტულ გზაზე დადგომისას და, ასე ვთქვათ, იხურება ჩვენს გზაზე ყველა კარი. ასეთ დროს უნდა მივხვდეთ, რომ ამ მომენტში ჩვენ ამ კონკრეტული გზის გასავლელად, ამ კონკრეტული წამოწყებისთვის მზად არ ვართ და ჯობია, დავფიქრდეთ, გადავაფასოთ შესაძლებლობები და ამის მიხედვით გავაგრძელოთ საქმიანობები.
_ თუ დავაკვირდებით, ადამიანები, რომლებსაც ვხვდებით ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც არ უნდა გავიხედოთ, ვიგრძნობთ, რომ ისინი ბედნიერები არ არიან, თითქოს ყველას ყოველთვის რაღაც გვაწუხებს. საერთო ფონი ძალიან ნეგატიურია. რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომ ცოტა მაინც შეიმსუბუქონ საკუთარი ყოფა?
_ ცუდი და კარგი, ნეგატიური და პოზიტიური _ ეს ცნებები ადამიანის მოფიქრებულია. რაც შეეხება რჩევას, სამყარომ უკვე შექმნა უდიდესი ინსტრუმენტი ჩვენი კეთილდღეობისთვის და ეს არის სიყვარული _ სიყვარული საკუთარი თავის, მოყვასისა თუ მტრის, სამყაროს სიყვარული. მეტი სიყვარული და ასე ყველაფერი კარგად იქნება.
_ ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამბობენ, რომ არაფერში უმართლებთ, უიღბლოები არიან, ყველაფერს სკეპტიკურად უყურებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ყოველი ნაბიჯი ფიასკოს განიცდის. რას ურჩევდით მათ?
_ ჩვენ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ასე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. სხვანაირად ფუჭია ყველაფერი, სხვების სიყვარულიც კი. როგორც კი დავფიქრდებით და ნაბიჯს გადავდგამთ ამისკენ, რადიკალურად შეიცვლება ცხოვრება ჩვენივე აზროვნებისა და განწყობის ხარჯზე. აზროვნება და განწყობა არის ინსტრუმენტი გარე სამყაროში ცვლილებებისა. ეს არის შინაგანი განწყობის სარკე. ფუჭია სარკეზე ზემოქმედება, თუკი ჩვენ არ გავასწორებთ საკუთარ თავზე იმას, რაც არ მოგვწონს სარკეში. ეს უნდა აღმოვაჩინოთ და საერთოდ, საკუთარი თავის სიყვარულით, გარე სამყაროს შეცვლით მთლიანად ისე დალაგდება მიკროსამყარო, რომ შეიძლება საერთოდ ვერც კი წარმოვიდგინოთ.
_ ახალი წლის წინა დღეებში რა რჩევებს მოგვცემთ, რა ცოდნას გაგვიზიარებთ?
_ რიტუალები, ახალი წლის აღნიშვნა და, ზოგადად, რას ამბობს ეზოთერიკული სამყარო ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს, სადაც ყოველთვის არის სიბრძნე. ამ დეტალებშია ჩადებული კაცობრიობის ცოდნები, მაგრამ როგორი რიტუალებიც არ უნდა შევასრულოთ, თუნდაც სურვილები ჩავიფიქროთ, არტთერაპიული ელემენტები და ნებისმიერი პრაქტიკები გავითვალისწინოთ, ეს არის დამხმარე საშუალებები. ძირითადი ბერკეტი, რომ რიტუალებმა თავიანთი მნიშვნელობა შეიძინოს, მაინც არის სიყვარული, სიყვარული და სიყვარული. სიყვარულის გარეშე ყოველგვარ რიტუალს მნიშვნელობა და ფუნქცია გამოცლილი აქვს. კურდღელს დავსვამთ საახალწლო მაგიდასთან, ჩიჩილაკს დავდგამთ თუ ვარსკვლავებით გავაფორმებთ სახლს, ამას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს გამოვკვებავთ დადებითი ენერგიებით _ პოზიტივი ამოძრავებს სამყაროს.

გაზიარება